დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოფრინდებიან ლევან ვეკუას ჩოხიანი მერცხლები
2012/03/12 12:29:56

მათ ვიზები არ სჭირდებათ, უპრობლემოდ კვეთენ სახლმწიფოების საზღვარს. კარგა ხანს მეგონა, რომ ეროვნებაც არ ჰქონდათ, მწარედ შევცდი - თურმე ჰქონიათ. ის კი არა და, ეროვნულ სამოსსაც ატარებენ, თვალების ჭრილიც დამახასიათებელი აქვთ. საოცარია მანამდე ამ თვალით არც კი შემიხედავს მათთვის. არც თქვენ შეგიხედავთ, დღეის შემდეგ კი, ალბათ, თქვენც ბევრ რამეს შეხედავთ სხვა თვალით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, ეს ზეთავისუფალი არსებები ჩიტები არიან, უბრალო ჩიტები კი არა, ლევან ვეკუას თვალით დანახული და ორიგინალურად დახატული ჩიტებია, უწყინარი, ჭკიანი და ულამაზესი ჩიტები...

 

ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის ვნახე უცნაური მხატვრის (ჩემთვის) არაჩვეულებრივი გამოფენა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მას შემდეგ, დავინახავ თუ არა ჩიტებს, ვცდილობ, ამოვიცნო მისი ეროვნება „სამოსის“ მიხედვით. მერცხლებს, რატომღაც, სულ ჩოხაში ჩაცმულებს ვხედავ და ქართველებად ვთვლი. ალბათ, იმიტომ, რომ გამორჩეულად მიყვარს გაზაფხულის მახარობლები...

პარადოქსია, დღემდე რომ არ მიცდია გაგება, რამ მოაფიქრა ასეთი საოცრება მხატვარ ლევან ვეკუას. ახლა კი, როცა ამის შანსი მომეცა, რაღა თქმა უნდა, ჩიტებით დავიწყებთ...

 

***  

ლევანი: „ჩიტები ყველაზე თავისუფალი არსებებია, მათ იმდენი რამის საშუალება მისცა ღმერთმა. შეუძლიათ, ლაღად იფრინონ და გადაკვეთონ ყველა საზღვარი. ადამიანები რაზეც ვოცნებობთ, ის მათთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. მე ძალიან მიყვარს ისინი და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატე მათ მიმართ. ეს ერთგვარი აქციაც იყო, მინდოდა ყველას, ვინც ამის მნახველი იქნებოდა, სხვა თვალით, შეეხედა მათთვის. მგონი, მოვახერხე. სხვათაშორის, რამდენიმე ქვეყნის ელჩმა მთხოვა მათი ქვეყნის ჩიტების დახატვა. მაშინ მივხვდი, რომ იდეამ გაამართლა... ეს კოლექცია განსაკუთრებით მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი რამის თქმა მოვახერხე, ემოცია მთლიანად გადმოვეცი, ჩემთვის არაფერი დავიტოვე. ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ენახათ, და მოწონებოდათ. მე მინდოდა, ენახათ, ჩაფიქრებულიყვნენ, გონებაში დარჩენოდათ და რამდენჯერაც ჩიტებს დაინახავდნენ, ჩემი ჩიტები გახსენებოდათ. ალბათ, პრეტენზიული ვარ, მაგრამ გულღიად ვამბობ, მართლაც ეს მინდოდა.“

იმდენად სიყვარულით საუბრობდა ლევანი ჩიტებზე, სხვა თემაზე საუბრის გადატანა თითქოს აღარც ღირდა, მაგრამ...

„თევზებიც მიყვარს, ისინიც საოცარი არსებებია. საერთოდ, ბუნება ძალიან მიყვარს, ის სამყარო მიყვარს, ჩემი რომ ჰქვია, მაგრამ, გაგიმხელთ და, პეიზაჟების ხატვა არ მიყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ ამ პეიზაჟებს ხომ ისედაც ყველა ხედავს დახატვის გარეშეც. მე ის მინდა დავანახო სხვებს, რასაც მარტო მე ვხედავ. მათ კი შემჩნევა უჭირთ. ჩემი ემოცია, შეგრძნებები, ფიქრები მინდა ფერებში დავწერო, ისე დავწერო, რომ ყველა ეროვნების ადამიანმა შეძლოს წაკითხვა და გაგება, რაც მთავარია. ალბათ, ეს არის ხელოვნებაც, რომელსაც არ სჭირდება ჩარჩო...

ამ ბოლო დროს, ძალიან ჩავუღრმავდი, არასწორ ემოციებს. მინდა გავიგო, რატომ გვეცინება, მაგალითად, სხვის დაცემაზე. ძალიან საინტერესოა, მინდა ჩემს პალიტრაში ზუსტი ფერები შევარჩიო და გადმოვცე ბევრი არასწორი ემოცია, რომელიც ადამიანშია ჩაბედებული. საერთოდ, მინდა ვიპოვო უხილავი გრძნობების და შეგრძნებების ფერები, რადგანაც მჯერა, რომ უფერო არაფერი არ არსებობს, ძიება და პოვნა სჭირდება მხოლოდ. მარტივი ხელშესახები რაღაცეები არ მიზიდავს. არ მხიბლავს, ტილოზე გადავიტანო ისეთი რაღაცეები, რომელსაც იოლად შეახებ ხელს, ან თუნდაც ფოტოებს გადაუღებ, შენ ან სხვები. ან, უამრავ მხატვარს დაუხატავს, ეს ჩემთვის დაწერილი წიგნივითაა, მაინტერესებს წავიკითხო, მაგრამ დაწერით არა, მე ჩემი მაინტერესებს, მარტო ჩემი რომ არის. ხატვაც ხომ გამოხატვის საშუალებაა, პირველ რიგში შენს თავს ხატავ, თითოეული სურათი ავტოპორტრეტი უნდა იყოს - შენი, ამის მიღწევა კი ბევრს არ შეუძლია, არც მე შემიძლია ალბათ, ყოველშემთხვევაში ჯერ. ამიტომაც ვეძებ უამრავ გზებს და იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზასაც ვიპოვი, ალბათ...

მანამდე კი, ვხატავ ისე, როგორც შეიმძლია, ზოგჯერ რაც არ მინდა, იმის ხატვაც მიწევს, შეკვეთაა (იცინის) იაფფასიანი შეკვეთა. ისეთი შეკვეთა, მასალას თვითონ რომ მოგიტანს და ზედაც დააყოლებს, ამის დახატვა რა იოლი ყოფილაო, შენც რომ უცინი მას და დაცინი შენს თავს, ამისთვის რომ გიწევს დროის დახარჯვა, მას კი ფულის (შენთვის კაპიკების და მისთვის ბევრის) დახარჯვა. უამისოდ კი, უბრალოდ თავის რჩენა ძნელია, ასე, სხვების მსგავსად ვხატავ უსულო ნახატებს და მაშინვე, ხატვის პროცესშიც არ მახსოვს მისი არსებობა...

არც ზამთრის დახატვა მიყვარს, თეთრი და შავი ფერების გამა ჩემში ემოციის აღმძვრელი არ არის, ემოციის გარეშე კი, არაფრის კეთება არ შემიძლია. მიყვარს ალტერნატიული მუსიკა. ერთ დროს ჩვენი ქალაქი ამ მუსიკით განებივრებული იყო, ის დრო მენატრება, ძალიან მენატრება. სამწუხაროდ ვეღარ დაბრუნდება, ვერც მოგონებებში.

მეტი რა გითხრათ ჩემზე, სანამ პირადზე გადახვალთ, გეტყვით, რომ რომნატიკოსი და უფულო არავის უყვარს. არც მე შევყვარებივარ არავის.  იმედს არასდროს ვკლავ. მე  კი, ყველა მიყვარს, სიძულვილით არავინ მძულს. სიძულვილით ცხოვრება შეუძლებელია. ეს შენ თავს არ უნდა გაუკეთო კაცმა. ეს ღვთის გმობაა. მე კი ჩემი ღმერთი მყავს და მინდა არ გავიდეს ჩემგან...“

***

ბანალური შეკითხვების დასმა არც მიფიქრია, ერთი სული მქონდა, შინ როდის მივიდოდი, მინდოდა „ახელილი“ თვალებით შემეხედა ნახატებისთვის, რომლებიც ჩემს სახლში მრავლადაა, ბაბუა-შვილიშვილის ნახატებისთვის (ბაბუა - მხატვარი შოთა მინდელი ჩემი მამამთილი იყო, ხოლო შვილიშვილი ლუკა მინდელი, ჩემი პატარა ბიჭია, რომელიც ხატავს).

P.S. ახლა თოვლიანი გაზაფხულია, ვაითუ ნაადრევად მოუხდეთ თბილი ქვეყნებიდან დაბრუნება ჩიტებს, მაგრამ აღარ ვიდარდებ, ჩოხებზე ნაბდებსაც მოიფარებენ ჩვენი მერცხლები...


ლელა თოლორდავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია