დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მირაჟის“ ტკბილი მირაჟი
2011/10/31 12:00:03

სად არ გაიგონებთ მათ სიმღერებს: სამარშრუტო ტაქსებში, რესტორნებში, ბაზრობებზე, დღეობებზე, საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში... ქუჩაში ჩავლილი ადამიანებიც  ჩაიღიღინებენ ხოლმე: „წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო“... ქართველმა მსმენელმა განსაკუთრებული სიყვარულით მიიღო ჯგუფი   „მირაჟი“ და მის მიერ შესრულებული სიმღერები. ჯგუფს ძმები - პაატა და შოთა დუნდუები წარმოადგენენ. ჩვენ ერთ-ერთ სოლისტს, პაატა დუნდუას ვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ყველასათვის ცნობილი სიმღერები.

 

- მოდი, დავიწყოთ თავიდან. ვიდრე დედაქალაქში ჩახვიდოდით, ჯგუფი მანამდე შეიქმნა, თუ შემდეგ? 

- ჯგუფი თბილისში შეიქმნა და აქვე დავიწყეთ მოღვაწეობა.

- რა მუსიკალური განათლება გაქვთ?

- შოთა მილორავას სახელობის საცირკო საესტრადო სასწავლებელი გვაქვს დამთავრებული და შვიდწლედი.

დედა ხალხური საკრავების პედაგოგია, ჩვენ მუსიკალური ოჯახიდან ვართ, შინ ყველა ვმღერით.

- ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარული ჯგუფი ხართ, რაც თქვენი ვიდეოკლიპების მნახველების რაოდენობაზეც აისახება. თუ ატარებთ სოლო კონცერტებს?

- ახლახან აბაშაში გვქონდა სოლო კონცერტი, სამტრედიაშიც, პირველიდან ხუთ ნოემბრამდე კი ზესტაფონში გავმართავთ.

- სიმღერების ტექსტსა და მუსიკას ვინ გიწერთ?

- ყველა ჩვენი სიმღერაა, ჩვენი ტექსტებიც გვაქვს, სიმღერებს ჩვენივე სტუდიაში ვწერთ, აქ კეთდება ყველაფერი.

- თქვენს შესრულებულ ნაწარმოებებში შეინიშნება ფოლკლორული ელემენტები. მაინც, რა მიმართულებას მიაკუთვნებთ თავს?

- ძირითადად, ფოლკლორს. ფოლკლორი ძალიან გვიყვარს და, ალბათ, გამოგვდის კიდეც, იმიტომ რომ ქართველმა მსმენელმა განსაკუთრებით შეიყვარა ამ მიმართულებით შექმნილი ჩვენი სიმღერები. გამოვყოფდი „წყაროსთან ჩაგიყვანს“ და „აყვავებულა არაგვზედ დეკა.“

- ოდნავ განსხვავებული ტექსტით შესთავაზეთ მსმენელს სიმღერა, რომელიც ცნობილია სათაურით „წყაროზე ჩაგიყვანს“ და ასევე - „პატარა ქალო“. რატომ შეუცვალეთ სახელწოდება მურმან ლებანიძის ლექსს „ციცო“?

- მსმენელმა დაარქვა ამ სიმღერას „წყაროზე“, ტექსტს რაც შეეხება, „პატარა ქალო“ არის, მე ვფიქრობ, ამ სიმღერის კოდი. თუმცა მთლიანობაში ამ ტექსტის დამსახურებაა, რომ სიმღერა გაჰიტდა. ეს მურმან ლებანიძის გენიალური ლექსია ყველანაირი გაგებით, თან ყველა თაობისათვის. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლება მივეცით, ცოტა კორექტირება შეგვეტანა.

- ამ სიმღერას ანსამბლი „ჩელაც“ მღერის, როგორ მოგწონთ მათი შესრულება?

- „ჩელას“ ყველა წევრი ჩვენი მეგობარია, ძალიან ნიჭიერები არიან, „წყაროზე“ და „დეკაზეც“ ინსტრუმენტალი სწორედ მათ ეკუთვნით, მათ ჩაგვიწერეს ინსტრუმენტები.

- რეპერტუარიდან განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწარმოებად თავად რომელი მიგაჩნიათ?

- რთულია რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ „მიყვარხარ, დედა“ მაინც განსაკუთრებულად გვიყვარს.

- ძალიან სათუთად ეპყრობით სიმღერის ტექსტის სიტყვებს, განსაკუთრებულად გამოჰკვეთავთ ხოლმე... თავადაც ხომ არ წერთ ლექსებს?

- არა უფრო ტექსტებს ვწერთ სიმღერებისთვის.

- თქვენი ახალი სიმღერა „დარდიმანდი“ ლამაზი ნაწარმოებია, მაგრამ, მგონი, სათაური ვერ არის მისი შესაფერისი. რატომ გაუკეთეთ ასეთი  „ლაითი“  დასათაურება,   ფართო აუდიტორიის მისაზიდად? ამით ხომ სერიოზულ მსმენელს უნდობლად განაწყობთ...

- არ ჰქვია მაგ სიმღერას ეს სახელი, ჯერ არ გვაქვს შერჩეული, რა დავარქვათ.

- მაგრამ ინტერნეტში ამ სახელწოდებით დევს. ისე, ალბათ, მართლაც სასურველია, რომ უკეთესი სახელი ჰქონდეს. სიმღერა უკვე პოპულარული გახდა და, თუ სახელი დროულად არ შეირჩა, სწორედ „დარდიმანდით“ დამკვიდრდება.

- როცა პრემიერა გაკეთდება, მაშინ გაირკვევა, თუ რა ერქმევა ამ სიმღერას, თუმცა ხალხს მაინც რაც უნდა, იმას დაარქმევს...

- თქვენს ფოლკპროექტებს ასევე ინტერნეტით გავეცანი. მაინც, რა სიმღერები შევა მასში?

- რაც კი გვაქვს ფოლკში - ყველა და კიდევ რამდენიმე სიმღერა, რომელიც მალე გამოვა.

 

***

ჯგუფი „მირაჟი“ ვანო ჯავახიშვილის შოუში იყო მიწვეული, იქ შესრულებული სიმღერა „პატარა ქალო“ (იგივე „წყაროზე ჩაგიყვანსო“) youtube-ზე ამ დრომდე 259 757-ჯერ არის ნანახი. „მირაჟის“ სხვა სიმღერების ვიდეოებზეც უამრავი ადამიანი გამოხატავს თავის აზრს, მაგალითად ასე:

- ამ სიმღერას რომ ვუსმენ, ტანში ჟრუანტელი მივლის.

- აი, ნამდვილი სიმღერა, გაიხარეთ, მიყვარხართ.

- ვუსმენ სიმღერას და ცრემლები მცვივა, ჩემი საქართველო მენატრება, ღმერთო, მალე დამაბრუნე ჩემს ქვეყანაში!

- ქართველებს ძალიან მაგარი სიმღერები გვაქვს, ბუნებაც და შემოქმედებაც, ყველაფერი ერთად იდეალს ქმნის.

- უმაგრესია! სიმღერა რომ არ იცოდე, მაინც აგამღერებს!

- არ უნდა კომენტარი! უნდა უსმინო და ისიამოვნო!

ძმებს დუნდუებს პირველი დიდი წარმატება აფხაზეთზე დაწერილმა სიმღერამ მოუტანათ, რომელიც ქართული ესტრადის მომღერლებთან ერთად შეასრულეს.

პაატა და შოთა წარმოშობით აბაშიდან არიან, სოფელ მარნიდან, რომელიც სამტრედიას ესაზღვრება. ჯგუფი 2002 წელს ჩამოყალიბდა, მალე მათ ათი წელი შეუსრულდებათ. ძმები ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ, მათი სიმღერები ხომ უკვე მიიღო და შეიყვარა ქართველმა მსმენელმა!


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია