დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გმირები საკუთარ თავზე არ ლაპარაკობენ
2013/04/22 12:21:09

ნაცნობი და უცნობი დათო მირზაშვილი

 

 

ბევრი მეგობარი ჰყავს. ვერავის ნახავთ მასზე აუგის მთქმელს. იცნობენ, როგორც ღირსეულ და კეთილშობილ ადამიანს, შესანიშნავ ტელეოპერატორს, არაჩვეულებრივ ფოტოგრაფს, რომლის ნამუშევრებსაც უმალ გამოარჩევ საინტერესო რაკურსით და ინდივიდუალურობით... მისი ბიოგრაფიის ერთი სრულიად მიჩქმალული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაკვეთი კი, რომელიც ყველაზე საინტერესოა, სამწუხაროდ, ჯერ არავის უღიარებია...

საქართველოს ტელევიზიის ქუთაისის განყოფილების ამჟამინდელი ოპერატორი დათო მირზაშვილი დღემდე დუმს და ამ დუმილის მიღმა  მალავს თავის ფრონტულ ცხოვრებას. ბევრი კარგი ადამიანია მის ირგვლივ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ჩუმ, უპრეტენზიო, მოკრძალებულ ადამიანში ნამდვილი გმირი იმალება...ეს 1992 წლიდან დაიწყო. მაშინ დათო მირზაშვილს ერთი თეთრიც არ ერია თმაში. ჩუმი, თუმცა თავისებურად ლაღიც გახლდათ.

დაიწყო აფხაზეთით და სამოქალაქო ომით გაგრძელდა. იყო სოხუმში, ტამიშში, გაგრაში, ოჩამჩირეში და, ვინ მოთვლის, კიდევ სად. ამ საშინელ, ძმათამკვლელ ომებში ის ჯარისკაცი იყო, ნამდვილი ჯარისკაცი, ოღონდ  - კამერით ხელში. მაშინ მოულოდნელად აღმოვაჩინე პარადოქსი, თუმცა ფაქტი - ერთ პიროვნებაში შერწყმული ორი დათო, ერთი - უხმაურო, წყნარი, მეორე - შეუპოვარი, უშიშარი, ძლიერი.

მოულოდნელმა აღმოჩენამ და რადიკალურმა სხვაობამ ირეალობიდან რეალობაში გადმომისროლა და მე, მისი კოლეგა, ტყვიების პირველივე ზუზუნში გამაოცა. ომში ჩაბმულებს, რასაკვირველია, ერთმანეთზე ზრუნვა გვევალებოდა. საშინელ კაკაფონიაში დათოს მოვიკითხავდი. ვერ ვპოულობდი, ვეძებდი და აღმოვაჩენდი: სანგარში ჩაწოლილ ჯარისკაცებს შორის იდგა მისი ერთგული კამერით, იღებდა სისხლიან ისტორიას ფირზე, ტყვიები კი ზუზუნებდნენ... დათო მათ აინუნშიც არ აგდებდა. „დაწექი, გესვრიან, მოგკლავენ!“ - ჩემი და ჯარისკაცების ყვირილს ის ჩუმი ღიმილით უპასუხებდა და საქმეს განაგრძობდა. მერე კი, ვითომც არაფერი, მეტყოდა: „სანგარში ჩასაწოლად ხომ არ წამოვსულვარ!“

და მივხვდი, რომ მისთვის თავგანწირვა ერთი ჩვეულებრივი და უბრალო რამ იყო და არა - რისკი, არა - სიცოცხლის დაკარგვის შიში... ჩემს წინ ჩვენი დროის გმირი იდგა, გმირი, რომელიც არც სახელს ეძიებდა და არც მადლობები უგროვებია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი დათოს ფრონტული ცხოვრებიდან ოჩამჩირე იყო. 1994 წლის 29 სექტემბერი. მოულოდნელად დაიწყო ქალაქის დაბომბვა.  წარბშეუხრელად დადის ქუჩებში დათო. იღებს იავარქმნილ, ცეცხლმოკიდებულ სახლებს, დაჭრილ და გარდაცვლილ ადამიანებს. სისხლის გუბეშიც უწევს დგომა. კამერა კი არ ითიშება, დაუღლელად მუშაობს ოსტატის ხელში. მერე კი 27-საათიანი მომქანცველი, ლტოლვილებით ჩახერგილი გზა. ყველაზე ბოლოს გამოვდივართ ოჩამჩირიდან, აფხაზები ფეხდაფეხ მოგვდევენ. თავგამოდებით მუშაობს დათო რეზო ბუხსიანიძესთან ერთად და... სისხლიანი ისტორიაც აღბეჭდილია.

„გავა დრო, წარსულს გააზღაპრებს დრო და მანძილი და ისტორია ამ ტკივილსაც ამოიცოხნის,“ - ერთი ლექსის პერიფრაზმა მწარე რეალობასთან დამაახლოვა. ქართველებს ახსოვთ დაკარგული ტერიტორიები, თუმცა ნაკლებად იხსენებენ იმ ტრაგიკული ისტორიის მემატიანეებს.

დათო კი დუმს და ამ დუმილშია სწორედ მისი ღირსება.

არ უყვარს წარსულის გახსენება მხოლოდ იმიტომ, რომ თავის წარმოჩენას გაურბის. დიდი მატიანე შექმნა და მაინც დუმს. ქართველთა სირცხვილის კადრებიც მოიპოვა თავგანწირვით და დუმს. სიკვდილსაც ბევრჯერ ჩახედა თვალებში და მაინც დუმს.

ახლახან ვცადე დათოს ალაპარაკება, თუმცა წინასწარვე ვიცოდი, რომ მცდელობა კრახით დასრულდებოდა.

სატელეფონო საუბარი:

- დათო, შენთან საქმე მაქვს. სულ პატარა ინტერვიუ მინდა, ჩავწერო.

ყვირილი ყურმილში და კატეგორიული ტონი:

- გაგიჟდი? როდის იყო, ინტერვიუს ვიძლეოდი, მეორედ აღარ გამაგონო, გთხოვ.

მივხვდი, ასე არაფერი გამოვიდოდა, პრესსამსახურში მივაკითხე:

- დათო, ფეხს არ მოვიცვლი, ვიდრე რამდენიმე შეკითხვაზე არ მიპასუხებ.

- ნინო, ხომ იცი ჩემი ამბავი? არ მიყვარს აპელირება. კი დავრბოდით, მივრბოდით, მოვრბოდით, მერე, რა გავაკეთე ისეთი? ეს ვალდებულება იყო. ჩინ-მედლები არ მომითხოვია არავისთვის.

- კი, მაგრამ, არ მესმის, რატომ არ გინდა, ცოტა რამ მაინც გაიხსენო?

- შე-მეშ-ვი... ამდენი ხანია, არ მილაპარაკია და ამ სიბერეში ავლაპარაკდე? (იცინის) ან ვის რაში სჭირდება? შენ ხომ იცი, რაც ხდებოდა, თავად გაიხსენე... ისე, შენ რატომ არ ლაპარაკობ, ჩემი რომ გიკვირს?

- ეხ, დათო, დათო, ამ ისტორიის გახსენება, სხვას რომ თავი დავანებოთ, შენს შვილს სჭირდება, მან ხომ უნდა იცოდეს, როგორი მამა ჰყავს? კი, ბატონო, ვიცი და დავწერ კიდეც...

- კაი, დაწერე, რაც გინდა! ოღონდ მე ნუ მალაპარაკებ.

აი, ჩემი „ენაწყლიანი“ კოლეგის „შთამბეჭდავი“ ინტერვიუ!

ასეთია დათო მირზაშვილი - კარგი მეგობარი, კოლეგა, არაჩვეულებრივი მეუღლე და მამა.

მეგობართა მცირე ჯგუფი ასე საუბრობს მასზე:

თემურ ჭელიძე („დონე“), ტელეოპერატორი: „დათოზე უნდა ვთქვა? სიტყვაც არ მეყოფა. მეგობრობაში კაცური კაცია, მას ანდობ დედას, ცოლს, შვილს. თავის საქმეს გადადებს და შენსას გააკეთებს. კაცი - საყრდენი კედელი!“

მანანა ცანავა, ჟურნალისტი: „ორიოდე სიტყვით ძნელია დათოს დახასიათება. სიტყვას ვერ ვიპოვი, მას რომ მოუხდეს, თბილ სიტყვებს შორის. ეს არის ყველაფერი ერთად, რაღაც კრებული, ერთ ადამიანში მოქცეული. ერთი სიტყვაც საკმარისია თქვა, გრძნობ, რომ უყვარხარ. არ მეგულება ადამიანი, პატივისცემით არ განიმსჭვალოს მის მიმართ. ძალიან, ძალიან მიყვარს.“

ნანა რობაქიძე, ჟურნალისტი:„სულიერად და ფიზიკურად ლამაზი, კეთილშობილი, ყურადღებიანი, ერთგული, პროფესიონალი, ღვთით მომადლებული ნიჭის მქონე, ვაჟკაცური, თანაც მორიდებული. მისი სახით გვერდით გყავს ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის გაქვს. წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული, რომანტიული, უდიდესი ხელოვანი. თუკი რამ შეიძლება დაიფერთხოს უფლისგან - ხვავი, ბარაქა, მადლი, ყველაფერი უნდა ჰქონდეს  დათოს, მის პატარა ოჯახთან ერთად.“

ეს კოლეგების მცირე ჯგუფის ნააზრევია მხოლოდ. თუმცა ასე ფიქრობენ სხვებიც, ასე ეფერება ყველა.

ცხოვრებამ სერიოზული გამოცდა მოუწყო. მეუღლის, ირმა ჯგერენაიას ტრაგიკულმა ისტორიამ (ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ იგი დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული) კიდევ უფრო ჩუმი და გულჩახვეული გახადა, კიდევ უფრო დაუთოვა თმაზე, თუმცა მისი სიცოცხლის არსი და არსი პატარა, ულამაზესი და უმშვენიერესი, მამის ნებიერა ანაა.

შვილი მისთვის ყველაფერია. პატარა ქალბატონიც გრძნობს მამის განსაკუთრებულ სიყვარულს და რა გასაკვირია, მამა მისთვის უსაყვარლესი და განუმეორებელი იყოს. დათო ხომ მთელ ქუთაისს უყვარს.

ანამ ჯერ არ იცის, ვინ არის მისი მამიკო, რა უკეთებია, როგორი მისაბაძი პიროვნებაა, თუმცა ერთ დღეს აუცილებლად გაიგებს:

ტელეოპერატორ დათო მირზაშვილის მიერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაღებული უამრავი დოკუმენტური კადრი ხომ შთამომავლობას მრავალი წლის შემდეგაც შეულამაზებლად მოუყვება ომის სისხლიან ამბებს, გააცნობს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთს.

 

ნინო ძოწენიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია