დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნობელის მუზეუმი... ქუთაისში
2011/12/05 11:55:29

იდეა, მიზანი და ქუთაისში დადებული პირობისთვის განვლილი ათასობით კილომეტრი

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალურ კლუბ „LLL“-ს პრეზიდენტი, ქუთაისელთათვის კარგად ცნობილი ბესიკ ადამია იმ არაორდინარულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აკვიატებას მიზნად და განხორციელებად იდეად გადააქცევენ ხოლმე. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც მოისურვა პარიზში არსებულ მშვიდობის კედელზე სხვა ენებთან ერთად ეს სიტყვა ქართულადაც აღბეჭდილიყო. მან, ამ „ახირების“ თუ საქართველოს ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის განსახორციელებლად ბევრი იბრძოლა და უკვე არაერთ დაწესებულებას თუ ორგანიზაციას მიმართა.

 

„თხოვნა 49I3, რაც პარიზში, მშვიდობის კედელზე, სიტყვა „მშვიდობის“ სამ კავკასიურ ენაზე(ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულ) დამატებას ეხებოდა, ჯერჯერობით თხოვნად დარჩა. ვის არ მივმართე - ცნობილ ბიზნესმენებს, საფრანგეთის საელჩოს, პრეზიდენტის კანცელარიას, მაგრამ დღემდე არსაიდან პასუხი არ მიმიღია. შინაგანად მგონია, რომ ჩემი ინიციატივის შესახებ  ბატონი პრეზიდენტი   რომ    ინფორმირებული-ყო,  აუცილებლად  გამომეხმაურებოდა, მაგრამ...“ - ამბობს ბესიკი.

ბევრი იარა  თუ ცოტა, ბოლოს ჯერი იტალიის საელჩოზე შეაჩერა. იქიდან პასუხმა არ დააყოვნა და მის ვიზიტს საფრანგეთში მწვანე შუქი აუნთო:

„ჩემდა იღბლად, ვიზა ამა წლის 19 ოქტომბერს გამომივიდა. უდიდესი დახმარება გამიწიეს მეგობრებმა, რომელთა თანადგომამ ჩემს ოცნებებს, „სტარტი“ მისცა. ვიწრო წრეში ფულიც შემიგროვეს, ამით საჩუქრებს მაინც იყიდიო. შევიძინე 6 ცალი ქუთაისური ყანწი, რადგან ვიცოდი, საქართველოს სახეს ამითაც წარმოვაჩენდი. ჩემს დღიურს გადავხედე და ცნობილი თარიღებიდან 21 ოქტომბერი - ნობელის დაბადების დღე ამოტივტივდა. ავიღე ბილეთი თბილისი-სტამბული-სტოკჰოლმის რეისზე და მეორე დღეს უკვე შვედეთში ვიყავი, სადაც დახმარებისათვის თხოვნით მივმართე ჩვენს ელჩს კონსტანტინე ქავთარაძეს. ელჩმა და მისმა მოადგილემ, კონსტანტინე იოსელიანმა დიდი დახმარება გამიწიეს და გულთბილი დახვედრა მომიწყვეს.“

მცირეხნიანი ვიზიტი საკმაოდ ემოციური და შეხვედრებით დატვირთული აღმოჩნდა. როგორც ბესიკი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ნობელის მუზეუმში სტუმრობისას, მუზეუმის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ საკმაოდ თბილი დახვედრა მოუწყვეს. გულდასმით დაათვალიერებინეს მუზეუმი და ბატონმა ულფ ლარსონმა, თავისი წარწერით, ნობელზე წიგნიც  უსახსოვრა.

„ნობელის მუზეუმში სტუმრობამ განაპირობა ერთი ჩემი ჯერ კიდევ განუხორციელებელი პროექტის ჩამოყალიბება, მსურს ნობელის ეგიდით გაიხსნას ქუთაისში მშვიდობის სახლი, მთელი კავკასიის მასშტაბით. აქ შევძლებდით იგივე 5 ნომინაციაში დაჯილდოებებს, ნობელის პრემიების მსგავსად. ამის შესახებ წელს, 21 სექტემბერს, მსოფლიო მშვიდობის დღეს, პირდაპირ ეთერში ბატონ პრეზიდენტს მივმართე.“

დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც ბესიკ ადამიას თავისი პროტესტი მშვიდობის კედელთან უნდა გამოეხატა. მისდა გასაკვირად, სომხურ ენაზე „მშვიდობა“ უკვე დაწერილი დახვდა.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს იმის მინიშნება, რომ მალე „მშვიდობა“  ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზეც აღიბეჭდოს.?!... ვნახოთ, დრო გვიჩვენებს....

„გასაგებია, რომ მათ დიდი დიასპორა ჰყავთ საფრანგეთში, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის ფრანგების უდიდესი შეცდომა: ჩვენ, ქართველები და აზერბაიჯანელები, არ უნდა გამოვეტოვებინეთ. იქ 49 ენაზე აწერია „მშვიდობა“ და ეს ხომ დიასპორის სიმრავლით არ დაუწერიათ? მათ ეს უნდა გამოასწორონ და ჩვენს ენებზეც დაამატონ სიტყვა მშვიდობა. ქართული დამწერლობა მსოფლიოს უძველეს დამწერლობებში შედის. ჩემი ეს მხარდაჭერა ჩემი ქვეყნის საგარეო ვექტორის გაძლიერებისთვისაა მიმართული.“

მშვიდობის დესპანის მოგზაურობა ამით არ დამთავრებულა, მას სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძისგან ჰქონდა ინფორმაცია იტალიის ქალაქ პრეცოში არსებული ინსტიტუტის შესახებ:

„იტალიაში, ქალაქ პრეცოში, სადაც არსებობს ინსტიტუტი „რონდინე მშვიდობის  იტალიელი“, აქ სწავლობენ მსოფლიოს კონფლიქტური ქვეყნების მოქალაქეები. შევხვდი ამ ინსტიტუტის რექტორს ფრანკო ვაქარის და, როგორც მისგან შევიტყვე, ამ ინსტიტუტში ქართველი სტუდენტიც ყოფილა. ვთვლი, რომ ჩემი ვიზიტი იყო მისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც სასიკეთო.“

ვიზიტის ბოლოს შეხვედრები ჰქონდა ქალაქის მერიის წარმომადგენელთან, ქალბატონ მონიკა გროსთან და მას მადლობაც გადაუხადა იმ ქართველების შეფარებისათვის, რომლებიც დღესდღეობით იტალიაში მუშაობენ. მისი აზრით, ამას მარტო  მოქალაქეები კი არ უნდა აკეთებდნენ, არამედ პოლიტიკოსებიც და მარტო მჯიღს არ უნდა ირტყამდნენ გულზე  ემიგრანტების ხსენებისას.

„მჯერა, რომ ჩემს წამოწყებულ საქმეს ჩემი ქართველი ხალხის თანადგომით ბოლომდე მივიყვან და მსურს, ჩემი ენერგია და შესაძლებლობები მოვახმარო ჩემს ქუთაისს და საერთოდ საქართველოს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი ემიგრანტები და ისევ ძველებურად აჩქეფდეს ცხოვრება. ეს შესაძლებელია და უთუოდ მოხდება.“

იდეა და მიზანი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულოა არამარტო თითოეული ჩვენგანის, არამედ - სრულიად საქართველოსათვის. თუმცა რამდენად განხორციელებადია, ამას დრო გვიჩვენებს...

 

 ნინო ჩიტიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია