დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პლასტელინის ფეხსაცმელებით გადადგმული პირველი ნაბიჯები
2010/10/04 12:23:15

ნაზი ჩაჩუა სამტრედიის მე-6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს და რესპუბლიკურ სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენციების აქტიური მონაწილეა, საოცარი კოლექციის ავტორიცაა:

წლების მანძილზე პლასტელინის მეშვეობით ძერწავს: ჩექმებს, ღია და დახურულ ფეხსაცმელებს, სანდლებს, წაღებს...

დიზაინერის ნიჭი 7-8 წლის ასაკში აღმოაჩნდა. მას შემდეგ ძერწავს და ძერწავს... მისი  „მოდელები“ უმეტესად ნათელ ფერებშია გადმოცემული, იმიტომ, რომ როგორც ამბობს, სიხარულსა და იმედთან ასოცირდება, თან მისი შინაგანი სამყაროდან მოდის, იმ სამყაროდან, რომელიც ხალასი ფერებითაა წარმოსახული. ამასწინათ თავის უამრავი ნამუშევრიდან 50-ზე მეტი გადაარჩია და სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში   საინტერესო  გამოფენა    მოაწყო.   სხვა   დროს   მისმა  „ფეხსაცმელებმა“ ბევრი ცნობილი ადამიანი გააკვირვა და აღაფრთოვანა, თუმცა ამის შესახებ ნაზის არ უყვარს ლაპარაკი, ის ძალიან თავმდაბალი გოგონაა.

„ერთხელ დედამ მე და ჩემს ძმას პლასტელინი რომ მოგვიტანა, სრულიად შემთხვევით რაღაცის კეთება დავიწყე და, საბოლოო ჯამში, ჩექმა გამომივიდა, - ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი,“ - მოკრძალებით გვიამბობს ნაზი შემდეგ მშობლებს ვაჩვენე და ძალიან მოეწონათ, თან, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ კიდეც.

„ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, შესაბამისად, ფეხსაცმელებზე სახელმწიფოების ან გუნდების სახელებს და გერბს ამოვტვიფრავ ხოლმე. როცა მუზა მეწვევა, გაჩერება მიჭირს. თითოეულ ფეხსაცმელს დაახლოებით 15 წუთს ვანდომებ. ხანდახან მიკვირს კიდეც, დროს თანაბრად როგორ ვანაწილებ, მაგრამ ამ საყვარელ საქმეს უმეტესად შაბათ-კვირისთვის ვიტოვებ, თანაც მაშინ, როცა მეცადინეობა დამთავრებული მაქვს.“

სამომავლოდ თათა ვარდანაშვილის კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას, სურს, ფეხსაცმელების ძერწვა უფრო მასშტაბური გახადოს და კარიერაც ამ მიმართულებით გაიკეთოს. თუმცა ნაზის, გარად ამისა, სიმღერის და ხატვის განსაკუთრებული ნიჭიც აქვს. წელს ჯეოსტარზე ცდილობდა გასვლას, მაგრამ რაკი მამა რამდენიმე თვის გარდაცვლილი ჰყავდა, თავი შეიკავა. როგორც ამბობს, მამის დიდი სურვილიც იყო ამ კონკურსში მონაწილეობა, ამიტომ ერთი წლის შემდეგ შესარჩევ ტურზე შეაღებს კარს.

უსმენს გემოვნებიან მუსიკას, უმეტესად კი - ხალხურ სიმღერებს. რომ ვკითხე, სიმღერა უფრო გიყვარს თუ ფეხსაცმელების შექმნა-მეთქი, დაფიქრდა და... ალბათ, სიმღერას ვამჯობინებო, - თქვა, - მიუხედავად იმისა, რომ მსგავს კითხვას მეც ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხს ხანდახან ვერ ვპოულობო.

ნაზის სიმღერის ნიჭი გენეტიკურად დედის მხრიდან გამოჰყვა. დეიდა - ანა აბზიანიძე ანსამბლ   „იმედის“ ხელმძღვანელია, სადაც დისშვილიც აზიარა სიმღერის სამყაროს. დეიდის თქმით, ნაზის ხმის მაღალი ტემბრი და საოპერო მონაცემები აქვს.

„ყოველთვის ვმღერი, მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ხასიათზე ვარ. სიმღერა ჩემი ნაწილია, ფაქტობრივად, არ არსებობს დღე, რაიმე რომ არ წავიმღერო, - ამბობს ნაზი. პარალელურად ლექსებს და ჩანახატებს წერს. თემა მრავალფეროვანია: ახალგაზრდული სევდა, სიყვარული, მეგობრობა...

17 წლის გოგონა ფურცლებს ანდობს თავის გულისნადებს და ზრახვებს, ოცნებებს მიზნად ისახავს და ცდილობს სამომავლოდ აუცილებლად აისრულოს.

დამწყები მხატვარიცაა. ხატვის წრეზე არასდროს უტარებიათ, ამ მხრივ პროფესიონალებთანაც არ ჰქონია ურთიერთობა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ხატვა, როცა ბაღის ასაკში იყო. მას შემდეგ უამრავი ნამუშევარი შექმნა, თუმცა ჯერ ისევ სწავლის და ძიების პროცესშია. როცა ხატვას იწყებს, სულ სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში აღმოჩნდება ხოლმე, სადაც არ არის სიბოროტე, შური, ძალადობა: სადაც ყველაფერს ხელოვნების სიყვარული უდევს საფუძვლად. ხატვისას დრო ისე გადის, ვერც ხვდება. ბუნებრივიცაა... იქ, იმ სამყაროში, დროც და სივრცეც მნიშვნელობას კარგავს. პორტრეტებსაც ხატავს, კომპოზიციებსაც, თუმცა, ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობს. „ვცდილობ, სამოსში ძველი პერიოდი აღვადგინო და, ამავდროულად, გავათანამედროვო. უმეტესად XV-XVI საუკუნის ეგვიპტური ქუდები და არისტოკრატული სომოსი მაქვს ოცდამეერთე საუკუნეში გამოცოხცხლებული. თითოეული ნახატის 100-მდე ესკიზი მაქვს. ეს საქმეც მართლა ძალიან მიყვარს.“

მოსწონს არმანი, დოლჩე და გაბანა. ამბობს, რომ მათი სტილი განსხვავებული და თავისებურია. მომავალშიც მათ კოლეგად მოიაზრებს თავს, თუმცა იცის, რომ იქამდე უგრძესი და ურთულესი გზაა გასავლელი, რომელსაც მხოლოდ სწავლა და შრომისმოყვარეობა გაამარტივებს. კრიტიკის არ ეშინია, ყოველთვის ისმენს სხვის აზრს და ითვალისწინებს კიდეც.

კაბებს უმეტესად ბისერებით და აქსესუარებით აწყობს, ფეხსაცმელს რენესანსის ეპოქაში აბრუნებს და როკოკოს ძირებს უკეთებს.

ხატვა, სიმღერა, ფეხსაცმელების ძერწვა, რომანებისა და დეტექტივების კითხვა ნაზის ცხოვრების ჩვეულებრიობაა. ერთი შეხედვით სათნო გოგონა, რომელიც უამრავ ნამუშევარს ქმნის და მუდმივად ახლის ძიებაშია, ცდილობს, ხელოვნების სამყაროში თავისი სათქმელი თამამად თქვას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია