დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი ქეთი
2011/01/24 12:58:03

„საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი, შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ, მიტომ დაპატარავდი.“  

ეს ცნობილი სტრიქონები ინტერნეტში ერთი ძალიან ლამაზი გოგონას სურათზე ვნახე მიწერილი. ეს გოგონა 18 წლისაა და კანადაში ცხოვრობს, უკვე 8 წელია. იქ სწავლობს, მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს და ქართულ ხალხურ სიმღერას არ ივიწყებს. მითხრა, დღეში 2 საათი ვმეცადინეობ და ეს ჩემთვის დასვენების პროცესიაო. ჩვენი ინტერვიუ ინტერნეტის მეშვეობით შედგა და გამიკვირდა, გამართული ქართულით რომ მწერდა, გამეხარდა კიდეც...

როცა ვუთხარი, საკუთარ თავზე რას მეტყვი, როგორია ქეთი ხვედელიძე-მეთქი, ასეთი რამ მომწერა (უცვლელად გთავაზობთ):

“რა ვიცი, აბა, როგორ გითხრა, ნამდვილად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, რადგან სწორად იმას უფრო ვთვლი, როცა სხვა გაფასებს და გახასიათებს. მეც ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ძალიან ტრადიციული, მორწმუნე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ემოციური, ნოსტალგიური და ვცდილობ, ეს ყველაფერი სხვებსაც გავუნაწილო, მათაც იგივენაირად შევაყვარო საქართველო, როგორც მე მიყვარს. ვარ ძალიან მხიარული, ხმაურიანი, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მიჭირს მეგობრის დაკარგვა და ამას ძალიან განვიცდი. ექსტრემალური გართობაც ძალიან მიყვარს. ვოცნებობ საქართველოში ჩამოსვლისას ხევსურეთისა და სვანეთის დათვალიერებაზე და ასევე, - იერუსალიმისა და რომის ნახვაზე.“

თუ მის ინტერნეტ-გვერდს თვალს გადაავლებთ, შეიძლება, სევდა დაგეუფლოთ, სახელიც ისეთი აქვს, ნოსტალგიური - „Georgian Katie“, ანუ ქართველი ქეთი... თვალები სევდიანი... თვითონ მითხრა, როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვასრულებ, მონატრების გამო, თვალებში სევდა მიდგებაო. მთელი ოჯახი (მამა, დედა და უფროსი და) მღერის, როცა ინტერნეტში ახალ სიმღერას პოულობენ, შემდეგ მეცადინეობენ და ხმებს უწყობენ ერთმანეთს. ესეც ერთგვარი დასვენების ფორმაა მათთვის. სიმღერის დროს მგონია, რომ საქართველოსთან ახლოს ვარ და ამიტომაც, განსაკუთრებით მომწონს ხელოვნების ეს დარგიო. როგორც თავად ამბობს, მისი სევდიანი თვალებიც სამშობლოს მონატრების შედეგია. 

კალგარიში ქეთის ცხოვრება საკმაოდ აქტიური და დატვირთულია. დილით ადრე იღვიძებს რომ საქართველოში დატოვებულ მეგობრებსა და ახლობლებს ინტერნეტით ესაუბროს (დროში 11 საათიანი სხვაობის გამო), შემდეგ სკოლაში მიდის, შუადღეს კი სიმღერის გუნდში ორსაათიან გაკვეთილს ესწრება, მერე სამსახურში მიდის და შინ 9 საათზე მამას მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად იღლება, საქმე, რომელსაც აკეთებს, სიამოვნებას ანიჭებს. „ვთვლი, რომ კარგი საქმით ვარ დაკავებული. უქმად ყოფნას ვერ ვიტან და თან ჩემი შემოსავალიც მაქვს. კვირის ბოლოს გართობასაც ვახერხებ მეგობრებთან ერთად, დავდივართ კინო-თეატრებში, ბოულინგცენტრში ან კაფეებში. ღამის კლუბებში გართობა აქაურ ქართველ ახალგაზრდებს არ მოგვწონს.“

იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, დროსაც, ძირითადად, მათ გარემოცვაში ატარებს. კანადელებთან „ქართულად“ ვერ ერთობა, ამიტომ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობაც არ აქვს. თავიდან ძალიან გასჭირვებია 10 წლის ბავშვს ახალ რეალობასთან შეგუება, ვინაიდან მისი თანატოლები ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამდნენ, ზედმეტ უფლებებს აძლევდნენ თავს მასწავლებლებთან, მეგობრებთან, ან მშობლებთან ურთიერთობისას.

როგორც ქეთიმ მითხრა, იქ მცხოვრები ქართველები ხშირად იკრიბებიან ერთმანეთის ოჯახებში და ქართულ სუფრასთან ქართულად ილხენენ ხოლმე. ცეკვავენ, მღერიან და ცდილობენ, კანადელ ნაცნობებსაც გაუზიარონ ქართული ტრადიციები.

სახლში აქვთ ნივთები, რომლებიც საქართველოს ახსენებს: „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა, ქართული დროშები, სხვანური და ხევსურული ქუდები, ხანჯლები, ყანწები და ხატები. კალგარის ქართულ დიასპორას საკუთარი ეკლესია არ აქვს, შესაბამისად, ხან ბერძნულ, ხან კი რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრებში ესწრებიან წირვას.

რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს: ოჯახში, ძირითადად, ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, მათ შორის ტყემალსაც, ოღონდ ქლიავისგან... „სადილებს ჩვეულებრივ ვაკეთებთ, მაგრამ ქართული გემო მაინც არ აქვს, იმიტომ, რომ მთლად ორგანული არ არის. მენატრება სულგუნი, თონის პური და „ნამდვილი“ ტყემალი.“

საქართველოში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდის, თბილისშიც ბევრი მეგობარი ხვდება, ბავშვობის მეგობრები... მათ გარდა, ელოდებიან ბაბუები, ბებიები და დეიდები. სწორედ ამიტომ თვლის, რომ აქ საცხოვრებლად დაბრუნება არ გაუჭირდება. როგორც კი სწავლას დაასრულებს და სათანადო განათლებას მიიღებს, დასთან ერთად ჩამოვა. სამომავლოდ აპირებს იურისტის პროფესიას დაეუფლოს, კონკრეტული მიმართულება ჯერ არ აურჩევია.

ვიზუალურად ძალიან ლამაზია, საუბრისას გულწრფელი და ბუნებრივი,  სათნო და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეჭვგარეშეა, რომ კანადელი ბიჭები უყურადღებოდ არ დატოვებენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ქეთი მხოლოდ ქართულ ოჯახს შექმნის და ისიც მოგვიანებით - ჯერ ჩემს გონებას ამაზე ფიქრისთვის არ სცალიაო.

დამპირდა, როცა მანდ ჩამოვალ (სავარაუდოდ, 2 წლის შემდეგ), ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებითო. ვიცი, რომ კანადა ჩემი დროებითი ნავსაყუდელია და აუცილებლად დავბრუნდები, მაშინ, როცა ამის დრო მოვაო.

ბოლოს ვკითხე, ახლა, ამ წუთში რას გრძნობ საქართველოს მიმართ და როგორია შენი სამშობლო-მეთქი. „ენით აუწერელ სიყვარულს ვგრძნობ და ტკივილიან მონატრებას, მინდა, რომ მალე შევხვდეთ მე და ჩემი ქვეყანა ერთმანეთს. საქართველო არის მუხა, რომელსაც მუმლი ვერასოდეს წააქცევს,“ - მიპასუხა ქართველმა ქეთიმ.

სასიამოვნო ემოცია დამეუფლა, არ მეგონა, 18 წლის ახალგაზრდას ასეთი აზრები თუ „აწუხებდა.“ ბედნიერებაა, როცა ისეთ ადამიანებს ხვდები, რომლებშიც  „ანგელოზური ბუნება“ შესამჩნევია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია