დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდა „ჰარმონიული ქაოსიდან“
2010/02/08 13:50:52

სახელი: ვანო ჩხეიძე.

ასაკი: 25 წლის.

პროფესია: პროგრამისტი.

საყვარელი მწერალი: გურამ დოჩანაშვილი.

საყვარელი რეჟისორი: ემირ კუსტურიცა.

ოცნება: „სამოსელი პირველის“ გადაღება.

გატაცება: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ფოტოგრაფია, მოკლედ, ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდება და რაც ხელ-ეწიფება.

ჰობი: ადამიანებზე დაკვირვება.

 

„თავიდანვე უკუღმართი და უცნაური გამაჩინა ღმერთმა“, - ასე იწყებს ერთ-ერთ ჩანახატში საკუთარ თავზე საუბარს. უცნაურობა და განსხვავებულობა კი მოგვიანებით მისი ცხოვრების ჩვეული სტილი ხდება,  რადგან  25  წლის  მანძილზე   ჩამოყალიბებული  „ცხოვრებისეული  თეორიებით“  თუ შეხედულებებით, ხშირ შემთხვევაში, იმ უმცირესობაში ხვდება, რომელსაც საზოგადოება, როგორც წესი, ვერ უგებს...

საუბარი მისი საყვარელი მწერლით დავიწყეთ...

- რატომ მაინც და მაინც გურამ დოჩანაშვილი? 

„ის ჩემთვის ქართველი მარკესია. მიყვარს, იმიტომ, რომ, ერთ სიტყვაში შეუძლია პიროვნების მთელი ხასიათი ჩაატიოს. მეორე - მისთვის ყველაფერი სიყვარულიდან იწყება და სიყვარულით იზომება. ამ კუთხით ვუყურებ ყოველთვის მის ნაწარმოებებს. ხშირად, როცა ვკითხულობ, ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ჩემი დაწერილია. სასიამოვნო ემოციას იწვევს“.

უყვარს ჰიუგო, მარკესი, ბალზაკი... პოეზია - დიდად არა, თუმცა, გალაკტიონის შემდეგ, ყველაზე მეტად მურმან ლებანიძე მოსწონს, თვლის, რომ თავისუფალი, ეშხიანი ლირიკა აქვს. თვითონაც წერს, - იმაზე, რაც მის ირგვლივ ხდება, რაც აწუხებს, მოსწონს, ან - არა. ძირითადად წერს სიყვარულზე და სიყვარულით ცხოვრობს, რადგან ეს მისთვის ყველაფერია - მისი ცხოვრების აზრი.

„რის განწყობაზეც ვარ, იმას ვწერ, ლექსი იქნება, ჩანახატი თუ ა.შ. ლექსი პირველად 4-5 წლის წინ სიყვარულმა დამაწერინა... სიყვარული ჩემთვის ყველაფერია! მე სიყვარულით ვცოცხლობ, სხვანაირად არ შემიძლია. ეს სიტყვაც რომ მესმის, განწყობა მთლიანად მეცვლება, სულ სხვა სამყაროში გადავდივარ მაგ დროს, სულ სხვა ემოცია მოდის, ფიქრებიც, საერთოდ, ყველაფერი სხვანაირია“.

თუმცა, ასაკთან ერთად გაიგო, რომ მარტო სიყვარული არ ყოფილა ამ ქვეყნად, სიძულვილიც ყოფილა, ბოროტებაც, სიკეთეც. გაიგო, რომ თურმე, ადამიანები ერთნაირები არ არიან და მაშინ დასნეულდა ორი რამით: ფიქრით და ადამიანების შეცნობის სურვილით. ასე დაიწყო ექსპერიმენტების მთელი სერია...

„ვფიქრობ ყველაფერზე, რაც არ მომწონს, იმ სოციუმზე, რაც ჩვენს ირგვლივაა, რა პრინციპებზეა დაფუძნებული, ამ საზოგადოების მაცოცხლებელი პრინციპები რა არის, რა ახარებს, რა არ ახარებს, რითია ბედნიერი, რითი უბედური და ა.შ. ბევრ რამეზე პასუხები მივიღე და არ მომეწონა. ბევრ რამეზე პირიქით - მომეწონა. ყოფილა ისე, რომ ერთი მიფიქრია, მერე - მეორეც და ბოლოს სულ სხვა რაღაც აღმოჩენილა.

ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ქალაქში, რაზეც საათობით შეიძლება ილაპარაკო. დიდი სიამოვნებით მივიღებდი ისეთ ფორუმში მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები იქნებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფორუმის მოწყობა, პრაქტიკულად, ამ საზოგადოებაში შეუძლებელია. იმიტომ, რომ ძალიან აგრესიულია ჩვენი საზოგადოება. უმრავლესობა თუ იქნა ერთ აზრზე, ერთიც რომ გამოჩნდეს განსხვავებული, აუცილებლად ჩაქოლავენ, ან ისე გალანძღავენ, საერთოდ გაუქრება ლაპარაკის სურვილი. თან რელიგიური ფანატიზმია ძალიან ხშირად ჩვენს ირგვლივ...

ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, ხშირად ვნანობ, რომ თავიდანვე არ წავყევი ამ სფეროს. თუმცა, არ არის აუცილებელი, ფსიქოთერაპევტი იყო, რომ მეორე ადამიანს დაეხმარო.“

კინემატოგრაფია მისი ერთ-ერთი სერიოზული გატაცებაა, კუსტურიცა - უსაყვარლესი რეჟისორი. თვლის, რომ თანამედროვე ფილმებს პროფესიონალიზმი და სიღრმე აკლია. აქ ყველაფერი ძალიან მშრალია და არაფრისმთქმელი.

„კუსტურიცაც იმიტომ მიყვარს, რატომაც - დოჩანაშვილი. მის ფილმებს რომ ვუყურებ, ჩემთვის კითხვის ნიშნები არ ჩნდება. მივყვები ფილმს და არსად არ მიჩნდება იმის განწყობა, რომ ამ ფილმმა დამღალა, პირიქით, იმ ემოციას ვიღებ მთლიანად, რაც რეჟისორს აქვს თითოეულ კადრში. გახმოვანება, მუსიკა, ყველაფერი იმდენად გემოვნებიანად არის შერჩეული, უმცირეს დეტალსაც კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეალურად, მის ფილმებში, პატარ-პატარა წვრილმანები უფრო დიდ სურათს ქმნიან საბოლოო ჯამში. ბევრი ვერ იგებს, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, თუ ასეთი შეიძლება იყოს სამყარო, როგორსაც კუსტურიცა აღიქვამს - თავისუფალი სამყარო, სადაც ადამიანებს შური არა აქვთ ერთმანეთის მიმართ.

ყოველთვის სასიამოვნო ემოცია მიჩნდება, როცა ვჯდები და ფილმს ვუყურებ, იმიტომ, რომ ვიცი, დადებითი ემოციითაც დავიმუხტები, უარყოფითითაც და საფიქრალიც ბევრი დამრჩება, რომ რაღაც ახალი ვნახე. კუსტურიცას კიდევ აქვს ერთი უცნაური თვისება - სიუჟეტს ყოველთვის ორი მიმართულებით შლის ერთდროულად, ანუ ცხადი ფინალი არასდროს არ არის“.

მიაჩნია, რომ სამყაროს ერთნაირად აღიქვამენ. მოგვიანებით, კუსტურიცას ბიოგრაფიას გაეცნო და აქაც ბევრი საერთო ნახა. ისურვებდა, რომ მისი ცხოვრებაც საყვარელი რეჟისორის ფილმების სიუჟეტივით განვითარებულიყო.

„მე თუ მკითხავთ, როგორი უნდა იყოს შენი სიცოცხლეო, ვუპასუხებდი: დაუგეგმავი და მოულოდნელობებით სავსე“.

პროფესიით პროგრამისტის ცხოვრებაში ხელოვნებას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მართალია, დღის უდიდესი ნაწილი პროფესიული საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა, თავისუფალ დროს - ყოველთვის ხელოვნების რომელიმე დარგით არის დაკავებული - ეს მისთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

„ყველაზე მეტად მაშინ ვისვენებ, როცა მე თვითონ ვაკეთებ რაღაცას: ვწერ, ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ, არა აქვს მნიშვნელობა. იმ მომენტში, როცა ჩაფლული ვარ ხელოვნებაში, ან თუნდაც ვსაუბრობ ხელოვნებაზე, ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ ვიღებ“.

ამბობს, რომ მოხეტიალე ხასიათი აქვს და ამაში სამსახურიც ხელს უწყობს. დასავლეთ საქართველოში თუ სადმე ციხე ან ჯარია, მათი IT-მენეჯერია და, შესაბამისად, მგზავრობაც ხშირად უწევს. მგზავრობა მისთვის ერთგვარი საშუალებაა, გაექცეს იმ მრავალფეროვან ერთფეროვნებას, რომელიც მისი და თითოეული ჩვენგანის ირგვლივაა გამეფებული.

საკუთარი პორტრეტის დახატვა უჭირს, ამბობს, რომ მასში, ისევე, როგორც ყველა ადამიანში, ორი პიროვნებაა, - დადებითი და უარყოფითი. თუმცა, თავის პორტრეტში არაფერს შეცვლიდა.

„ჩემს პორტრეტს, ალბათ, არაფერს მოვაშორებდი, უბრალოდ, ვეცდებოდი, უფრო გამელამაზებინა, ისეთ ჩარჩოში მომექცია (სიტყვა „ჩარჩო“ არ მიყვარს!), ისე დამელაგებინა ყველაფერი ჩემს ირგვლივ, რომ ქაოსური ყოფილიყო და თან ჰარმონიულიც. ჰარმონიული ქაოსი მიზიდავს ყველაზე მეტად, არსებობს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე მინდა, რომ ჰარმონიული ქაოსი იყოს ირგვლივ“.

აი, სამყაროში, საზოგადოებაში კი ბევრ რამეს შეცვლიდა. უმთავრესი მისთვის პიროვნული თავისუფლებაა.

„განდიდების მანიის გარეშე მინდა სამყარო! თუ რაიმე პრობლემა მოდის, ყველაფერი - განდიდების მანიიდან, მე ასე მგონია. არ მომწონს, რომ ერთმანეთს უწესებენ ცხოვრების წესს, და თუ ისე არ ცხოვრობ, მერე ამისთვის გსჯიან. 5-10 ადამიანი წყვეტს, რა არის ცუდი და რა - კარგი. არ მომწონს ურთიერთობის სტანდარტული შტამპები...

იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საზოგადოება. არ აქვთ პირადულობის განცდა, სიტყვა „ინტიმი“ რაღაც ცუდთან ასოცირდება. ბევრი პრობლემაა, რაზეც ძალიან ბევრი შეიძლება ილაპარაკო. დაყოფილია ხალხი: ის, ვისაც უნდა ყველას ასწავლოს ჭკუა და თან თვითონაც ისწავლოს და არიან ისეთები, ვისაც არავის ჭკუის სწავლება არ სჭირდება, - მაცადეთ, მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ.

ასეთი პრინციპით ვცხოვრობ: მე ვაკეთებ, რაც მინდა, შენ აკეთე, რაც გინდა. თუ მომწონს ის, რასაც შენ აკეთებ, მოვალ და ვიქნები შენთან ერთად, თუ არა და - წავალ, გაგერიდები. შენ აკეთე ის, რაც გინდა, რა ჩემი საქმეა?“

სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გზა კი, მისი აზრით, ბუმერანგის პრინციპს ემყარება, - სწორედ ამ პრინციპით სარგებლობს მთელი ცხოვრება.

„ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და მეტი დადებითი ენერგია დავტოვო ყველასთან, ვინც ირგვლივ იქნება, თუნდაც ერთი საათით, ერთი წუთით, არა აქვს მნიშვნელობა. მე თუ მაქვს ის ენერგია, რაც მას სჭირდება და შეავსებს, არ მენანება, იმიტომ, რომ რაც მეტს გასცემ, მეტი დაგიბრუნდება ყოველთვის უკან“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია