დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კუდაბზიკა იმერელის თოხი, წიგნი და კომპიუტერი
2010/12/20 15:21:01

სიახლე აღარავისთვისაა, რომ თანამედროვე ადამიანი დიდ დროს ინტერნეტში ხეტიალს ანდომებს. თუმცა, ამ ხეტიალს ხშირად საინტერესო აღმოჩენამდე, ან ადამიანამდე მივყავართ. ჩვენც სწორედ ამ გზით მივაგენით როლანდ ხოჯანაშვილს - ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც სასწავლო პროცესისა და სამეურნეო საქმიანობის დასრულების შემდეგ  დროს ინტერნეტს უთმობს.

ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავ ადამიანთან აქვს ურთიერთობა. მისი ვირტუალური მეგობრების რიცხვი ამჟამად 954-ია და მათ შორის ბევრი ცნობილი სახეც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. მაგრამ, ადამიანებს მათი პროფესიის, კარიერის, ეკონომიკური მდგომარეობის ან პოპულარობის გამო როდი უმეგობრდება. არც ოპოზიციონერია და არც „მიშისტი,“ ნეიტრალურია და ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელთან თავისუფლად ურთიერთობს, მაგრამ მისით მანიპულირების საშუალებას კი არავის აძლევს. მის მეგობრებში შეიძლება წააწყდეთ როგორც დავით უსუფაშვილს, ისე კახა კუკავას, ან ლეიბორისტული პარტიის რომელიმე ცნობილ წევრს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან პოლიტიკური შეხედულებების გამო ურთიერთობს, უბრალოდ, ყველაში პიროვნების დანახვას ცდილობს: „არჩევნებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, როგორც კანდიდატს, თუმცა, ვყოფილვარ კომისიის თავმჯდომარე. მაგრამ, საქმე გამიკეთებია ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს და არა ისე, როგორც ეს ვიღაცას „აწყობს.“ ჩემთვის მთავარია, საკუთარ თავთან ვიყო მართალი. ოპოზიციონერ ლიდერებს ხშირად ვეუბნები, თქვენი უნიათობით ეს მთავრობა არ შემაყვაროთ-მეთქი. ბუნებით კრიტიკოსი ვარ არამარტო სხვების, არამედ, უპირველესად, საკუთარი თავის მიმართაც.“

გეოგრაფიული საზღვრები ვერ უშლის ხელს, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელთან ჰქონდეს ურთიერთობა. ჭიათურიდან 30 კმ-ით დაშორებულ სოფელ გეზრულში სატელიტური ანტენებით, ინტერნეტითა და 3 ტელეფონით ინფორმაციულ ვაკუუმს ივსებს და სოციალური აქტიურობის პიკზეა.

როლანდის კომუნიკაბელურობისა და ხელგაშლილობის გამო ამ ზაფხულზე მის ოჯახში ინტერნეტის მეშვეობით გაცნობილი 9 ადამიანი ისვენებდა. როცა ინტერვიუ შედგა, მაშინაც თურქეთიდან ელოდებოდა სტუმარს, ლაზ ქალბატონს, რომელიც სტამბულში ქართულ და რუსულ ენებს ასწავლის. „ხშირად მეუბნებიან, შენთან თავს კარგად ვგრძნობთო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხანდახან ინტერნეტის მეშვეობით ზოგისთვის ფსიქოლოგის ფუნქციას ვასრულებ. მეც ბევრჯერ მქონია სულიერი შიმშილის პერიოდი და ჩემი ვირტუალური მეგობრების დახმარებით შემივსია ეს დანაკლისი. ხანდახან ისეთი ადამიანი გამოჩნდება, მიხვდები, რომ ის შენი ნაწილია, როგორც გული ან ტვინი. მერე მასთან ურთიერთობას სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს. ახლა ასეთი რამდენიმეა ჩემი მეგობრების რიცხვში, თუმცა ზოგიერთს პირადად არც ვიცნობ. ზოგჯერ ისეთ სულელურ და არასერიოზულ რაღაცებს ვწერთ ერთმანეთს, რომ მერე მეცინება, ეს რამ დამაწერინა-მეთქი. მხიარული და „ლაყე“ ვარ, ალბათ, ჩემშიც ეს მოსწონთ.“

მხიარული ნამდვილად არის. თავად ამბობს, რომ ძალიან თვითკრიტიკულია, თვითირონიულიც კი. საკუთარი არაფერი მოსწონს: „მე ცუდად დახატული სურათივით ვარ, სახე მაქვს გადღაბნილი. ასე მგონია, ყველაზე გრძელი ცხვირი მაქვს, ყველაზე უშნო თვალები.“ მწვანე თვალები აქვს, ერთი შეხედვით მხიარული, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მიაჩნია, რომ შინაგანად მძიმე პიროვნებაა. თვალებშიც სულ სევდა აქვს, რადგან ყოველთვის ვიღაცის პრობლემა აწუხებს. მე ჩემი თავისთვის არასდროს მცალია, ხან ოჯახს ვჭირდები, ხან მეგობრებს და ხან სკოლასო. თუმცა, თავისი ცხოვრების წესით კმაყოფილია და მის შეცვლას ახლო მომავალში არ აპირებს.

სიცოცხლის 35 წლიდან  სკოლის გარეშე მხოლოდ 8 წელი იცხოვრა. 17 წლის ასაკიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს გეზრულში.

90-იან წლებში ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებს ძალიან უყვართ, მისივე ხასიათისა და უშუალობის გამო. თვლის, რომ მოსაბეზრებელი მასწავლებელი არ არის, ბავშვებთან მეგობრობს და მათ გონებრივ განვითარებაზე ზრუნავს. არ უნდა, რომ მისი მოსწავლეები თანამედროვე ცხოვრების ტემპს ჩამორჩნენ. როლანდ მასწავლებლის წყალობით, ისინი ინტერნეტსა და კომპიუტერს თავისუფლად ფლობენ, ერთ-ერთი ლიტერატურული საიტისთვის მასალებსაც ამზადებენ და მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. ბევრის გაოცებას  იწვევს ზღვის დონიდან 640 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფლის მოსწავლეების, ამგვარი აქტიურობა - „მოუსვენარი“ მასწავლებლის წყალობით, მათ იმაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე ქალაქელმა მოსწავლემ შეიძლება იცოდეს.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა როლანდ ხოჯანაშვილისათვის უკეთესი სამსახური შეუთავაზებიათ, მათ შორის - თბილისშიც, თუმცა, ვერ მიატოვა თავისი სოფელი და მშობლიური სკოლა, რომლისთვისაც 2004 წელს 50 000 დოლარიანი გრანტიც კი მოიპოვა და, ისევ მისი წყალობით, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. ახლა სკოლის დირექტორის მოადგილეა. სამი წლის წინ ჰქონდა შანსი, ყოფილიყო პირველი პირი, თუმცა მოსწავლეებთან ერთად თავად ზრუნავდა უსამართლოდ გათავისუფლებული დირექტორის ადგილზე დასაბრუნებლად. შემოთავაზებაზე უარი თქვა. „მე მირჩევნია, ვიყო მეორე და ვაკეთებდე პირველის საქმეს, ვიდრე ვიყო პირველი და ვემორჩილებოდე ვიღაცის ბრძანებას,“ - ასე ხსნის საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს ღიმილით. სკოლაში დღის უმეტეს ნაწილს ატარებს, დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე საორგანიზაციო თუ სასწავლო პროცესისთვის საჭირო საქმეებს აგვარებს. ხანდახან, მთელი დღის სკოლაში გატარებაც უწევს... თვლის, რომ იქაურობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მოწოდებით მასწავლებელია და გაკვეთილის ჩატარების პროცესში საკუთარ სტიქიაშია. ამ დროს არავისთვის და არაფრისთვის სცხელა. ცდილობს, მოსწავლეებს ლიტერატურა შეაყვაროს, თუმცა, აქვე დასძენს, რომ თუ ბავშვს კითხვის ოჯახური ტრადიცია არ უწყობს ხელს, მარტო მასწავლებელი ვერაფერს შეძლებს. თავად კი ბავშვობიდან ბევრს კითხულობდა, ახლა წიგნის ადგილი თანდათან კომპიუტერმა დაიკავა.

მისთვის სოფელი შეუცვლელია, მოსწონს იქ ყოფნა: „ქალაქში რომ წავიდე, რა უნდა გავაკეთო განსხვავებული? იქაც მასწავლებელი ვიქნები და აქაც. როცა სკოლა, ინტერნეტი და წიგნი მომბეზრდება, ვენახში, ყანაში ან ფუტკრებთან მივდივარ და ვისვენებ. სოფელში არ მბეზრდება, უამრავი საქმე მაქვს და ჩემს ენერგიასაც ვხარჯავ. მიხარია, ჩემს დამყნილ ხეებს რომ ასხია, მოსავალი რომ მოდის, ღვინოს რომ ვწურავ, თაფლი რომ ამომაქვს სკიდან. ეს ყველაფერი კი ქალაქში დამაკლდება. მით უმეტეს, თუ სოფელში ინტერნეტი გაქვს, რა მოგაწყენს ადამიანს?!“

როლანდ ხოჯანაშვილს ფუტკარი განსაკუთრებით უყვარს, უბრალოდ, სიამოვნებს მისი მოვლა. თვლის, რომ ეს მშრომელი მწერები შეუფასებელი სიმდიდრეა და მათ ვერასოდეს გაყიდის. სურვილი აქვს, მანამ იცოცხლოს, ვიდრე ყველა თავის ნაცნობს, ვინც ამის ღირსი იქნება, ფუტკრის ერთ ოჯახს არ აჩუქებს. ახლა 15 სკა აქვს და მათთან ფუსფუსში ყოველდღიურობისგან ისვენებს. ალბათ, სულიერ სიმშვიდეს პოულობს და ახალი ენერგიით ივსება. ენერგია კი ნამდვილად მოჭარბებულად აქვს, ჰიპერაქტიურია და ცდილობს, თავის ემოცია სხვებსაც გადასდოს. ყველა მეფუტკრე კეთილი ადამიანიაო, ამბობს.

გეზრულიდან გასვლაც არ უყვარს, მითუმეტეს, მგზავრობა. იქ თავისი სამყარო აქვს, რომელშიც თავს კარგად გრძნობს და წუხს, როცა სოფელს დროებით ტოვებს, მგზავრობა მასუსტებსო.

ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ სუფთა გულისა და ბუნების ადამიანია. სოფლისთვის დამახასიათებელი სიკეთე აქვს შემორჩენილი: „თუ რაიმე ახალი ვიყიდე, მაგალითად, ტანსაცმელი და შევატყვე, რომ ვინმე ჩემიანს მოეწონა, დაუფიქრებლად ვაძლევ. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი მოსწავლეებისთვისაც მიჩუქებია რაიმე ნივთი. მინდა ბევრს დავეხმარო და რაც შემეძლება ის გავაკეთო. რად მინდა ფული? ნიორივით მიყროლდება და ვყრი მერე,“ - ჩვეული იმერული იუმორით მითხრა. ჰო, მართლა, არც იუმორს უჩივის, აბა, რა იმერელია მაშინ? არც სტუმარ-მასპინძლობა ეშლება. ურჩევნია თავად იყოს მასპინძელი, ვიდრე სტუმარი. მეგობრებსაც აფრთხილებს, ყველა ერთად ნუ მოხვალთ, თორემ ყურადღება გამეფანტება და საკადრის პატივს ვეღარ გცემთო.

ცდილობს, ეკლესიური ნორმების დაცვით იცხოვროს, მარხვას იცავს, აღმსარებელიცაა და მაზიარებელიც. თუმცა, საკვებთან დაკავშირებული რელიგიური შეზღუდვები ხელს არ უშლის, სტუმრებს საკადრისად უმასპინძლოს, ზემო იმერულად...

ერთი ძალიან სახალისო რამ მითხრა: ალერგიული ვარ ყველაფრის მიმართ, კომპიუტერის, ყავისა და თოხის გარდაო. თვლის, რომ კუდაბზიკა იმერელია, არ უყვარს საჩუქრების მიღება, გაცემა უფრო სიამოვნებს. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც პარტიული  საქმის გაკეთების სანაცვლოდ ბევრ რამეს დაჰპირებიან, თუმცა, უთქვამს, რომ მხოლოდ შუმახერის პირად მძღოლად დაქირავებისა და „მერსედეს მეიბახის“ მოყვანის შემდეგ დათანხმდებოდა ასეთ შემოთავაზებას. თვლის, რომ უბრალო მასწავლებელია, რომელიც არ იყიდება.

კუდაბზიკა იმერელს არც თოხის მოქნევა რცხვენია და მის მომავალ მეუღლესაც ამ პირობას უყენებს. „მთავარია, ქალმა თოხის ხმარება იცოდეს, აბა, ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნით დღეს ვიღას გააკვირვებ? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თორემ რა უნდა ქალს ყანაში? ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს და ბავშვები აღზარდოს.“ ცხოვრებას კი იმას დაუკავშირებს, ვინც სოფელში ქალაქური ყაიდით ცხოვრებას დათანხმდება და მას საუკეთესოდ გაუგებს.

უსმენს კლასიკურ მუსიკას და ოპერის მომღერლებს, აკეთებს სხვადასხვა წიგნების კორექტურას ანაზღაურებისა და სახელის გარეშე, არ უყვარს პოლიტიკა, სამაგიეროდ, უყვარს ადამიანები მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

არის, უბრალოდ, როლანდ ხოჯანაშვილი - ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ადამიანობას ასწავლის...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია