დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით ჯანელიძე: „ბატონო ჩემო, სამჯერ დავტოვე ნოტები ავტობუსში...“
2012/04/30 14:17:49

თითქმის ყოველი წინადადების ბოლოს, „ბატონო ჩემოს“ თბილი ინტონაციის მიღმა, რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რჩება: ის, რაც თითქმის ყველა ხელოვანისათვის, ოსტატისთვის სენტიმენტების მაღალ ხარისხს ქმნის... შეგრძნება, რომ შეიძლებოდა უფრო მეტიც...

 

ჩემი რესპონდენტი ამას არ ამბობს, ეს ჩემი ფიქრია.

 

ქუთაისი ხანდახან (განსაკუთრებით - ახლო წარსულში) თითქოს უკვე თავისთავად ქმნიდა ჩაკეტვის ფორმულას. ქალაქს ვინც უერთგულა, ვინც ბოლომდე „შერჩა“ (რა თქმა უნდა - ნიჭიერი), სადღაც თითქოს მაინც დაიკარგა...

პაუზიდან პაუზამდე, კითხვიდან კითხვამდე, სენტიმენტიდან სიხარულამდე, დეპრესიიდან წარმატებამდე, ოჯახის დიასახლისის მიერ დამზადებული   „საშობაოს“ შესრუტვით, ერთ საათში მთელი ცხოვრება გავიდა.

დავით ჯანელიძე თავის მუსიკალურ ისტორიას და ბიგ-ბენდ „აისის“ ათი თაობის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ასე მოგვითხრობს...

 

მუსიკალური ისტორიის დასაწყისი

- ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც, 5 წლის, როდესაც მამის აკორდეონზე მელოდიებს ვაწყობდი. აკორდეონი ჩემზე დიდი გახლდათ. კარგად მახსოვს, იმ დროს მოდაში იყო „ბაში-აჩუკი“ და ამ ფილმის მელოდია ავაწყვე.

შემდეგ დედამ მუსიკალურში შემიყვანა და იქ უკვე მთელი სირთულეები დატრიალდა (იცინის), ბევრი ქილიკი მივიღე: აბა, ბიჭი და ბაფთა, ბიჭი და ნოტებიო, ბეთჰოვენიო. ჩემი ტოლები დამცინოდნენ და მეც, ბატონო ჩემო, გაბრაზებულმა, სამჯერ სპეციალურად დავტოვე ავტობუსში ნოტები, თითქოს დამეკარგა. მინდოდა, მუსიკალურის გაკვეთილებზე აღარ მევლო.

ეს ოინი ორჯერ გამივიდა, მაგრამ მესამე შემთხვევის დროს მიმიხვდნენ და დედამ ისე გამილაწუნა, დღემდე მახსოვს. დედა ძალიან მკაცრი იყო, მამა - უფრო თბილი და დამთმობი. მამა პროფესიონალი მუსიკოსი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგად უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ასე იძულებით და სიმწრით დავამთავრე ქალაქის №2 მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრით. ჩემი პედაგოგები იყვნენ ბრწყინვალე ადამიანები: მურმან დევიძე, ნარგიზა ჩაჩხიანი, ციცინო კახიანი. სწორედ მათი ინიციატივა იყო, რომ მუსიკალური მიმართულება გამეგრძელებინა, ამბობდნენ, ძალიან ნიჭიერია და წარმატებას მიაღწევსო.

 

არჩევანი ველოსიპედსა და ნოტებს შორის

31-ე საშუალო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. არა მარტო მუსიკას ვსწავლობდი, არამედ ველოსპორტით სერიოზულად გახლდით დაკავებული. ბატონო ჩემო, ქალაქში ველოსპორტი ძალიან განვითარებული იყო და სასკოლო შეჯიბრებებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებით გამოვდიოდით. დიდი ყურადღება ეთმობოდა სპორტს. პარალელურად სკოლაში ანსამბლი ჩამოყალიბდა და კონცერტებს ვატარებდით. მახსოვს, ცნობილი ადამიანები გვსტუმრობდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ნონა გაფრინდაშვილი და სხვები. სკოლის დირექტორი, მიშა გველესიანი, კარგი პიროვნება და ინტერესიანი კაცი იყო.

შეიძლებოდა, სპორტშიც რაღაც წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ მაინც მუსიკა ავირჩიე. ახლა, როგორც კი ველობილიკი გაკეთდა, ველოსიპედი შევიძინე და ვარჯიში დავიწყე. მინდა ახალგაზრდული შემართება და ძველი ფორმა დავიბრუნო.

 

„ჩანგი“ - დიდი ორკესტრების კონკურენტი

- იმ დროს იყო პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, რომელსაც ბიგ-ბენდის არსებობის სერიოზული ტრადიცია ჰქონდა. ჩემი პედაგოგი გახლდათ ბატონი კონსტანტინე ფარულავა, რომელმაც ბევრი თაობა აღზარდა. ბიგ-ბენდს ერქვა „ჩანგი“, წარმატებული ორკესტრი გახლდათ, ოლიმპიადებზე და ღონისძიებებზე გამოვდიოდით. საქართველოში იყო მხოლოდ პოლიტექნიკურის ორკესტრი, ტუღუშის ხელმძღვანელობით და რადიო-ტელევიზიის ორკესტრი, ორივე მათგანს სერიოზულ კონკურენციას ვუწევდით.

 

თბილისური ამბები და ვია-„75“

თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე, პარალელურად რადიო-ტელევიზიის ორკესტრში ვუკრავდი. სტუდქალაქში ვცხოვრობდი და იქ ჩემს ნიჭიერ მეგობრებთან ერთად დამოუკიდებელი ანსამბლი ჩამოვაყალიბე. იმ დროს ბევრი ანსამბლი იყო: „რერო“, „ორერა“, „დიელო“, „ოროველა“... მათ შორის ჩვენც გამოვჩნდით. ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ჩემს ბიჭებს ხომ არ მივატოვებდი.

ვია „75“-ის დაარსებისას, თავიდანვე, ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი. პირველი თაობა ვართ: მე, უჩა კორძაია, რომა რცხილაძე, ვალერა კონდარჩიანი, აჩიკო სიმონიშვილი, გარი მოდებაძე, გოჩა ლორია. ბესო კალანდაძე, კობა ბეჟიტაშვილი და სხვები მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. იმ დროს უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა „75“-ს. უდიდესი ენერგიის მქონე პიროვნება იყო რობერტ ბარძიმაშვილი. ზეთვალთახედვა ჰქონდა, მოვლენების წინასწარ განჭვრეტა შეეძლო. 70-იან წლებში ის უკვე აკეთებდა კლიპებს. პირველი როკ-ოპერა საქართველოში ჩვენ დავდგით - „ალტერნატივა“. „75“-ის წარმატება დიდი შრომის შედეგი იყო. ცნობადი სახეები ვიყავით, ავტობუსში ვერ ვჯდებოდი (იცინის). უცოლო, ყველაზე უმცროსი წევრი მე ვიყავი და თაყვანისმცემელ გოგონებს ვემალებოდი.

 

ჩემი ქალაქი

- ქუთაისში იყო ანსამბლი, რომელსაც ძალიან ჭკვიანი კაცი ხელმძღვანელობდა - მიშა ფიჩხაძე. მას სერიოზული კონტაქტები ჰქონდა. იურმალაში იმ დროსაც ტარდებოდა კონკურსები და ჩვენც ვმონაწილეობდით. ჟიურის თავმჯდომარე იყო რაიმონდ პაულსი. მე და უჩა კორძაიამ მისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ რიგაში გადავსულიყავით, ვიქნებოდით ყველაფრით უზრუნველ-ყოფილი. მაგრამ ქუთაისში დავრჩი. მე ჩემი ქალაქის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. აქ ჩემი მშობლები იყვნენ, ჩემი ოჯახი. შეიძლებოდა, უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ მე ეს ავირჩიე და არ ვნანობ.

 

პიონერთა სასახლე. დაბრუნება. 30 წელი

- მე კონსერვატორია დავამთავრე, ანსამბლი „75“ დაიშალა და ქუთაისში დავბრუნდი. კონსტანტინე ფარულავამ, ჩემმა აღმზრდელმა, მომიწვია პიონერთა სასახლეში, მწერალთა სახლის შენობაში იყო იმ დროს პიონერთა სასახლე.

ბატონმა კოტემ მითხრა: „დავით, შენ უნდა აღზარდო თაობები!“

ჩემამდეც ძლიერი ტრადიცია არსებობდა, ძლიერი მუსიკოსები ხელმძღვანელობდნენ პიონერთა სასახლის ანსამბლს : ვახტანგ გორგასლიძე, გუგა შალამბერიძე, დევის ახვლედიანი, გია ხვინგია, ნიკოლოზ ედგარიძე, ანუ ჩემი წინამორბედები.

პიონერთა სასახლის დირექტორი იყო გურამ ძოწენიძე, უშუალოდ მისი დამსახურებაა, რომ ამდენი თაობა აღვზარდე. ანსამბლს „აისი“  დავარქვი  და  „აისის“ პირველი თაობით უკვე ევროპაში გავედით. ეს არის 70-იანი წლები. პირველი თაობა იყვნენ: კახა რამიშვილი, ვალერი უფლისაშვილი, გენო ლაბაძე, მამუკა გრიგალაშვილი, გოჩა ნიკურაძე, პაატა ქვარიანი, ავთო გრიგოლიანი, კახა სინაურიძე... ახლა უკვე თითქმის ტოლები ვართ (იცინის) და შვილებით, შვილიშვილებით, ოჯახებით ვმეგობრობთ.

„აისის“ ყველა თობა ძლიერი იყო, მაგრამ მეოთხე-მეხუთე თაობა - მაინც გამორჩეული. უკვე სრული ბიგ-ბენდი გავაკეთე. 35 ბავშვი უკრავდა, თბილისში მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 რესპუბლიკური შემოქმედებითი ოლიმპიადების ოქროს მედლის მფლობელები ზედიზედ გავხდით ამ ბავშვებმა მთელი ევროპა მოხიბლეს. ლაშა ნიქაბაძის თაობა იყო ძალიან კარგი. „ევროვიზიაზე“ - მივიღეთ მონაწილეობა. მოსკოვში, ლენინგრადში გვქონდა კონცერტები და სოლო კონცერტები. მოსკოვის ტელევიზიამ იმდენად ხშირად გვაჩვენა, რომ საკავშირო მასშტაბით ყველა ფესტივალზე გვიწვევდნენ. არის ასეთი წიგნი - „ჯაზის ისტორია“ და სხვა, მართლაც კორიფეებთან ერთად, ჩვენც შევედით ამ ისტორიაში. ორი ავტობუსი გვემსახურებოდა.

 

90-იანი წლები. დეპრესია და „გაქცევა“...

- 90-იან წლებში ანსამბლი უკვე დაიშალა. შევიკრიბეთ და ვთქვით: ომია, ვის ეცეკვება და ემღერებაო. დეპრესიაში ჩავვარდი. ქალაქიდან წავედი. შემოქმედი ადამიანისთვის მატერიალურზე უფრო მძაფრი შემოქმედებითი კრიზისი და უმოქმედობაა.

ბევრი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, მაგრამ უარი ვთქვი, ჩემი ქალაქის სიყვარულმა გამაჩერა, ყველა თუ წავედით, ბოლოსდაბოლოს, ვიღაცამ ხომ უნდა აღზარდოს მომავალი თაობა. არ ვნანობ, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამდენი თაობა აღვზარდე. საამაყოდ ისიც მეყოფა, რომ ლა სკალას ორი მომღერალი აღვუზარდე - ლაშა ნიქაბაძე და პაატა სვანიძე. უცხოეთში და საქართველოს ცნობილ ორკესტრებში უკრავენ ჩემი ყოფილი მოსწავლეები. ვარ ერთი ქუთათური კაცი, უბრალო პედაგოგი, უბრალო მასწავლებელი, მაგრამ ბევრი ძლიერი მუსიკოსის აღმზრდელი.

 

დღეს. „აისის“ მე-10 თაობა...

- ჩემი ვაჟი ნიკაც ოჯახის ტრადიციას აგრძელებს. ჯერ სკოლის მოსწავლეა და ანსამბლში თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს, ნიჭიერი თაობაა. უკვე გვაქვს წარმატებები. ძალიან მინდა, ეს ბენდი მაინც არ დაიშალოს. ჩემი თხოვნაა, გამოიძებნოს რაღაც ფორმა, რომ ამ ბავშვებმა სწავლა ქუთაისში განაგრძონ. ქუთაისს დღეს ორკესტრი არა ჰყავს. არადა, ძალიან ნიჭიერი კადრი გვყავს. მინდა, არსებობდეს ქუთაისის სახელმწიფო ორკესტრი, ისევე, როგორც თბილისში არის გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით. მართალია, ამ დროისთვის ენთუზიაზმით ვმუშაობ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია, მე ამით მოვიწამლე, ეს არის ჩემი ცხოვრება.

 

უბრალოდ... ფინალი

ხელოვნებაში ყველაფერს ჩემით  მივაღწიე. ვარ ვარსკვლავოსანი (ცოტა ხნის წინ ანსამბლ „75“-ის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისში, ფილარმონიის წინ). მე მგონი, პატარა არაა, ბატონო ჩემო. ეს ჩემი ცხოვრებაა.

 

მაია ყუფარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია