დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისევ ქუთაისზე
2010/07/12 00:00:01

„მწერალთა კავშირის“ შეხვედრების კლუბში 7 ივლისს ახალი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნი ქუთაისსა და ქუთაისელებზეა, ხოლო მისი ავტორი - ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული არჩილ მურღულია, პროფესიით ინჟინერი. იგი მხოლოდ ამ ტიტულს როდი ფლობს, წარმოების ცნობილი ორგანიზატორია, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ღირსების ორდენისა და მრავალი სხვა სახელმწიფო ჯილდოს კავალერი. მისთვის ყველაზე განსაკუთრებული კი ისაა, რომ ქუთაისის საპატიო მოქალაქეა და საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდიუმის წევრი.

 

რამდენიმე წლის წინათ გამოვიდა მისი პირველი წიგნი „მე თვითონ“. იქ, თავისი ქარხნის ისტორიის გარდა, ქუთაისელებზეც საუბრობდა, მერე იყო მეორე წიგნი - ისიც ქუთაისზე და, საერთოდ, ქუთაისი ბატონი არჩილის მუზაა, „ამ ქალაქის  სიყვარულმა ამაღებინა ხელში კალამი და  წერა  დამაწყებინა.  როგორ შეიძლება, არ დამეწერა ძველ, გარდაცვლილ ქუთაისელებზე და იმათზე, ვინც დღეს აგრძელებს მათ გზას. ალბათ, ჩემი ასაკისა უნდა იყოს კაცი, კარგად რომ შეიგრძნოს მშობლიური ქალაქის სიყვარული, დააფასოს სხვათა ღვაწლი და ამაგი. ბევრჯერ მქონდა შანსი, სხვა ქალაქში წავსულიყავი, მაგრამ - არა, არ მინდოდა, ჩემი ქალაქიდან მოშორებით მემუშავა. მე ჩემს ქალაქში ვცხოვრობ და დღემდე მისი ტკივილი ჩემი ტკივილია და სიხარული ჩემი სიხარულია. ამიტომაც ისევ დავწერე ქუთაისზე, ჩემს ქუთაისელებზე, რომლებიც დადიოდნენ, ალამაზებდნენ ქალაქს, დავწერე იმ უზარმაზარ სიყვარულზე, რომელიც მათ გააჩნდათ, სხვებიც ბევრნი არიან, ვინც ამ წიგნში არაა. ესენი ჩემი მეგობრები არიან, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგიც კიდევ ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს,“ - განაცხადა არჩილ მურღულიამ პრეზენტაციაზე.

სათქმელი დიდი ხანი აწუხებდა.

„როგორ შეიძლებოდა, არ დამეწერა ოთარ სულაბერიძეზე, გივი ბრეგაძეზე, უშანგი სალდაძეზე, კარლო ხურციძეზე, რეზო ძიძიგურზე, სოსო ხარაბაძეზე, არჩილ კოსტავაზე, კუკური კენჭაძეზე... არ დამეწერა როინ მეტრეველზე, ლევან სვანაძეზე, ანზორ ბურჯანაძეზე, თეიმურაზ ლანჩავაზე, ერემო სვანაძეზე, კოტე გეგელაშვილზე...“ - ამბობს იგი.

წიგნის ერთ-ერთ თავში არჩილ მურღულია თავისი ცხოვრების ქრონიკებზეც მოგვითხრობს, აქ ის პუბლიკაციებიცაა თავმოყრილი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მასზე შექმნილა. და კიდევ, მთელი ოჯახური ალბომი, რომელსაც მართლაც წლების განმავლობაში აგროვებდა და აკოწიწებდა - სიყვარულად, მეგობრობად და მადლიერებად.

სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი დარჩა, ქუთაისის თემას რა ამოწურავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია