დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წლების შემდეგ ამღერებული კომპოზიტორი
2011/10/17 12:32:35

დღესაც ისეთივე შარმი აქვს, როგორიც - ახალგაზრდობაში. როგორ უნდა დაიჯერო, რომ ეს მომხიბვლელი ქალბატონი უკვე 80 წლის შესრულდა! მისი ძველი ფოტოები დავათვალიერე და რამდენჯერმე ავხედე ქალბატონს, რომელიც უმშვენიერესი თვალებიდან ძველებურ სიყვარულს და სითბოს აფრქვევდა.

 

 

დაიბადა ქუთაისში, ინტელიგენტის ოჯახში. დედა - თამარ აბაშიძე, ქუთაისის პირველი საშუალო სკოლის გამორჩეული პედაგოგი, ძველი არისტოკრატული გვარის შთამომავალი გახლდათ, მამა - დავით ბერაძე თავის დროზე ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილა...

თვითონ კი კომპოზიტორი და ღვაწლმოსილი პედაგოგია, 50 წელია, რაც ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლაში ასწავლის თაობებს.

ნანული ბერაძეს ეკუთვნის პიესები ვიოლინოს, ჩელოსა და ფლეიტისათვის, საფორტეპიანო ტრიო, მინიატურები სიმებიანი კვარტეტისათვის, რომანსები, აკაპელა, საგუნდო ნაწარმოებები, განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა და მუშაობს სასიმღერო ჟანრში, ორასზე მეტი სიმღერის ავტორია.

- ქალბატონო ნანული, მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა. 

- პატარა რომ ვიყავი, დედამ მიმიყვანა პირველ სამუსიკო სკოლაში. ამ სკოლის წინ ვცხოვრობდით, თუ რამე ღონისძიება ჩატარდებოდა, იქ აუცილებლად მეც უნდა ვყოფილიყავი - დილიდან საღამომდე მუსიკალურში ვიჯექი, სულ ვუკრავდი და ვმღეროდი. დედის სურვილი იყო, უმაღლესი განათლება მიმეღო, მაგრამ მე მუსიკალური განათლება მინდოდა მქონოდა. არადა, საშუალება არ გვქონდა იმის, თბილისის კონსერვატორიაში წავსულიყავი, დავრჩი ქუთაისში და ორი წელი ვისწავლე, მაშინ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო და - იქ. მერე მოხდა ისე, რომ გავთხოვდი, ჩემს მეუღლესთან ერთად ბაქოში წავედი, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი, ისევ მუსიკას მივუბრუნდი, ვწერდი სიმღერებს, იმ პერიოდში ჩემი დაწერილი სიმღერები უკვე მქონდა, თუმცა მრცხვენოდა, მეჩვენებინა ვინმესთვის.“

როგორც ქალბატონი ნანული იხსენებს, შინ როიალი ჰქონიათ და საკუთარ სიმღერებს თურმე ხშირად მღეროდა. გაღებული ფანჯრებიდან ისმოდა მუსიკა, რომელიც სიყვარულს და სითბოს ჰფენდა ქალაქს.

მერე მოგვიანებით დაამთავრა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია - მუსიკის თეორიის განხრით. პარალელურად გაიარა საკომპოზიციო კურსი გამოჩენილ კომპოზიტორთან, პროფესორ ალექსი მაჭავარიანთან.

თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ის სამი შვილის არაჩვეულებრივი დედაც იყო. ერთ-ერთი მათგანი, ვასილ კოკელაძე, კომპოზიტორია.

როგორი დონის ხელოვანია ნანული ბერაძე?

ძველ ჩანაწერებსა და ავტოგრაფებში შემონახულია ცნობილ კომპოზიტორთა შეფასებები მის შემოქმედებაზე. თუნდაც ორ მათგანს გავეცნოთ.

ისმაილ გულიაევი (ბაქო): „...ეს სიმღერები, ისეთი მელოდიურები არიან, ისე ვგრძნობ მათში ქართული ქარის ჩურჩულს და ქართული ხეების შრიალს, თითქოს ქართლის აყვავებული ვაშლის ბაღებში დავდივარ და ყვავილთა ფურცლები პეპლებივით ფარფატებენ ქართულ ჰაერში. გმადლობთ და კიდევ გმადლობთ ამ განცდისთვის...“

ალექსი მაჭავარიანი: „ნანული ბერაძე მთლიანად ინარჩუნებს ქართული სიმღერისთვის დამახასიათებელ მელოდიურობას, მუსიკალური ფრაზის ჟღერადობას, სიმსუბუქესა და სინატიფეს. ქალი თვითონ არის ჰარმონიულობის განსახიერება, მითუმეტეს, როცა თავად ცდილობს ბუნებრივ სრულყოფილებამდე მუსიკით მისვლას...“

წლების მანძილზე არამარტო ქუთაისში, არამედ თბილისშიც იმართებოდა კომპოზიტორ ნანული ბერაძის შემოქმედებითი საღამოები. 1999 წელს, თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში გამართულ მის საღამოზე მღეროდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები: ეთერ კაკულია, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვები.

მისი საესტრადო სიმღერები დაწერილია ქართველ და რუს კლასიკოსთა, ასევე ქუთაისში მოღვაწე პოეტების ტექსტებზე, ავტორია საბავშვო ოპერისა „თოვლის დედოფალი“, ანდერსენის მიხედვით (ლიბრეტო - მამუკა მიქელაძის და ეთერ ჟორჟოლიანისა), მუსიკალურად აქვს გაფორმებული თოჯინური სპექტაკლები...

„მართალია, ხანდახან ცუდად ვხდები, მაგრამ არ მინდა გავჩერდე, საბავშვო სიმღერების კრებული მინდა გამოვცე და ვმუშაობ ამაზე, დიდი სურვილი მაქვს გამოვიდეს, ეს ნამდვილად საჭიროა ბავშვებისთვის,“ - ამბობს კომპოზიტორი.

- როგორი შეგრძნებაა, როცა იცით, რომ გაამართლა მუსიკისადმი თქვენმა სიყვარულმა?

- ძალიან კარგი შეგრძნებაა. მიხარია ისიც, რომ ხშირად მხვდებიან ქუჩაში ჩემი მოსწავლეები. მართალია, ისინი უკვე დიდები არიან და მე ვეღარ ვცნობ მათ, მაგრამ მეფერებიან, მეუბნებიან, რომ მე მათ ვუყვარვარ, ეს  დიდი ბედნიერებაა.“

დამშვიდობების წინ მითხრა: „უკვე წლებია, არ მიმღერია“. მადლობა მოვახსენე, იმისთვის, რომ, ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, შეძლო ჩემთან საუბარი და ოთახიდან გამოვედი. ამ დროს ფორტეპიანოს ხმა მომესმა. არაჩვეულებრივმა ჰანგებმა უკან მიმაბრუნა: ქალბატონი ნანული უკრავდა! თავი მოაბრუნა და მითხრა:

„წლების შემდეგ, მე პირველად თქვენთვის დავუკარი.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია