დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინოს ორი ცხოვრება
2010/09/27 13:08:53

ნინო თვალთვაძე ორი ცხოვრებით ცხოვრობს - სამსახურში ძალიან სერიოზული და საქმიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, შინ „სხვა ნინო„ ხდება, შვილთან ერთად დარბის, თამაშობს, ერთობა... ამ ორი ცხოვრებიდან არცერთი არ ეთმობა, პრინციპში, არასდროს ჰქონია არჩევანის მომენტი და იმედი აქვს, რომ არც არასდროს დადგება ის დრო, როცა არჩევა მოუწევს: ან საქმე, ან ოჯახი...

„ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, ესმით, რომ ჩემი საქმის გარეშე არ შემიძლია. მესამე კურსის შემდეგ ვმუშაობ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რამდენიმე წელს ვიმუშავე ენთუზიაზმით, მაგრამ ძალიან კარგად ვხვდებოდი, რომ იმ წლების მანძილზე უფრო ბევრი რამ მივიღე, ვიდრე მე გავცემდი.“

პირადი ბედნიერებაც და კარიერის დასაწყისიც ერთად შემოვიდა მის ცხოვრებაში - თეკლა სულ რაღაც სამი თვის იყო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციაში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები რომ გაიმართა და ნინო აირჩიეს. „ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. სწორედ იმ პერიოდში ჩემს სამი თვის შვილს დღე და ღამე აერია, ღამის ორ საათზე იღვიძებდა და მთელი ღამე ან ხელში აყვანილი უნდა გეტარებინა, ან უნდა გეთამაშა, დილით ათის ნახევარზე კი სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. მაინც არავის ვაღვიძებდი, ისიც გააზრებული მქონდა, რომ შვილს ღამის თევები დასჭირდებოდა, ეს შენია, შენი საქმეა და ამას შენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს და არც უნდა გააკეთებინო.“

იურისტობაზე, თურმე არასდროს ოცნებობდა.

თავიდან ეკონომისტი სურდა გამხდარიყო, ხატავდა კიდეც, თან ძალიან სერიოზულად იყო დაკავებული ამ საქმით. მონაწილეობდა გამოფენებში, მაგრამ მისმა ხატვის პედაგოგმა ეკა არსენიძემ ურჩია, რადგანაც მხატვრობა ძვირი პროფესიაა, სხვა რამ აერჩია. ოჯახში დიდი სურვილი ჰქონდათ, სწავლა სამედიცინოზე გაეგრძელებინა, მას კი საშინლად არ უნდოდა ეს. ერთობლივი კონსენსუსით - იურიდიული გადაწყდა.

„სიმართლე გითხრათ, პირველ კურსზე ძალიან გამიჭირდა, სხვა გარემოში მოვხვდი, რეალობას შევეჯახე, ნიშნის გულისთვის პირველკურსელებიც კი ისეთ რამეებს კადრულობდნენ, რომ გავოცდი. მერე შევეჩვიე, უფრო მეტიც, კარგი სკოლა იყო  და დღეს ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ისეთ ისტორიებს ვუსმენ, არაფერი  მიკვირს. ძალიან მალე მივხვდი, რომ ჩვენი პროფესია, იურისტობა, იგივე სცენაზე ყოფნაა. არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი ტრენინგი, კეტებითა და ჯინსებით რომ მივედით და ათობით სკოლის დირექტორისთვის რაღაც უნდა გვესწავლებინა. მახსოვს, მათი სახეები, რომლებზეც ეწერათ, ამათ რა უნდა გვასწავლონო და მერე ტრენინგის შემდგომი სახეებიც მახსოვს - რომ მოდიოდნენ და რჩევებს გვეკითხებოდნენ. ასეთი პროფესია გვაქვს, რომელსაც უნარების შეძენა და გამოცდილება, მუდმივი ზრდა სჭირდება.“

ხატვა ენატრება, ენატრება ზეთის საღებავების სუნი და ერთი სული აქვს, მისი პატარა როდის დაიწყებს ხატვას, რომ მასთან ერთად ,,თამაშ-თამაშით“ მოიკლას მონატრება, ახლა მხოლოდ ოცნებებში, გონებაში ხატავს.

 ,,ჩემს თავს ოცნებას ვერ ავუკრძალავ, თუმცა, ამისთვისაც ძალიან ცოტა დრო მრჩება.“

სამსახურში ყოველდღე ათობით ადამიანთან უწევს ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისინი გაღიმებული სახით არასდროს მოდიან, რადგან ყოველთვის აქვთ რაღაც პრობლემა.

„ხანდახან ვამბობთ სამსახურში: ხომ შეიძლება, ვინმე შემოვიდეს ბედნიერი სახით? მაგრამ... ასეთი პროფესია გაქვს, რომ ადამიანს მაშინ სჭირდები, როცა რაიმე პრობლემა აქვს. პირველი, რითაც მათ ეხმარები, გულწრფელი მოსმენაა, ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, და ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობა კმაყოფილია ჩვენი სერვისით, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.“

ნინო ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, არადა უკვე აქვს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც, რომ სხვებს, სტუდენტებს, გაუნაწილოს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში. „მე ვარ, მკაცრი და ობიექტური ლექტორი, მინდა, რომ ნიშნის სინდრომი, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთან, საქართველოში, აღარ იყოს. ლექტორობა ჩემთვის ერთ-ერთი დიდი პასუხისმგებლობაცაა და საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებასაც მაძლევს, რადგან ლექციაზე არ უნდა დაისვას ისეთი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მექნება.“

ნინოს მთავარი პრინციპია - დრო სწორად გადაანაწილოს. იცის, რომ მერე საკუთარ თავზე აღარ უნდა იფიქროს. იცის, რომ ახლობლებს ვეღარ დაუთმობს უფრო მეტ დროს, მაგრამ ეს ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერენ მის ცხოვრებაში.

„მე დიდ ოჯახში გავიზარდე: დედა, მამა, ბებო, ბაბუ, მამიდა, ჩემი ძმა, ამიტომაც დღემდე მაქვს მოთხოვნილება, რომ შინ ბევრი ხალხი იყოს.“

კულინარიაში დედამთილს არ ეცილება, „ის იმდენად კარგი კულინარია, რომ ვერ შევეცილები, ისე, იურისპრუდენციას დავეუფლე და ეს კულინარია რაღა იქნება?“

მას ბლინების კეთების ექსკლუზიური უფლება აქვს, ამას მეუღლე და შვილი ხშირად მოითხოვენ, ისიც არასოდეს ეუბნება უარს.

მალე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს აღარ უხელმძღვანელებს: ახალი არჩევნები იქნება, წესდების მიხედვით ნინოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს: სად გააგრძელებს მოღვაწეობას, ამას წინასწარ არ გეგმავს, ისედაც არაფერი დაუგეგმავს წინასწარ, იცის, რომ არასდროს იქნება პროკურორი და სისხლის სამართალში არ იმუშავებს.

„იმიტირებულ პროცესებზეც კი ყოველთვის დაცვის მხარე ვიყავი. ეს უფრო ზის ჩემში, ალბათ, სამოქალაქო სამართალში გავაგრძელებ“. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია