დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მზად ვარ, ვიომო ათასების ნაცვლად“
2010/11/15 13:58:27

ჩვენ ვართ სულსწრაფები, სულსწრაფი სურვილებისაკენ მიმავლები და სისწრაფეში გაწაფულები... ჩვენ გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მაგრამ მუდმივად ვაგვიანებთ... ჩვენ შეგვიძლია ლოდინიც, მთელი ცხოვრება, ეპოქები და საუკუნეები ვუცდით მომავალს, გვახსოვს წარსული, მაგრამ ვერ ვგრძნობთ წარსულს,“ - წერს ელგა ფოლადიშვილი და ყოველდღე, როცა კი უკვე ასე ყბადაღებული სოციალური ქსელის Facebook-ის „კარს შევაღებთ“,  მისი ტკივილამდე მართალი და საჭირო ფრაზები გვახსენებენ, რომ ჩვენ გვატყუებენ და ჩვენც ვტყუვდებით... ჩვენ გვაპურებენ და ჩვენც ვპურდებით. ჩვენ გვაჯერებენ და ჩვენც გვჯერა...

ელგა ფოლადიშვილი - ადამიანი, ჟურნალისტი, მხატვარი, ქალი... რომელსაც იცნობს დღეს სოციალურ ქსელში ჩართული სამშობლოს და სიმართლის მოყვარული თითქმის ყველა ინტელექტუალი. „ასავალ-დასავალის“ თითქმის ყველა მკითხველი, „ობიექტივის“ თითქმის ყველა მაყურებელი, GHN"-ს თითქმის ყველა სტუმარი ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტი, რომელმაც დღეს თავისდაუნებურად იტვირთა - ყოველ ქართველამდე მიეტანა ის, რაც დღეს თანდაყოლილი თუ შეძენილი გულგრილობით გვინდა დავივიწყოთ, მივანავლოთ ჩვენში მყოფი ქართველი და მონური მორჩილებით ვადევნოთ თვალი ქართველებისთვის ტვინისგამორეცხვის  „რიტუალებს“.

...ასე რომ, „სული ფრთებს ითხოვს, გული გონს უხმობს, სხეული - აბჯარს... გაძლება უნდა ანიდან ჰოემდე გასავლელ შარას.“ ელგა სულ ახლახან ქუთაისს სტუმრობდა. ვერ გავუშვებდით ხელიდან ყველაზე პოპულარული Facebook-ელის სიახლოვეს და ჩვენ უბრალოდ ვისაუბრეთ ყველაფერზე - პირადზე და საზოგადოზე...

 

ჩვენ დავიბადეთ „მზეგრძელობის“ დიდი იმედით და დავიკარგეთ დღეგრძელობის ლაბირინთებში

 

ელგა: „ჟურნალისტიკა იყო ჩემი ახირება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან რთული იყო იქ ჩაბარება. მაგრამ გათამამებული ვიყავი ბავშვობიდან. ერთ დღეს თემას რომ დავწერდი, მეორე დღეს ის რაიონულ გაზეთში იბეჭდებოდა. მერე ვისწავლე ჟურნალისტიკის სკოლაში სადაც ნოდარ ტაბიძე მასწავლიდა. სწორედ იქედან დამიმახსოვრა მან. აი, გავხდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი და აღმოჩნდა, რომ ეს ის არ არის, რაც მე მინდოდა. პირველივე ლექციაზე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და იქიდან წამოვედი. მე ვიყავი ძალიან ცუდი სტუდენტი, უფრო სწორედ, არ ვიყავი სტუდენტი. მაგრამ ეს იყო ჩემი პროტესტი მოვლენების მიმართ. ჯერ მამა მომიკლეს, მერე მეგობრები, თანაც სამი ომი დაემთხვა ჩემი სტუდენტობის პერიოდს. მე ამით თავს არ ვიმართლებ, ჩემს კურსზე იყვნენ ბავშვები, რომლებსაც უნდოდათ სწავლა და სწავლობდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტი ჩემს მაგივრად ნოდარ ტაბიძემ დაამთავრა. არ ვიცი, რა პოტენციალს ხედავდა ეს ადამიანი ჩემში, მაგრამ ერთხელ შინ მომაკითხა და ისე წამომიყვანა, იმიტომ, რომ ის წელი მთლიანად ჩავაგდე. მე ვგრძნობდი, რომ ნოდარ ტაბიძე ხვდებოდა ჩემს ამ შინაგან პროტესტს. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე. მანამდე, მისაღები გამოცდებისას, მოხდა ისე, რომ მე დავწერე თემა ქართულ წერაში და გამისწორა შესანიშნავმა ადამიანმა მერაბ ბერიძემ, როგორც მერე გავიგე. ამ ადამიანს იმდენად მოეწონა აზრობრივად თემა, რომ გრამატიკული შეცდომები ლურჯი კალმით ჰქონდა შესწორებული, რომ ნიშანი არ დაეკლო. დღეს ხომ ასე ლანძღავენ კომუნისტური პერიოდის ლექტორ-მასწავლებლებს. მე ეჭვი მეპარება, რომელიმე დღევანდელი პედაგოგი ასე მოიქცეს.

... ამ ფაქტებით ვიგრძენი, რომ ამ სამყაროში მოხვედრისას უფალი მიგზავნიდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც დამინახავდნენ და შემაფასებდნენ.

... დამთავრების შემდეგ წავედი ბოლნისში, სადაც მაშინვე დამნიშნეს რედაქტორის მოადგილედ, მაგრამ მალევე წამოვედი, რადგან მივხვდი, რომ იქ ვერ გავიზრდებოდი. ვიმუშავე „7 დღეში“,  „ახალ 7 დღეში“, „არგუმენტში“, „ასავალ-დასავალში“, ახლაც იქ ვარ, ვარ      „ობიექტივიში“ და მუდმივად, ყველგან და ყოველთვის მახსოვს პაპაჩემის სიტყვები... როცა ერთხელ მან ჩვენს სოფელს შემახედა და მითხრა:“ პაპა, მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნები, მთავარია, როგორ გააკეთებ შენს საქმესო. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ სოფელში ყველა სახლი ჩემი აგებულია და ვიცი, რომ, სულ მცირე, სამი თაობა მაინც იცხოვრებს შიგნითო.“

 

ჩვენ მზე დავკარგეთ, მზის საძებნად გაგვიწევია!... ვბრუნდებით საკუთარ თავთან საკუთარ თავში...

 

უბედნიერესი პერიოდი მქონდა მაშინ, როდესაც ვაკეთებდი სასოფლო-სამეურნეო ჟურნალს „გუთნისდედა“. ერთ დღეს, დამირეკა ჯუმბერ პატიაშვილმა და მითხრა, რომ უნდა გაგვეკეთებინა სასოფლო-სამეურნეო ჟურნალი. მე გავოცდი. მართალია, დაბადების ადგილი დმანისი მიწერია, მაგრამ სოფლის მეურნეობისაგან ძალიან შორსა ვარ, არასოდეს მიწასთან შეხება არ მქონია. გავაკეთეთ ქართული, ლამაზი ჟურნალი, რომლის სახელის დარქმევაც თავისებურად სიმბოლოსთან იყო დაკავშირებული. წეროვნის ინსტიტუტის ერთ ოთახში, როცა უკვე ჟურნალს ვასრულებდით, ფეხი წამოვკარი წიგნს, ამ წიგნში ამოვიკითხე ის, რაც ისედაც ნასწავლი მქონდა უნივერსიტეში, რომ პირველი ქართული სასოფლო სამეურნეო ჟურნალი გამოსცა ილია-ჭავჭავაძემ და მას ერქვა „გუთნისდედა“. ავხედე კალენდარს და ზუსტად 140 წლისთავს ემთხვეოდა ჟურნალის გამოცემის დღე. საბედნიეროდ. ბატონმა ჯუმბერმა მოისმინა და გაიგო ჩემი არგუმენტები და ჟურნალს „გუთნისდედა“ დავარქვით. გამოვიდა მისი მხოლოდ ხუთი ნომერი, მაგრამ მე ვიყავი უბედნიერესი. იმის შემდეგ სხვანაირად შევიყვარე მიწა, რომელიც ისედაც საოცრად მიყვარდა. ალბათ, გენეტიკური მეხსიერებით. დედით ფშაველი ვარ და მამით ქართლელი. ჩემი წინაპრები თავად-აზნაურები არ ყოფილან, მაქსიმუმ იყვნენ ხევისბერები. ამიტომ ეს გენეტიკური მახსოვრობა იმდენად მძაფრია ჩემში, რომ ენერგიას ვერ ვიღებ, თუ მიწა არ ვფშვნიტე, ხეს არ შევეხე. თვით რომანულ ოცნებებშიც კი წარმომიდგება სოფელში, ტყეში მდგომი პაწაწინა ხის სახლი.

 

უშიშარ ადამიანებს ღმერთის გარდა ამქვეყნად არაფრის ეშიანიათ!...“ „მშიშრებს კი ყველაფერი აშინებთ, უფლის, სიმართლისა და სამშობლოს დაკარგვის გარდა

 

სამი პრეზიდენტი ჰყავდა (ერთ-ერთი ახლაც ჰყავს) ჩემს ქვეყანას და არცერთი არ მიყვარდა. არადა, დიდი სურვილი მაქვს, როგორც კონსტიტუციაში წერია, ვიგრძნო, რომ ჩემი გარანტი არის ჩემი პრეზიდენტი. თუმცა არცერთ მათგანს კონკრეტულად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. აქედან გამომდინარე, მე არ ვარ მათზე პირადად განაწყენებული ადამიანი. პირველი განხიბვლა ვიგრძენი 9 აპრილს, როცა, სრულიად შემთხვევით, მე და ჩემი ძმა, ორი სულელი ბავშვი. კარგად მახსოვს, პატრიარქმა, რომელიც ინფორმირებული იყო პატიაშვილის  მიერ, როგორ მოუწოდა ყველას, დაშლილიყვნენ. მათ კი გვითხრეს, რომ ფეხი არ გაგვედგა.. მე მეგონა, რომ ისინი იყვნენ პასუხისმგებელი ჩემი, როგორც მოქალაქის, უსაფრთხოებაზე. თუ ეს არ შეეძლოთ, მაშინ ნუ გვაიძულებდნენ მათი პათეტიკით და ისტერიით გვემოქმედა. ჩვენ არ დავუჯერეთ პატრიარქს და დავუჯერეთ მათ. სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი, რომ ისინი ბოდიშს მოუხდიდნენ მთელს ერს. ბოლოსდაბოლოს, იქ ჩემი ტოლა გოგონები დაიხოცნენ და არცერთ ლიდერს ნაკაწრიც კი არ ჰქონია. მერე რა, რომ მაშინ 17 წლის ვიყავი. მე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. ამის შემდეგ, თავისთავად, იყო შევარდნაძის პერიოდი და, ბუნებრივია, ისიც არ მომწონდა.. ხოლო, როცა ნაციონალები მოდიოდნენ, მე მგონი, ვიყავი ერთადერთი ადამიანი ქალაქში, რომელმაც თავი მოვაბეზრე ყველას „ხალხნო ვიღუპებით!.. ვის ვუკრავთ ტაშს?!“ მეუბნებოდნენ, რომ ეს უკვე მანიად მქონდა ქცეული და ხასიათში გადასული მუდმივად ოპოზიციაში ყოფნა. ეს ის შემთხვევაა, როცა სჯობდა, მე შევმცდარიყავი.

 მე თვითნებურად ამოვიღე დილის ლოცვებიდან მთავრობა და მხედრობა (მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარმა არ მომიწონა), იმიტომ, რომ მე არ მელოცვინება ჩემი პრეზიდენტი. შეიძლება არ მაბოდებდეს მასზე, მაგრამ არც იმის სურვილი არ უნდა მქონდეს, რომ მაჭირვებელთა ლოცვებში შევიყვანო.

 

სამშობლოს მონობა ყველა დეკლარირებულ თავისუფლებაზე მაღლა დგას. ჩვენი სულისა და სხეულის თავისუფლება სწორედ იქ სრულდება, სადაც თავსვითავისუფლებთ სამშობლოს სიყვარულისგან. სამშობლოს მონობაზე ბევრად იოლია საკუთარი თავის მონობა...

 

ჯერ კიდევ 2004 წელში ვმუშაობდი გაზეთ „არგუმენტში“ სადაც პოლიტიკა მიმყავდა. ამ გაზეთმა ერთი წელი იარსება. 2005 წელს „იმედზე“ არანაკლებად დაგვარბიეს, მაგრამ არცერთ გაზეთს, არცერთ ტელევიზიას ეს არ გაუშუქებია. როცა ოპოზიციის აქციები დაიწყო აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ერთი რიგითი ჯარისკაცი, ერთი რიგითი ჟურნალისტი და არა, როგორც რომელიმე ამბიციური პოლიტიკოსისთვის აუდიტორიის გამმრავლებელი. მე ვერ მოვუსმენდი იქ, რომელიმე პოლიტიკოსის კაკაფონიას და ვერც ტრიბუნაზე ავიდოდი, როგორც მთხოვდნენ. იქ დადგომა თავისთავად მანიჭებდა უდიდეს პასუხისმგებლობას. მე პასუხისმგებელი უნდა ვყოფილიყავი ყოველი ჩემს გვერდით მდგომისთვის. ყოველთვის ვეუბნებოდი მათ: „მე მეგონა თქვენ რაღაც ისეთი იცოდით რაც მე არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს შორის ერთადერთი განსხვავება ყოფილა: ის, რომ თქვენ არ გქონიათ პასუხისმგებლობის გრძნობა.“

დავდიოდი აპრილის აქციებზე და ჩემი წერილებით ვურტყამდი ამ აქციების მონაწილეებს. როცა გამოვაქვეყნე „კურდღლისტყაოსანთა აღლუმები“, ატყდა ერთი ამბავი: რატომ გააკეთე ეს, რატომ დაწერე! ჩემი პასუხი ასეთი იყო: „ნუ მთხოვ შენი გულისთვის მოვითმინო ის, რასაც ჩემი გულისთვისაც არ მოვითმენ. მე ჩემი კეთილდღეობის გულისთვისაც ვერ დავთმე ის ნიშა, სადაც ვდგავარ. ვთვლი, რომ სამშობლო, მეგობრობაზე ცოტა უფრო მეტია. „სწორედ ამის შემდეგ დავბრუნდი „ასავალ-დასავალში“ და დავიწყე პოლიტიკაზე წერა პოლიტიკოსების გარეშე. ვაკეთებ ემიგრანტებზე, ლტოლვილებზე, სტრასბურგის საქმეებზე, მაგრამ არასოდეს, თვით ამდენი უბედურების მოსმენის შემდეგაც კი, არ მქონია უძლურების და სასოწარკვეთის შეგრძნება. მე მაქვს მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ სხვისი გაფუჭებულიც მე უნდა გავაკეთო.

 

ჩვენ ყველას გვტკივა რაღაც შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს ვერ მივყავართ სინანულამდე; რადგან სინანულს მონანიე სული სჭირდება; რადგან სინანულს არ სჭირდება დაფნის გვირგვინი.

 

დღეს რომ ვიღაც გაიყიდა ან ვიღაცას შეეშინდა, იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტო. მთელი ქვეყანა რომ მოღალატე გახდეს, მე ვერ შევუერთდები მათ რიგებს. მე არ მაქვს უფლება, ნიჰილისტი გავხდე, იმიტომ, რომ მაქვს უფლის და საკუთარი თავის იმედი. თუკი, ადამიანი დედამიწაზე მოდის იმისთვის, რომ ჩაიცვას, დაიხუროს, ჭამოს, სვას კეთილდღეობა მოიწყოს, მაშინ მე ვყოფილვარ ყველაზე სულელი ადამიანი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თუ ადამიანი მოდის მოკლე, გამოსაცდელი პერიოდით, რომ ცათა საუფეველი დაიმკვიდროს მოგვიანებით, მაშინ მე ძალიან სწორად მიცხოვრია. ის, რაც არ დაფასდება აქ, დაფასდება უფლის თვალში. არასოდეს მქონია არც პურის, არც აღიარების და არც ტაშის პრობლემა, მაგრამ მე არ მყოფნის ჩემი ბედნიერებისთვის მხოლოდ ჩემი კარგად ყოფნა. როცა ვიცი, რომ მყავს 300000 დევნილი, როცა ვიცი, რომ აღარ მაქვს სამაჩაბლო და აფხაზეთი, როცა ვიცი, რომ მოდის თაობა რომელსაც ტვინს ურეცხავენ, რომლის გონებაში შეყავთ ისეთი ინგრედიენტები, რომელიც ქართველობაში არ ჯდება. რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს უუფლებო მოქალაქე, რომელსაც ჰყავს 30000 პატიმარი და მილიონნახევარი ემიგრანტი, რომელსაც ჰყავს 200-მდე ან უფრო მეტი პოლიტიკური პარტია და 2000-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია. თავს ვერ დავიმშვიდებ და ვერ ვიქნები კმაყოფილი მხოლოდ იმის გამო, რომ გორამდე ავტობანია გაკეთებული და ერთი საათით შემიმცირა დასავლეთში ჩამოსვლის დრო.  მაგრამ ვიდრე მე ამ ავტობანზე კომფორტულად მოვდიოდი ერთი წუთითაც არ დამვიწყებია, რომ ტერიტორიები დავკარგე, რომ მყავს უამრავი უმუშევარი და უამრავი უკანონო პატიმარი, მახსოვს, რომ 14 წლის გვანცა ყუფარაძე 10 წლითაა გამოკეტილი ციხეში, მარიანა იველაშვილი, 21 წლის ადვოკატი გოგონა, ციხეში ზის. ამიტომ მე ავტობანი არ მიხსნის მთავარ პრობლემას. იქ, სადღაც, რომ შადრევანი ჩუხჩუხებს, ჩემთვის არ არის შეღავათი, იმიტომ, რომ ვიცი ადგილები, სადაც ადამიანებს წყალი ონკანში ენატრებათ.

 მე ზუსტად ვიცი, სად უნდა მივიდე... მე ვიცი ჩემი გზა და ამ გზიდან არ გადავუხვევ. უბრალოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე კი არ მივიდე, ჩვენ მივიდეთ იქ.

 

საუკუნეები ჯერ კიდევ მიჰქროდნენ დაღლილი ფრთებით, მაგრამ როდემდე ეყოფათ ძალა, ანდა საგზალი?!არადა ზღაპრული ფასკუნჯი ისე არ აგვაფრენს მაღლა, ჩვენი სხეულის ერი ნაჭერი თუ არ ჩავუდეთ პირში“.

 

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ქორწილის ღამეს მაღვიძარა დააყენა და დილის ექვს საათზე წერა დაიწყო. ძალიან ძნელია კაცისთვის იმის გაგება, რომ მეორე ნახევრისთვის ასეთი არსებითი შეიძლება იყოს სამსახური და პროფესია. ალბათ, ამიტომ, იმ პირადი ტრაგედიის შემდეგ პირად ცხოვრებაზე არ მიფიქრია. ამის საიდუმლოსაც სულ ახლახან ჩავწვდი, მე, იმდენად გარემოცული ვიყავი და ვარ ჩემი მამის და ძმების სახით ნამდვილი მამაკაცებით, რომ ერთადერთი მოთხოვნა საპირისპირო სქესისადმი მაქვს ის, რომ იყოს კაცი და ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული მოთხოვნა. არასოდეს არ ვიცი, რას ვწერ. არასოდეს ვიცი, რას ვხატავ. მაგრამ შეიძლება ნოველა დაწერო და არ იცოდე, რაზე წერ?... ვიკვიატებ ერთ სიტყვას და იმ სიტყვაზე ვაგებ წერილს. ოღონდ ეს სიტყვა რაიმემ უნდა მიკარნახოს. ყოფილა შემთხვევა, რომ მიტირია საკუთარ  „დაკემსილ ისტორიებზე.“ დედაჩემი სულ მეხვეწება ნუ წერ ასეთ სევდიან ამბებსო, ამბობს, ასე მგონია ყველა ეს უმწეო და მიუსაფარი პერსონაჟი ერთ სახლში შემომისახლეო. როცა ვეღარ ვფიქრობ, ვწერ, როცა ვეღარ ვწერ ვხატავ. უკვე ოთხი წელია აღარ მიხატია, იმიტომ, რომ სულ ვწერ. არადა, მქონდა პერიოდი, როცა ყველაფერს აღვიქვამდი ფერწერულ ტილოსავით, სქელ ფერებში, მძიმედ, ზეთის საღებავებში. ადამიანსაც, რომ შევხედავდი ტილოზე წარმოვიდგენდი. მე ჩემს წერილებსაც ვგრძნობ ფერით და სუნით... წერისას ამას აუცილებლად უნდა აღვიქვამდე მძაფრად.

 

***

თქვენ ჯერ არ წაგიკითხავთ ელგა ფოლადიშვილი?.. შედით GHN-ზე, იქ ჟამი ჟამიანობისა გელოდებათ, სადაც არ დაგინდობენ, სიმართლეს სახეში მოგახლიან, თანაც ისე მძაფრად, რომ შეიძლება სუნთქვაც შეგეკრათ. ლამაზი ქართულით თქვენში ქართველს გააღვიძებენ. სულ მალე ელგას წიგნიც გამოჩნდება დახლებზე და მხოლოდ სოციალური ქსელების მომხმარებლები არ იტირებენ ქართული სინამდვილის „დაკემსილ ისტორიებზე“. მანამდე კი: გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე! სანამ შენ გეძინა, დედამიწა ღერძიდან გადაიხარა... ჩილეი მიწისძვრა მოხდა... ამერიკას ქარიშხალმა გადაუარა... მაგრამ შენც გადახრილი ხარ ღერძიდან, არა, საკუთარი თვიდან და ხერხემლიდან ხარ გადახრილი... თავჩაქინდრული და მხრებში მოხრილი, რაღაცით შენი ქვეყნის რუკას ჰგავხარ - დაჩიავებულსა და ემბრიონის პოზაი მობუზულს.

 

მანანა  ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია