დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი მსმენელი ფეხზე წამოუდგა ალექსანდრე კორსანტიას
2012/05/28 13:36:23

საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება საერთაშორისო ფესტივალი  „აღდგომიდან ამაღლებამდე“. მისი დამფუძნებლები არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და „აკაკი რამიშვილის ფონდი - ტრადიცია და ინოვაცია.“ ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ ფესტივალს 2011 წელს უხელმძღვანელა და ისე განსაკუთრებულად, რომ, საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან სწორედ ის იქნება ამ ტრადიციული სამუსიკო მოვლენის მთავარი სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

 

24 მაისს ფესტივალს ქუთაისმა უმასპინძლა. ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში სრული ანშლაგი იყო.

ფესტივალის პროგრამა სამ ნაწილად წარმოადგინეს. პირველ განყოფილებაში გამოჩენილი კომპოზიტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის და საპატიო მოქალაქის, იოსებ ბარდანაშვილის, ნაწარმოებები შეასრულეს სოლისტებმა ლევან ცხადაძემ (კლარნეტი), სალომე ჩიტაიამ, ნინო ბარქაიამ (ფორტეპიანო), ჰაიკ ბაბაიანმა (ჩელო), საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა  სავიცკიმ (ფორტეპიანო). ერთ-ერთ ნაწარმოებს თავად კომპოზიტორმა უდირიჟორა. სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ქართველმა ებრაელმა მოღვაწემ, ამჟამად ისრაელში მცხოვრებმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედამისი ქუთაისელი იყო, წარმოშობით - ლაილაშიდან, ბავშვობაც აქ გაატარა და მისთვის ეს ქალაქი განსაკუთრებით საყვარელი და მშობლიურია.

კონცერტის მეორე ნაწილად წარმოდგენილი იყო ოთარ ტატიშვილის „ამაღლება“ - ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის (სოლისტი ნინო დავითაშვილი). ნაწარმოების წარმატებულ პრემიერას თავად კომპოზიტორიც ესწრებოდა.

და, აი, მესამე და კულმინაციური ნაწილი - დიმიტრი შოსტაკოვიჩის კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და კამერული ორკესტრისათვის. ალექსანდრე კორსანტიამ და ახალგაზრდა სოლიტმა დავით შამანაურმა ნამდვილი საშემსრულებლო ზეიმი მოაწყვეს სცენაზე. ბოლო აკორდები მიწყდა თუ არა, სუნთქვაშეკრული მსმენელი ფეხზე წამოიჭრა და მგზნებარე აპლოდისმენტები გამართა. განუწყვეტელი „ბრავოსა“ და „ბის“-ის შემდეგ, მსმენელს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ალექსანდრე კორსანტიას უბრწყინვალესი ხელოვნებით დამტკბარიყო.

კონცერტის დასასრულს ალექსანდრე კორსანტიამ სათითაოდ ჩამოართვა ხელი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს   სიმფონიეტას“ წევრებს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს კონ ცერტის წარმატებაში. პიანისტმა და ფესტივალის ხელმძღვანელმა ასევე მადლობა მოახსენა ქუთაისის მერიას და საოპერო თეატრის ხელმძღვანელობას - კონცერტის ორგანიზებაში თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია