დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თაობა
ლიმონებით მოვაჭრე ბიჭი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/09 14:55:27

14 წლის ბაჩუკის იმედად დარჩენილმა ექვსსულიანმა ოჯახმა სოციალური დახმარება ვერ მიიღო

ქუთაისში თითქმის ყველა იცნობს 14 წლის ბაჩუკი ქათამაძეს, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ლიმონებით სავსე ზურგჩანთით დადის და თავისი „მცირე ბიზნესით“ ოჯახს ეხმარება.

ლიმონებით ვაჭრობა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ოჯახს უკიდურესად გაუჭირდა. როგორც თავად ამბობს, ლიმონები იმიტომ აირჩია, რომ მისი გაყიდვა ცალობით შეუძლია, სხვა ხილს კი ასე ვერ გაყიდდა. დღიური ნამუშევარი სამიდან ხუთ ლარამდე მერყეობს, რაც ოჯახს პურის ფულად ჰყოფნის.

ბაჩუკი ქათამაძე ნიკეას დასახლებაში, ე.წ. „გარადოკებში“  ნაქირავებ ბინაში, ექვსსულიან ოჯახში ცხოვრობს, რომლის მარჩენალიც თავადაა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში სამუშაოდ ქალაქში გადის და შინ გვიან ღამით ბრუნდება.

ექვსსულიანი ოჯახის (სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვია) ოფიციალური შემოსავალი ბებიის 110-ლარიანი და ბაჩუკის ობლობის 55-ლარიანი პენსიაა, რომელიც, ძირითადად, ქირის და კომუნალური გადასახადებისათვის სჭირდებათ.

ბიჭს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და ის დედასთან, დებთან, მამინაცვალთან და ბებიასთან ცხოვრობს. ბებია დიაბეტით არის დაავადებული, მამინაცვალს კი წლების წინ მიღებული სპორტული ტრამვების გამო მუშაობა არ შეუძლია, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მიუხედავად ძებნისა, სამუშაო მაინც ვერ იპოვა.

აღსანიშნავია, რომ ოჯახი, არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ვერ მოხვდა. როგორც თავად ამბობენ, სოციალური მომსახურების ქუთაისის სერვისცენტრში მათ განუცხადეს, რომ ოჯახის შრომისუნარიანი წევრების გამო დახმარება არ ეკუთვნით.

მათ ბრალდებას არ ადასტურებს სოციალური მომსახურების ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ცანავა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მიზეზით მოქალაქეები უარს არ იღებენ და მათი სარეიტინგო ქულები სოციალური აგენტებისგან დამოუკიდებლად, კომპიუტერული სისტემით გამოითვლება.

„2011 წლიდან ნატალია შეყრილაძის  ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, თუმცა მათ ყოველთვის 57000-ზე მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს. იმის გამო, რომ ოჯახს დაუფიქსირდა საარსებო მინიმუმზე მაღალი შემოსავალი, ასევე არ დაფიქსირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არცერთი პირი, ოჯახი ვერ მოხვდა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. რაც შეეხება შრომისუნარიანობას, ეს არაა გადამწყვეტი ფაქტორი, არამედ ერთ-ერთი კომპონენტია. რაც მთავარია, ოჯახმა მოგვმართა მხოლოდ სოციალური დახმარების მოთხოვნით და არ გამოუთქვამს სურვილი, ოჯახის ბავშვები ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში ჩაგვერთო. მათ ამჯერად შეუძლიათ, განმეორებით მოგვმართონ და წარმოადგინონ ფორმა 100, ოჯახის ერთ-ერთი წევრისა, რომელსაც, როგორც გაირკვა, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე აგენტს აცნობონ დემოგრაფიული ცვლილების შესახებ - გამოაკლდა თუ მიემატათ ოჯახის წევრი; ასევე - მოეხსნათ თუ არა ლეგალური შემოსავალი. ამ შემთხვევაში აგენტი მივა მითითებულ მისამართზე, განმეორებით მოხდება დეკლარაციის შევსება და გაირკვევა, მიეკუთვნება  თუ არა ოჯახს სოციალური დახმარება,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა ხათუნა ცანავამ.

თავისი მონდომებით და მიზანდასახულობით 14 წლის ბიჭი ნაცნობებისა და რიგირთი გამვლელების პატივისცემას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ მოზარდი შემწეობის თხოვნით არ ცდილობს, ყოფა გაიმარტივოს, პირიქით - კეთილი ადამიანების დახმარებას უანგაროდ არასოდეს იღებს და მათ ლიმონებით უმასპინძლდება.

ბაჩუკის მუშაობის გამო თანატოლები დასცინიან ხოლმე. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დამცირების გამო ხშირად უტირია კიდეც. თუმცა იცის, რომ სამუშაოს თავს ვერ დაანებებს, რადგან პატარა დების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. როგორც ბაჩუკის დედა ნატო შეყრილაძე ამბობს, ბიჭი ყოველ დილით, დიდი კაცივით იკითხავს: „დღეს რა მოვუტანო პატარებს?“ თუმცა იცის, რომ მისი გამომუშავებული თანხით, მხოლოდ ორი პამპერსის და ორი იოგურტის ყიდვას თუ შეძლებს. უხარია, როდესაც ტკბილეულით გახარებულ დებს ხედავს და სჯერა, რომ მათ გამო საკუთარ მიზნებს უნდა მიაღწიოს: უნდა, საკუთარი კაფე ჰქონდეს, სადაც ლიმონებსაც გაყიდის და უფროსიც თავად იქნება.

 ქალაქში თითქმის ყველა ცნობს და პატივს სცემს, მაგრამ, თუ მოხდა, რომ ავტობუსის მძღოლმა  მგზავრობის საფასური გადაახდევინა, დაკარგული პურის ფულის გამო ნერვიულობს.

დიდი შრომისუნარიანობის მქონე ბიჭს, პატარა სურვილები აქვს. ოცნებობს, თოჯინების თეატრში საბავშვო სპექტაკლს დაესწროს და ველოსიპედი იყიდოს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი სიარულით ფეხები სტკივა.

ბაჩუკი ქათამაძე: „თამაშისთვის დრო არ მრჩება. რომ გავჩერდე, ვიცი, რომ ოჯახს ვერ დავეხმარები. მინდა, ველოსიპედი მყავდეს, ფულს ვაგროვებ, ამისთვის დიდი დრო დამჭირდება, თუმცა ჯერ მინდა, რომ გირაოს ფული მოვაგროვო და გადავიდეთ, ყოველთვიურად რომ  არ ვიხადოთ ქირა. საღამოს რა თანხაც მომრჩება, იმას „კასაში“ ვყრი და მშვიდად ვგეგმავ მომავალ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ კარგი მოსწავლე ვარ, მაგრამ რამდენიმე საგანი ძალიან მომწონს. წიგნების პრობლემა მაქვს ხოლმე, იმდენად ძვირია, ვერ ვახერხებთ ყიდვას, ამიტომ სწავლაში ხელი მეშლება. არადა, მინდა, რომ მათემატიკა კარგად ვისწავლო და საკუთარი მცირე ბიზნესი მქონდეს“.

ლიმონების გაყიდვით ოჯახის შემნახველი ბიჭი საკუთარ სურვილებს იშვიათად ისრულებს, იმასაც - მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. „ზამთარში მუხლამდე სველი მოდის სახლში, ფეხსაცმელებს ძლივს ვუშრობთ, რომ მეორე დღეს წავიდეს, რადგან ერთი წყვილი ფეხსაცმელი აქვს მხოლოდ. ახლაც 10 ლარიანი ბოტასები იყიდა, რისთვისაც 50 თეთრებით კარგა ხანს აგროვა ფული. თვითონ ასეთ დღეშია და სხვებს ეხმარება, ხშირად სესხულობს მათ ფულს, თუმცა აღარ უბრუნებენ. იცის, რომ ასეთ ადამიანებზე არ უნდა გაბრაზდეს,“ - აღნიშნავს ბაჩუკის დედა ნატო შეყრილაძე.

14 წლის ბიჭი თავისი გაკეთებული სიკეთით ხარობს, ყოველ დილით აქვს იმედი, რომ წარმატებული დღე ექნება და პურთან ერთად ოჯახს სხვა პროდუქტსაც მიაშველებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია