დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბავშვობაში წითელა რომ შემეყარა...“
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2013/07/15 14:38:35

საშუალო და უფროსი თაობის მსმენელს უთუოდ ეხსომება „ცისფერი ტრიოს“ ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა „ბატონები“.


არა მგონია, ბევრმა იცოდეს, რომ სიმღერის ტექსტის ავტორია ქუთაისელი პოეტი და ჟურნალისტი ბიჭიკო სვანაძე. ის გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე, საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის საკუთარ კორესპონდენტად მუშაობდა ქუთაისის ზონაში. 

ბიჭიკო სვანაძის ლექსს ხელნაწერში ჰქვია „ნეტავ, ახლაც“ და სასიმღერო ტექსტისაგან ოდნავ განსხვავდება. როგორც ჩანს, სიმღერის ავტორმა გარკვეული ცვლილება შეიტანა ტექსტში - იმის მიხედვით, როგორადაც ითხოვდა სასიმღერო ტექნიკა, ამით კი, გარკვეულწილად, ლექსის მხატვრული მხარე დააზიანა. თუმცა, ერთიანად, სასიმღერო ტექსტიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ლექსი ხელნაწერში:

ბავშვობაში წითელა რომ „დამიბრძანდა“
(როგორც ჩვენში ეძახიან - „ბატონები“),
რაც ვინატრე, მომიტანეს ისე მარდად, 
თითქოს ჩემთვის გამოისხა ყველამ ფრთები...

თავზე მადგა "ბატონებთან მიღებული", 
დედაბერი ჩურჩულებდა უცნობ ლოცვას....
იყო მასში თბილი, რაღაც დიდებული
და მე ჩემმმა უფლებებმა გამაოცა.

ეჰ, ბავშვობა გამიფრინდა მინდვრის მერცხლად, 
უტკივარი გული შენით ამტკენია, 
შენი ნახვა მე ოცნებად გადამექცა, 
დამწვა შენი თვალთა შუქის გამთენიამ.

რა ძალა გაქვს ასე მძაფრი, ჩემო კარგო, 
როგორ გაშლოს უშენობით გულმა ჩემმა, 
ნეტავ ახლაც ბატონები დამემართოს
და, ძვირფასო, შენი თავი ამაჩემა.

ეს ლექსი ბიჭიკოს სტუდენტობისას, 1957 წელს შეუქმნია ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, სადაც თავის ძმასთან, დიმიტრისთან ერთად ცხოვრობდა. 
მართლაც დამართნია „ბატონები...“ სწორედ იმ პერიოდში დაუწერია 18 წლის ყმაწვილს ეს ლექსი და მიუძღვნია თავისი მუზის - მზექალა (იგივე ნინელი) არეშიძისადმი. ისინი სკოლის მერხიდანვე ყოფილან შეყვარებულები: მზექალა - მაღალი, გამორჩეული გარეგნობის, შავგვრემანი გოგონა, ბიჭიკო - საშუალო ტანის, ქერა, ხუჭუჭათმიანი, ცისფერთვალა ყმაწვილი. 
ახალგაზრდა პოეტი უკვე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა, როცა თავის შეყვარებულზე დაქორწინდა. ორი ქალიშვილი შეეძინათ - მაია და ნანა. ერთმანეთი ბოლომდე უსაზღვროდ ჰყვარებიათ. მზექალა ბიჭიკოს მარადი მუზა იყო და კიდევ არა ერთი ლექსი მიუძღვნია მისთვის, თუმცა „ნეტავ, ახლაც“, ეტყობა, თავად სიმღერამ გახადა განსაკუთრებით პოპულარული.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბიჭიკო სვანაძეს თავისი ხელით გადაუწერია საკუთარი ლექსები, ორ წიგნად შეუკრავს, თუმცა გამოცემა ვეღარ მოუსწრია, 36 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილა. 
1985 წელს ზურაბ კუხიანიძემ ამ ლექსების ნაწილი შეარჩია და ერთ პატარა კრებულად გამოსცა. ფაქტობრივად, ეს იყო ბიჭიკო სვანაძის ლექსების პირველი წიგნი, მანამდე მხოლოდ პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა.
„ცისფერი ტრიოს“ სიმღერა ტექსტის ავტორს თავად არ მოუსმენია. ნათესავმა უთხრა თურმე: ბიჭიკო, ძალიან ლამაზი სიმღერა მოვისმინე, შენს ლექსზე დაუწერიათო. გახარებია ძალიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსმენა ვეღარ მოუსწრია, მოულოდნელად გარდაცვლილა.

მზექალასათვის მეუღლის გარდაცვალება ნამდვილი ტრაგედია იყო თურმე. ორი წელი საწოლიდან ვერ წამოუყენებიათ, ათი წელი შავი მანდილი არ გადაახდევინეს . მთელი 26 წელი, გარდაცვალებამდე, საშინელ ტკივილს დაატარებდა. აღსასრულის დღესაც საყვარელი მეუღლის აჩრდილს ხედავდა.

მაია სვანაძემ, პოეტის ქალიშვილმა, მიამბო:
– დედაჩემის მოგონებებიდან, იცით, რა მახსენდება განსაკუთრებით? დედამ მითხრა, მე და მამაშენი რომ დავინიშნეთ, ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეებიო... მოვიდოდა, თურმე, მამა, გაუშლიდნენ სასიძოს სუფრას... მერე, უკუნ ღამეში, დედა აივანზე იდგა და უყურებდა, როგორ მიდიოდა მამაჩემი სიმღერით... როგორ გაკრთებოდა, ციცინათელასავით, მისი სიგარეტი შორს... შორს... და როგორ იკარგებოდა მერე ბნელში...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია