დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნოდარ დეისაძე - ქუთაისის უხუცესი დალაქი
2012/04/17 12:24:04

ყველა პროფესიას ჰყავს თავისი გამორჩეული წარმომადგენლები. მათ შორის გვეგულება ჩვენი უბნის (საავიაციო-ტექნიკური ქარხნის მიმდებარე დასახლების) დალაქი, ძია ნოდარი - კარგი ქუთაისელი მოქალაქე ნოდარ დეისაძე, რომელსაც ახლახან 82 წელი შეუსრულდა.

 

 

წლებით დახუნძლული აგერ უკვე 60 წელია, ერთგულად ემსახურება საკუთარ კლიენტურას და საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემითაც სარგებლობს.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ამ ასაკამდე უერთგულო საკმაოდ რთულ პროფესიას, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელ შრომას მოითხოვს და თანაც, მთელი შრომითი სტაჟი - 60 წელი - ერთ ადგილას, ერთ უბანში გაასრულო! როგორ უნდა გიყვარდეს უკვე შენს მკვიდრ ალაგად ქცეული უბნის მცხოვრებნი და როგორ უნდა უყვარდე მათ, რომ ამდენი წლის განმავლობაში გულმა სხვა მხარეს არ გაგიწიოს, ერთხელაც არ გაგიჩნდეს სხვაგან გადაბარგების სურვილი?!.

ვინ იცის, რა ჯურის და პროფესიის ადამიანს არ გამოუვლია ძია ნოდარის ხელში, მაგრამ საკუთარი საქმისადმი ერთგულებით გამორჩეული ხელოსნის კმაყოფილი დარჩენილა ყოველი მათგანი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქოჩორი შეულამაზეს, ან წვერი ჩამოპარსეს სუფთად, თუმცა ამ შემთხვევაში ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კლიენტისადმი ხელოსნის გულისხმიერი დამოკიდებულებაა, კულტურული მომსახურება, როცა, ექიმის და პაციენტის არ იყოს, გულიან სიტყვას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ხელოსნის ცივ და ბასრ ხელსაწყოს...

გერმანიაში ერთი დალაქი ყოფილა, ვინმე ენტონი მაჩინელი, ასი წლის შესრულებულა უკვე და ამ საუკუნოვანი ასაკის ოთხმოცდარვა წელი პარიკმახერობისთვის შეუწირავს. თორმეტი წლისა შესდგომია საქმიანობას, რომ ხელმოკლე ოჯახს წაშველებოდა. აი, ამ კაცს უნდა გადავასწროო, - ამბობს ძია ნოდარი და თან ჟურნალის გვერდს აფრიალებს, სადაც გერმანელი დალაქის შესახებ არის მოთხრობილი.

გადაასწრებს, ამაში ღრმა ვართ დარწმუნებული! იმ სიმხნევით, რითაც ის ყოველ დილით იწყებს თავის საქმიანობას, როგორაც ირჯება მთელი დღის განმავლობაში და საღამოს, გერმანული პუნქტუალობით, ჯერ კიდევ ყინჩად მომზირალი, კეტავს სახელოსნოს, კიდევ მრავალ წელს შეძლებს საქმის გაძღოლას ჩვენი ძვირფასი ძია ნოდარი.

ლამაზი ქართული ოჯახის ბედნიერი მეთაური რომაა, ესეც არის მისი დღეგრძელობის საიდუმლოს ერთი გასაღები. მეუღლესთან, ქალბატონ მარგო დეისაძესთან ერთად, ოთხი შვილის (სამი ვაჟისა და ერთი ასულის), შვიდი შვილიშვილისა და შვიდი შვილთაშვილის აღზრდა და ცხოვრების ასპარეზზე გამოყვანა, მათი პატიოსანი გარჯითა და განათლებით გულის გახარებაა რომ ამხნევებს და ანიჭებს შრომისა და ცხოვრებასთან ჭიდილის ხალისს.

გვინდა ვუსურვოთ ბატონ ნოდარ დეისაძეს, ქუთაისის უხუცეს დალაქს, დიდხანს და დიდხანს ემსახუროს თავის საყვარელ საქმეს, იცოცხლოს და იღვაწოს ოჯახისა და თანაქალაქელების სასიკეთოდ!

 

სერგი ქუთათელაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია