დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბოლოსდაბოლოს, მათემატიკოსი ვარ!
2010/06/28 12:50:28

სახელი: თეიმურაზ სურგულაძე

ტიტული: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

არაოფიციალური ტიტული: კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს.

ხასიათის მთავარი თვისებები: შრომისმოყვარეობა, ცნობისმოყვარეობა, იუმორი.

გამორჩეულად დასამახსოვრებელი ჯილდო: ცოცხალი ინდაური.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე - ექიმი დარეჯან გველესიანი, შვილები - 11 და 13 წლის ქალ-ვაჟი, ეთერი და სანდრო.

ამბობს, რომ დღემდე ამ ძირითად ხაზს მიჰყვება: „წიგნის კითხვა, ფიქრი, საკუთარ საქმეზე მუშაობა“, - ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. ლიტერატურა და პროფესიული საქმიანობა კი მის ცხოვრებაში ყოველთვის პარალელურად ვითარდებოდა: „ლიტერატურის გარეშე მართლა არ შემიძლია. არც მათემატიკის გარეშე შემიძლია. ეს წყევლაა, თუ ბედისწერა, ასე უნდა ვიარო, სანამ ვიქნები“.

 

ლიტერატურა

ის, რასაც რიცხვებით ვერ საზღვრავს - წაკითხული წიგნების რაოდენობა და მისი ხელმძღვანელობით დაცული სადოქტორო დისერტაციებია.

60-მდე სამეცნიერო სტატია აქვს, მათი დიდი ნაწილი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოქვეყნებული. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის განყოფილებაში, მისი მუშაობის პერიოდში დაცული სადოქტორო დისერტაციების სქელკანიანი საქაღალდეები აწყვია. სამუშაო მაგიდაზე კი ყოველთვის ახალი წიგნი ელოდება წასაკითხად. ახლანდელი წიგნი „მსოფლიო მოთხრობებია“, უჯრაში კი დიდი ხნის წინ წაკითხული გრიგოლ რობაქიძეა. ახლა მასზე კოლეგასთან, ნესტან კუტივაძესთან უნდა ისაუბროს. მსგავსი საუბრები ხშირად აქვთ, კამათშიც ხშირად გადადიან.

„ნესტანი თვლის, რომ ლიტერატურა პროცესია, მე - არა. იმიტომ, რომ ის ლიტერატორია, მე - მათემატიკოსი. დუმბაძეს შეეკითხნენ ერთხელ:     „რას იტყვით ამ ნაწარმოებზეო?“ და, იცით, რა უთხრა? „მე მწერალი ვარ, მკითხველი კი არაო“. მე მათემატიკოსი ვარ! ლიტერატურა არის ჩემი, ასე ვთქვათ, ჰობი.

თუკი დავა მოდის და მე დავრწმუნდი, რომ არ ვარ სწორი, თავისუფლად შემიძლია ვაღიარო, - მათემატიკაში ძალიან იშვიათად ხდება ასე.

ადრე ჩემი პრინციპი იყო ასეთი: წიგნს რომ ავიღებდი ხელში, ვცდილობდი, ბოლომდე ჩამეკითხა. ახლა, თუ მომეწონა, ვაგრძელებ, თუ არ მომეწონა - არა. არ მაქვს გასაფანტი დრო და კლასიკა უნდა ვიკითხო. ბოლოსდაბოლოს, მათემატიკოსი ვარ.

„ისტობა“ ძალიან არ მომწონს, მაგრამ დოჩანაშვილისტი ვიყავი. ამ ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი მილოსლავ ტალიჩით. საყვარელი მწერალი ბევრია: აკუნინი, პავიჩი, სერბი მწერალი - ანდრიჩი, მარკესი, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი...

ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ლიტერატურას და მის სიახლეებთან ახლოს ვიყო. ორი ლიტერატურული ჟურნალი გამოდის: „ლიტერატურული პალიტრა“ და „ჩვენი მწერლობა“, - ვცდილობ, ყველა ნომერი წავიკითხო.

სამწუხაროდ, იმდენი დრო აღარ მაქვს, რამდენიც ახალგაზრდობაში.

 

ინტელექტ-თამაშები

90-იან წლებში ვმონაწილეობდი „რა? სად? როდის?“ - თამაშებში. მაშინ ბატონი გოჩა დვალიშვილი იყო ჩვენთან ერთად, ლადო პატარიძე, ასევე, საკმაოდ ნიჭიერი მათემატიკოსი - ლევან შათირიშვილი. საინტერესო შეხვედრები ტარდებოდა ორ უნივერსიტეტს შორის. ჩვენ გვერქვა „ორიონი“, კაპიტანი იყო გენადი მარგველაშვილი (ახლა 41-ე საჯარო სკოლაში მუშაობს, ძალიან ძლიერი მათემატიკოსია). ერთ წელიწადს მე მაღიარეს პირველ ინტელექტუალად და ინდაური მაჩუქეს. ის ცოცხალი ინდაური, რა თქმა უნდა, მერე მოიხარშა და შეიჭამა.

კლასიკური ლიტერატურა და კლასიკური ფილოსოფია იყო, ძირითადად, ჩემი სფერო, ასევე - ძველი ლიტერატურა, ფილოსოფია, ისტორია და ა.შ.

ეს პერიოდი არის ფელინის „ამარკორდივით“ ჩემს ცხოვრებაში - ტკბილ-მწარე მოგონებები. სამწუხაროდ, კარგთან ერთად, ცუდი მოგონებებიც არის, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდიდან ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა - 22-25 წლის ასაკში. სამწუხაროდ ასე მოხდა და, სანამ გასამდებოდა, წამოვედი.

მშვენიერი პერიოდი იყო, ახალგაზრდა ვიყავი, ენერგიით სავსე, არც ახლა ვუჩივი ენერგიას... ცოდვა გამხელილი სჯობს, სულო ცოდვილო და, ახლაც კი მინდა თამაში, მაგრამ ახლა არ შეიძლება, სხვა ასაკში ვარ უკვე. „რა? სად? როდის?“ - ტელე-თამაშებს ვუყურებ სულ და ამასაც გაგიმხელთ - წერილებსაც ვაგზავნი ხშირად, თუმცა, ჯერჯერობით, არ გამოუცხადებიათ ჩემი კითხვა. ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს გაგზავნილი და ბევრს გავუგზავნი კიდე. ამ მხრივ ვაქტიურობ!

 

პიროვნული შტრიხები

მათემატიკის და ლიტერატურის გარდა, ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლია - საქართველოა! ჰქონდა კიდეც სერიოზული შემოთავაზება საზღვარგარეთ, მაგრამ - ვერ დათანხმდა.

„თუ გეშინია რაიმეს გაკეთება, გააკეთე!“ - ეს ის ფრაზაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე საკუთარ კაბინეტში კედელზე ჰქონდა გაკრული. ის, რისიც დღეს ყველაზე მეტად ეშინია, მისი ქვეყნის მომავალია. კიდევ - გამოუთქმელი და გაუკეთებელი არ დარჩეს ის, რაც შეუძლია.

გლობალური მასშტაბით გული არაფერზე სწყდება. ერთი ესაა, რომ დაკარგულ დროს უკეთ გამოიყენებდა: ფრანგულის, ფორტეპიანოსა და როიალზე დაკვრის შესასწავლად: „სკრიპკასაც“ შეავლებდა ხელს...“

საკუთარ თავს ასე მოიხსენებს: „ლიბერალ-დემოკრატი“. ყველაზე დიდ დისკომფორტს კი ის უქმნის, რომ, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული, სხვებს შენიშვნებს ვერასდროს აძლევს.

„არ მომწონს საკუთარ თავში ის, რომ პრინციპული არ ვარ ზოგჯერ, არადა, უნდა უთხრა ადამიანს ის, რაც ეკუთვნის“.

 

***

წინ კიდევ ბევრი წასაკითხი წიგნია. წიგნების დაწერას თავადაც აპირებს საკუთარი სტუდენტებისთვის.

„რამდენიმე პოპულარულ წიგნსაც დავწერ - მათემატიკის სფეროში, რა თქმა უნდა. მთავარია, კარგი თაობა აღვზარდოთ“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია