დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კარგა ხანს იღვიძებდა საქართველო ჩემი სიმღერით...“
2010/10/04 12:20:13

ქალბატონ ნაზი ნანიკაშვილს კარგად იცნობენ აქაც, ქუთაისში და იქაც - ისრაელში... თოთხმეტი წელია, უკვე იქაა, ახლა დროებით ჩამოვიდა. მოინახულა მშობლიური ქალაქი, სადაც მეგობრები, ნათესავები ჰყავს. ქალბატონი ნაზი მესხიშვილის თეატრის მსახიობ გოჩა ნემსიწვერიძის დედაა. ახლა ყველას მონატრებას ერთად იკლავს, წლების განმავლობაში ისიც ხომ მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო, ახლა კი იქ, ქართველი ებრაელებისათვის იხარჯება...

 

„მე თავიდანევე დამყვა მაყურებლის, მსმენელის სიყვარული, სულ წინა პლანზე ვიყავი, სკოლიდან დაწყებული დღემდე. რამდენად ვართმევ თავს, ეს ჩემმა მსმენელმა, მაყურებელმა  უნდა გადაწყვიტოს. ნებისმიერი შემოქმედისთვის მისი მკითხველი, მსმენელი და მაყურებელია ყველაზე დიდი შემფასებელი. ჩემს თავს კრიტიკულად ვუყურებ, როცა თვითკმაყოფილება გიპყრობს, იქ ყველაფერი მთავრდება.“

„დავიბადე ქუთაისში, აქვე  გავიზარდე. მამა არ მახსოვს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები აქვე გავატარე, ქალთა მეოთხე სკოლაში ვსწავლობდი. მაშინ იმ სკოლას „ჩამაცვი და გამათხოვეს“ ეძახდნენ, ისეთი ლამაზი გოგონები სწავლობდნენ, რომ ყოველდღიურად იტაცებდნენ.

მე გადავლახე ეს ბარიერი. მეხუთე კლასში ბიჭებისა და გოგონების კლასები გააერთიანეს. ჩემი სასწავლო ნაწილი აკაკი ვასაძის და გახლდათ. მანებივრებდნენ. პატარა ვიყავი, სცენაზე რომ დავდგი ფეხი, პიონერთა სასახლეში დავდიოდი, ალიოშა ტოგონიძე იყო დრამატული წრის ხელმძღვანელი, პარმენ ბუხაიძე გახლდათ ჩემი პირველი ლოტბარი. მეოთხე კლასში უკვე რესპუბლიკური თვითშემოქმედებით ოლიმპიადის ლაურეატი გავხდი, მეექვსე კლასში - მეორედ. პარმენ ბუხაიძემ შექმნა სიმღერა „სალამურო“., დილით რადიოში ჯერ საბჭოთა კავშირის ჰიმნი იყო, მერე საქართველოსი და მერე იყო  „სალამურო“... დუეტში ვმღეროდი, ის სიმღერა ყოველ დილით გადიოდა რადიოს ეთერით, ასე რომ, კარგა ხანს იღვიძებდა საქართველო ჩემი სიმღერით.“

წარმატებები არც შემდეგ აკლდა. სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა,  რომელსაც მურმან ლომთათიძე ხელმძღვანელობდა. 

მისი თქმით, ისეთი ძლიერი ანსამბლი იყო ლომთათიძის ანსამბლი, რომ  კონკურენციას სუხიშვილებსაც უწევდა.

„საფრანგეთიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ სუხიშვილები და ჩვენ, ქუთაისელებმა მოვიწვიეთ ისინი, ერთი განყოფილება ჩვენი იყო, მეორე - მათი. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შემოსავალი მთლიანად გადაგვეცა სუხიშვილებისთვის -  როგორც სტუმრებისთვის. მასწავლებელთა სახლში გავმართეთ ბანკეტი, ჩვენმა ბიჭებმა სულ შიშველი ცერით და მუხლით იცეკვეს, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ქალბატონმა ნინომ მართლაც დაინახა ჩვენში კონკურენტები,  ერთხელაც არ გაუღიმია. სარჯველაძე იყო მაშინ ქუთაისში ფილარმონიის ხელმძღვანელი, ნინოს შეატყო უკმაყოფილება და იქვე, სადღეგრძელოში უთხრა, „ესენი თქვენ კონკურენტებად არ დაგეგულებინოთ, ქუთაისი და თბილისი ძმები ვართო.“ მერე თბილისში გვქონდა გასტროლი, მთელი თბილისი ჩვენს ანსამბლზე ლაპარაკობდა, თბილისის შემდეგ მოსკოვში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოგვივიდა შეტყობინება, რომ გასტროლი არ იქნებოდა, ვიღაცამ ჩაგვიშალა. მაშინ მე ბავშვური გულუბრყვილობით გამახსენდა, რომ პარტიის 22-ე ყრილობა მოდიოდა და კარგი იქნებოდა, თუ იქ წარვსდგებოდით. მთელი ქუთაისის შემოგარენში შევკრიბეთ ცარიელი ბოთლები, ჩავაბარეთ და იმხელა თანხა შეიკრიბა, რომ მოსკოვში წავედით, ეკატერინე ფურცევა იყო კულტურის მინისტრი და მან დაგვრთო კონცერტზე გამოსვლის ნება, მაგრამ მხოლოდ ერთი ცეკვით. მურმან ლომთათიძემ ორი ცეკვა გააერთიანა - ფშაური და საქორწილო, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ისე გვიკრავდა ტაშს. ფურცევას ქალმა ბანკეტზე თქვა: ეს არ არის ცეკვა, ეს არის საქართველოს ისტორია, ამ წარდგინებით 8 თვიანი გასტროლის  უფლება მოვიპოვეთ...“

ებრაელთა თემში ძალინ ნიჭიერი და ლამაზი ხალხია, მაგრამ რატომღაც ასეთი ტრადიცია აქვთ,  რომ ქალი სცენაზე არ შეიძლება. მე ოჯახმა შემიწყო ხელი. მამაჩემი ყოფილა შესანიშნავი მოცეკვავე და მომღერალი, ჩემი ძმა წამყვანი მოცეკვავე იყო და დავითოს ილეთი ერთ-ერთი ცნობილია დღესაც. „აჭარულში“ ჩაკრულოს ილეთი მისია. ისე ძალიან უყვარდა თავისი საქმე, რომ სიკვდილის წინ ონკოლოგიურში იწვა, და იქ ჩამოაყალიბა ანსამბლი „კიბო“, ფესტივალზეც კი გაიყვანა ეს მომაკვდავი ხალხი. ჩემ ძმას არ უნდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, დედაჩემის ხელშეწყობით წავედი თბილისში, გამოცდებზე, მიხვდა ჩემი ძმა, ჩამომაკითხა და სულ ბუნძურ-ბუნძურით წამომიყვანა, მერე იანვარში ვთქვი, საბუთებს მაინც ჩამოვიტან-მეთქი, მაშინ მიცნეს და მკითხეს, სად დაიკარგეო, მე მოვიტყუე, გამოცდაზე რომ უნდა გამოვსულიყავი, ფეხი მოვიტეხე-მეთქი, თან ტირილიც ავიტეხე. მითხრეს, ნუ ტირიო, პროგრამას მოგცემთ და, თუ დაძლევ, სწავლა გააგრძელეო. უკან არ დამიხევია! საერთოდ, არასდროს დამიხევია უკან, ყოველთვის ვრისკავდი ხოლმე, ასე გავხდი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი. ანსამბლს მაინც არ ვანებებდი თავს, და სულ გარბენა-გამორბენაში გახლდით. ყველგან მინდოდა ვყოფილიყავი. მესამე კურსზე გავთხოვდი, და დიპლომი ვეღარ დავიცავი... მაინც გამიმართლა...“

მესხიშვილის თეატრში ვიყავი, სამტრედიის თეატრის ხელმძღვანელი მოვიდა და მსახიობი ითხოვა, ხვალ-ზეგ სპექტაკლის ჩაბარება გვაქვს და მთავარი მოქმედი გმირი გაგვითხოვდაო. ისეთი ახალგაზრდა მსახიობი გვინდა, რომელიც კიდეც მღერის, კიდეც ცეკვავსო. ჩემი თავი ურჩიეს. თან მთელი კომისია, ვისთანაც უნდა დაიცვა სადიპლომო, იქ იქნებაო, მითხრეს. დავთანხმდი. ეს როლი ჩემთვის ბედნიერების მომტანიც გახდა და დიდი ტკივილისაც. გენერალური რეპეტიცია 8 მარტს იყო, სულ დავიბენი რეპეტიციაზე, ამოვარდი მუსიკის რიტმიდან, რეჟისორს ვუძახოდი, უნდა წავიდე-მეთქი, ავტობუსები არ იყო სამტრედიიდან და დიდ სატვირთო მანქანას გამოვყევი. სახლში რომ შევედი, დედაჩემი დამხვდა გარდაცვლილი, რვა მარტისთვის რაღაცეებს აცხობდა და გათავდა ქალი ცხობაში. გულში ჩამწყდა რაღაც. მეორე დღეს მაინც ვითამაშე სცენაზე, თან, იცით, როგორი როლი მქონდა? სულ ვმღეროდი და ვკისკისებდი, ხალხი დარბაზში ტირილით იხოცებოდა, ყველამ იცოდა ჩემი მდგომარეობა, იცოდნენ, რომ შინ დედაჩემი გარდაცვლილი მყავდა დასვენებული.

რაკი ხარ სცენაზე, შენი ცხოვრებით კი არა, მაყურებლისთვის უნდა იცხოვრო. ის გმირი ხარ, ვისაც თამაშობ. ეს გახდა ჩემი სადიპლომო ნაშრომიც, მაგრამ დედაჩემი მყოლოდა და არაფერს დავეძებდი.“

„გაგრძელდა ჩემი მუშაობა თეატრში. ჩემი შვილი - გოჩა ნემსიწვერიძე რომ წამოიზარდა, თეატრი ბევრ დროს მართმევდა, ელექტრომექანიკურში დავიწყე დასის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობა, ჩემს დასში მუშაობდნენ: ვაჟა ოყრეშიძე, ერემო სვანაძე, გივი ბერძენი, მერაბ ჩიქოვანი, ნესტან კვეიძე, ვაჟა ბალაბაძე, იურა მეფარიშვილი და კიდევ სხვები, თვითშემოქმედება გვერქვა, მაგრამ ყველანი პროფესიონალები ვიყავით, ანაზღაურება გვქონოდა და რას დავეძებდით? „ელმეხს“ გვეძახდნენ, 25 წელი ერთად შეკრული კოლექტივი ვიყავით. ელექტრომექანიკურის 50 წლის იუბილეზე სახალხოს ტიტული მივიღეთ.

საოცარი წლები იყო... საოცარი მოგონებები მაქვს... მაგრამ აქ ვეღარ გავჩერდებოდი...

ჩემი ძმა გარდაიცვალა, ინფარქტი მიიღო ნოდარ ლომთათიძემ, შემომეცალნენ თამაზ მაჩიტიძე, ვაჟა ტალაბაძე, ლერი მიქაძე... ეს ხალხი რომ შემომეცალა და დავრჩი მარტო, ვიფიქრე, რა გავაკეთო? ვერავის ვაძლევ ვერაფერს, პირიქით, აქეთ გავხდი სამოწყალო... სახელი არ მაკლდა, არც პატივისცემა. ამიტომაც წავედი...  ვაჟას პანაშვიდებზე უკვე მაცილებდნენ...“

 

***

და ყველაფერი დაიწყო თავიდან...

„ქართველ ებრაელობაში ერთადერთი პროფესიონალი მსახიობი ვარ, ამიტომაც ამ მისიით წავედი, რომ იქ შემექმნა ქართული თეატრი. ჩასვლის პირველივე კვირაში წარმადგინეს ქართველი ებრაელების წინაშე, დიასპორის ხელმძღვანელმა უთხრა მათ, აი, ხო გინდათ ქართული თეატრი, ეს პროფესიონალი ქალბატონია და დაგეხმარებათ.

სულ არაფრისგან დავიწყეთ, ჩემს სახლში ვმართავდი რეპეტიციებს, რადგან შენობა არ გვქონდა, ფურცელზე ივრითული ასოებით ვუწერდი ქართულ სიტყვებს, გავაკეთეთ სატირისა და იუმორის თეატრი. 186 სიმღერა მაქვს შექმნილი. აფიშების ფული რომ არ გვქონდა, გაზეთებიდან ვჭრიდით ასოებს და ვკინაძავდით, ქსეროასლს ვუღებდით. ჟურნალ „იერუშალაიმში“ გაშუქდა ჩვენი პირველი გამოსვლა, სადაც წერდნენ, რომ თუ საქართველოს ნანი ბრეგვაძე ჰყავსო, ჩვენც გვყავს ნაზი ნანიკაშვილიო. ამან, რა თქმა უნდა, სტიმული მომცა, იუბილეც გამიკეთეს და შენობაც მოგვცეს. ორი წელი ისე ვიყავი, არ ვიცოდი, ვისთან მივსულიყავი, არც ივრითული ენა ვიცოდი კარგად, მერე მიმიწვიეს ტელევიზიაში.

იქ ასეა, რომ აქ მიღებული წოდებები უნდა დაამტკიცო. მეც შემთხვევით მივიტანე საბუთები და მალევე გამომიძახეს დამტკიცებაზე. ვიფიქრე, როგორ უნდა წარვმსდგარიყავი, წავიღე ყველა საკრავი, რაც კი მქონდა, ჩავიცვი ხანუმას კოსტიუმი, შევედი ჯეირანის ცეკვით და ვიმღერე კიდეც, ამის შემდეგ შვილმკვდარი დედის მონოლოგი წავიკითხე, მერე ყველა საკრავზე დავუკარი... ისეთი შთამბეჭდავი გამოსვლა გამომივიდა, ასე მითხრეს, შენ ყველაზე დიდი ხარ, ვინც აქ ვართო. გადმომცეს ზე კატეგორიის მსახიობის დიპლომი. 6 თვის განმავლობაში მერიცხებოდა ოქროს სტიპენდია, მერე მიმიწვიეს მსოფლიო ფესტივალზე თელავივში, ერთი ქართველი ვიყავი მარტო, იქაც გავიმარჯვე. ისრაელის „წლის საუკეთესო მსახიობის“ ტიტული მივიღე, ამის შემდეგ ერთ-ერთმა ფირმამ მიმიწვია სპექტაკლში ,,დედამთილი“, შევქმენი ეს როლი და კარგადაც დავსაჩუქრდი. მერე მომიწია ევროპის ებრაელთა დიასპორის კინოსა და თეატრის ვარსკვლავთა თეატრალურ ფესტივალზე გასვლა. ერთი კაცის თეატრით - საათი და ათი წუთი უნდა ვყოფილიყავი სცენაზე. დავთანხმდი, გავაკეთე ელისაბედ ყაველაშვილის სცენარის მიხედვით, მუნჯთან დიალოგი, გავედი ფესტივალზე და... ამ ფესტივალზე ოროთახნახევრიანი მუნიციპალური ბინა მაჩუქეს. 

მერე იუბილემაც მომისწრო და ყველაფერი გავაკეთე, რომ გიზო კაკაურიძის სატირისა და იუმორის თეატრი ჩამომეყვანა ჩემთან გასტროლზე. ეს ჩემი დიდი სურვილი იყო, წასვლის წინ ვთქვი, ღმერთო, ნუ მომკლავ, რომ ესენი გასტროლზე არ წავიყვანო-მეთქი... ამიხდა ეს სურვილი...

ღმერთი მწყალობს, ყველაფერი გამომდის ხოლმე. იქ ძალიან უყვართ ქართველები, იქ სულ ენატრებათ ქართველები, სჭირდებათ. ომის დროს გიზოს თეატრმა უფასო კონცერტები გამართა. ეს დაინახა ებრაელობამ, დაინახა და დააფასა... მე ერთად ერთი პროფესიონალი მსახიობი ვარ ქართველ ებრაელთა თემში, ახლა დროებით ჩამოვედი საქართველოში, მალევე წავალ, მინდა კიდევ ბევრი რამ გავაკეთო ჩემი თეატრისთვის, ჩემი ქუთაისისთვის, მაგრამ...

„ვერ დაგპირდებით, ვერაფერსაც ვერ დაგპირდებით,

მივდივარ ჩემი აზრით და ფიქრებით,

დღეს ხომ თქვენთან ვარ, რა შუაშია, ხვალ სად ვიქნები... “

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია