დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერულ-კახური მეგობრობა
2010/07/19 14:19:37

კახელები ქუთაისს ერთი დღით ეწვივნენ, მართალია, მოსაწვევს საგულდაგულოდ ეწერა - კახეთის დღეები ქუთაისშიო, მაგრამ ამ შემთხვევაში ებ-იანი მრავლობითი ნამდვილად არ აღნიშნავდა ერთზე მეტს.

სტუმრობის მიზეზი იმერულ-კახური მეგობრობის დასაწყისია. ჯერ კახელები ჩამოვიდნენ, მერე იმერლები, კონკრეტულად - ქუთაისელები გაემგზავრებიან, ოღონდ ოქტომბერში, რთვლობისას.

მეგობრობის ინიციატორი ქუთაისის თვითმმართველობის კულტურის სამსახურია, შესაბამისად, მეგობრობის მიმართულებაც საქართველოს ამ ორი კუთხის კულტურული ცხოვრება იქნება. ამიტომაც კახეთში მცხოვრებმა მხატვრებმა ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში თავიანთი ნამუშევრები ჩამოიტანეს გემრიელი კახური სიმღერებითურთ, ხოლო მწერლებმა საჯარო ბიბლიოთეკაში მოიყარეს თავი და ერთმანეთს ლექსად გაუზიარეს სათქმელი. კახელ მწერლებს ხელდამშვენებული მასპინძლებიც დახვდნენ, თვითმმართველობის ხარჯებით კახეთში მცხოვრები პოეტების კრებული გამოიცა:   „კახეთო, ჩემო კახეთო“, ერთდღიანი სტუმრობაც ამ წიგნის პრეზენტაციას დაემთხვა (თუ შეგნებულად დაამთხვიეს). 

პრეზენტაციამდე დავით კაკაბაძის სახელობის გალერეამ მხატვრების გამოფენას და ხალხური სიმღერების კონცერტს უმასპინძლა.

„დღევანდელ ღონისძიებაზე ძალიან სიმბოლურად არის წარმოდგენილი კახეთში მცხოვრები მხატვრების შემოქმედება. ჩვენ, ქუთაისელები ძალიან კარგად ვიცნობთ კახელ მხატვრებს, მათ შემოქმედებას, მაგრამ დღეს ვერ მოვახერხეთ, სრულყოფილად ყოფილიყო წარმოდგენილი ისინი ჩვენს გალერეაში, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ბედნიერები ვართ, რადგან მუდმივ ექსპოზიციაში გვაქვს ყველაზე დიდი კახელი მხატვრები ნიკო ფიროსმანაშვილი, ელენე ახვლედიანი, ჯემალ ხუციშვილი, მაისაშვილი,“- განაცხადა გალერეის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ და დაგვპირდა, რომ კახეთიდან ჩამოსული ხალხური სიმღერების ანსამბლი ცეცხლს დაანთებდა. დაანთეს კიდეც.

გიზო თავაძე, თვითმმართველობის კულტურის სამსახურის უფროსი: „კულტურათა დიალოგი აუცილებელია საქართველოში, შარშან ამ დროს ქუთაისში აჭარის კულტურის დღეები გაიმართა, წელს კახეთს ვმასპინძლობთ. ამ შეხვედრების მთავარი დანიშნულება ადამიანებს შორის ურთიერთობა, ხელოვანთა შორის თანამშრომლობაა. ჩვენ კომუნისტების ეპოქაზე ვიძახით, ავად სახსენებელი კომუნისტებიო, არადა იმ პერიოდში იყო ასეთი ურთიერთობები და ეს ძალიან კარგი გახლდათ“.

ძველი დრო თელავის კულტურის სამსახურის უფროსმა ვანო ფეიქრიშვილმაც გაიხსენა.

„მე  ვმონაწილეობდი 1982 წელს კახეთის კულტურის დღეებში, რომელიც აქ, ამ გალერეაში გაიმართა, მიხარია, რომ დღეს ისევ მიწევს  მონაწილეობა. ეს მშვენიერი იდეაა, ყველას გიხდით მადლობას თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. ახლა ჩვენი ჯერია.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია