დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არ დავკარგოთ ქართული იუმორი!
2012/10/08 13:49:10

„გადმოდი, შაკია, დაპატიჟებული ხარ!“

იუმორის შესახებ უამრავი რამ დაწერილა. დედამიწაზე საოცარი გამონათქვამები არსებობს იუმორზე, მსოფლიოს კომიკოსებზე, კინოვარსკვლავებზე, ესტრადის მსახიობებზე...

მაგალითად, ოთარ მამფორიამ ქუთაისს იუმორის ნაკრძალი უწოდა. მაინც, რა არის იუმორი, როდის გაჩნდა ის ადამიანის ცნობიერებაში? ზუსტად და ამომწურავად ეს არავის განუმარტავს... თუ რა დროს გასცინა კაცმა კაცს, რა დროს მოიგონა ანეკდოტი, სხარტულა, არავინ იცის, მაგრამ ერთი ფაქტია - თეატრონი და თეატრი ელინელებში ჩაისახა, საბერძნეთიდან მოდის თეატრი. ამ დიდ ისტორიებში რომ არ გადავიჩეხოთ, ამიტომ ჩვენს ქართულ იუმორს შევეხოთ, - რა არის ქართული იუმორი და რას წარმოადგენს ის ქართველი კაცისათვის?ჩემი ღრმა რწმენით, ისევე, როგორც თქვენი ფანტაზიითაც, ჩემო მკითხველო, ქართველი კაცი დასაბამიდან ბუნებით შემოქმედი იბადება, ყველა ქართველში ზის ლირიზმი და იუმორი. პოეტურია ქართველი - ქეიფის მოყვარული, ღვინის - განსაკუთრებით. ღვინო და ქართველი ანუ ვენახი და ქართველი ერთად გაჩნდა, ალბათ... და ამიტომაა ენამახვილი, მჭევრმეტყველი, ხუმარა.

საქართველოს ყველა კუთხეს დამახასიათებელი იუმორი აქვს:

კახელებს ჩარჩოებში ჩასმულ იუმორთან ერთად, ჩარჩოს მიღმა, ღია, გახსნილი იუმორი გააჩნიათ. ამ ხალხში რომ იუმორი ჭარბად არ იყოს, მაშინ, ალბათ, აქამდე ერთმანეთს თავ-ყბას დაულეწავდნენ, მაგრამ იუმორია მათი შოშმინი და გამზავებელი;

გურულების იუმორი ფიცხია, პოლიტიკური, მოკლე და სხარტი: „აი შევარდნაძემ იმდენი იარა ამერიკაში, სანამ ბუში არ გააკეთა და დასვა კიდეც პრეზიდენტად.“

მეგრული იუმორი სულ სხვაა - მათ იუმორს და ანეკდოტებს მეგრული კილოც ბევრად შველის და კაზმავს, უფრო მეტად თავის კუთხის შვილებზე უყვართ ხუმრობა:

ნანა, ნანა, რას ერჩოდნენ,

იმ სტალინს და იმ ბერიას,

ორი კაცი თუ მართავდა

იმოდენა იმპერიას?

რაჭველი კიდევ, გამორჩეულია სიდინჯეზე, დაბნეულობაზე, სიკეთესა და გვიან აღქმადობაზე აგებული ხუმრობით:

- არისტო, მიწისძვრა გეიგე?

- ქვე რავა ვერ გევიგე, ძლივს შევასწარი სახლში.

ძალიან ძნელი სათქმელია, სვანეთში იუმორი როდის ჩაისახა, მაგრამ... ერთი კია, ქუთაისი რომ არა... და ბოლოს - თბილისი, სვანურ იუმორს პოპულარიზება გაუჭირდებოდა, ახლა კი იგი სუფრისა და ესტრადის სამკაულიც გახდა.

ქართლთან მინდა შევჩერდე... აქ, თბილისს თუ გამოვთიშავთ და უთბილისოდ შევხედავთ ქართლს, პირდაპირ ვთქვათ, ცოტა იუმორი მოიკოჭლებს... რა თქმა უნდა, იუმორი არსებობს, მაგრამ... ისე მაღლა ვერ იღებს სათავეს, როგორც სხვა კუთხეებში, და ეს მათ ხასიათზეც აისახება - ხშირად ისინი ერთმანეთს ბევრ რაიმეს არ პატიებენ...

იმერეთი - ქვემო და ზემო - საოცარია იუმორში, სხარტ აღქმაში, მოჭრილ პასუხში, მაგრამ გამორჩეულად, კიდევ, ცალკე იუმორის სამყაროდ ქუთაისი ჩაითვლება.

ქუთაისი ჭეშმარიტ ქართულ თონეში ამოკრული იუმორია, ყველა ნიუანსი და განზომილება მისი სუფთა ქართულშია ჩასმული და მთლიანად ქართული სურნელი ასდის, როგორც კაი ქართული ღვინის ბუკეტს.

ერთხელ უადგილო ადგილზე გადასვლისათვის ჯარიმა შემოიღეს - ერთი მანეთი... შოთა ჩირაძემ დაუფიქრებლად გადაჭრა ქუჩა, გააჩერა ინსპექტორმა და უთხრა, გადაიხადე ჯარიმაო.

- რამდენია, ბატონო, გადასახდელი?

- მანეთი.

- ძვირი არაა... - შოთამ უთქმელად ამოიღო ფული და უთხრა ისნპექტორს - ა, შენ, ბიძიკო, ორი მანეთი.. და გადმოდი, შაკია, დაპატიჟებული ხარ! - და ისიც გადაიყვანა მეორე მხარეზე.

ვაჟა ჭყონიამ სამჯერ მნახა ერთ დღეს სხვადასხვა გასვენებაში. ბოლოს დამიძახა და მითხრა: შენ, გიზოია, გასვენების აბონომენტი ხომ არ გაქვსო... და კიდევ რამდენი რამ.

„ბაღის კიდე“ სიმბოლოა იუმორისა, სხარტულისა, ლამაზი ლირიკისა, პოეტურობისა, ქალისადმი რაინდულად მოპყრობისა. რა თქმა უნდა, დღეს უფრო გალამაზდა, გამშვენიერდა, მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ ის დახუნძლული იუმორით   სავსე,  კოლორიტული   ადამიანები   აღარ    არიან.   ეს    გულდასაწყვეტია.  ცდახუთი-ოცდაათი  წლის წინ რომ გაივლიდი ოპერიდან მესხიშვილის თეატრამდე, ერთი ფესტივალი იყო! რამდენი ვინმე შეიძლება ჩამოვთვალო, მაგრამ მერე გამომრჩება და გულის წყვეტა იცის.

ერთხელ ლილი ნუცუბიძეს გაუვლია და ვალიკო მიზანდარს სიცილი აუტეხია. რა გაცინებს, ვალიკოო, ლილის უკითხავს.

- მე ვერ გეტყვი, ბუჭა კანდელაკს კითხე და ის გეტყვის.

- ბუჭა, მითხარი, რა უნდა მაგ ბებერს.

- დასიზმრებიხარ, ლილი, წუხელი და თან ისე  დასიზმრებიხარ,  ვერ  მოგიყვება.

ლილის გადაუქნევია თავი და ღიმილით უთქვამს:

„ისე რა ვუთხრა მიზანდარს,

მაგი ვერაფერს მიზამდა.“

იუმორი სიცოცხლეა, ძალაა, გაღიმებული კაცი იმედიანია, ლაღია, კეთილია. კაცი თუ იუმორის შემოქმედი არაა, სხვისი იუმორის აღქმა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ ძალზე საცოდავია. მე ხშირად დავკვირვებივარ ადამიანებს ამ კუთხით და მიპოვია ისეთები, რომლებიც არ იცინიან... დღემდე ვერაფერი გამიგია ამ ხალხისა: აბა, რა აცოცხლებთ, ვერ გეტყვით... ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც სცენაზე ვმუშაობ, შემიმჩნევია გარკვეული კატეგორია, რომელიც არ იცინის. ეს საშინელებაა, უარყოფით აურას გამოსცემს და ყოველთვის იმ ჯგუფს მივჩერებივარ, რომელიც ჯანსაღად ხარხარებს, აქედან კი დადებითი მუხტი მოდის და მეც ვიზრდები. ასეთი ჯანსაღი სიცილის დახმარებით პარტერიდან ხშირად ახალი ნომერიც შემიქმნია იმპროვიზაციით... საერთოდ, ძნელია, ქუთაისის მაყურებელს იოლად მოსდო იუმორის ხელკავი, ვინაიდან თავად ეს ხალხია საოცარი სხარტულებისა და კაი ნათქვამების დამბადებელი - არსად ისე არ განვიცდი მაყურებელთან შეხვედრას, როგორც ჩემს ქუთათურებთან, ვინაიდან ქუთაისი ბარომეტრია ქართული იუმორისა და, როდესაც მქუხარე ტაშითა და დიდი შეძახილებით ახლოს მივდივარ ჩემი ქალაქის მაყურებელთან და მათ თვალებში ვხედავ ანთებულ სითბოს, სიყვარულს, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა სიმძიმე, ყველა ფიქრი ერთიანად მცილდება და კულისებში ფრინველივით მსუბუქი შევდივარ.

აჭარის იუმორი ტკბილია, აღქმადია, მრავალწახნაგოვანია, მაგრამ ამ კუთხის კილოკავს მაინც ვერ ავეწყვე - გურული მეღობება. საკმარისია, აჭარელზე  დავიწყო მოყოლა, გურული შემრჩება ბოლოს და ამიტომ აჭარლებზე ვერ ვყვები,  რაზეც   ბათუმში   ხშირად   მსაყვედურობენ.

არსებობს კატეგორია იუმორისტებისა, რომლებიც სხვის კალამზე არიან დამოკიდებული - თუ სხვამ არ დაუწერა, ისე, თავისთვის, ვერაფერს ქმნიან. ასევე იმიტატორებიც... როცა შენ თვითონ არ ხარ მაძიებელი, შენს თავს რაიმე მასალა მოარგო, მოგიწევს, ადრე მოსცილდე სცენას, რადგან, ვინც რაიმეს გიწერს, დაჭერილი  ჰყავხარ  -  უნდა,  კარგ  „კოსტუმს“ შეგიკერავს, უნდა - მოკლემკლავიანს, და შენც ვალდებული ხარ, ორივეში გაუყარო ხელი. მაგალითად, ავიღოთ იმიტაცია - მე, როდესაც სცენაზე ვინმეს იმიტაციას ვაკეთებ, ვთქვათ, თუნდაც, ქაფიანიძისას, პირველსავე სიტყვაზე გაიცინებს მაყურებელი, მერე ტაშსაც მიაყოლებს ხოლმე. ამით მან შეგიფასა გმირი, გითხრა, კარგად გყავს დაჭერილი, ყოჩაღო, და გაჩერდა. რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ ის ელოდება, აბა, რას ათქმევინებ ახლა შენს გმირს. ეს უკვე შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მოარგებ კარგ სხარტულას მის სახეს - მეორე აფეთქება დარბაზისა და დიდი ტაში გარანტირებული გაქვს, არადა, რჩები ერთ შეფასებასთან. ასე რომ, თავისთავად, იმიტაცია დიდი ხელოვნებაა, მაგრამ, თუ გმირი ფანტაზიით ვერ გააფერადე, ბორკილდადებული  რჩება. რაც შეეხება იმიტაციის ხელოვნებას, ეს მართლაც საოცრებაა - რამდენი ვინმე გამიჯავრებია ბავშვობიდან დღემდე, მაგრამ ვერაფრით მე თვითონ ვერ ამიხსნია, როგორ შემოდის პიროვნება ჩემში. ხშირად უკითხავთ კიდეც, როგორ ხდება ეს, ბატონო გიზოო. მაგრამ პასუხი დღემდე გაუცემელია...

ერთი კია, ზოგი სიცილით დამიჭერია, ზოგი - სიარულით, ზოგი კიდევ - ერთი სიტყვით, მერე გზადაგზა შემოდის ჩემში. მაგალითად, ბატონი ოტია თითების მოძრაობით და თვალებით ავიღე...

ერთხელ ქალაქკომში დამიბარეს, ადრე, და მითხრეს, კონცერტზე უნდა გასცინო ირაკლის, ჯანსუღს, ნონეშვილს, ბერულავას, კოტეს... ვუპასუხე: ჯანსუღს, ნონეშვილს და ბერულავას არ ვაკეთებ-მეთქი. ასე მითხრეს, მოასწრებ, მანამდე 20  დღეა   დარჩენილიო.   სიცილი   ამიტყდა  და  გავიფიქრე,  ალბათ  ამათ  იმიტაცია ნოტებით სასწავლი ხელოვნება ჰგონიათ-მეთქი, ვერაფრით ვერ გავაგებინე.
ახლა რა მინდა გითხრათ, ჩემო ქართველებო - ეს განძი, რომელსაც იუმორი ჰქვია, შესაძლოა, ნელ-ნელა გაგვექცეს კიდეც ხელიდან, არსებობს ამის საშიშროება. - ჯერ ერთი, არ სჭირდება ქართველ კაცს დასავლეთიდან შემოგდებული, უკბილო, მკვდარი შტრიხებით და გაუგებელი და გაუგონარი სიტყვებით მაყურებლების ტვინის ხვრეტა - „ჰედლაინი“, ცოტა ცენზურიდან ამოვარდნილი სიტყვებისა და უშინაარსო, უმიზნო მოძრაობების დღედაღამ მიჭედება ფართო აუდიტორიის თვალებზე. ქართულ იუმორს მხოლოდ ქართული სისხლი და ძარღვი აცოცხლებს; მეორე საშიშროება, შეიძლება, ესეც პირველი - ჩვენი ქვეყანა თითქმის დაიცალა ხალხისგან, ორ მილიონამდე ქართველი გასულია სამშობლოდან, აღარ მუშაობს თითქმის არც ერთი წარმოება, ისევე, როგორც ბაღის კიდეც დაიცალა... გითხარით, არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ამ საგანძურს, აღარ არის თავშეყრის ადგილები - თითქმის ტალახზე დაემხო ქართული ფეხბურთი... „ტორპედოს“ სტადიონზე იბადებოდა ათასგვარი შარჟები, სხარტულები, იუმორები, ანეკდოტები, გადაჭედილი სტადიონები ქმნიდა ამას ყველაფერს. ახლა ერთი ნათქვამიღა დაგვრჩა:

- ბიჭიკია, მსაჯი გაულახიათ სტადიონზე.

- გვერდითმა მსაჯმა თუ გალახა! აბა, მაყურებელი ჩვენ არ გვინახავს იქ...

მესამე მიზეზი სოციალური მდგომარეობა, გაჭირვებაა. კაცი თუ იმას ფიქრობს, პური სად იშოვოს, მას იუმორის აღქმა და ძიება გაუჭირდება. ჩემო საყვარელო ხალხო, ქართველმა კაცმა თუ იუმორი დაკარგა და სტუმარს დაემალა, რითი უნდა ვიამაყოთ მერე?

ბოლო ხანებში ხალხი ჩაფიქრებული და დაბეჩავებული გახდა. თბილისში იუმორინაზე გახლდით სამჯერ. და ყველაზე მეტად თვალში მომხვდა სულ სხვა თბილისელები, უამრავი ხელგაშვერილი ხალხი, ზღვა გადამყიდველები, ბაცაცები, მეძავები. გამახსენდა ჩემი სტუდენტობა, ის სუფთა ქუჩები, გაღიმებული სახეები, ჯანსაღი სიცილი... შევღონდი... და კიდევ რა... მიკროავტობუსების ბუმი! რაც გერმანიაში მანქანები ჩამოიწერა, გაივსო იმ მანქანებით საქართველო. თბილისი თავკომბალაა, არ არსებობს პიკის საათის დრო, სულ პიკის საათია, ვერც კაცს და ვერც მანქანას გვერდს ვერ აუვლი. საქმე რაშია - ვისაც შეეძლო, საზღვარგარეთ გაიქცა, ვისაც არა, მან თბილისამდე მოახერხა ჩასვლა და აი, შედეგიც! როდესაც საზოგადო ტრანსპორტში ხშირად ვმგზავრობდი, ბევრჯერ გავიგონებდი ავტობუსში მგზავრების წამოყვირებას - დედა, სად უნდა ჩამოვსულიყავი და სად წამოვსულვარ...

ჩემი თავიც მეცოდება ამ ხალხის შემ-ყურე... მძიმე შედეგებიც არ აყოვნებს - ადამიანები უკვე პატარა სიტყვის შებრუნებასაც ვერ იტანენ და შეხედეთ, რამდენი მკვლელობებია, ავარიები...

- არ გავტყდეთ, ქართველებო, მოვუაროთ ერთმანეთს, არ დავკარგოთ ქართული იუმორი.

გიზო კაკაურიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია