დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეომრად დაბადებული კაცი
2011/06/13 13:16:05

მისი გმირობის ამბავს ჩვენი სოფელი დიდხანს ყვებოდა. ცხინვალის ომში მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად დაიჭრა და იქიდან ცოცხალი, მაგრამ უკვე ინვალიდი, პარალიზებული ხელით დაბრუნდა.

 

 

რამდენჯერმე გადავწყვიტე მასთან სტუმრობა, მაგრამ ხელს ყოველთვის რაღაც მიშლიდა და მოულოდნელად, თავად მესტუმრა, სათხოვარი ჰქონდა - ექვსი თვის უკან ქარმა სახლზე სახურავი გადაგვხადა, თავღია სახლში ვცხოვრობთ შვიდი სული ადამიანი, აქედან სამი მცირეწლოვანია. და, თუ შეიძლება, პრეზიდენტთან გასაგზავნი მორიგი წერილის ტექსტი დამაწერინეო. კარგახანს ვისაუბრეთ, ვთხოვე იმ რამდენიმედღიანი ომისა და მისი ბატალიონის შესახებ მოეთხრო:

ვიტალი კუჭუხიძე ჩემი იმდღევანდელი რესპონდენტი, შესანიშნავი მთხრობელი აღმოჩნდა. მაღალი აღნაგობის, ხორბლის ფერი სახითა და თაფლის თვალებით, გამჭოლი მზერით მიმზერდა, ჩემს წინ სკამზე იჯდა და გაუქმებული მარჯვენა გაუნძრევლად ედო მუხლზე. გული სევდით ამევსო, იმიტომ, რომ მივხვდი, ჩემს წინ ჯარისკაცად დაბადებული ახალგაზრდა კაცი იჯდა, იმ ქართველი გლეხების ჩამომავალი, ცალ ხელში კავით და მეორეში ხმლით, საუკუნეების მანძილზე განუწყვეტლივ რომ იგერიებდა ყოველმხრივ მოსეულ დუშმანს.

- მამაჩემი, ვარლამ კუჭუხიძე, როგორც ყველა მისი მეზობელი, ერთი პატიოსანი და ალალი გლეხი იყო, ფარცხანაყანების კეცივით გახურებული ქვის და მძიმე შრომის მეტი არაფერი უნახავს; ორი ძმა გამოგვზარდა, პაპისეული ძველი ფიცრული სახლის მეტი ჩვენთვის არაფერი დაუტოვებია. ჩემი ძმა-ვაჟა 16 წლის უკან რუსეთში სამუშაოდ წასული, 2007 წელში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ორი მცირეწლოვანი შვილის, მოხუცი დედის და სტუდენტი დის ერთადერთი მარჩენალი შევიქენი, უფროსი ძმის გარდაცვალებამ ის ნაბიჯი გადამადგმევინა, რომელიც დიდხანს საოცნებოდ მქონდა გადაქცეული და ომამდე ექვსი თვით ადრე ჯარისკაცი გავხდი.

სენაკში II ქვეითი ბრიგადის საცეცხლე ათეულში მეტყვიამფრქვევედ გამანაწილეს. იარაღისადმი მიდრეკილება ადრეული ბავშვობიდან მქონდა. ომის  დაწყებისთანავე სენაკის ბაზიდან ჩვენი ბრიგადის რამდენიმე ბატალიონი გაიყვანეს. თავის შეკავება გაგვიჭირდა ბიჭებს, ნადირის დასაჭერად დაგეშილები მეძებარივით მთელი ის ღამე თვალებდაჭყეტილები ველოდებოდით ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნას.

8 აგვისტოს, დილით, ნახევრად ბნელში წამოვცვივდით და სამხედრო მანქანებით გზას გავუდექით, ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით, სახეზე ყველას დაძაბულობა და ღიმილი გვეხატა. გზად დაბომბილი და გადამწვარი ქართული სოფლები გამოვიარეთ. ღამე ერთ-ერთ ქართულ სოფელში გავათიეთ, თუ ამას გათენება ერქვა, მთელი ღამე შეუსვენებლად გვესმოდა „გრადებისა“ და ტყვიამფრქვევების გრიალი.

9 აგვისტოს, დილაუთენია, სოფელი ხეთაგუროვი ავიღეთ, ჩვენი ბატალიონის ბიჭებმა სოფელი ფეხდაფეხ მოვიარეთ, ცარიელი სახლები მოვათვალიერეთ, ბევრ სახლში კარადებსა და ლეიბებში შეჩურთული რუსული და ქართული ფულის დასტები ვიპოვეთ, ხელი არაფრისთვის გვიხლია, დაცარიელებული და ევაკუირებული სოფელი მშვიდობიანად დავტოვეთ.

დღის I საათისათვის ბრძანება მოგვივიდა უკან დახევის შესახებ. ჩვენი ოცეული ორგანიზებულად მობრუნდა უკან ოფიცერ ნინუასთან ერთად. ერთი მხრივ გული გვწყდებოდა, „სად უნდა გავამხილოთ, ნახევარდღიანი ომის მონაწილეები რომ ვიყავითო“. მეორე მხრივ, გვიხაროდა, ჩვენი ოცეულის ერთ-ერთ წევრს ზუგდიდელ მამია ფანცულაიას სწორედ იმ წუთებში შეატყობინეს, მამა გახდი, ვაჟიშვილი შეგეძინაო! მასთან ერთად მისი ახლო მეგობარი ლევან თეფანიაც ხარობდა, თავად ორი მცირეწლოვანი შვილის მამა.

- როგორც კი ბაზაში დავბრუნდებით, ჩვენი ბიჭის დაბადება აღვნიშნოთო! - უხაროდა მამიას.

მოულოდნელად, ზურგიდან ორი მსუბუქი მანქანა წამოგვეწია, ჩვენ თხრილებში წავწექით, ერთ-ერთი მანქანიდან ვიღაცამ ქართულად გამოგვძახა:

- ბიჭებო, ნუ გეშინიათ, მტრები არ ვართ, სამშვიდობოდ ვართ მოსულები და მშვიდობაზე შეთანხმება გვწადიაო:

რამდენიმე ჯარისკაცმა თხრილებიდან წამოიწია და, სრულიად მოულოდნელად, „სამშვიდობოდ მოსულებმა“ თავისი მანქანიდან  ცეცხლი გაგვიხსნეს „ოსების მუხანათობამ თეფანიასა და ფანცულაიას სიცოცხლე უმალ იმსხვერპლა, იქვე, თხრილის პირზე უსულოდ დაცვივდნენ. ამის დანახვაზე მათმა მეგობარმა ხარებავამ „ერგეპე-7“ სისტემის „მუხა“ მტერს დაუმიზნა, მაგრამ იარაღი არ გავარდა, არადა, ის უკვე მთელი მკერდით წამომდგარი იარაღით იდგა თხრილის პირზე. მის გადასარჩენად მეც წამოვდექი ჩვენი დროებითი თავშესაფრიდან და ჩემი ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გავუხსენი მტერს. ელგუჯა ხარებავამ დრო იხელთა და ისევ თხრილში ჩაწვა, მე კი აღარ მახსოვდა, რას ვაკეთებდი, ორი ახალგაზრდა მეგობრის სიკვდილმა ჩემზე საშინლად იმოქმედა. თვალებზე ბინდი გადამეფარა, საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებით მცემდნენ... სხვა ბიჭებიც წამომეშველნენ და მტერი იქვე მოვსპეთ. მათი ორი მანქანა 8 მომხვდურითურთ გავანადგურეთ, თუმცა მშვიდობით გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. მათმა ნასროლმა ტყვიამ კისრის მალაში გამიარა, ჩავიკეცე. ბიჭებმა ხელში იარაღი ამართვეს და სახელდახელოდ საკაცეზე გადამიყვანეს.

ნახევარ საათში სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა. იმდენად ვიყავი დათრგუნული ჩემი მეგობრების სიკვდილით, რომ ჩემს თავზე და ჭრილობაზე არც კი დავფიქრებულვარ, მაგრამ, როცა კისრიდან წამოსულმა ბლანტმა სისხლმა მთელი ჩემი სამოსი მოსვარა, როცა დავინახე ჩემს გვერდით მჯდარი ახალგაზრდა ექთანი გოგონას სასოწარკვეთილი სახე, ამაოდ რომ ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას, მივხვდი, რომ სიკვდილის კარიბჭესთან ძალიან ახლოს ვიდექი. წარმოვიდგინე ძაძებით მოსილი დედა, უფროსი ვაჟის სიკვდილით დათრგუნული და ჩემი სიკვდილის ცნობით სასოწარკვეთილი, მეუღლე - გულში ჩაკრული ორი მცირეწლოვანი შვილით (ჩემზე ათი წლით უმცროსი, თავადაც ბავშვი იყო, მხოლოდ 16 წლისა, როცა ცოლად მოვიყვანე) ...წარმოვიდგინე, როგორ დამიტირებდა ჩემი უმცროსი და-მაყვალა, უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც უჩემოდ სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა!.. ვხედავდი, როგორ ცდილობდა სასწრაფოს ახალგაზრდა ექთანი ჩემი კისრის არტერიიდან სისხლდენის შეჩერებას, ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები, უკანკალებდა ხელები... როგორადაც შემეძლო, მაგრად ჩავჭიდე მაჯაში მარცხენა, იმიტომ, რომ მარჯვენას აწევას უკვე ვეღარ ვახერხებდი. ვეხვეწებოდი, დამშვიდებულიყო, ვთხოვე, ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, იმიტომ, რომ ჩემი სიკვდილი არ შეიძლებოდა, ჩემი შვილების დაობლება არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მათი ერთადერთი მარჩენალი მე ვიყავი და... ამის შემდეგ ძლიერი სისხლდენის გამო გონება დავკარგე.

გონზე მხოლოდ 10 ოქტომბერს მოვედი, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. როგორც შემდგომ გავარკვიე, პირველად სამედიცინო დახმარება ბატალიონის შტაბის ექიმმა მერი შავროვამ გამიწია, შემდეგ გორის საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაგრამ ინტენსიური დაბომბვების გამო ევაკუაცია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომიხდა. იქ წარმატებული ოპერაცია ექიმმა ლევან სუხიშვილმა გამიკეთა. მარჯვენა ხელის და ფეხის კიდური დამბლადაცემული დამრჩა.

მართალია, საზღვარგარეთ გასაგზავნი ჯარისკაცების სიაში ჩამწერეს, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში ჩემს თავს სხვა ჯარისკაცის ჯანმრთელობა არჩიეს და ასე დავრჩი პირველი ჯგუფის ინვალიდი და „სამხედრო სამსახურისათვის დროებით უვარგისის“. სტატუსი მერგო. მართალია, კომპენსაცია მომცეს, მაგრამ იმ ფულით ოჯახი, ვალები და ჩემი დის სწავლის საფასური გადავიხადე და ერთადერთი, რაც დამრჩა, აი, ეს მანქანაა. ისაა დღეს ჩემი ერთგული მეგობარი, ხელის მაგივრობასაც ის მიწევს და ფეხისაც, მის გარეშე, ალბათ, ქუჩაში სიარულსაც ვერ შევძლებდი - დაასრულა თხრობა ვიტალიმ.

- თუკი გამოჯანმრთელდები, მაშინ რას იზამ?

- ისევ ჯარში დავბრუნდები. მე მეომრად ვარ დაბადებული და მინდა სიცოცხლის ბოლომდე მეომარი ვიყო.

 

***

ვიტალი კუჭუხიძეს 2008 წლის შემდგომ ჯილდოს ჯილდოზე უგზავნიან. მიღებული აქვს: ქაქუცა ჩოლოყ-აშვილის სახელობის მედალი, მედალი საბრძოლო იარისათვის, მედალი მხედრული მამაცობისათვის, მადლობა ბატალიონის გადარჩენისათვის.

სამაგიეროდ, „საქბანკი“, საიდანაც სესხის სახით რამდენიმე წლის უკან 6 ათასი ლარი გამოიტანა, ჯარიმებისა და პროცენტების სახით უკვე 12000 ლარს ახდევინებს! ამ დროს, მატერიალურად ხელმოკლე ოჯახს უფროსი ბიჭუნა, მეორეკლასელი ლუკა, მეუღლის მშობლებთან ჰყავს გაგზავნილი იმის გამო, რომ ბავშვების სრულყ-ოფილად კვებას ვერ ახერხებენ. რამდენიმე თვის უკან მესამეც შეეძინათ - პატარა ვაჟა. ოჯახი სანახევროდ სახურავახდილ, ძველისძველ სახლში ცხოვრობს. ორჯერ მისწერა ვიტალი კუჭუხიძემ პრეზიდენტს წერილი, კანცელარიიდან მხარის ადმინისტრაციას გადმოუგზავნეს, გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გადაუმისამართა, ამ უკანასკნელმა რომელიღაც დანგრეული შენობის ძველი თუნუქის ნარჩენები ორჯერ გაუგზავნა მეომარს.

ე.წ. „სახურავის“ ქვეშ კი ძველებურად წვიმს...

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია