დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რიჩარდ ნორლანდი: „მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს!“
2012/10/04 22:27:18

ჩვენი მიზანია, ეს კვირა როგორი მშვიდობიანი ტრანსფორმაციითაც დაიწყო, ისევე დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში, "ქართული ოცნების" აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მაგრამ პროცესი სრულად არ დასრულებულა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო-საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რომ დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ სამეგრელო?! იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება",- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ზუგდიდი ერთ–ერთი ის ერთმანდატიანი ოლქია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ოფიციალური შედეგები გაასაჩივრა. ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან როლანდ ახალაიასთან დამარცხდა. შედეგების თანახმად, ალასანიამ ხმების 36.32%, ახალაიამ კი 57.58% მიიღო.

ზუგდიდში აქციაზე გამოსვლისას ალასანიამ პირობა დადო, რომ თითოეულ ხმას დაიცავს, თუმცა მისი განცხადება ასევე შეიცავდა გზავნილს, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა, რომ ოფიციალური შედეგების გასაჩივრება მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით მოხდებოდა. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრები შეიტანა, სადაც ზუგდიდის 109 უბნიდან 59–ში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.

 „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მხარდამჭერებს და აქტივისტებს საოლქო საარჩევნო კომისიების წინ მიმდინარე აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუმცა აქციები მაინც გაგრძელდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ხაშურში და თეთრიწყაროში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიესალმა ივანიშვილის მოწოდებას აქციების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოწოდება ჯერჯერობით არ შესრულებულა.

„ძალადობა და ძალადობის მუქარა, რის შესახებაც მრავალად მოდის ინფორმაცია, არის მთავარი პრობლემა დღეს, რომელიც დგას ამ პროცესის მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში დასრულების წინაშე“, – განაცხადა მან. 

„ის, თუ როგორ ჩაივლის ეს პროცესი, იქონიებს გავლენას ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული ტრადიციის ჩამოყალიბებაზე და შემდეგი თაობების დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებაზე. ასევე იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე, ჩვენს მომავალ  ინტეგარციაზე ევროატლანტიკურ სივრცეში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 (გ.გ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია