დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახლა დაბრუნების დროა
2010/09/27 13:15:25

მოუთმენლად ველოდებით ხოლმე ზაფხულს საზღვარგარეთ წასული და ეგზომ მონატრებული მეგობრების, ახლობლების ხილვას. დგება მოფერების, მოგონების დრო. თუმცა, ეს პერიოდიც სწრაფად იწურება. შვებულებით ჩამოსულები ისევ მალე გვემშვიდობებიან. ისევ იწყება მონატრება, ლოდინი, სევდიანობა და გულიანი გამარჯობის თქმის სურვილი. ჩვენს პატარა ქალაქში ბევრი ენატრებათ, ბევრი ესაკლისებათ. მათ შორისაა მაკა ტაველურიც, რომელსაც კარგად იცნობენ ქუთაისში, როგორც ნიჭიერ მუსიკოსს, არაჩვეულებრივ მეგობარს და კარგ ქუთაისელს.

მაკა ტაველურმა დაამთავრა ქუთაისის მე-19 საშუალო სკოლა, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, ტაშკენტის კონსერვატორია - ვოკალური განხრით. 7 წელი მღეროდა კონსერვატორიის ანსამბლში. ქუთაისში არაერთი ბავშვი დააფრთიანა. ყველას ახსოვს პირველი საბავშვო სტუდია „იწილო-ბიწილო“, რომელსაც ნატო გუბელაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა. გახლდათ ასევე საბავშვო სტუდიების „მხიარული თაბუნის“ და „ალბას“ სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს 50-მდე სიმღერა. 

მაკა, სხვა ბევრი ქართველის მსგავსად, წლების წინ დაადგა იტალიის გზას. დღეს შვებულებით ქუთაისშია. სათქმელი ბევრი დაუგროვდა. ყურადღებით ვუსმენთ. რასაც გვიამბობს, ყველასთვის საინტერესოა. ამიტომ მისი ფიქრები გავახმოვანეთ. ყველამ ერთად გავიგოთ, რას გვიამბობს საქართველოს მონატრებული ემიგრანტი. 

 

- მაკა, უკვე 11 წელია, უცხოეთში ხარ. როგორი საქართველო დატოვე მაშინ და როგორი დაგხვდა დღეს?

- 2000 წელს, როცა იტალიაში წავედი, ჩვენი ქვეყანა დღითიდღე ინგრეოდა, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს სახიდან ღიმილი თანდათან უქრებოდათ. ვუყურებდი ქუჩებში მომრავლებულ მოწყალების მთხოვნელებს და გული მეწურებოდა. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის იყო, რომ ძარცვა, ყაჩაღობა და ადამიანების მკვლელობები თითქოს გაჩვეულებრივდა კიდეც. ქართველებმა თავის გადარჩენის გზა თავად გამოძებნეს და ლუკმა-პურის საშოვნელად ბევრი ოჯახებითაც კი გადაიხვეწა.

დღეს? დღე და ღამესავით განსხვავდება ერთმანეთისაგან დღევანდელი ქვეყანა იმისგან, რაც მე დავტოვე. გაუმჯობესებულა კრიმინოგენული სიტუაცია; დაწყებულია ქვეყნის აღმშენებლობა - რესტავრირებულია ბევრი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი თუ ადგილი; ტურიზმის განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, დღევანდელ ხელისუფლებას პრიორიტეტად საქართველოს კურორტების აღორძინება რომ დაუსახავს.

მივესალმები სკოლებში მანდატურების შესვლას. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ბავშვებში კანონისადმი პატივისცემის ჩამოყალიბებას. მისასალმებელია ასევე, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები რომ ხორციელდება. ამით ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ.

იქნებ ბევრი არ ეთანხმება, მაგრამ, გამართლებულია ინგლისური ენის სავალდებულო სწავლების შემოღებაც. ამ ენის დაუფლებით ქართველი ახალგაზრდები უფრო ადვილად შეძლებენ მსოფლიოს ქვეყნებთან ინტეგრირებას.

- როგორ ცხოვრობენ იტალიაში ქართველები?

- იტალიაში ქართველები კი არ ცხოვრობენ, სუნთქავენ მხოლოდ და მუხლჩაუხრელად შრომობენ. განა ცხოვრება ჰქვია იმას - ცოლი წლობით რომ ტოვებს ქმარს, დედა - პატარა შვილებს და ვიღაც გადამთიელის შვილებს უვლის? ან კიდევ, ბებიებს რომ ნატვრად გადაქცევიათ საკუთარი შვილიშვილების ნახვა და უცხო ქვეყანაში უცხო ადამიანებს ემსახურებიან?

იტალიაში (და არა მარტო აქ) მყოფი ქართველები საკუთარ ოჯახებს შეწირული ადამიანები არიან.

დრო თვალისდახამხამებაში გარბის... ვინ იცის, ვინ როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება კი?

- მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, რასაც უცხოეთში მყოფი ქართველები განიცდიან, აქ ჩამოსულნი მაინც საუბრობენ იქაურ საამურ ცხოვრებაზე.

- ახლა მე გამიჩნდა შეკითხვა: რას ნიშნავს საამური ცხოვრება? რასაც ჩვენებურები ჰყვებიან, ეს საამური კი არა, იტალიელთა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. სამწუხაროდ, უცხოელებისგან ჩვენ მხოლოდ ცუდს ვითვისებთ და რაც მართლა კარგი და მისაღებია, ან არ მოგვწონს, ანდა ყურადღების მიღმა ვტოვებთ.

განა ადათისა და ტრადიციის პატივისცემაა, ჩვენში ხალხმრავალი, ხორაგით გადატვირთული სუფრები ხშირად ნადიმის სახეს რომ კარგავს და ღრეობაში გადადის? განა მოსაწონია, მშობლების ასე გადაჭარბებული მზრუნველობა და ზედმეტად განებივრება შვილებისა, ჯერ კიდევ დაუღვინებელი მოზარდები ავტომანქანებით რომ დაქრიან და ხშირად ტრაგედიით რომ სრულდება მათი თავაშვებულობა?

იმ დროს, როცა ქართველი ქალები იტალიაში (და სხვაგანაც) დღედაღამ შრომობენ, წვალობენ, ხშირად თავმოყვარეობის შელახვის ფასად ძლივს რაღაცას აკოწიწებენ, - მაშინ აქ მათი ქმრები და შვილები რესტორნებში ერთობიან. ვეჭვობ, უცხოელებმა ქართველი ქალების ოჯახისადმი ამგვარ თავგანწირვას გამართლება მოუძებნონ.

- შენ არაერთი ქვეყანა ნახე. გვიამბე ამის შესახებ. ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ დატოვა შენზე ღრმა შთაბეჭდილება და რატომ

- ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა შვედეთმა, ბუნებისადმი შვედების უსაზღვრო სიყვარულმა და მისადმი ზრუნვამ; მოვლილმა ტყეებმა, ქალაქებისა და სოფლების სისუფთავემ, ხალხის უბრალოებამ, უშუალობამ და მოწესრიგებულმა ცხოვრებამ.

შვედები პატარაობიდანვე ასწავლიან შვილებს ბუნების სიყვარულს და  აჩვევენ მის მოვლას: პატარებმა უკვე იციან, რომ სადარბაზო, ქუჩა, ქალაქი, სოფელი და მთლიანად ქვეყანა მისია და  რომ ის ვალდებულია, დაიცვას სისუფთავე და იზრუნოს მისი გალამაზებისთვის.

ამ ქვეყანასთან რომ გავავლე პარალელი, შემრცხვა - წარმოვიდგინე, რა მოუვლელი და დაბინძურებულია ჩვენი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები. შვედმა რომ ნახოს, იფიქრებს, აქედან ხალხი სადღაც გაუსახლებიათო!

მართალია, ბედმა თუ უბედობამ, ქალების უმეტესობა უცხოეთში გადახვეწა, მაგრამ შინ უსაქმურად დარჩენილ მამაკაცებს სადარბაზოს გარემონტება და მოწესრიგება ხომ მაინც შეუძლიათ?

ქართველებმა ბევრი რამ უნდა მოვინდომოთ...

- ყველაზე დიდი ნოსტალგია, რაც უცხოეთში წასულს გეუფლება, რა არის?

- ყვველაზე დიდი მონატრება? - საკუთარი სახლი, საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

- უცხოელების თვალით დანახულ საქართველოზე რას იტყვი

- უცხოელები საქართველოს „ფანტასტიკურ ქვეყანას“ უწოდებენ. მაგრამ, ზოგი რამ, რაც ბევრი ქართველისთვისაც მიუღებელია, არც მათ მოსწონთ, მაგალითად - გადაჭარბებული ღვინის სმა, ხორაგით გადატვირთული სუფრები და, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, რუსთველისეული რაინდების ქვეყანაში მამაკაცებს ქალისადმი დამოკიდებულებას უწუნებენ. მიაჩნიათ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების უფლებები დაცული არ არის.

- ქართული ღვინო როგორ ფასობს უცხოეთში?

- ზოგ ქვეყანაში არ მოსწონთ, მაგრამ შვედი ნაცნობები მხოლოდ ქართულ შავ ღვინოს მიირთმევენ და მის პოპულარიზაციასაც ეწევიან. მათი დამსახურებაა, ქართულ ღვინოზე რომ ასეთი მოთხოვნილებაა და ასე კარგად რომ იყიდება.

მეც გავსინჯე ჩვენებური, ექსპორტირებული შავი ღვინო, ძალიან მომეწონა, მართლაც სასიამოვნო გემო აქვს.

- უცხოეთში წასული ყველა ქართველი გაოცებულია იქაური წესრიგით, კანონის პატივისცემით, სისუფთავისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

- დროა, ქართველებმაც შევიგნოთ, რომ მხოლოდ კანონის პატივისცემითა და მისი განუხრელი დაცვით მივაღწევთ - ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა. უპირველესად ახალგაზრდები უნდა აღვზარდოთ სამშობლოს ნამდვილ ჭირისუფლებად, რათა უკვე გაკეთებულის მოფრთხილება ისწავლონ და უკეთესის შექმნისთვის იზრუნონ. სამწუხაროდ, დღეს, როცა მშობელთა უმეტესობა საზღვარგარეთაა და ბავშვები მოხუც ბებიებთან ან ნათესავებთან იზრდებიან, მომავალი თაობის აღზრდის ფუნქცია სკოლამ და საინფორმაციო საშუალებებმა უნდა იტვირთონ.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უცხოეთში წასულ ყველა ქართველს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაბრუნდნენ საქართველოში. რა აზრის ხარ ამ საკითხზე?

- ერის სულიერი მამის მოხმობა ყველასთვის ყურადსაღებია. შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება. უცხოეთის ტელეკომპანიებიც აქტიურად ამახვილებენ ყურადღებას 2012 წლისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე. ჭკვიან კაცს უთქვამს: „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ო. ჰოდა, უპრიანია, ყველა საკუთარ ქვეყანას - საკუთარ ბუდეს დაუბრუნდეს.

- ყველაზე დიდი ქართული პრობლემა...

- ყველაზე დიდ პრობლემა, ალაბთ, ბევრი ქართველის  გაუგებარი  სიამაყე,  ყველაფრისადმი  კრიტიკული დამოკიდებულებაა და კიდევ ისაა, საკუთარ შეცდომებს სხვებისთვის გადაბრალებას რომ ცდილობენ. ამგვარი ადამიანებისთვის სულერთია, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ყველა მიუღებელია.

გვავიწყდება, რომ გარდაქმნა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ქართველ ხალხს ევოლუცია სჭირდება. სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელო საქმედ უნდა ვაქციოთ.

როცა ქუჩაში ნაგავს ვყრით, ვაბინძურებთ, როცა უკანონოდ ვჭრით ხეს, პლაჟზე ან ტყეებში ნასუფრალს ვტოვებთ, მაშინ რატომ არ გვახსენდება, რომ სამშობლო გვიყვარს?!

აღფრთოვანებული დავრჩი შვედეთში, როცა სოფლის გზებზე, ყოველ წყაროსთან ულამაზესი, სუფთა დასასვენებელი ადგილები ვნახე. ქაღალდის ერთ ნაკუწსაც ვერსად ნახავთ, იმიტომ, რომ ყველამ, დიდმა და პატარამ იცის, ნარჩენები მხოლოდ სანაგვე ურნაში უნდა ჩაყაროს და სისუფთავე დაიცვას.

- რა მოგცა და გასწავლა უცხოეთში გატარებულმა წლებმა?

- უცხოეთში ყოფნამ დამარწმუნა, რომ აუცილებელია ინგლისური ენის შესწავლა. რომ საკუთარი ქალაქისა თუ სოფლის სიყვარული მათზე ზრუნვით უნდა დავამტკიცოთ და კიდევ: საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბუნება უფრო მეტად უნდა გიყვარდეს.

როგორც ყველა ქართველს, მეც მინდა საქართველო და ქართვლები ყველაზე საუკეთესონი ვიყოთ. ჩვენში არის უდიდესი ნიჭიერება, რაც მართლა გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. ესაა ოღონდ, თუ საკუთარზე მაღლა, ცოტა ხნით მაინც, საზოგადოებრივ, ქვეყნის ინტერესებს დავაყენებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ოდითგანვე ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით ქართველები...

ღმერთმა ცოტა გაგვაჩინა, მაგრამ იმდენი კი ვართ, მთის სოფლებში ზამთრობით „თოვლის როიალზე“ მგლები არ ასრულებდნენ არიებს და ადამიანის ხმა ისმოდეს.

ღმერთმა ცოტა გაგვაჩინა, მაგრამ გადარჩენის გზაც გამოგვიძებნა - ერთად ყოფნის და ერთურთის სიყვარულით უძლეველობა. ბევრჯერ დაგვიმტკიცა. სიმღერა რომ სიმღერაა, ქართველს მარტო ისიც კი არ გამოსდის - პირველი ხმა უცილობლად მეორეს მოითხოვს, მეორე - მესამეს და ა.შ. ჩვენებური სიმღერის პოლიფონიურობა უერთმანეთოდ ვერგაძლიერების დასტურია. რომ არა მრავალხმიანობის შერწყმის ჰარმონია და პრინციპი, ერთი მუჭა ერი დღემდე ვერ მოვიდოდა.

ღმერთმა ცოტა გაგვაჩინა.

როგორც არასდროს, ახლა მე შენ მჭირდები, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ახლა დაბრუნების დროა!..

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია