დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის „უჩინმაჩინი“ გუბერნატორი
2010/02/08 13:41:10

იმერეთს, უკვე ერთ თვეზე მეტია, ახალი გუბერნატორი ჰყავს. ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე  „გამარჯვების მემორიალის“ ნგრევას შეეწირა, თუმცა გუბერნატორი ის პირი იყო, რომელსაც, მისი თანამდებობის მიუხედავად, მემორიალის დემონტაჟის საქმეებში ყველაზე ნაკლებ ახედებდნენ. 19 დეკემბერს ძეგლის დანგრევისა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი პრეზიდენტმა გუბერნატორის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროს ჩოგოვაძე თბილისში პირად საქმეზე იმყოფებოდა.

29 დეკემბერს პრეზიდენტმა იმერეთის გუბერნატორად ლაშა მაქაცარია დანიშნა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაასრულა, ასევე პარიზის სორბონის „პარიზ-1“ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მისი სამსახურებრივი კარიერა 2004 წელს უშიშროების საბჭოში მთავარ მრჩევლად მუშაობით იწყება. უშიშროების სამინისტროში სამმართველოს უფროსობიდან მაქაცარია თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში, ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსად გადადის. 2005-2008 წლებში თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსია, დაწინაურების შემდეგი ეტაპი კი თბილისის მერიის სამოქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსობაა.

ჩოგოვაძის მაქაცარიათი შეცვლა პრეზიდენტმა „იმერეთში ახალი სისხლის საჭიროებით“ ახსნა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა დაპირება და პროექტი ქუთაისთან მიმართებაში ძალაში რჩება. „ჩვენ გვაქვს პროექტი ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევის და ამ პროექტზე ჩვენ კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ,“ -  განაცხადა პრეზიდენტმა.

თავად მაქაცარიას მხარის განვითარების გეგმა ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა არაოფიციალური შეხვედრები დანიშვნის მეორე დღიდან დაიწყო. საახალწლო დღეებში ის ქალაქის ინტელიგენციას, ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრები კი დღემდე გრძელდება.

გუბერნატორად მისი დანიშვნის დღეს, 29 დეკემბერს, ლაშა მაქაცარია სამტრედიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სადაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. პრეზიდენტის ფერხულში ჩაბმულმა ახალმა გუბერნატორმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისში ფერადი, მუსიკალური შადრევანი გახსნა კიკვიძის სკვერში. გახსნას ქალაქის ახალი მერი გიორგი თევდორაძეც ესწრებოდა. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, შადრევანი ქალაქს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა აჩუქა, რომლის ვინაობაც დღემდე არ სახელდება.

გუბერნატორმა ზესტაფონში ახალი ხიდის, ხონში სახანძრო სამსახურის ახალი შენობის და წყალტუბოში სოფელ მაღლაკის ?1 საჯარო სკოლის გახსნაც მოასწრო, თუმცა გასახსნელი და დასასრულებელი კიდევ ბევრი პროექტია იმერეთში.

მაგრამ უმთავრესი დავალება, რაზეც არაოფიციალურად საუბრობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებაა, რა თქმა უნდა - ხელისუფლების სასარგებლოდ. ამდენად, გუბერნატორს სამუშაო გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე დაწყებული პროექტების დასრულება და ახალი შენობების გახსნაა. გარდა ამისა, ლაშა მაქაცარია იმერეთისთვის და ქუთაისისთვის უცნობი „კადრია“, ამდენად ინტერესი მისი პიროვნების მიმართ გაცილებით მაღალია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას მის სახელს უკავშირებენ. ამ და სხვა ჭორსა თუ სიმართლეზე გვინდოდა, თავად პირველი პირისგან მოგვესმინა პასუხი, თუმცა მისი დათანხმება ინტერვიუზე, სამწუხაროდ, ვერ შევძელით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია