დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზის ლექსები
2013/03/25 12:02:57

ასე ერქმევა 21 წლის თემო ხაჯბას ლექსების მომავალ წიგნს, რომელიც ჯერ მხოლოდ ახალგაზრდა პოეტის ოცნებაში არსებობს. ჩვენც სწორედ ამ სახელწოდებით გთავაზობთ მის შემოქმედებით დებიუტს ჩვენს გაზეთში.

 

 

თემო ხაჯბა, შესაძლოა, დღეს საქართველოში ერთადერთი აფხაზია, რომელიც ლექსებს ქართულად წერს. იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია. ორი მეტრი სიმაღლის, თხელი პირისახის, ხუჭუჭთმიანი აფხაზი, გაცნობისთანავე, თავისი პიროვნული შუქით, გულწრფელობით, თავაზიანობით მოგხიბლავთ.

დაიბადა 1991 წლის 17 აპრილს, ოჩამჩირეში, ზურაბ ხაჯბასა და მადონა ხურცილავას ოჯახში. მამის საგვარეულოს, როგორც თემო გადმოგვცემს, შერეული ოჯახების დიდი ტრადიცია ჰქონია, აფხაზებისა და ქართველების სიყვარული გენეტიკურად მოსდგამს. მართალია, დიდ ბაბუებს მეუღლეებად ქართველი ქალები მოჰყავდათ, მაგრამ ვაჟებს სულ  ერქვათ აფხაზური სახელები: ჩქვა, ნარიქ, ომარ... ერთ-ერთი დიდი ბებია გვარად ინაფშფა გახლდათ. თემური კი მისმა საყვარელმა ცისანა ბებომ დაარქვა - თურმე, ძალიან მოსწონდა კინოფილმ „ღიმილის ბიჭების“ გმირი. თემო ამბობს, რომ მისი სახელი აფხაზურად ასე წარმოითქმის - ასტამურ.

წლისა და თვეების იყო, ოჩამჩირე რომ დატოვა. მხოლოდ მშობლების მონათხრობით ახსოვს აფხაზეთი. „მამას არ უომია, - გვიამბობს ახალგაზრდა პოეტი, - მას ომის დროს მიცვალებულები გადაჰყავდა მანქანით, მაგრამ რამდენი რამ გადაიტანა! ბევრ საინტერესო, ტკივილიან ამბავს ჰყვება... როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს ომში აფხაზი და ქართველი მეზობლები, თანაკლასელები...“

ბედმა თემოს კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა უბოძა: ხაჯბების ქართულ-აფხაზური ოჯახი ამჟამად თბილისში, დიდი ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას კერაზე ცხოვრობს: „ვუვლით მის ეზოს, სახლს, ვინახავთ, ვასუფთავებთ...“ - მიამბობს თემო.

მომავალ ისტორიკოსს სამეცნიერო-შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურა ხიბლავს. ბუნებრივია, ბევრს კითხულობს ქართულ-აფხაზურ თემებზე: „ორივე მხრიდან ძალიან დიდი მასალაა!“ - ამბობს. აფხაზური, მართალია, მთლად სრულყოფილად არ იცის, მაგრამ, მამის დახმარებით, გარკვეულწილად, ისწავლა და აპირებს, მომავალში უკეთ დაეუფლოს. „გენეტიკურად დევს ჩემში ეს, არ გამიჭირდება შესწავლა.“

როგორ წარმოუდგენია მომავალი, დაბრუნდება აფხაზეთში?

ამაზე 21 წლის, თბილისში გაზრდილ აფხაზს ასეთი პასუხი აქვს: მე თუ ჩავედი, აღარ დავბრუნდები, აქედან მეძახის აფხაზეთი, მითუმეტეს - ნანახი არ მაქვს... მინახავს, მაგრამ არ მახსოვს.“

მას უსაზღვროდ უყვარს სამშობლო, ამბობს, რომ აფხაზიც ისეთივე ღვიძლი შვილია დედა-საქართველოსი, როგორიც - სვანი, მეგრელი, იმერელი, კახელი, აჭარელი და სხვა.

ამიტომაც ის არასოდეს გრძნობს თავს სტუმრად არც თბილისში, არც ქუთაისში და არც დანარჩენ საქართველოში. ის ყველასათვის საყვარელი თემო ხაჯბაა.

 

ნანული ცხვედიანი

 

სტუმრად ვიყავი ჩემს აფხაზეთში 

(სიზმარი)

 

სტუმრად ვიყავი ჩემს აფხაზეთში,

ენგურის მიღმა დამხვდა აფშუმა.

- ასას უშპაღო? - მისი ხმა მესმის,

სული შეაკრთო ხმამ აფხაზურმა.

- მშბზია ვარაო! - მეც დავუძახე,

მტევანი მტევანს ჩაეკრა მჭიდროდ.

ამაყი მზერა აფხაზს თანა სდევს,

ენით უთქმელი დარდი და სითბო.

არაშით ვაპობთ ღამის წყვდიადებს,

აფხაზეთში რომ უკუნი იცის.

უკან ენგური მოქუხს, ღრიალებს

და კვნესა მესმის ქართული მიწის.

ჩვენ მივადექით პატარა ფაცხას,

ლამაზად მოწნულს, როგორც წესია.

შიგნით ანთია კერია თბილი,

ქართველს კერია მუდამ სჩვევია.

შემცივნებულმა ვიგრძენი სითბო,

ოღონდ ეს სითბო არ არის ცეცხლის -

სულში იღვრება დარდი და სილბო,

მშობლიურ მიწის ძახილი მესმის.

აფხაზი სტუმარს არასდროს ჰკითხავს,

საიდან მოდის, ან საით მიდის,

აფხაზი ადათს ყოველთვის იცავს,

მამა-პაპების და თავის მიწის.

გაშალეს სუფრა. სადღეგრძელოებს

მივყვებით ისე, როგორც წესია.

პატარა სასმისს მოზრდილი მოსდევს,

წინაპრებს ასე დაუწესიათ.

წარსულის ფიქრებს ღვინო მოედო,

ორივე ვნანობთ გასროლილ ტყვიას

და როდის უნდა მოეღოს ბოლო

ძმების გათიშვას, ცალ-ცალკე ყიალს?!

 

აფხაზური სიტყვების ახსნა: 

აფშუმა - მასპინძელი;

ასას უშპაღო - სტუმარო, როგორ ხარ;

მშბზია ვარა - გამარჯობა;

არაში - ცხენი.

 

დედის სიშორე

(ემიგრანტ ქალბატონებს) 

 

იცი, იმ დღისით გვერდით გინატრე!

კილომეტრები მაშორებს შენს თავს,

უშფოთველ ძილით მძინავს დილამდე,

რადგან სიზმრებში ჩემს გვერდით   გხედავ.

შენ არ იჯავრო, მე არა მიჭირს,

დე, შენ რას შვები? როგორ ხარ, ნეტა?

რაც შენ წახვედი, მე არავისთვის

დამიძახია, იცოდე, დედა.

შენი ლოცვაა, გზას რომ მინათებს,

შენი ლოცვაა, ასე რომ მწყალობს!

იცი, იმ დღისით გვერდით გინატრე,

უშენოდ მაინც მარტო ვარ, ვდარდობ.

მაგრამ მე იმ დღის ვცოცხლობ იმედით,

როცა გნახავ და ჩაგეხუტები,

და შენ მაკოცო მაგრად იმდენი,

ლოყაზე მაჩნდეს შენი ტუჩები.

 

(ეძღვნება ხათუნა ჩაგელიშვილს და მის ოჯახს)

 

შენი სიყვარული ღმერთს ეჭირა 

 

ღმერთს გაუვარდა და ქარმა დაიჭირა,

ეშმაკმა წაართვა, მწარედ გაიცინა,

ეშმაკსაც მოპარეს, ჭინკები დაადევნა,

რომ ვერ დაიბრუნა, ასე დააწყევლა:

- მომპარავს ექცესო წუთები წამებად,

ტირილი ჰქონდესო, გლოვა და ვაება!

არ ეღირსოსო ნამუსის ქუდი,

ვინც რომ არისო ამ გრძნობის ქურდი.

მე მოვიპარე, მე დამეწერა

და მე ამიხდა ეშმაკის წყევლა,

მაინც შენთან ვარ, ხარ ბედისწერა -

შურის თვალებით მიყუროს ყველამ!

 

ძველი ჭადრების მწვრივში 

 

ვისეირნებდი შენთან

ძველი ჭადრების მწკრივში,

მიმატოვებდა სევდა

შენთან ყოფნის დროს, ვიცი.

მოვიგონებდი ამბებს,

გავიხსენებდი წუთებს...

გახსოვს, რომ გაგაბრაზე?

გახსოვს, რომ გამებუტე?

ახლა ჭადრებთან მარტო

ვზივარ და მახსენდები.

მე ყველაფერი მახსოვს

და როგორ მენატრები.

 

8 თებერვალს გელათში 

 

გელათში თოვდა თებერვლის თვეში

და ნისლი მუზად ეხურა სოფელს,

მე მოვდიოდი ფიფქების რთველში,

უიმედობაც სადღაც დავტოვე.

დანისლულ გზაზე მივყვები აღმართს,

მესმის ზარები... პირჯვარი ტანზე,

ეს ზარი იყო განწმენდის, ალბათ,

სულის განწმენდის, ყველას რომ მართებს.

მივუახლოვდი ღმერთის სასახლეს

და გელათს ლოცვის ასდის ალმური,

გალობა, ჟღერა სასწაულს ახდენს,

რა ნეტარია და საამური!

თებერვლის თვეში გელათში თოვდა

და ნისლი სოფელს ეხურა ქოლგად.

 

წასვლა-დარჩენა 

 

წასვლა-დარჩენა, ყოფნა-არყოფნა,

მარტო შენ იცი ყველასი, ღმერთო,

ერთი თუ წავა, მეორე მოვა,

მაგრამ არასდროს - სხვა ალტერ ეგო.

მარადიული რა არის?! არც რა

ყველა უმტვეროდ გაქრება დროში,

ჩაიკარგება სიღრმეში სადღაც,

ვით დამნაშავე - მძვინვარე ბრბოში.

აქ ყველა ლექსი და ყველა სტროფი

ნიავს გაჰყვება მღვრიე ნისლებად,

როცა გაჩნდება ქაოსი, შფოთი,

ალბათ, განკითხვაც მაშინ იწყება.

 

გამოთხოვება 

(აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებს) 

 

დედა, ამდენი სტუმარი - რატომ?

ყველა შავებში, ყველა ჩემს ირგვლივ,

ყველა რაღაცას მოსთქვამს და დარდობს,

შემზარავი ხმით სუყველა ტირის.

გამაგებინეთ ვინმემ, რა ხდება?!

დედა, შენც აქ ხარ გონმიბნედილი?

ყველა ფერები დღეს რატომ კვდება?

და გარეთ ვიღაც კივის შეშლილი...

გამოაფხიზლეთ დედიკო ვინმემ,

მაშინ მე მაინც მივეშველები!

 დედიკო, აქ ვარ, შემხედე, გისმენ...

მოგეშველები, მაგრამ ვერ ვდგები...

ამდენი ვარდით ნუ მაგვირგვინებთ,

ზამბახი მიყვარს, გესმით, ზამბახი!

თქვით რომელიმემ, დღეს რას მიპირებთ,

ასეთი რამე არ მაქვს ნანახი.

დღეს თავთან რატომ მინთებენ სანთელს?

სუნი რატომ მცემს ოქროს საკმევლის.

რატომ ბუტბუტებს მღვდელი ჩემს სახელს?

ჭაღარა ქალი კიდევ რას მერჩის?

წეღან მოგქონდათ, და ახლა მიგაქვთ?!

წეღან მჩუქნიდით და ახლა მართმევთ?!

იყოს, დატოვეთ, მე ვარდიც მიყვარს,

რატომ აყვირდით, რატომ ყაყანებთ?

ზევით რატომ მწევთ, ზევით რა მინდა?

ხელი გამიშვით, დამსვით მიწაზე!

დე, ყველა ერთად რატომ ატირდა?

ღმერთი აღარ გწამთ, ხალხო? იწამეთ!

და ცივ ორმოში რატომ ვეშვები?

ტირილი მინდა, ცრემლები მახრჩობს,

მიწას რად მაყრის ავი ნიჩბები,

ეს რას სჩადიხართ? გაჩერდით, ხალხო...   

 

მძიმე ჯვარი 

 

ამკიდებია ზურგზე ეს გრძნობა

და გოლგოთამდე უნდა ვატარო,

ეკლის გვირგვინი, ფერდზე ჭრილობა

და მეწამული მოსჩანს სამყარო.

მე მაფურთხებენ სულში და მგმობენ.

დამაჩოქებენ... ვდგები და მივალ,

უღმერთოდ ზურგზე მიშენენ შოლტებს,

და უშენობა მე უფრო მტკივა.

ჰო, მე შემრაცხეს, როგორც ურჯულო,

ჰო, მე შემრაცხეს, როგორც ურია;

ჯანდაბას ყველა, შენი გულისთვის

ჯვარზე გაკვრაც კი საამურია...

 

 

*** 

ხედავ?! შენთან მოვედი,

რა გადამხდა, იცოდე!

შენთან ცეკვა მომინდა,

ხელი გამომიწოდე.

შენც თვალები აგენთო

და დამთანხმდი ცეკვაზე.

მზერა, ტანის დაძაბვა...

გამომყევი სცენაზე.

შენი მკრთალი თითები,

ცხელი სუნთქვა, შეხება...

და მთელს ტანში ვიგრძენი

მაშინდელი შეგრძნება.

ამერია გრძნობა და

ამერია ფიქრები,

წითელ ტუჩებს თანდათან

მაახლოებს რითმები.

უკვე ახლოს ტუჩებთან,

ერთი... ორი... სამი და...

უცებ წამოიძახე:

„- ნახე, რა დრო გავიდა?!“

გამეცალა ხელიდან

შენი ტანი, თითები.

შენც გაჰყევი მოსულებს

და ის წყნარი რითმებიც.

სცენა ჩაქრა, დაბნელდა...

დაცხრა ვნების თარეში.

ჩავიძირე ფსკერამდე

ჩემს ღრმა სიმწუხარეში.

 

 

*** 

გატეხილ ღამეს, ღვინის ნასვამი,

მივღიღინებდი... ჩანდა სიონი,

შენი ხატება თვალწინ მედგა და

ჩამომნათოდა თავს ლამპიონი.

მივაბიჯებდი ჩემს სამყაროში,

შენ მყავდი ფიქრი, შენ მყავდი ჯავრი.

გადავიწერე ტანზე პირჯვარი,

რადგან სიონის გამოჩნდა ჯვარი.

მე დამსხვრეული დამქონდა მუზა.

ამ ცხოვრებასაც გაუჩნდა ბზარი.

მძიმედ დავეშვი ორთავ მუხლებზე,

რადგან სიონის რეკავდა ზარი,

მე დავიჩოქე, ღმერთს შევავედრე

ამ სიყვარულის სვეტიცხოველი,

ვის დავუჩოქე, დღესაც არ ვიცი,

ეს შენ იყავი, თუ ღვთისმშობელი?!

 

*** 

მე სარკმლიდან გიმზერ,

მძინარს გაკვირდები,

და შენს ბაგეს ვაცქერდები -

ვარდის ტუჩებს.

რაღად მინდა გაზაფხულის

სხვა კვირტები...

მაგ თმას მინდა მოვეფერო,

მაყვლის ბუჩქებს.

სასთუმალთან მინდა გეჯდე, დაგიამო,

შენთან ახლოს გავათენო ერთი ღამე,

თავზე ხელი გადაგისვა და გიამბო,

მთელ ქვეყანას თურმე როგორ განაცვალე.

 

სიყვარული 

 

შენ თამარ მეფე იყავი, როცა

ვეფხისტყაოსანს გიწერდა შოთა,

გალაკტიონის იყავი მერი,

სედიან ღამეს ჯვარს რომ იწერდი,

შენა ხარ ხელით უქმნელი ხატი,

მე ცოდვილი ვარ და შემიყვარდი.

 

 

*** 

ნოემბრის დილა როცა გათენდა,

ყვითელი ფერი ჭარბობდა გარეთ,

შენზე მომინდა ლექსის დაწერა,

დღე გამახსენდა, რომ შეგიყვარე...

 

მაისის თვეში წვიმდა 

 

უღმერთოდ წვიმდა მაისის თვეში,

მარტო ვიჯექი წვეთების რთველში.

შენს სახელს წერდა ყოველი წვეთი,

წვეთი - შენსავით ანცი და ცელქი.

მენატრებოდი... ასხამდა წვიმა,

მენატრებოდი... დაქროდა ქარი,

რამდენი რამე მინდა რომ გითხრა,

გულის გაგიღო დახშული კარი. 

 

*** 

თეთრი ხარ, როგორც იანვრის ღამე,

არ ჰგავხარ ნაცნობ ქალთა ქაოსებს;

მინახავს ქვეყნად ვინმეც და რამეც,

უნდა გამოვტყდე, შენ გამაოცე!

ნანდაური თუ დაგერქვას ოდეს,

აფხაზის გული იმწამსვე მოკვდეს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია