დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალიჩების რესტავრატორი
2012/10/15 12:19:59

საკერავი მანქანის რიტმულ ხმაურში ერთი უბრალო, რიგითი ადამიანის ისტორიას ვისმენ.

ნათელა გუგუშვილი-მაჭავარიანი 60 წელს მიღწეული ქალბატონია. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ყოფამ ფარ-ხმალი არ დააყრევინა. არც საზღვარგარეთ წასვლაზე უფიქრია, არც სხვა რამ იოლი გამოსავალი უძებნია, გადაწყვიტა, თავისი პროფესიული გამოცდილება გამოეყენებინა და რაღაც საინტერესო მოეფიქრებინა...

- რა გავაკეთო, რა გავაკეთო-მეთქი, ტვინს ვიჭყლეტდი, - მიამბობს ქალბატონი ნათელა, - ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, მივაგენი გამოსავალს: გადაჭრილი ხალიჩების შემოქობვა დავიწყე კლიენტებისთვის, მერე კი - ძველი და დაზიანებული ხალიჩების რესტავრაციაც ვცადე. ბევრი ვიწვალე და ნელ-ნელა, ნელ-ნელა დავხელოვნდი. ხომ აქვს ზოგიერთ ხალიჩას დამწვარი, დაზიანებული, ან დაცრეცილი ადგილი, მე გამოვიმუშავე ტექნიკა, თუ როგორ აღვადგინო ფერადი ძაფების, დეკორის მეშვეობით. ჩემს ნამუშევარს ვუხამებ საერთო ფონს და კლიენტი ხედავს, რომ მისი ხალიჩა ძველებურად მთელი და ლამაზია. ათ წელზე მეტია, ამას ვაკეთებ. მაშინ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უნივერმაღში ვმუშაობდი, ირანელებთან. აი, იქიდან დაიწყო ხალიჩებით ჩემი დაინტერესება...

ნათელა მაჭავარიანი, პროფესიით მკერავ-მოდელიორი, წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა ატელიეში და თავისი ოქროს ხელებით უამრავი ადამიანი გაუხარებია. ახლაც, საკერავი მანქანის დაგა-დუგში, ღიმილით იხსენებს, წლების წინათ როგორ წაიყვანეს ატელიის თანამშრომლები რუსეთის ერთ-ერთი შორეული ქალაქის სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაოდ; როგორ კერავდნენ სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მკერავები იქ მამაკაცის პერანგებს ხარვეზებით, თუმცა - დიდი ოდენობით, და როგორ გაიმარჯვა ქართველი ქალის კეთილსინდისიერებამ: ნათელა მაჭავარიანი ყველა დეტალს მონდომებით,  გულისყურით და პროფესიული გემოვნებით ამუშავებდა, ამიტომ რაოდენობრივი თვალსაზრისით გეგმა ვერ შეასრულა, ხარისხის გამო კი მხოლოდ მას, ერთადერთს, გამოუწერეს კარგი ხელფასი.

ოსტატმა ქალმა, რამდენიმე წელია, ტყავის კერვასაც მიჰყო ხელი: მშვენივრად შეუძლია ტყავის სამეულის რესტავრაციაც და გადაკვრაც, მანქანის სალონისთვის ტყავის შალითების შექმნა. არც ჩვეულებრივი ქსოვილების კერვა, ან მაღალ დონეზე შეღებვა გამოსდის ნაკლებად. „ინდმეწარმე  ვარ,  დიდი  ხანია.  მანამდე   „გრანდმოლში  ვმუშაობდი, მაგრამ იქ ისეთი მაღალი გადასახადებია: 400 ლარი, 500 ლარი, ვერ შეძლო ხალხმა გადახდა... მერე მე აქ, ცენტრში, „ოქსინო“-ში, გადმოვედი.“ - ამბობს ქალბატონი ნათელა.

სამი შვილის დედას, დიდი ოჯახის დიასახლისს, ყოველდღიურად ბევრი საქმე აქვს. „არ არის ეს შემოსავალი ოჯახისთვის სამყოფი, მაგრამ ადამიანი მუდამ უნდა ცდილობდეს, რომ შემოსავალი მოძებნოს, იმედი არ დაკარგოს. მე ამ იმედით ვიწყებ ჩემს დილას,“ - გვეუბნება ხალიჩების რესტავრატორი.

წინ ფერადი ძაფები უდევს, რომელთა დახმარებითაც ლამაზად, მშვიდად იქმნება ოსტატი ქალის ყოველდღიურობა.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია