დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როდის დუმს გიორგი გიოვანი?
2011/05/03 12:51:24

ფერი - მისი სულისა და სხეულის ნაწილი

 

გულახდილად უნდა ვთქვა, რომ პირველად შევხვდი ადამიანს, რომელმაც ინდივიდის ერთ-ერთი ტიპის - პროვოკატორის შესახებ დადებითი ასპექტით ასეთი რამ მომწერა (ინტერვიუ ინტერნეტის მეშვეობით შედგა): „პროვოცირება შეუძლებელია აწარმოო შესაბამისი ბაზის და ერუდიციის გარეშე. ეს ის ფაქტორია, რომელიც შინაგან ძალას აერთიანებს და ადამიანის ინდივიდუალიზმსა და შინაარსიანობას უსვამს ხაზს. მე ასე ვთვლი.“  

 

თავადაც ასეთად მიაჩნია თავი, პროვოკატორად და პირდაპირ ადამიანად; როგორც ამბობს, სირთულეში ბუნებრივად შერწყმული სიმარტივეა. ახლა 28 წლის გიორგი გიოვანზე უნდა მოგიყვეთ. გიოვანი ფსევდონიმია, ნამდვილი გვარი კი კუკულაძეა. როცა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მისი გვარის წარმოთქმით რომ არ შეეწუხებინა საზოგადოება, ქართულ ფუძეზე აგებული შემოქმედებითი  ფსევდონიმი აირჩია. თავის ნახატებზე ავტოგრაფსაც ლათინური ასოებით შედგენილი მეტსახელით ტოვებს.

ხატავს ადრეული ბავშობიდან, მის მეხსიერებაში არ არსებობს ფრაგმენტი ხატვის გარეშე და პერიოდი, როცა ხატვა უცხო იყო. ამბობს, რომ ფერი მისი სამყაროა და სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან მის ნამუშევრებს - ფერთა სიუხვე და ემოცია, რომელიც მხოლოდ მისია. მხატვრობა მისი სამყაროა, წარმოდგენილის გადმოცემის მისეული ფორმა და სულიერი საზრდოც, ყველაფერთან ერთად. ფერს მისი სულისა და სხეულის ნაწილად თვლის. მიუხედავად ბევრი პრობლემისა (ჯანმრთელობის მხრივ იქნება ეს, თუ ცხოვრებისგან შექმნილი სხვადასხვა სირთულე), მაინც ცდილობს, ხელოვნების დახმარებით საკუთარი სათქმელი თუ სატკივარი გამოხატოს და სიცოცხლის ხალისი არ დაკარგოს. ხატვა მისთვის მხოლოდ ჰობი არასდროს ყოფილა და არც იქნება, რადგან ეს სივრცეა, მისი არსებობისთვის აუცილებელია სივრცე...

მაგრამ ხშირად მის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ყველაფრის გადაფასებისა და პაუზის პერიოდი დგება.

„არსებობს ეტაპი, როცა გჭირდება გადაფასება და გადახედვა თუნდაც შენივე სურვილებისა... უნდა დარწმუნდე საკუთარი შემოქმედების საჭიროებაში. დიდ გავლენას ახდენს საზოგადოება ამ პროცესზე და კონკრეტული ადამიანების დადებითი მუხტი, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.“

როცა შემოქმედ ადამიანზე ვწერ, აკვიატებულად, ყოველთვის ვეკითხები, როდის და როგორ მიდის მასთან მუზა, რადგან ეს ყოველთვის ინდივიდუალური და ინტიმური საკითხია. როცა გიორგის ეს კითხვა დავუსვი, მომწერა, ვდუმვარო. არ მოვეშვი და ბოლოს შედარებით ვრცელი პასუხი მივიღე: „ისევ ვდუმვარ... არასდროს მიფიქრია ამაზე კერძოდ, დეტალურად, ღრმად... მე მაქვს განცდა და გადმოვცემ მაშინ, როცა შესაბამისი გარემოა, ან შინაგანი საჭიროება. მუზა ჩემთვის სურვილთან ასოცირდება.“

ამ სურვილისა და განცდის მეშვეობით კი იქმნება ნამუშევრები, რომლებსაც თავად გიორგი იმპრესიონიზმის, მოდერნისა და აბსტრაქტული ფორმების შერწყმად მიიჩნევს და არა - რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობის საკუთრებად. საერთო ჯამში, არ იცის, რამდენი ნახატი აქვს, რადგან არასოდეს დაუთვლია. რომც მოინდომოს, დათვლასაც ვერ შეძლებს. ბევრი მათგანი უკვე მისი საკუთრება აღარც არის. ერთმა საერთო ნაცნობმა მითხრა, რომ გიორგის ნამუშევრების პირველ პერსონალურ გამოფენაზე (რომელიც 2010 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ბათუმში) თითქმის ყველა ნახატი გაყიდულა. 

როცა ფერები ტილოზე გადააქვს და თავის სამყაროს ქმნის, აგრესიულია, ჩაკეტილი, ემოციურად დატვირთული და სჭირდება სივრცე, თუნდაც ყველაზე მცირე, მაგრამ ხელშეუხებელი და მხოლოდ მისი.

გარდა ხატვისა, ხანდახან სიტყვებითაც ერთობა. პროზაც და პოეზიაც ერთნაირად ახლობელია მისთვის. ერთი წიგნიც გამოსცა, ახლა მეორეზე მუშაობს. „ვწერ პერიოდულად. ბოლო ჟამს გავპასიურდი რატომღაც და აღარც ვახსენებ ამ მხარეს. ახლა ვთვლი, რომ ზედმეტია, უფრო აქტიური ვიყო, ვიდრე ვარ. ვწერ ზოგადად ყველაფერზე, ვქმნი რეალურ გმირებს და ვხატავ სამყაროს, რომელიც ჩემი თვალით იშიფრება.“

სინამდვილეში კი პროფესია სრულიად განსხვავებული აქვს, ხელოვნების ხაზს ვერც ერთ წერტილში რომ ვერ გადაკვეთს - ისეთი. დაამთავრა ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი და პეტერბურგის გერცენის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრუქტურული და საკადრო მენეჯმენტის განხრით. ახლა ბათუმში ცხოვრობს. სამწუხაროდ, პროფესიით ვერ მუშაობს და სამსახურის პოვნა  მისი ოცნების შემადგენელი ნაწილია. საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება უნდა.     „არაფერია ჩემში განსაკუთრებული, თუმცა, პერიოდულად მეუფლება განცდა, რომ ჩემი ჰორიზონტი გაცილებით ვრცელია, ვიდრე პირობითი წარმოდგენა არსებობაზე.“

ადამიანური ბუნების დამსახურებაა ისიც, რომ კმა-ყოფილი საკუთარი თავითა და მიღწეულით არასოდესაა, თუმცა, ხანდახან, ძალიან იშვიათად, პირიქითაც ფიქრობს. 

კიდევ ერთი აკვიატებული კითხვა მაქვს ხოლმე ხელოვანების მიმართ, მგონია, რომ მათი უმრავლესობა სხვა დროსა და სივრცეში ცხოვრებას ისურვებდა. თუმცა, გიორგი გიოვანისთვის ჩვენი რეალობა სავსებით მისაღები ყოფილა. საკუთარი შემოქმედებაც სწორედ ამ ეპოქის ასახვად მიაჩნია.

მალე მისი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართება, ნახატების, ფოტოებისა და პოეზიის თანხლებით. ჰო, მართლა, ფოტოც მისი გატაცებაა. ჩემი საინტერესო რესპონდენტების რიცხვს კი კიდევ ერთი მრავალმხრივი ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული პიროვნება შეემატა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია