დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
8 მარტი და გაზაფხული
2010/03/09 12:07:59

მსურს დავიწყო სოკრატეს ძალიან ცნობილი ფრაზით: „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. ამ სიტყვების სისწორეში დღითიდღე ვრწმუნდები. ყოველდღე ახალ-ახალ ინფორმაციას ვიგებთ ჩვენთვის თითქოსდა კარგად ნაცნობ საკითხებზე. მაგალითად: გუშინ მეგობარმა მკითხა, თუ რატომ, როდიდან, რისთვის აღვნიშნავდით 8 მარტს, ან რა ისტორია იყო მასთან დაკავშირებული. დავფიქრდი, რამდენიმე მაგალითიც ვთქვი, თუმცა სინამდვილეში, როგორც ჩემს თანატოლებს, არც მე მქონია ამ დღესასწაულთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია. გამოვასწორებ ამ შეცდომას და თქვენც გეტყვით, რათა საჩუქრები უფრო წელგამართულებმა მივიღოთ. ეს ხომ ჩვენი, მანდილოსნების დღეა და სირცხვილიც არის, ამ კითხვაში ჩავიჭრათ.

ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია. პირველად 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

1965 წლის 8 მაისს, სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა: კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საბჭოთა ქალების უდიდესი დამსახურებისთვის.
ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც.

ძველად სხვა დატვირთვა ჰქონდა ამ დღეს, დღესდღეობით კი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის არაორდინარული საჩუქრების ორიგინალურად მიძღვნის დღე.

თუმცა, მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლებით, რადგან მთავარ ფიგურას, რომლესაც ყველაზე დიდი წვლილი აქვს შეტანილი 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებისთვის, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ეს არის კლარა ცეტკინი, გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 1910 წელს, როზა ლუქსემბურგთან ერთად  კომინტერნის კოპენჰაგენის კონგრესზე გამოვიდა 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის დაწესების ინიციატივით. უფროსი თაობა დიდ პატივს სცემდა ამ ქალბატონს, კვირის იუბილარსა და ქალთა საერთაშორისო დღის ფუძემდებელს. ამ ქალბატონის საპატივცემულოდ  თბილისში მისი სახელობის ქუჩაც იყო. რომელსაც დღეს სახელი შეცვლილი აქვს, თუმცა უმრავლესობა ისევ ძველებურად იხსენიებს... ამ ქალბატონების გარჯას ფუჭად არ ჩაუვლია და ძალიან მკაცრი რომ არ ვიყო და ამ ინფორმაციებით არ დაგტვირთოთ, ამისათვის გავესაუბროთ რამდენიმე პიროვნებას.

თეონა ლომთაძემ გვიამბო, რომ მისი საყვარელი პიროვნება ყოველთვის ორიგინალურ საჩუქრებს უძღვნის. ასე რომ, მისთვის ყოველი დღე 8 მარტია.

„თავიდანვე ვიტყვი, რომ ვცხოვრობ მეოთხე სართულზე. ქალთა საერთაშორისო დღესასწაულზე გავხდი მაინცდამაინც ავად და გარეთ გასვლა ექიმისგან აკრძალული მქონდა. საღამოა და მეზობლები მეძახიან, გარეთ მაინც გამოიხედეო, ხოდა გავაღე კარი თუ არა, პირველად თვალში მომხვდა დიდი დათუნია, მაგრამ თურმე ჯერ სად ვიყავი... პირველი სართულიდან დაწყებული, მეოთხე სართულამდე ყოველ საფეხურზე იყო სანთლები დანთებული და თაიგულები დაწყობილი. წარმოიდგინე, მთელი სადარბაზო გამოსული იყო და ყველა მე მიყურებდა. რომ იცოდეთ როგორ შემრცხვა. გაწითლებული სახლში შევვარდი, გარეთ როგორღა გამოვიდოდი, მაგრამ თან სიამაყის გრძნობა დამეუფლა. ძალიან მესიამოვნა, რომ ვიღაცას ასე ძალიან ვუყვარდი.“

იმედია, სხვებიც მიბაძავთ ამ ინკოგნიტო პიროვნებას. ყველას როდი შეუძლია ასეთი ორიგინალური საჩუქრების გაკეთება.

ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე,სახელს არ ვიტყვი, რეკლამაში არ ჩამეთვალოს, კითხვაა დასმული, სადაც სთხოვენ მომხმარებლებს, მოყვნენ პატარა თავგადასავლები ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მამაკაცმა, სახელად დავითმა, ქართველი მამაკაცის აზიურ ბუნებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შემდეგი სიტყვებით: „განსხვავებული დამილევია და მანდილოსნები დამილოცია“. კარგია, როდესაც გადღეგრძელებენ, მაგრამ, მამაკაცებო, გაითვალისწინეთ: ქალბატონებს მოფერება და საქუჩრები უფრო უხარიათ, თუნდაც ლამაზი სიტყვები, ლექსები და ა.შ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ფასიანი საჩუქრები, მთავარია, მთელი გრძნობა ჩააქსოვოთ მასში. მოწოდებასავით, რომ არ გამომივიდეს, ერთ ამბავს კიდევ შემოგთავაზებთ, რომელიც ნინომ გვიამბო:

„ძალიან ბევრჯერ დაუტოვებიათ კარებთან ყვავილები, ფუმფულა სათამაშოები და ა.შ. იმ დღესაც კარზე ზარი გავიგონე, გავედი გასაღებად და ძირს დადებული მხვდება საშუალო ზომის ყუთი. რა თქმა უნდა, ავიღე და შინ შევიტანე გასახსნელად.როდესაც საჩუქარს თვალი მოვკარი, გაოცებული დავრჩი, რადგან ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რაც შიგ დამხვდა. ნამდვილად არ მეგონა,რომ ვიღაც საჩუქარს გამიკეთებდა ვაშლის სახით. თუმცა, ძალიან ორიგინალურად კი გამოუვიდა, რადგან ცხოვრებაში არ მინახავს იმ ზომის თუ წონის ვაშლი. ჩემთვის კარგად ნაცნობი პიროვნება იყო, რომელმაც იცოდა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა ეს ხილი. თან გეტყვით, რომ ეს ვაშლი იყო მწვანე ფერის და ახლაც არ ვიცი, სად იშოვა.“

მართლაც სახალისო და საინტერესო ამბავია, თანაც - ნამდვილი,თუმცა ჩვენმა ერთმა რესპონდენტმა თავისი საჩუქრის ორიგინალურობით ყველას გადაასწრო. მოდით, თავად თეონა ლალიაშვილს მოვუსმინოთ.

„ამ საჩუქრისთვის მადლობელი ვარ ღმერთის და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის. მე ორმაგად გახარებული და ბედნიერი ვარ, ალბათ, რადგან სწორედ 8 მარტს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, შემეძინა გოგონა, სახელად ანა. ამ ქვეყანაზე ვარ უბედნიერესი ქალი, თითქოს ბავშვმაც მისი წვლილი შეიტანა ამ საჩუქარში, რათა პატარა ანა უნდა დაბადებულიყო 20 მარტისთვის, ასე რომ, ჩემმა პატარა ქალბატონმაც გამიკეთა დიდი და შეუფასებელი საჩუქარი.“

ჩვენც ვულოცავთ ქალბატონ თეონას. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ჩვენ კი გავაგრძელოთ. უკვე დაიწყეს მამაკაცებმა ფუსფუსი 8 მარტისთვის. ზოგიერთნი რჩევებისთვის მეგობრებს მიმართავენ კითხვით: რა სურთ ქალებს?! რა უყიდონ სატრფოს თუ მეორე ნახევარს?! მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ქალებმა თავადაც არ ვიცით, რა გვსურს, რჩევებს მაინც უხვად ვიძლევით. მათი სისრულეში მოყვანა კი მამაკაცებისთვის მიგვინდვია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია