დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუსლებიანი სამხედრო კორესპონდენტი
2010/03/29 12:48:35

ჟურნალისტი ციალა კოპალიანი აფხაზეთიდან დევნილია. სოხუმში ფილოლოგიურზე სწავლობდა. პედაგოგად მუშაობდა. თუმცა, აფხაზეთის ომის დროს, გარკვეული ჯგუფის რეკომენდაციის შედეგად, სამხედრო ბრიგადაში, გაზეთ „სამშობლოს“ სამხედრო კორესპონდენტად დანიშნეს და ჟურნალისტური მოღვაწეობაც აქედან დაიწყო. 

- გაზეთში მუშაობის პარალელურად ვიდეომასალებსაც ვიღებდით, - იხსენებს ქალბატონი ციალა, - მართალია, უმაღლესი განათლება მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოცდილება - არა. ჩემს მასალებს 3800 ჯარისკაცი კითხულობდა. მეუბნებოდნენ ხოლმე, „ხუთიანს“ ვერა, მაგრამ „ოთხიანს“ ნამდვილად გიწერთო. მათი ნათქვამი მათამამებდა კიდეც და, რაც მთავარია, ყოველდღიურად ვიზრდებოდი პროფესიულად.

დილით შტაბში მიდიოდა, შემდეგ - საბრძოლო პოზიციებზე, იმ გადასახედიდან პედაგოგობა და ბავშვებთან მუშაობა გაცილებით რთულად ეჩვენებოდა, ვიდრე - ტყვიის წვიმაში კორესპონდენტანდ ყოფნა. შიშის და უკანდახევის გრძნობა არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ მხოლოდ მკვდრებსა და დაჭრილებს ხედავდა.

- გამოუცდელობის გამო, ინფორმაციებს შიშვლად ვაქვეყნებდი. დაზვერვის სამსახურმა შენიშვნაც კი მოგვცა, ნამეტანს შვრებითო. თუმცა მე ვუთხარი, ხალხისთვის დღევანდელი დღე ხვალინდელი მატიანეა და მოსახლეობას სიმართლე უნდა მივაწოდოთ; ჩვენ ნამდვილი ისტორია გვჭირდება და თუ სათანადოდ ვერ ვიმუშავებთ, კედლის გაზეთის გამოშვება აჯობებს-მეთქი.  ასე ვურჩიე მაშინ  მათ.  საბედნიეროდ,   გაზეთმა  „სამშობლომ“ არსებობა განაგრძო.

„ტყის ცხოვრებიდან“ განსაკუთრებულად ახსენდება, მაღალქუსლებიანი „ფრანცუსკებით“ რომ დადიოდა სამხედროების გვერდით, ქუსლები, სიმაღლე დისკომფორტს უქმნიდა საბრძოლო პირობებში, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა ქალური იმიჯი და სიკოხტავე. ერთხელ ფრიდონ ინჯიამ, რომელიც მაშინ საქართველოს კავშირგაბმულობის ხელმძღვანელი იყო, მეომრებს შორის მაღალქუსლებიანი ქალბატონი რომ შენიშნა, უთხრა: „ქალბატონო ციალა, თქვენ რომ გიყურებთ, თავს ნამდვილ მამაკაცად წარმოვიდგენო.“ ზოგმა მინისტრს ეს ნათქვამი მსუბუქ არშიყობადაც კი ჩაუთვალა. ციალა მიხვდა, რასაც გულისხმობდა ბატონი ფრიდონი: „ქუსლებიანი ქალბატონი“ ტყეში მამაკაცებს რაინდულ სულს უნარჩუნებდა.

27 სექტემბერს, ვერც კი ვიჯერებდით, სოხუმი რომ დაეცა. შვილები დის ოჯახში მყავდა, მეუღლე - თენგო ჯიშკარიანი ფრონტის წინა ხაზზე იყო. ჩემი დის სახლში შეჭრილი აფხაზები თურმე ყვიროდნენ... უკითხავთ, სად არის, ბევრს რომ ტლიკინებდაო. წარმოიდგინეთ, ჩემს პროფესიულ საქმეს „ტლიკინი“ დაარქვეს. გალში რომ გადმოვდიოდით, ვიღაცის ტრაქტორზე ვიდექით და ჩვენი შენაერთის უკანდახევის გამო იმდენად მრცხვენოდა, თავზე ბავშვების ქურთუკი გადავიფარე. გალს რომ გამოვცდით, ჩემმა დამ მითხრა, გადაიძრე თავზე, აქ ვეღარ გიცნობენო.“

ბოლო სიუჟეტი ცაგერაში, თავის მშობლიურ სოფელსა და სკოლაზე გააკეთა.

მეომრებს კოდორში აცილებდა, ეგონა - საქართველო გაიმარჯვებდა. მაგრამ, როცა მეუღლის ასეული გენერალმა გუჯარ ყურაშვილმა უკან გამოაბრუნა, მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა: „ქართულ ჯარში სტრატეგია და ერთობა არ იყო. შინაურმა აშლილობამ და რუსეთის აგრესიამ გადაუარა მოხალისე ჯარისკაცების თავგანწირვას,“ - ამბობს გულისტკივილით.

აფხაზეთის ეპოპეაზე დღემდე წერს. აცხადებს, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა არნახული გმირობა გამოიჩინეს და სოხუმის დაცემამდე თითქმის მთელ აფხაზეთში შიშველი ხელებით მიმდინარეობდა საქართველოს ამ ძირძველი კუთხისთვის ბრძოლა.

შემდეგ იყო ბათუმი და გაზეთი „აჭარა“. მაშინ დევნილები ტურბაზა „მწვანე კონცხში“ გადაიყვანეს საცხოვრებლად. ქალბატონმა ციალამ ისევ აიღო კალამი და ისევ ცოცხალ ისტორიაზე დაიწ-ყო წერა: „სანამ სამშვიდობოს გამოვიდოდით“, „საქართველო უძლეველი მეგონა“ - ამ წერილებით დევნილი ჟურნალისტი საკმაოდ კარგად გაიცნო აჭარის საზოგადოებამ.

დევნილ მამაკაცებს მაშინ ასლან აბაშიძის მთავრობამ რეგიონიდან გამოძევება დაუპირა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ისინი ნამიტინგარი ხალხია და ხელს შეუშლიან აჭარაში სტაბილურ ცხოვრებას. ქალბატონი ციალა სამ დღეს ეძებდა მეუღლეს. შემდეგ გაიგო, რომ ისინი გურიაში, სოფელ ნატანებში დაუტოვებიათ, „როგორც გადაყრილი ლეკვები“. ამის გამო, ოთარაანთ ქვრივივით, რკინის ქალამნები ჩაიცვა და ოთხი დღის განმავლობაში ასლან აბაშიძის მრჩეველთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. მისი მეშვეობით გაზეთები შეუგზავნა „აჭარის ლომს“.

ასლან აბაშიძეს სტატიები რომ წაუკითხავს, ჟურნალისტისთვის შემოუთვლია: - „მე მივიღე დევნილები და მივეცი თავშესაფარი, მაგრამ მათი ქმედებები აჭარას საფრთხეს უქმნის. იცხოვრონ მშვიდად, ხელს ნუ შეგვიშლიან, თუ რამე გვექნება, გავუნაწილებთ... ხოლო თუ მაინცდამაინც ყვირილი მოუნდებათ, ბორჯომში იყვირონო“ - დღესაც არ იცის, ეს რატომ ბრძანა აჭარის პირველმა პირმა.

გარკვეული დროის შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, ქუთაისში წამოვიდა. გაზეთ „ცხუმში“ დაიწყო მუშაობა, თანაც - ძალიან აქტიურად. შემდეგ ცირა შალაშვილის „საღამოს ქუთაისთან“ დაიწყო თანამშრომლობა: „ცირა ის ადამიანია, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა პროფესიაში. მართალია, მწერალი და პოეტია, მაგრამ ყველაზე მეტად, როგორც ჟურნალისტი, ისე მომწონს.“

რაღაც პერიოდი ეგონა, რომ ომის თემა ამოიწურა, აქტიურად გადავიდა დევნილების პრობლემებზე, წერილებში ჩინოვნიკებს მკაცრად აკრიტიკებდა, რომ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებში, ყოფილ მეომრებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ, დევნილთა სატკივარი გულთან არ მიჰქონდათ. წერილების გამო ბევრი უსიამოვნება შეხვედრია...

გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტის“ ხელშეწყობით დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ომის ვეტერანთა ლიგა“...

ამ ბოლო დროს რესპუბლიკურ პრესაში აქვეყნებს მასალებს.

ვინ მიხედავს სააკაშვილის დევნილებს? - ამ კითხვას ისევ სვამს ციალა კოპალიანი.

 

ნანა კუკულავა, სალომე ბებია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია