დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„წიგნის ფესტივალი“ ბიბლიოთეკაში
2010/10/25 16:35:27

„დღევანდელი საზოგადოება არის გამოთაყვანებული იმიტომ, რომ წიგნისკენ არ იხედება. დაუღიათ პირი და ფიქრობენ, სად გევიქცეთ, რა ვიშოვოთ, რა მევიპაროთ. შენი მიწა-წყალი არა გაქ? დეეტიე შენ სახლში. სადაა მამა-პაპის ძვლები, შენი სალოცავი, ფუძის ანგელოსი, შენი მზე და მთვარე? სა დეიარები, კაცო, შენ? ამათ გონიათ, ფულს სადაც იშოვიან, იქ არის მათი სამშობლო. ამაშია ჩვენი უბედურება. „არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“, რო იძახოდა ი კაცი, გარბიხარ კი არა, სხვას უნდა ვიწვევდეთ, რო გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მარა, ვერაფერს გადაარჩენს რეგვენი.ცოდნაა მთავარი იარაღი. კომუნისტების დროს, ეშმაკი ოუტყდათ მაგენს, წიგნი კი იცემოდა და იაფიც იყო, ყიდულობდა ხალხი.ახლა პურის ფული არა აქვს და რაფერ მოთხოვ, წიგნი იყიდე-თქვა. იაფად როა ეს წიგნები, კაი საშვალებაა ხალხისთვის!“ - გვითხრა ბატონმა ოტია იოსელიანმა, ჩიბუხი გააბოლა და ირგვლივ მიმოიხედა, ირგვლივ კი სასიამოვნო ატმოსფერო იყო:

21 ოქტომბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წიგნის ფესტივალი(გამოფენა-გაყიდვა) გაიხსნა. სამეცნიერო, საბავშვო, მხატვრული წიგნებით დაინტერესებული უამრავი მკითხველი ერთმანეთს აწყდებოდა. საქართველოში ცნობილ გამომცემლობებს წიგნები თავიანთ ფასებში ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალი წელს მეოთხედ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2007 წლის აგვისტოს მოვლენების გამო ჩაიშალა და ამჟამად მეოთხედ გაიმართა.

„წიგნის ფესტივალი ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენი ქალაქი არ არის განებივრებული წიგნების მაღაზიებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკაში ტარდება. დაგეგმილი გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდეს,“ - განაცხადა სამეცნიერო ბიბლიოთეკის დორექტორის მოადგილემ, ირა წაქაძემ. 

სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ამ ფესტივალს სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენი ქალაქისთვის ეს ღირსშესანიშნავი დღეა. ხალხს ეძლევა საშუალება, შეიძინოს საუკეთესო გამომცემლობების წიგნები,“ - განაცხადა მერიის, განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ.

საზოგადოება კმაყოფილი დარჩა ამ ღონისძიებით. მართალია, ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ახლანდელ თაობას საერთოდ აღარ აინტერესებს წიგნი, მაგრამ გამოჩენილი მწერლის, რეზო ჭეიშვილის აზრით: „ეს საზოგადოების ბრალი არ არის. წიგნი კი არა, გაკვეთილს აღარ სწავლობს არავინ, ყველაფერი კომპიუტერშია, მალე, ალბათ, ბავშვებს ჩაუდებენ თავში რაღაცას, რაშიც ყველაფერი ეწერება და წაკითხვა აღარ დაჭირდებათ. მაგრამ ხალხი აუცილებლად დაუბრუნდება წიგნს, რადგან მას თავის სურნელი აქვს და ეს მოენატრებათ.“

როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ელისო ქაროსანიძემ გვითხრა, წელს განსაკუთრებით ბევრმა გამომცემლობამ წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია, რაც მნიშვნელოვანია.

წიგნის გამოცემა-გაყიდვა 25 ოქტომბრამდე გრძელდება.

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია