დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვირია, ქუჩის მუსიკოსი
2012/05/14 12:25:22

„საფიჩხიაზე ღვინოს დავლევ და თეთრი ხიდიდან გადავვარდებიიიი“

 

ის არც მოწვეული მომღერლების სიაში ეწერა, არც სცენა დაუთმია ვინმეს მისთვის. შესაბამისად, არც ჰონორარი გამოუწერეს. მიუხედავად ამისა, სცენაც ჰქონდა, პუბლიკაც ჰყავდა და ჰონორარიც მიიღო, არც თუ ისე ცოტა - ეს ისე, ირიბად ნასროლი ქვებივით...

 

ვინც ქუთაისობის დღესასწაულზე ბრძანდებოდით, აუცილებლად შეამჩნევდით, წერეთლის ქუჩის დასაწყისში შუახნის მამაკაცს, რომელიც აკორდეონზე სუფთა ბგერებით (ერთ-ერთ მუსიკოსს დავესესხები) უკრავდა და სულშიჩამწვდომი, სევდიანი ხმით მღეროდა. სიმღერებს შორის, რაღა თქმა უნდა, ჭარბობდა ერთი, იმ დღის სადარი: „საფიჩხიაზე ღვინოს დავლევ და, თეთრი ხიდიდან გადავვარდები“... აურზაურში, გამაძლიერებლების ხმაში, თითქმის იკარგებოდა სიმღერა, მაგრამ ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა, თავდაუზოგავად მღეროდა და მაინც აწვდენდა ჰანგს მსმენელის ყურთასმენამდე...

მეც არ  ვიყავი   გამონაკლისი,   წავაწყდი რა ბედნიერი სახის, სულშიჩამწვდომი ხმით მომღერალს, გულში დარდად ჩამრჩა, უმალვე რომ ვერ მოვახერხე გაცნობა. ალბათ, დანარჩენ სტუმრებთან ერთად გაუჩინარდება შუაღამისას-მეთქი, ვიფიქრე.

გიორგობას, 6 მაისს, ხარების ეკლესიასთან ნაცნობი სიმღერის ხმამ ზომაზე მეტად გამახარა, ამჯერად მომეცა გაცნობის შანსი და, რაღა თქმა უნდა, გამოვიყენე.

 

*** 

- კვირია ჩიტიაშვილი ვარ ახმეტიდან, 45 წლის, ორი შვილის მამა. მე ქუჩის მომღერალი ვარ, 1991 წლიდან ვმღერი. ეს არის ჩემი საქმე, რაც მომწონს და მეხერხება. ამ საქმით ვშოულობ ფულს და ვარჩენ ოჯახს. ვთვლი, რომ სამარცხვინოს არაფერს ვაკეთებ. ჩემი აზრით, ღმერთმა კაცს რისი ნიჭიც უბოძა, ის უნდა გამოიყენოს. მეც ასე ვიქცევი.

ბავშვობა ძალიან რთული მქონდა, ჩემი მშობლები დაცილებულები იყვნენ, მე ახმეტის სკოლა-ინტერნატში ვიზრდებოდი. კვირის მანძილზე თანატოლებთან ერთად ვერთობოდი და ფიქრისთვის დრო თითქმის არ მრჩებოდა. მაგრამ შაბათ-კვირას მარტო ვრჩებოდი. ყველას მოაკითხავდა ხოლმე დედ-მამა, მე კი თვალები ჭიშკრისკენ მქონდა მიციცინებული, ყოველ წუთში შეიძლებოდა დამენახა დედა ან მამა, მაგრამ ასეთი წუთები არ დგებოდა (ცრემლი მოერია). ტკივილი, რასაც იმ დროს განვიცდიდი, დღემდე განუკურნელია. შაბათ-კვირა დღემდე მრჩება სევდიან დღეებად, უზომო მონატრების და აუტანელი ტკივილის დღეებად. ძალიან არ მიყვარს კვირის ეს დღეები, მაგრამ...

მუსიკის სიყვარულმა გადამატანინა ყველაფერი. ვიდრე პატარა ვიყავი, გულში ვმღეროდი. დავდგებოდი ფანჯარასთან, გავყურებდი გზას და გულში ჩუმად, ჩემთვის ვმღეროდი, მეგონა, ბევრს თუ ვიმღერებდი, დედა გაიგონებდა ჩემს ხმას და მოვიდოდა, მოვიდოდა და თავისთან წამიყვანდა. თანდათან ვიზრდებოდი და გამბედაობა მემატებოდა. მერე გულში აღარ დაეტია ჩემი სიმღერები და ხმამაღლა ავმღერდი, ყურს უხეშად მოხვდა ბგერები, მერე კი შევეჩვიე ჩემს ხმას და აღარ გავჩერებულვარ. ანსამბლ „ნადურის“ წევრიც ვიყავი.

რადგანაც სხვა საქმეში ვერ წარმომედგინა ჩემი თავი, გადავწყვიტე, წავსულიყავი დედაქალაქში და ქუჩაში სიმღერა დამეწყო. მე რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ვუკრავ: აკორდეონი, სალამური, ბალალაიკა, გიტარა და ფორტეპიანო. მაგრამ განუყრელ თანამგზავრად აკორდეონი ავირჩიე. სულ ერთად ვართ, თუმცა ხშირად მიწევს ახლის ყიდვა, თითქმის სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ. მე ვუძლებ, აკორდეონი - ვერა (იცინის).

თბილისში, მეტროსთან, პირველად რომ დავჯექი, აკორდეონის გახსნას დიდი დრო მოვანდომე, ხელები მებლანდებოდა, შინაგან დაძაბულობას ვგრძნობდი. მერე მომეხსნა კომპლექსი, ჩემს თავს ვუთხარი: „კვირია, რა სულელი ხარ, ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად რას არ აკეთებს, შენ სიმღერით თუ იშოვი ფულს, რა სირცხვილია!“ დამიჯერა კვირიამ და ასე სიმღერით მოვდივარ დღემდე. ოჯახსაც ვინახავ და თელავის უპატრონო ბავშვთა სახლსაც ვეხმარები პერიოდულად. ასე მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ყოფნა, სხვაგან დიდხანს ვერ გავძლებ.

აფხაზეთის ომის დროს ომში წასვლა გადავწყვიტე, საბრძოლველად კი არა, სიმღერით მინდოდა მებრძოლების გამხნევება, მაგრამ გადავიფიქრე და მოსკოვში წავედი. იქ სხვადასხვა მეტროსთან ვუკრავდი აკორდეონს და ქართულ სიმღერებს ვმღეროდი, შინაგან პროტესტს ასე გამოვხატავდი. დამთავრდა თუ არა ომი, ისევ დავბრუნდი საქართველოში. ჩემს ამ საქციელზე ბევრს ვფიქრობ: შიშის გამო ხომ არ მოვიქეცი ასე?  - ვეკითხები ჩემს თავს. დღემდე არ მაქვს პასუხი, ალბათ, ოდესმე შევძლებ ამ ყველაფრის გაანალიზებას, ღმერთი შემაძლებინებს.

თბილისში ისევ რომ მოვკალათდი ჩემს ადგილზე, მივხვდი, ეს ჩემი ადგილი იყო, ვიგრძენი, რომ ხალხს მოვენატრე. ბევრს დაღუპული ვეგონე თურმე, გაიხარეს ჩემი დანახვით, მე კი მათი ნახვით გამითბა რუსეთის ყინვაში გაყინული გული. თქვენ, ალბათ, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, იმხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან, ჩემსავით უბრალო ხალხისგან. მე ყოველთვის მაკლდა სიყვარული, დღესდღეობით ზღვა სიყვარული მაქვს.

ზოგჯერ არის გამონაკლისიც. ერთმა უხეშმა კაცმა (ეტყობა, თანამდებობის პირი იყო) ირონიულად მითხრა - რა გიხარია, შე უბედურო, ამ მტვერში მათხოვარივით ხარო. მე გავუღიმე. მივხვდი, რომ ჩემი ბედნიერების შურდა, ეტყობოდა, ძალიან უბედური იყო. მაშინ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ფულში არ იყო ბედნიერება. მე მიხარია, რომ ჩემი ბედნიერების გასაღები - მუსიკაა.

მე ხშირად ვჩუქნი ადამიანებს სიმღერებს. ერთხელ ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და მთხოვა, ჩემს შეყვარებულს მინდა მივუძღვნა სიმღერა, ფული არ მაქვს და, კაცურად, უარი არ მითხრაო. ერთი კი არა, ბარე ათი სიმღერა ვუმღერე. მადლობა მითხრა - კაი კაცი ხარო. რომელი ფულით იყიდი ამ სიტყვებს!?

წელიწადის დროებს ვჩუქნი აყვავებულ ტყემლებს და ატმებს, მზეს და მთვარეს, ზღვას - ყველას და ყველაფერს ვჩუქნი ჩემს სიმღერებს.

გულღია ხალხი მიყვარს, გული სიყვარულით რომ აქვთ სავსე, თქვენც მიყვარხართ, რომ შეგიძლიათ ჩემნაირების მარტო დანახვა კი არა, გაცნობა, გახარება.

ჩემი საქართველოს კუთხეები მიყვარს, მე ყველგან დავდივარ, თითქმის ყველა კუთხის დღესასწაულებს ვესწრები. სადაც ზეიმია, კვირიაც იქ არის. კვირაობით, ზოგჯერ თვეობითაც. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს. მართალია, მათი სახელები არ ვიცი, სახეები კი ყველასი მახსოვს. განსაკუთრებით თვალები მამახსოვრდება. წარმოიდგინეთ, გონებაში თითქმის ნახევარი საქართველოს თვალები მაქვს...

ქუთაისიც ძალიან მიყვარს, თბილი ხალხი ცხოვრობს. ერთი წყენაც არ მახსენდება, ადრეულ წლებშიც ვიყავი აქ, შევარდნაძის დროს, პოლიცია მდევნიდა, ერთმა მაღალჩინოსანმა დამიცვა, სახელი არ მახსოვს მისი: დაანებეთ ამ კაცს თავი, იმღეროს, ვის რას უშლისო. მას შემდეგ მართლა არავის შევუწუხებივარ.

სხვათაშორის, შემოსავლის კუთხით: აქ ყოველთვის გულუხვად მჩუქნიან. ორმაისობაზე150 ლარი მოვაგროვე, 26 მაისსაც ჩამოვალ. მერე კი ბათუმში წვალ, ზაფხულის მანძილზე იქ ვიქნები.

საუბრის დასასრულს, კვირიამ მოკრძალებით მითხრა: მიხარია, რომ, შეძლებისდაგვარად, თელავის სკოლა-ინტერნატს ვეხმარები. არდადეგების დღეებში, ვისაც არავინ მიაკითხავს, მე მათთან საჩუქრებით ჩავდივარ, ვუმღერი კიდევაც, ვახალისებ ბავშვებს და დროებით ვავიწყებ იმ დარდს, რომელიც ასე ახლოა ჩემთვის. მეც ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში და, მგონია, თუ მომაკითხეს მშობლებმა. ამით ვივსებ იმ სიცარიელეს, რომელიც ჩემს გულში სამუდამოდაა დარჩენილი.

ერთი ოცნება მაქვს: გათენდეს ერთი ბედნიერი დღე და ყველა ბავშვს დაუბრუნდეს თავის დედ-მამა.

დგება, ხარების ეკლესიას უყურებს და სამჯერ ისახავს პირჯვარს.

- ამინ, გისმინოს ღმერთმა!!!

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია