დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თეთრი ოცნებიდან“ - „მამრეს მუხამდე“
2012/01/30 12:38:15

იგი თავისი ნამუშევრებით ბევრს ამბობს. თვალნათელია, რომ თექასა თუ გობელენებზე შექმნილი კომპოზიციების ავტორი ქალია და რაც მთავარია, არ ჰგავს არავის. მშვიდი მოსაუბრე, ბუნებითაც საოცრად მშვიდი, ამ სიმშვიდეს მის შემოქმედებაშიც აშკარად გრძნობ... ეს ქალბატონი ელისო ჩუბინიძეა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატი.

 

 

ბავშვობიდან ხატავს, არც კი ახსოვს, რა ასაკიდან, როგორც ვარაუდობს 3-4 წლიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, ამ სპეციალობით მიეღო შვილს განათლება. დედის და მამის სურვილის წინააღმდეგ წასულმა გოგონამ თავისი გაიტანა და დღეს იგი სპეციალობით ამაყობს:

„მშობლებს სურდათ, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემი სულიერი გამოძახილი თავიდანვე მხატვრობაში იყო. მიუხედავად იმისა, დღეს ხელოვანი ხალხი არცთუ ისე დაფასებულია, ყოველი ნამუშევრის შექმნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიხარია, რომ ჩემს შემოქმედებაზე გარკვეული ზეგავლენა იქონიეს პედაგოგებმა, განსაკუთრებით გრაფიკოსმა გურამ ცერცვაძემ. ვმუშაობდი ასევე კერამიკოსთან აწგარდაცვლილ ბორია ქიშმარაულთან. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე და გაუსაძლის პერიოდს დაემთხვა ჩემი სტუდენტობა. ყველას კარგად ახსოვს 90-იანი წლების გაჭირვება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მონდომებამ და ძალისხმევამ აშკარად გაამართლა. ახლაც, ამ ასაკშიც, დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი სამხატვრო აკადემიაში.“

თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საკუთარ სპეციალობაზე შეყვარებული ახალგაზრდა მხატვარი სწავლას თბილისის სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს, გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტზე.

„სამხატვრო აკადემიაში სწავლისას არაერთ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. პირველი გამოფენა მქონდა ქართულ-გერმანულ კულტურულ ცენტრ „შამელში“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც შეეხება პირველ ნამუშევარს, ეს არის გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გავლენით შექმნილი - „თეთრი ოცნება“. აკადემია რომ დავამთავრე, პედაგოგების რეკომენდაციით, მშობლიურ ქუთაისს დავუბრუნდი. ის წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მიმიღეს მხატვართა კავშირის წევრად და ამასთანავე, მოვაწყვე საშემოდგომო გამოფენა.“

არ შეიძლება, მნახველს განსაკუთრებით არ დაამახსოვრდეს დახვეწილი ტექნიკით შესრულებული, საუცხოო ნამუშევრები: „ხმელი წიფელი“, „სიცოცხლის ხე“, „მამრეს მუხა“ (რომელიც ავტორს განსაკუთრებით უყვარს), „მშვიდობა ქვეყანასა ზედა“ (იგი ბატიკაშია შესრულებული). ამ უჩვეულო ნამუშევრებს ავტორი, ძირითადად, ქსოვილებზე ქმნის... მუშაობს გობელენზე. თექაზე აქვს შერეული ტექნიკით გაკეთებული სურათები. უყვარს აკვარელი და ბოლო დროს დაინტერესებულია ძველი ქართული ნაქარგობის ტექნიკით. იკვლევს ამ მივიწყებულ ტექნიკას და სურს საკუთარ შემოქმედებაშიც წარმოაჩინოს იგი.

ელისო ჩუბინიძე პედაგოგიური საქმიანობითაც არის დაკავებული. იგი საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მომავალ ხელოვნებათმცოდნეებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს. ამავე დროს არის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის სახვითი ხელოვნების, ძვირფასი ლითონებისა და ქსოვილების განყოფილების ასისტენტ-რეგისტრატორი. სწორედ მუზეუმის ხელმძღვანელობის მონდომებით და ძალისხმევით მოეწყო მისი საშობაო გამოფენა. სამომავლოდ კი აქვს დიდი გეგმები: ქმნის რამდენიმე ნამუშევარს და ემზადება საგაზაფხულო გამოფენისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი შემოქმედებითა და პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული ქალბატონია, ოჯახი მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას: ჰყავს მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი თამარ ჩაფიჩაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია