დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მაინცდამაინც ჩემი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი უნდა მუშაობდეს მერიაში, რომ დამეხმაროს ვინმე?!“
2012/03/05 11:53:00

გასულ წელთან შედარებით, ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობამ რამდენიმ ასეულით მოიმატა. ამ ადამიანების ყოველი დღე იწყება იმაზე ფიქრით, თუ როგორ გამოკვებონ საკუთარ ოჯახი.

ერთ-ერთი ასეთი სოციალურად დაუცველი ვაკისუბნის დასახლებაში, თაბუკაშვილის ქუჩის ?111 კორპუსში მცხოვრები ჯამაძების ოჯახია. ამ ოჯახს დასახლებაში ყველა იცნობს, როგორც სოციალურად დაუცველი და  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახს. აქ ორი სული ცხოვრობს: ხანში შესული ქალბატონი გულნარა და მისი საწოლს მიჯაჭვული, 37 წლის ქალიშვილი, რომელიც საწოლში წლებია წევს.

ქალბატონ გულნარას დღე დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ დაღამებულს იწყება. იგი საწოლში დავარდნილ შვილს ტოვებს და დასახლებაში ქუჩების დასაგველად მიდის. როგორც თვითონ აცხადებს, ყოველდღე სახლში იმის შიშით ბრუნდება, შვილს ხომ არაფერი დამართნია. ქალბატონ გულნარას ორი შვილი გათხოვილი ჰყავს, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, მისი ქალიშვილი მასზე მეტად გაჭირვებულია და შვიდსულიანი ოჯახი ხის შეჭედილ, 27 კვადრატული მეტრის ფართში ცხოვრობს.   ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ძალზე ნაწყენია. თუმცა იმედს იტოვებს, რომ გათენდება დღე, როცა ისინი მათ დაეხმარებიან და მათი ოჯახის გასაჭირს გაითავისებენ.

„საიდან დავიწყო, არ ვიცი, რომელი ერთი პრობლემა გითხრათ, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ. სამი ქალიშვილი მყავს, ორი აქედან გათხოვილია, მათგან ერთი ჩემზე მეტად გაჭირვებულია, ეს კიდევ შეზღუდული შესაძლებლობებისაა. თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია. დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ, ხელფასს რასაც ვიღებ, ყველას მედიკამენტებში ვხარჯავ და სოციალური უზრუნველყოფის თანხით - 54 ლარით ვირჩენთ მთელი თვე თავს. წლებია, დახმარებას ვითხოვ. რამდენჯერმე ვიყავი მერიაში, დავწერე განცხადება, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. ბოლოს მივედი მუნიციპალიტეტში და ვთხოვე, იქნებ შემიკეთოთ სახლი, სადაც, როგორც გარეთ, ისე ჩამოდის წყალი. მე არანაირ კომფორტს არ ვითხოვ. ის, რომ არ მინდა თავზე მაწვიმდეს, კომფორტია? ინვალიდის ეტლს ვიხვეწები წლებია, 37 წლის დავარდნილი ქალის ხელში აყვანა ძალიან მიჭირს. წლების წინ ერთმა ახლობელმა მაჩუქა ბავშვის ეტლი და 10 წლის ბავშვის ეტლში ვსვამ 37 წლის ქალს. ვერც ვატევ შიგ. გათხოვილ ქალიშვილს კიდევ ჩემზე მეტად უჭირს. ოთხი შვილი ჰყავს და მშივრები იხოცებიან. რა ვქნა, როგორ მოვიქცე, არ ვიცი.

რამდენიმე დღის წინ ვიყავი მუნიციპალიტეტში, იქნებ რაიმეთი დამეხმაროთ-მეთქი. ასე მითხრეს: „რა დახმარება გინდა, შენს შვილს ერთხელ ხომ დავეხმარეთო. ჩემი შვილის ერთხელ დახმარებით გვარდება პრომლემა?!

ყოველდღე მესმის ტელევიზორში - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახს დაეხმარენო. თუმცა მე არავინ მეხმარება. მაინდამაინც ჩემი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი უნდა მუშაობდეს მერიაში, რომ დამეხმროს ვინმე?! ეს ორი რამდენიმე კვადრატია ჩემთვის მისაღებიც, სამზარეულოც, საძინებელიც და ტუალეტიც. ეს კორპუსი ადრე საერთო საცხოვრებელი იყო, ბინას მხოლოდ ერთი საერთო ტუალეტი აქვს. ვითხოვ, იქნებ მერიაში ვინმემ შეიბრალოს ჩემი ოჯახი. დამეხმარეთ, გადამიხურეთ სახლის სახურავი, რომელიც ძალიან დაზიანებულია, მეც მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და ცხოვრებაში ერთხელ მაინც გავიხარო,“ - ამბობს თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები გულნარა ჯამაძე.

ჯამაძეების უმძიმეს პირობებზე საუბრობს ქალბატონ გულნარას  გათხოვილი ქალიშვილი, რომელიც ასევე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედაა. როგორც ის აცხადებს, ადგილობრივ ხელისუფლებას თვითონაც რამდენჯერმე მიმართა დახმარებისთვის, თუმცა პასუხი მისთვისაც არავის გაუცია.

„ჩემი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. დედას ძალიან უჭირს და რასაც ხელფასს იღებს, წამლებში ხარჯავს. მეც არაფერი მაქვს რომ დავეხმარო. მეც უაღრესად გაჭირვებული ვარ, 7 სულიანი ოჯახი რამდენიმე კვადრატულ მეტრ ფართში ვცხოვრობთ. მრავალშვილიანი დედა ვარ, ყოველდღე იმას ვფიქრობ, რა ვაჭამო ჩემს შვილებს. სულ ახლახანს მეც დავიწყე დასუფთავების სამსახურში მუშაობა, დავიკავე ცოცხი ხელში და დილას რომ ვდგები, დაძინებულს ვტოვებ შვილებს, რომ მოვდივარ - დაძინებულები მხვდებიან. 29 წლის ქალი მათხოვრად ვარ ქცეული, მივედი მერიაში და ვუთხარი, იქნებ რაიმეთი დამეხმაროთ-მეთქი და არ იკითხავთ, რა მითხრეს? მერე ჩააბრე ეგ ბავშვები ბავშვთა სახლში და პრბლემაც მოგვარდებაო. იქდან ტირილით წამოვედი. მშიერი რომ მოვკვდე, შვილებს მაინც ვერ ჩავაბარე და მივატოვებ. რა გითხრათ, არ ვიცი. ვინ დაგვწყევლა ასე, რომ არც დედამ გაიხაროს და არც შვილებმაო. ჩვენი დამხმარე არავინ არ არის,“ - გვითხრა სოციალურად დაუცველმა მერი ჯამაძემ.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ლექვინაძე აღნიშნულ  ოჯახთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჯამაძეები მას პირადად არ შეხვედრიან, თუმცა მათი პრობლემით აუცილებლად დაინტერესდება და შეძლებისდაგავრად დაეხმარება.

„ჯამაძეების ოჯახის სოციალური პრობლემების შესახებ, კარგა ხანია, ვფლობ ინფორმაციას. ჩვენ აუცილებლად მივალთ აღნიშნულ მისამართზე და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით, რაც კი შეგვიძლია. მე ვიცი, ასევე ამ ოჯახს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავთ და შევეცდები, ჩვენ მათ ეტლიც გადავცეთ,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა სერგო ლექვინაძემ.

ჯამაძეების ოჯახს ასევე დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული სახურავის პრობლემაც აქვთ, როგორც თავად ოჯახის დიასახლისი აცხადებს, საერთო საჭიროების სახურავის მხოლოდ ნაწილი მიიღო აღნიშნულმა კორპუსმა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როდის გადაიხურება ამ კორპუსის ნაწილი. ვესაუბრეთ საბინაო ინფრასტრუქტურისა და რეგულირების სამსახურის უფროსს კახაბერ ხვარეშიას, რომელმაც გვითხრა: „2010 წელს 380 კვადრატის ფართობი გადავეცით აღნიშნულ კორპუსს. ორსართულიანი ბინისთვის მიცემული ფართობი საკმარისია, თუმცა არ უარვყოფ, შესაძლებელია, მართლაც დააკლდა რამდენიმე კვადრატი. თუმცა ბინაში 8 ოჯახი ცხოვრობს და შესაძლებელი იყო რამდენიმე კვადრატის შეძენა. ჩემი სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად დაუყონებლივ გავლენ ადგილზე და შეისწავლიან პრობლემას, თუ საჭირო იქნა, ჩვენ მათ ადგილზევე დავეხმარებით.“

როგორც მერიაში გაირკვა, ისინი ფიქრობენ, რომ ჯამაძეების ოჯახს პირველ სართულზე ფართი კომერციული ბიზნესისათვის აქვთ გაქირავებული და ისინი ყოველ თვეში იღებენ ამ ფართის თანხას. თუმცა ამ ბრალდებას გულნარა ჯამაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ფართი მას არ ეკუთვნის, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლიათ, საჯარო რეესტრიდან გამოითხოვონ, თუ ვის სახელზეა რეგისტრირებული კონკრეტული ფართიო. გულნარა ჯამაძეს ისღა დარჩენია, იოცნებოს: იქნებ მათი გასაჭირი მერიაში გულთან მიიტანონ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 37 წლის ქალიშვილს ეტლი გადასცენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია