დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია და ხელისუფლება
რადიო "ჰერეთის" მიმართვა ხელისუფლებას და საზოგადოებას
2013/08/26 23:32:57

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

 

საქართველოს პარლამენტის კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თინათინ ხიდაშელს

 

საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს

 

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს

 

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას

 

 

ქალბატონებო და ბატონებო,

 

2013 წლის 26 აგვისტოს „კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად“დაგეგმილ კონკურსზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში „ენერჯი გრუპმა“ გაიმარჯვა.

 რადიო „ჰერეთი“ 15 წელია მედია ბაზარზეა, უკვე 7 წელი კი ცდილობს ლიცენზიის მიღებას თბილისში მაუწყებლობისთვის, თუმცა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მედია ბიზნესში მაუწყებლობის ლიცენზია მიმდინარე წელს დაფუძნებულ და მედიაბიზნესში გამოუცდელ კომპანიას  შპს „ენერჯი გრუპს“ გადასცა, რომლის  მფლობელებიც არიან: კახა ბაინდურაშვილი - ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ლაშა ჩხენკელი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

 თბილისში FM 93.5 სიხშირეზე მაუწყებლობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში „ენერჯი გრუპის“ გარდა მონაწილეობას იღებდნენ შპს „არტპალასი“,შპს „სტერეო+“,შპს „არტ რადიო“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“.

 მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ  „ჰერეთის“ მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი. (გთხოვთ ეს დასკვნა და კონკურსანტთა სამაუწყებლო კონცეფციები იხილოთ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე gncc.ge)

კომისიის დეპარტამენტის მიერ ზეპირი მოსმენის შემდეგ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს „სტერეო +“–ის მიერ“. დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ   „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის საბავშვო და ახალგაზრდული თემატიკის პროგრამები. „წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, ასევე გათვალისიწნებული არ არის გასართობი ხასიათის პროგრამები, ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ თემატიკას, აქ მხოლოდ ზოგადი მითითებაა რადიოს მუსიკალურ მიმართულებაზე“.

 დასკვნაში აღნიშნულია, რომ „არტ პალასის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის ანალიტიკური და ახალგაზრდული თემატიკის პროგრამები, ხოლო საბავშვო და სპორტული თემატიკის ფარგლებში პროგრამული მრავალფეროვნება შემოთავაზებულია მხოლოდ რუბრიკების მეშვეობით (გადაცემაში „დილის ეთერი“), თუმცა აქაც კონკრეტული პროგრამები მითითებული არ არის.

რაც შეეხება „არტ რადიოს“, კომისიის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის ანალიტიკური თემატიკის პროგრამები.

დეპარტმანეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს „სტერეო +“-ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყბლო კონცეფციის ურთიერთშედარების შედეგად, დეპარტამენტს საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებულ იქნას ლიცენზიის მაძიებლების მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი, რაც დეპარტამენტის აზრით, მეტწილად, უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში.

 

 ამასთან, დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ რადიომაუწყებლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია".

 სწორედ ამიტომაც, რადიო „ჰერეთი“ განაგრძობს სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად. რადიო „ჰერეთი“ კომუნიკაციების კომისიის აღნიშულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლო გზით.

უმორჩილესად გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში და გამოიძიოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროცესები, რომელიც ყოვლად შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებთან.

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. შპს „სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთი"“, კერძო, დამოუკიდებელი კომპანიაა. ბოლო კვლევებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების USAID-ისა და IREX-ის დაკვეთით განხორციელდა, რადიო „ჰერეთი“ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით სარგებლობს გამოკითხულ რესპოდენდტებს შორის. მედიამონიტორინგის დასკვნების მიხედვით კი, რომელიც არჩევნებამდე და მის შემდგომ განხორციელდა რადიოსადგური  აქტიურად  აშუქებს როგორც ადგილობრივ ახალ ამბებს, ასევე ქმნის ანალიტიკურ გადაცემებს. ეს არის ერთადერთი რეგიონული მაუწყებელი, რომელიც ღრმა ანალიზს სთავაზობს მომხმარებელს. ტონი ნეიტრალური და დაბალანსებულია” - აღნიშნული დასკვნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის კვლევას ეკუთვნის. 

 „ჰერეთი“ ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას (ნომერი B95 კახეთი). მისი მფლობელია რამაზ სამხარაძე – წილი 100 %.

 ჩვენი მისიაა საზოგადოებისთვის სანდო, ობიექტური და მიუკერძოებული ინფორმაციის მიწოდება.

 „ჰერეთი“ დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი მედიაკომპანიის იმიჯს. ამის წინაპირობაა ისიც, რომ „ჰერეთის“ დამფუძნებლები და თანამშრომლები არ არიან პოლიტიკური პარტიების ან სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები. „ჰერეთი“ გამოირჩევა ერთსულოვანი თანამშრომელთა გუნდით და ორგანიზებულობით.

 ველით თქვენს მხარდაჭერას და ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობა და ღირებულებები, რომელიც ფუნდამენტურად დაფუძნებულია დემოკრატიულ საწყისებზე, იქნება მთავარი ამოსავალი  წერტილი თითოეული თქვენგანისთვის.

 

პატივისცემით,

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია