დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პოლიტიკური ბრძოლის შუაში აღმოვჩნდი, ამიტომ ცდილობენ, ზურგს უკან ამომეფარონ“
2013/06/10 14:13:23

დიმიტრი კოპალიანი მშობლიურ ქალაქში ფრანგი მეუღლით, ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე სამი შვილით და ქუთაისის დიდი სიყვარულით დაბრუნდა

 

 

დიმიტრი კოპალიანი:

 

დაიბადა 1970 წლის 2 ივნისს ქ.ქუთაისში.

 

განათლება:

1987-1991 წწ. ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი - წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია და მართვა,

1991-1992 წწ. უელსის უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში (HND, ნიუპორტი, დიდი ბრიტანეთი), http://www3.newport.ac.uk/index.aspx

1992-1996 წწ. ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი (BS, დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ), http://www.ltu,edu

1996-1999 წწ. მიჩიგანის უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერების და საინფორმაციო სისტემების მასტერის სამეცნიერო ხარისხი (MS, დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ) http://www.umich.edu

2003-2007 წწ. ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D) საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტში. (დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ) http://www.ltu,edu

პროფესიული გამოცდილება:

 

1993-1994 წწ. ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ლაბორატორიის კონსულტანტი (საუზფილდი, მიჩიგანის შტატი, აშშ);

1994-1996 წწ. გამოთვლითი სისტემების კომპანია - პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამისტი (ტროი, მიჩიგანის შტატი, აშშ);

1996-1999 წწ. ჰამილტონის ჯგუფის კომპანია - განვითარების ხელმძღვანელი (ბლუმფილდ ჰილლს, მიჩიგანის შტატი, აშშ);

1999-2000 წწ. საერთაშორისო კვალიფიციური მომსახურების კომპანია - გამოყენებითი პროგრამების განვითარების მენეჯერი, (ბლუმფილდ ჰილლს, მიჩიგანის შტატი, აშშ);

2000 წ. დღემდე - QEK საერთაშორისო კომპანია - საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დეპარტამენტის დირექტორი, წამყვანი არქიტექტორი (ბლუმფილდ ჰილლს, მიჩიგანის შტატი, აშშ);

2007 წ. დღემდე - ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი (დეტროიტი, საუზფილდ, აშშ);

კითხულობს ლექციებს სადოქტორო და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის სტუდენტებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში.

 

 

 

ქუთაისს ახალი მერი ჰყავს. დიმიტრი კოპალიანი ამ პოსტზე რიგით მეათე მერია. საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის ახალ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან.

- ბატონო დიმიტრი, თქვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქის მერად დაინიშნეთ. ეკონომიკური გაანგარიშებით, რომელიც ქალაქის მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პროპორციულობით განისაზღვრება, ერთ სულ მოსახლეზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა წლიურად 68 ლარს შეადგენს. თბილისში ის 225 ლარია, ხოლო სხვა დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში (და ასეთი საქართველოში ხუთია), 100-120 ლარის ფარგლებში მერყეობს. როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქალაქის გამოყვანას?

- შევეცდები ყველაფერს, თბილისიდან დაწყებული, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდება, რომ ქალაქს დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მეორე ქალაქი, ყველაფერი თბილისში ხომ არ უნდა წავიდეს, დაბალანსება უნდა მოხდეს ყველაფრის. ჯერ დონორების დახმარებით და შემდეგ მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ადგილობრივ სამუშაოებში. ტენდერებში ადგილობრივებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა. მინდა, რომ მოვიყვანო უცხოელები და ვანახო, თუ რა არის ქუთაისი. მე მაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. ქუთაისმა უნდა იტვირთოს მეორე ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრის მისია. უნდა მოხდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც შეფასებული იქნება პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და მექანიზმები.

- და ამ პროცესში რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული?

- პირველი - გამჭვირვალობა, თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა გათავისუფლდეს კორუფციის რისკებისაგან; მეორე - სისტემური მენეჯმენტის დანერგვა და მესამე - უცხოეთთან ურთიერთობის განვითარება, ქალაქის იმიჯის აწევა. მნიშვნელოვანი იქნება როგორც დონორებთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, რადგან ქალაქს სჭირდება დახმარება. ქუთაისი არის გაჩერებული და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. მე ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება მაქვს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. მე ვარ პროფესიონალი, მაქვს ძალიან ღრმა გამოცდილება მენეჯმენტში. ბევრ სხვადასხვა კომპანიაში მიმუშავია, ხუთი უნივერსიტეტი დავამთავრე სამ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი მიღწევები მაქვს მეცნიერებაში, რესურსების მართვაში, ინფორმაციულ სისტემებში, მაღალ ტექნოლოგიებში. დღეს ისეთი დროა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები ყველგან შეიჭრა, ვგეგმავ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, რათა ქალაქი უფრო წარმოვაჩინო. სხვათა შორის, ბევრი ქუთაისელი ახალგაზრდა მინახავს, ძალიან ძლიერ უნივერსიტეტებში დაუხმარებლად რომ გაუკაფავთ გზა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალგაზრდობას უნდა დავეხმაროთ. მინდა, ახალგაზრდებთან მქონდეს კონტაქტი, რომ უფრო გავიგო მათი პრობლემები, შევქმნათ საბჭო, რომ თვეში ერთხელ მოვაწყოთ შეხვედრა.  

- რამდენად პრინციპული ხართ გადაწყვეტილებების მიღებაში და შეძლებთ თუ არა პოლიტიკური ზეწოლისაგან თავის დაცვას?

- მე ვარ პრინციპული. უპრინციპოდ მე ასეთ წარმატებებს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაში. ჩემს პრინციპულობაზე მიუთითებს ის ნაბიჯი, მე რომ ქუთაისში ვარ. ფაქტობრივად, ის, რაც მე ცხოვრებაში განვავითარე, ამერიკაში დავტოვე და წამოვედი. ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო.

- არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

- მე ერთ წელიწადში მაინც გადავდგამდი ამ ნაბიჯს იმიტომ, რომ შვილები მეზრდებიან და ენა არ იციან. მე ქართველი ვარ და შვილები რომ ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან, ცოტა მძიმეა. ჩვენ ხშირად ჩამოვდივართ, მაგრამ სხვა არის, როცა აქ ცხოვრობ, გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა.

- თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

- ძალიან კარგად. ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, გაზრდილი არის ამერიკაში და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისიც დოქტორი არის ინფორმაციულ სისტემებში, თავდაცვის საკითხებზე და კიბერშეტევებზე მუშაობს. იქ სხვა ცხოვრება არის, თითქმის მოწყვეტილი ხარ ყველაფერს და ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

- ადაპტაცია არ დაგჭირდებათ?

- იცით, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. მე მიყვარს ძალიან უბრალო ხალხი, უბრალო ადამიანს უფრო დაველაპარაკები. მე რომ ჩამოვედი, ქალაქში გავედი ფეხით და ვინც სახეზე მიცნო, ყველას ძალიან უკვირდა, ფეხით რომ დავდიოდი. მერე რა, რომ მერი ვარ, მე მინდა, რომ გამოვჩნდე და ხალხს დაველაპარაკო. მე არ მიყვარს ჩემი თავის ვინმეზე მეტად ჩვენება. მე მგონი, ასე უფრო სჯობს.  მე ვარ მშრომელი ადამიანი და ფულის მოპარვა არ მაინტერესებს. ის ფული, რაც გამოიყოფა, ჩემი ამოცანა იქნება, დაიხარჯოს ქალაქზე. როგორც დავინახე, ხალხი დაძაბულია, მაგრამ მე პიროვნებებს არ ვუყურებ, მე ვუყურებ თანამდებობებს და პოზიციებს, თუ რა სჭირდება ქალაქს. ერთ დღეში ამას ვერ დაალაგებ, მაგრამ, როცა დაიწყება პროცესი, როცა დაიწყება გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი დალაგდება.

- თქვენ მოიაზრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურად. მართლა თუ იყო ისეთი ადამიანი, ვინც დაგირეკათ და მერობა შემოგთავაზათ?

- თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რაღაც - თქვენ მიყურებთ ისეთ პიროვნებად, თითქოს ვიღაცამ დამირეკა, მითხრა, აი, დიმიტრი, ჩამოდი და მეც ჩამოვედი. აქ ცოტა სხვანაირად მოხდა: მე მაქვს ძალიან მრავალმიმართულებიანი კავშირები, უფროსი თაობიდან, ჩემი ოჯახიდან, მეგობრებიდან. მე როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ეს ხმა, როგორც ისარი, ისე გავარდა სხვადასხვა მიმართულებით.

მე ვფიქრობდი ადრე სამეცნიერო მიმართულებით დაბრუნებას, მქონდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირების ცდები, პრაქტიკულად, როდესაც 2007-ში დავამთავრე ჩემი სადოქტორო, ვაპირებდი დაბრუნებას. მაგრამ აქ ყველა პოლიტიკურ პროცესებზე იყო გადართული და არავის ეცალა. ყველა ქართულ ტელეარხს ვადევნებდი თვალს და ძალიან ინფორმირებული ვიყავი, რაც ქუთაისში ხდებოდა. ეს იყო ჩემი ინიციატივა, უბრალოდ, პროცესებმა დააჩქარა, რომ აქ ჩამოვსულიყავი. მე ვარ ობიექტური და არავითარი პოლიტიკური გადახრები არ მაქვს. მაგრამ ხალხი დაიბნა, ფრაქციას შევხვდი და თქვეს, რომ მე იმ ფრაქციის მხარეზე ვარ. არავის მხარეზე არ ვარ, ვუსმენ ყველას და, რაც ქალაქს გამოადგება, იმ პოზიციას დავიჭერ.

- არსებობს ინფორმაცია, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ენდობით, არის თენგიზ თოფურიძე. რამდენად არის სწორი ეს ინფორმაცია და რამდენად ახლოს იცნობთ მას?

- როცა მოვედი, ვიღაცასთან უნდა მქონოდა კომუნიკაცია. დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში შევხვდი მას. ვეძებ გუნდს, დაველაპარაკები ყველას, ვინ ვინ არის და ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მივიღო. მე ვუყურებ თანამდებობას, და ვუყურებ, ვის რისი გაკეთება შეუძლია, რათა შეიქმნას ის გუნდი, რომელსაც მე დავეყრდნობი.

- ნეპოტიზმს რამდენად აუვლით გვერდს?

- ჩემი ახლობლებისთვის პირველი შოკი იყო, როდესაც მოვხვდი ინგლისში. მეორე შოკი - ამერიკაში, მესამე შოკი - როდესაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და მეოთხე შოკია ქუთაისში ჩემი ყოფნა. ჩემს ირგვლივ ყველა დაიბნა და რაღაც ვაკუუმივით შეიქმნა, მეგობრებს უფრო უჭირთ ჩემთან კონტაქტი. სამაგიეროდ, ვინც კი ხელს ჩამომართმევს, იქვე მეგობრად აღმიქვამენ. ბევრის გვარები დასახელდა, რომელთაც არც კი ვიცნობ. მე ყველა გადაწყვეტილებაში ვიქნები ობიექტური.

- ვიცე-მერების თემა არის საინტერესო, სამი კანდიდატურა დასახელდა...

- მართალი გითხრათ, ეგ გვარები გუშინ პირველად გავიგონე. ყველას ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარია, გუნდი იყოს მომუშავე, სანდო. ეს ხალხი უნდა შევისწავლო და ვნახო, ყველას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება. უხერხულ მდგომარეობაში ვარ იმის გამო, რომ არც ვიცნობ ამ ხალხს. აქ უნდა მიიღო პოლიტიკურად კორექტული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ არ შეიძლება სხვანაირად. არც ერთ პარტიაში რომ არ ვარ და არ მაქვს პოლიტიკური მიმართულება, ეს, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ეჭვის თვალით მიყურებს და მარტო ვარ.

- თუმცა, „ქართული ოცნების“ რიგითი  მხარდამჭერიც კი იმას ამბობს, რომ ჩვენი კაცი მოვიყვანეთო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ?

- ეს არის ძალიან კომპლექსური სიტუაცია. ყველა ცდილობს, რომ ასოცირებული იყოს ჩემთან. აი, მაგალითად, „ოცნება“ ან „პატრიოტები“ - ყველა შეეცადა, რომ ჩემთან რაღაც კავშირი ჰქონოდა. ვუთხარი: ყველას დაგელაპარაკებით და მოგისმენთ-მეთქი.

- თუმცა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ღიად თქვა, რომ თქვენ ივანიშვილის კანდიდატი ხართ და საჯარო მხარდაჭერაც გამოგიცხადათ. მათ ადგილობრივ ხელმძღვანელს, გოჩა თევდორაძესაც მოიაზრებენ იმ ადამიანად, ვინც პოლიტიკურ რჩევებს გაძლევთ...

- მე ვარ უნიკალური შემთხვევა - განათლებით, გამოცდილებით, ყველა ცდილობს, რომ ჩემს უკან მოიაზრებოდეს. აქ მიდის პოლიტიკური ბრძოლა და მე ამ ბრძოლის შუაში აღმოვჩნდი. ამიტომ ცდილობენ, ზურგს უკან ამომეფარონ. თქვენ რომ ხვალ ჩამაგდოთ რომელიმე სხვა ჯგუფში, დარწმუნებული ვარ, ისინიც იმას იტყვიან. ობიექტური ვარ, ყველას მოვუსმენ, მაგრამ გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან იქნება პრინციპული. ეს შეხვედრები გადადის პოლიტიკურ ჭრილში და არა - კონსტრუქტივიზმში.

- ქუთაისის მერიაში კადრების ოპტიმიზაციის საკითხს როგორ ხედავთ?

- აუცილებელია მძლავრი HR-ის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს კადრების განვითარებას - მისცემს მათ შესაძლებლობას, შეესაბამებოდნენ ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ასამოქმედებელია კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სისტემა, რათა დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და სტაბილურობის განცდა. რატომ არის მერიაში 700-კაციანი შტატი: იმიტომ, რომ არ ხდება მათი რეგულირება. მაგრამ ერთი ხელის მოსმით რომ გაათავისუფლო ყველა, დისბალანსს შექმნის. გამიკვირდა, მერიაში ათ საათზე რომ მიდიან სამსახურში - რვა საათიდან ექვსი საათი უნდა იმუშაო დღეში, სხვაგვარად ვერ განვითარდები. როდესაც ჩამოყალიბდება ბიზნესკლიმატი, ეს ყველაფერი სხვა ფორმაში გადავა.

- პირველი მესიჯი „ნაციონალებისგან“ იყო ის, რომ არ მოხდეს პოლიტიკური  ნიშნით კადრების გათავისუფლება. როგორ აპირებთ პროფესიონალისა და პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანის გარჩევას?

- პროცესი სწორად უნდა დაიწყოს, უნდა მოხდეს ფილტრაცია სხვადასხვა კრიტერიუმით. ცოდნასა და პროფესიონალიზმს საკონკურსო პროგრამაში დიდი ყურადღება მიექცევა. და რადგან არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენ, ყველას უნდა მოვუსმინო. ხვალ თუ შეიტყობთ, რომ „ნაციონალებს“ ველაპარაკები, ეს, უბრალოდ, იმისთვის იქნება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო მათგან.

- საბჭოთა პერიოდში ქუთაისის ფუნქციას მთლიანად საინდუსტრიო გარემო განსაზღვრავდა. 90-იან წლებში საწარმოების მოშლამ ქუთაისი უფუნქციოდ დატოვა. როგორი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მომავალში ქუთაისს?

- უნდა მოხდეს მარკეტინგული ანალიზი. უნდა შევხედოთ, რისი განვითარება ღირს ამ ქალაქში. მაგალითად, რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოელი აქ, რა ინტერესი ექნება აქ ჩამოსვლას, რის გამო? სწორედ რომ მარკეტინგული ანალიზი გვეტყვის ამას. მე ქალაქს ვაძლევ იმპულსებს სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან საჭირო არის, ქალაქს ჰყავდეს მეცნიერები, მეცნიერები დიდი ძალაა ქალაქისთვის, სადაც ისინი არიან, იქ განვითარების დონე მაღალია. უცხოეთში წასული ქართველები უნდა ჩამოვიდნენ და ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.

- განათლება, რომელიც თქვენ გაქვთ მიღებული  ბევრად განსხვავდება აქაური სტანდარტებისაგან. ძნელი ხომ არ იქნება მაღალი სტანდარტების პატარა ქალაქის სინამდვილესთან მორგება?

- მე ძალიან დიდი სკოლა გავიარე, ფაქტობრივად, მე ვიყავი ჩემი თავის პატრონი. მე ეს გამომიმუშავდა წლების განმავლობაში და ნულიდან ყველაფრის  დაწყება არ გამიჭირდება. ძალიან მძიმე პერიოდები მაქვს გავლილი, იყო დრო, ღამე ვმუშაობდი, სწავლის ქირა რომ გადამეხადა, და დღე ვსწავლობდი. იმის თქმა მინდა, რომ არ გამიჭირდება ქუთაისის სიტუაციაზე მორგება.

- ბატონო დიმიტრი, ძალიან ბევრს საუბრობენ ხელფასთან დაკავშირებითაც,  მართლა მოითხოვეთ 17 ათასი ლარი?

- ეს, უბრალოდ, ჭორია. ხალხი ეჭვის თვალით უყურებს ჩემს გადაწყვეტილებას, ვერ იგებენ, რატომ უნდა წამოვიდეს ადამიანი ამერიკიდან, რა უნდა გააკეთოს ქუთაისში. ჩემი შემთხვევა, მართლაც უპრეცენდენტო რამ იყო. ამ მხრივ, მე მართლა უნიკალური ვარ.

- გთავაზობენ თუ არა განათლების მინისტრობას?

- როდესაც ნახეს ასეთი ძლიერი მონაცემები, უბრალოდ, თქვეს, რომ ასეთი მონაცემების ადამიანმა  სამინისტროში უნდა დაიწყოს  მუშაობაო. უბრალოდ, ვიღაცას გაუჩნდა ეს იდეა,რაც მერე ჭორად გავრცელდა.

- გარდა იმისა, რომ ძალიან ცნობილი და წარმატებული ოჯახი გყავთ ქუთაისში, როგორც ცნობილია, ნობელიანტიც გყავთ ოჯახში.

- დიახ, ჩემს ბიძას, ზურაბ კოპალიანს ნობელის პრემია აქვს მინიჭებული ჰიდროლოგიის დარგში. ის დღემდე ჰიდროლოგიის ინსტიტუტის დირექტორია სანკტ-პეტერბურგში. პროფესორია მედიცინის დარგში მეორე ბიძაც, ამირან კოპალიანი. პროფესორები არიან ჩემი მშობლებიც. მე ბაბუის დიმიტრი კოპალიანის სახელს ვატარებ, რომელსაც ქალაქი ასევე კარგად იცნობდა.ასე, რომ ჩემი ოჯახი ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია, და ამავე დროს ერთგვარი პასუხიმგებლობაც.

- ყველზე მეტად რა გენატრებოდათ ქუთაისში?

- მე ჯაჭვის ხიდზე გავიზარდე, იქ გავატარე ჩემი ბავშვობა, და ის ადგილი და ის დრო, მართლაც, ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე.

- როგორ შეეგუებიან თქვენი შვილები მათთვის განსხვავებულ გარემოს?

- ალექსანდრე და თეოდორე რვა წლის ტყუპები არიან, ხუთი წლის არის ნიკოლოზი. შარშან გელათში მოვნათლეთ. ძალიან აქტიური და გონიერი ბავშვები არიან. აქ ყოფნასაც მიეჩვევიან. ქუჩაში რომ გაგვყავს, უკვირთ, ძირს ნაგავი რომ არის დაყრილი. თუ სადმე დაინახავენ ქაღალდს ან ბოთლს, მაშინვე დასუფთავებას იწყებენ. არა მგონია, ჩემს ოჯახს აქ ყოფნა გაუჭირდეს, წლებია დაბრუნებაზე ვფიქრობთ და ფსიქოლოგიურადაც მომზადებულები შევხვდით ამ გადაწყვეტილებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია