დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნანა ცხადაძე - აგვისტოს ომის გმირი ქალი
2010/07/26 12:49:29

ისტორია ვერ იგუებს ტყუილს. დრო მისი საუკეთესო საზომი ერთეულია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რა მთავრობებიც არ უნდა შეიცვალოს, რა კუთხითაც არ უნდა შეფასდეს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები, ნანა ცხადაძე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც თავისი სამშობლოს ღირსეული შვილი, გოგონა, რომელმაც ჩვენს თვალწინ შექმნა თანამედროვეობის ნამდვილი გმირის სახე. მისი და ნანა ბასლანძის სამხედრო გმირობა ოფიციალურად აღიარა სახელმწიფომ.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩვენი წერილის გმირს, 42-ე ბატალიონის ქვედანაყოფის სერჟანტს, სამედიცინო პუნქტის უფროსს, სახელმწიფომ თავისი სულისკვეთება და თავგანწირვა სამშობლოსადმი შეუფასა ჯილდოთი - მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის.“

მე ნამდვილად არ ვიცი, სახელმწიფომ სხვა დროს ქალთაგან ვის მიანიჭა კიდევ ოფიციალურად გმირის წოდება. საბჭოთა კავშირის გმირ ქართველ ქალებზე არ ვსაუბრობ. დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსათვის მებრძოლებს ვგულისხმობ. ჩემდა სამარცხვინოდ, ისიც არ ვიცი, მარო მაყაშვილი არის თუ არა ოფიციალურად აღიარებული ქვეყნის გმირად, თორემ კოტე მაყაშვილის ქალიშვილის სახელი და გვარიც კი სამშობლოს სიყვარულით გულაღტკინებულ თაობებს აღზრდის.

ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ იმ მხრივ, რომ სტერეოტიპების მსხვრევის ეპოქაში ვცხოვრობთ. ბევრი რამ გადავაფასეთ, ბევრ რამეს მივუჩინეთ ადგილი, ბევრი რამ დასალაგებელი და გასაკეთებელია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც მხოლოდ წარსულის გმირებს არ ეთაყვანება, არამედ თვითონ ჰყავს გმირები.

 

*** 

არ გაინტერესებთ, როგორ მოხვდა ქართულ არმიაში?

სამედიცინო ინსტიტუტში მომუშავე ახალგაზრდა ლექტორი იყო, ძმის რჩევით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად რომ მივიდა. არა, მარტო ძმის რჩევა არ ყოფილა ახალი გზის მთავარი განმსაზღვრელი. აქ, ქართულ არმიაში, ნანას უამრავი ახლობელი ჰყავდა და ჰყავს - ბიძაშვილები, მეზობლები, მეგობრები. მთავარი მაინც შინაგანი ხმის კარნახი აღმოჩნდა.

ძმასთან ერთად იყო კოჯორში. შემდეგ ერაყში, ბაქუბში, წითელ ზოლში  - 7 თვე. სწავლობდა სამოქალაქო მედიცინისგან განსხვავებულ, სამხედრო-სამედიცინო საქმეს, გადიოდა ყველა წვრთნას და სწავლებას, დაუგროვდა ხუთწლიანი გამოცდილება.

ნანა: „როცა ვუყურებ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, სევდასთან ერთად დიდი ენერგიით ვივსები. იცი, რა მინდა გითხრა, რას დავაკვირდი? ვიცი, შენც დაგაინტერესებს. სამშობლოს სიყვარული და მსახურება სამოქალაქო სექტორში და არმიაში მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან. სამხედრო ფორმით პირდაპირ ეხები შენს მიწას, შენი გული პირდაპირ ეჯაჭვება საზღვრებს. არა, ეს არ არის „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა...“ ეს კიდევ სხვაა. ეს უფრო პასუხისმგებლობაა. მცველი ხარ, გესმის? შენი ქვეყნის მცველი!“

 

*** 

ქალბატონი ნუნუ სებისკვერაძე (ნანას დედა): რომ გითხრათ, გმირებად ვზრდიდი შვილებს-მეთქი, მოგატ-ყუებთ. ვგულისხმობ ომში გამოჩენილ გმირობას, თორემ რამდენი უსახელო გმირი ცხოვრობს დღეს ქვეყანაში! მე გულდაწყვეტილი ვიყავი იმის გამო, რომ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გავთხოვდი და სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი. ჩემი მიზანი იყო, შვილებისთვის მესწავლებინა. მინდოდა, ისინი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ყოფილიყვნენ. ომის დროს, უძნელეს პერიოდში იყვნენ სტუდენტები. ოთხი შვილი გავზარდე, ოთხივეს უმაღლესი განათლება მივაღებინე. ნებისმიერ ასაკში ვაკონტროლებდი შვილებს. გაკვეთილებს დიდხანს ვიბარებდი. მათი  ცოდნის  ამაღლებას   თვალ-ყურს  ვადევნებდი.  მიზნისთვის  ჩემმა ბრძოლამ ბევრი კარგი რამ მოიტანა, მათ შორის - ნანას გმირობა. ყველაფერი აინტერესებდათ, გარდა პროფესიებისა, რაც აირჩიეს - ცეკვა, მუსიკა, პოეზია... რაღაც სახალხო ბავშვები იყვნენ. ზედმეტი არ გამომივიდეს!

რაც შეეხება ნანას, მართალს გეტყვი, შვილო. ჯარი რომ აირჩია, გული დამწყდა. წარმოიდგინეთ, ინსტიტუტში დატოვეს, მშვიდი მომავალი ელოდა და ჩემივე ვაჟის, რომელიც ასევე სამხედრო პირია, რჩევით სამხედრო ნაწილში დაიწყო მუშაობა ექიმად. კიდევ გაგიმეორებ, არ გამიხარდა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ომი არ არის და რისი გეშინიაო. მაგრამ ომი ხომ მოვიდა?!

*** 

ახალი თანამშრომლების მიღებას აღნიშნავდნენ, როცა დაურეკეს და უთხრეს, განგაშია და სრული შემადგენლობით ვაზიანის სამხედრო ბაზაში გამოცხადდითო.

მეორე დღეს, 8 აგვისტოს, სამედიცინო ნაწილი ზურაბ ბეგიაშვილის, ავთანდილ ხოზრევანიძის, ნანა ბასლანძისა და ნანა ცხადაძის შემადგენლობით ავნევისა და ხეთაგუროვის გავლით ცხინვალისკენ დაიძრა. ფაქტობრივად, ისინი სამხედროების ზურგში იყვნენ. სამხედრო ქალბატონები ოპერატიულად უწევდნენ დაჭრილებს დახმარებას და გზას აგრძელებდნენ. მალე ბრძანება მიიღეს, რომ პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გადაენაცვლათ. ცხინვალის მისადგომებთან, ტყეში, ბრიგადის სამედიცინო ნაწილმა პუნქტი გაშალა. სკდებოდა დიდი რაოდენობის ჭურვები, მიმდინარეობდა ინტენსიური დაბომბვა. მდგომარეობა კრიტიკული იყო. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - დაეტოვებინათ ტყე და უშუალოდ ქალაქის ქუჩებში გასულიყვნენ. ეს ადვილი არ იყო, რადგან მტრის სნაიპერი ტყიდან დასაშვებ ფერდობს აკონტროლებდა.

ნანა: „როცა ცხინვალში შესვლის ბრძანება მივიღეთ, ჩემს კოლეგებს სათითაოდ ვუთხარი: ნანა, შენ შვილები გყავს გასაზრდელი! ავთო, შენც 6 წლის ბავშვი გყავს! ზურა, შენ ერთადერთი ვაჟი ჰყავხარ პატრონს და გვარის გამგრძელებელი ხარ, თქვენ დარჩით, მე წავალ, მე ხომ გათხოვილი არ ვარ. ჩემს მშობლებს, ჩემს გარდა, ვაჟიც ჰყავთ და ქალებიც-მეთქი. მაგრამ მარტო არ გამიშვეს, შენ ჯერ რა გინახავსო. ყველანი ჩავსხედით ტანკში და პირდაპირ ცხინვალის ქუჩებში ვეხმარებოდით დაჭრილებს. ძირითადი სახეობა კიდურების ამპუტაცია და ძლიერი სისხლდენა იყო. დახმარების აღმოჩენის შემდეგ ისინი ტყისკენ მიგვყავდა. ლეიტენანტი ბეგიაშვილი ცხინვალში დარჩა. მას შემდეგ ის არავის უნახავს...

დაჭრილების გადასარჩენად აუცილებელი იყო ჰოსპიტალიზაცია. მოვათავსეთ ისინი „ჰაი ლუქსზე“, რომ გორისკენ გამოგვესტუმრებინა. სწორედ ამ დროს ტყეს მტრის თვითმფრინავებმა გადაუარეს და უამრავი ავიაჭურვი ჩამოაგდეს. აფეთქების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადამისროლა და გონება დავკარგე. აი, თვალი რომ გავახილე და ცნობიერება დამიბრუნდა, ვერ გადმოგცემთ, იქ რა ცოდვა ტრიალებდა: გარშემო უამრავი დასახიჩრებული და დანაწევრებული სხეული ეყარა. ამაზე საუბრის ძალა არ მაქვს. ეს იყო ყველაზე საშინელი წუთები ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ისე, რომ ჩემს ირგვლივ არავინ იყო. ტვინი მუშაობდა უსწრაფესად. იარაღს დავუწყე ძებნა: ახლა ოსები თუ რუსები, რა მნიშვნელობა აქვს, მოვლენ... სადაცაა, გამოჩნდებიან... მე მზად ვარ და... იარაღი მოვიმარჯვე. გათავდა! ჩემი სიცოცხლე ასე უნდა დამთავრებულიყო! მტერს არ ჩავბარდებოდი!!!“

 

***

ქალბატონი ნუნუ: ზვიადი (ნანას ძმა) თბილისში იყო. მას ინფორმაცია ჰქონდა, თუ როგორ დაბომბეს ის ტყე, სადაც სამედიცინო პუნქტი იყო განთავსებული. ნანა მკვდარი ეგონა და ღუდუშაურის კლინიკაში, მორგში ეძებდა. როცა ტელეფონზე დაურეკავთ - ნანას ოპერაციას უკეთებენ გორშიო, წამებში ასულა ჰოსპიტალში. რომ მისულა, ოპერაციისთვის ამზადებდნენ თურმე. ძმა რომ დაუნახავს, ტირილით მიუმართავს - ყველანი მიყვარხართო.

ზვიადი გიჟს ჰგავდა. მისი რჩევით მივიდა ნანა ჯარში და პასუხისმგებლობას თვითონ იღებდა - რა შეხედავს, ან რა ვუთხრა დედას და მამასო.

ზესტაფონის კომისარიატში მოსულა ცნობა - მეოთხე ბრიგადა განადგურებულა და ნანა ცხადაძე გარდაიცვალაო. მეზობლები ჩუმად რომ იყვნენ, ვგიჟდებოდი, რაღაც ხდებოდა ჩემს თავს... და ამ დროს ზვიადმაც დამირეკა - დედა, ნანა დაჭრილია, არ შეგეშინდესო.

პირველად რომ დავინახე ჩემი შვილი ცოცხალი, ცოცხალი კი არა, მკვდარს ჰგავდა, - ხომ არ შემეშალა-მეთქი, ისე იყო შეცვლილი.

რომ დავრწმუნდი, მერე მის მკლავზე დავიწყე ნერვიულობა. დიაგნოზი ასეთი იყო - მარცხენა მხრის ნაღმ-ფეთქებადი მოტეხილობა, რბილი ქსოვილის და ძვლის დეფექტით, რადიალური ნერვის დაზიანება, სახსრის ფუნქციის ნაწილობრივი მოშლით. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დადგენილებაში ეწერა: „დაზიანების ხარისხი - მძიმე.“ მკლავი შეუნარჩუნეს. იქ, გორის ჰოსპიტალში არის ძალიან კარგი ქირურგი, გვარად - კიშკო. მან ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. შემდეგ სახელმწიფომ სპეციალური თვითმფრინავით ისრაელში გადაიყვანა. ლაშა ჟვანიას ძმის დახმარებით, ქალაქ ხაიფაში გაუკეთეს მეორე ოპერაცია და ისევ სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. კიდევ სჭირდება ერთი ოპერაცია ისრაელში. შემდეგ კუბანოვის კლინიკაში პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს და მკლავიც ფორმაში ექნება.

როცა პრეზიდენტმა სახელმწიფოს სახელით ოფიციალურად აღიარა ჩემი შვილის გმირობა, უბედნიერესი დედა ვიყავი. ჩემი შვილი გმირი, ჩემი შვილი გმირი! - ვიმეორებდი, ვინ იცის, მერამდენედ. ეს ხომ პატარა ამბავი არ არის. ნამდვილად მეამაყება, რომ დღეს საქართველოს გმირი ქალი - ნანა ცხადაძე - ჩემი შვილია. მე მას ყველაფერი მივეცი, რისი საშუალებაც მქონდა, მან  კი ჩემი შრომა საქვეყნოდ გამოაჩინა. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.

ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს. მინდა ნანა გათხოვდეს, შექმნას კარგი ქართული ოჯახი. ჰყავდეს შვილები. ამბობენ, დედის ამაგს შვილი ვერასოდეს გადაიხდისო. გადაიხდის თურმე!!!“

 

*** 

ნანა: „მე, მართლაც, სასწაულებრივად გადავრჩი. ჩემთვის ეკლესიასავით წმინდა ადგილია მუხათგვერდის მემორიალური სასაფლაო, სადაც ჩემი მეგობრები განისვენებენ. მათი ბრძოლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დაკარგული ტერიტორიების აღდგენა. თუნდაც მათ გამო ღირს ამ დიადი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩემს სასწაულებრივად გადარჩენილ ცხოვრებას მათ ვუძღვნი.“

 

***

P.S.  ნანა ცხადაძე იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში დაიბადა და გაიზარდა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. ის სულისკვეთება, რაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გამოიჩინა, აქ გამოიძერწა.

ადამიანის პატივგებაზე მისი არსებობის შეწყვეტის შემდეგ ზრუნავენ ხოლმე. მოდით, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი. გაზეთ „P.S.“-ის ფურცლებიდან მსურს, თხოვნით მივმართო რეგიონის ადმინისტრაციის აპარატს, ზესტაფონის გამგეობას, რომ ზესტაფონის ერთ-ერთ ან სოფელ მეორე სვირის ცენტრალურ ქუჩას თანამედროვეობის გმირი ქალის - ნანა ცხადაძის სახელი დაერქვას და დამზადდეს შესაბამისი აბრები. ამ თხოვნით ათასობით ადამიანის აზრი გავახმიანე.

 

მთვარისა ბესელია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია