დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შოთა ლეგაშვილი - იმერეთის რჩეული „ჯეოსტარში“
2009/10/14 14:13:42

 

12 ოქტომბერს „ჯეოსტარი 2009“-ს პირველ კონცერტზე საქართველოს მასშტაბით შერჩეული 14 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. იმერეთს შოთა ლეგაშვილი წარმოაჩენს. ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ქუთაისიდან გასულ, საკმაოდ ძლიერ კონკურსანტებს შორის აარჩიეს. პრეტენზიული ჟიურის გული შოთამ გამოსვლისთანავე მოიგო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ახლა ის იმერეთის წარმოჩენაზე იზრუნებს, 3002 კი, იმედია, ის ნომერი აღმოჩნდება, რომელიც მას გამარჯვებას მოუტანს. 

 

შოთა ლეგაშვილის „ჯეოსტარში“ მოხვედრა მოულოდნელად მოხდა.

„დიდი ხანია ყველა მეუბნებოდა, საახლობლოდან და სამეგობროდან, რომ გავსულიყავი „ჯეოსტარზე“, თუმცა, ძალიან უცებ გადავწყვიტე მისვლა. ნათესავთან ვიყავი თბილისში, დედაც საქართველოში იყო იმ პერიოდში და მანაც მთხოვა, რომ გავსულიყავი. მეც გადავწყვიტე“.

მცირე დროში მომზადებული სიმღერების: (ჯო კოკერის you are so beautiful) გამრეკლიძის „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“ და გოგი დოლიძის „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“), საშინელი ნერვიულობისა და რამდენიმეათასიან რიგში 5 საათიანი გადამღლელი ლოდინის მიუხედავად, ნიჭმა მაინც თავისი ქნა და პირველ ტურში გასული შოთა, შემდეგ ტურებში თავისუფლად გადავიდა.

„ძალიან დიდი ბედნიერება იყო ტურიდან ტურზე ჩემი  გადასვლა, იმდენად ძლიერი კონკურენტები მყავდა. შანსები 50/50 მქონდა. ჩემი აზრით, ძალიან სწორად მიაქცია ჟიურიმ ყურადღება მუსიკალურობას, ნიჭს, იმას, თუ რა შესაძლებლობები ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს.

პირველი ტური ქუთაისში გავიარე. მეორე თბილისში იყო, სადაც ფლეიტით გამოვედი და „თალდა“ ვიმღერე, ჯეიმს როქვაის სიმღერა და „იძინებს მზე“ - მერაბ სეფაშვილის და მაია ბარათაშვილის დუეტი. კარგად ვიყავი მომზადებული, რაშიც ძალიან დამეხმარა თიკო ბარაბაძე. ის მთელი პროექტის განმავლობაში ყველანაირად გვერდით მედგა, იქნებოდა ეს ინგლისური სიმღერის ტექსტი, თუ ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მას ამისთვის ვუთხრა.“

თბილისის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი სცენაზე 6 წლის ასაკიდან დგას. მაშინ ძალიან რთული გურული სიმღერის „მე რუსთველი“ კრიმანჭულს ისე გაართვა თავი, ყველა გააოცა. სულ პატარა იყო, ბაბუასთან ერთად რადიოს რომ უსმენდა და           „გაფრინდი, შავო მერცხალოს“ აჰყვა. ამის შემდეგ ოჯახმა ხელოვნების სკოლაში მიიყვანა, სადაც ემზარ შერვაშიძე დახვდა. სწორედ, იგი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომლის წყალობითაც სიმღერა სისხლში გაუჯდა. ახლა სიმღერა მისთვის, მართლაც ყველაფერია: „როცა დავდივარ, ვფიქრობ, ვსუნთქავ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ეს ყველაფერი არის ჩემთვის სიმღერა“.

ხელოვნების სკოლის შემდეგ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა. ამ დროისთვის უკვე ქართულ ხალხურ  ინსტრუმენტებზე დაკვრაც ნასწავლი აქვს. უკრავს... უფრო სწორად, რაზე აღარ უკრავს: ფანდური, ბაზ-ფანდური, სალამური, ჩონგური, ხალხური ფანდური, ფლეიტა, როიალი, გიტარა, აკორდეონი...

დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, როგორც თავად, ისე მისი  მუსიკალური გემოვნება: „საფუძველი იყო ძალიან მყარი, რაზეც აეგო ყველაფერი“.

უსმენს მაიკლ ჯექსონს, ხალხურ სიმღერებს, კლასიკურ მუსიკას. უყვარს გოგი დოლიძე, ფლეიტისტი ჯეიმს გელფეი, დათო ოძელაშვილი.

16 წელი ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებულ ანსამბლ „ბაგრატში“ მღეროდა. ჰქონდა გამოსვლები, როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ. გალობდნენ ბაგრატის ტაძარზე. ახლა ის ანსამბლ „ახალუხლებშია“, თბილისში. ანსამბლთან ერთად ხშირად გამოდის კონსერვატორიაში, ოპერაში, ART-გენში ყოველ წელს მონაწილეობენ.

„ბაგრატი“ 16 წლის წინ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. საქართველოს ფარგლებს გარეთ, გერმანიაშიც ძალიან დიდი იყო დაინტერესება, - იქ მაჩუქეს ფლეიტა. მთელი ამ დროის მანძილზე ანსამბლის გვერდით იდგა ქართულ-გერმანულ ურთიერთობათა ცენტრი და მისი დირექტორი ნანა მეგრელიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ხელი შეეწყო და შეენარჩუნებინა ქუთაისში ქართული ხალხური სიმღერა. ახლა „ახალუხლებში“ ვარ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ. ასევე, ვგალობ სამების ტაძარში“.

სცენაზე დგომისა და ანსამბლში სიმღერის დიდი გამოცდილების მიუხედავად, მაინც ღელავს, რადგან ამბობს, რომ „ჯეოსტარში“ სულ სხვა სპეციფიკა და მოთხოვნებია.

„რთულია, როცა ანსამბლთან ერთად ხარ მიჩვეული გამოსვლას, - ის გიდგას გვერდით, ვინც გიყვარს და სხვანაირად მღერი. ახლა სულ სხვა გარემოში ვარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგად წარვსდგე მაყურებლის წინაშე. ანსამბლში და ბენდთან სიმღერა ძალიან განსხვავდება, თუმცა, მუსიკოსისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, ცოცხლად რომ გიკრავს ბენდი და შენც ცოცხლად ასრულებ სიმღერას. ახლა რეპეტიციები ყოველდღე გვაქვს, დილიდან საღამომდე. ყველანაირად გვიწყობენ ხელს, რომ სცენაზე ვიყოთ ძალიან კარგები“.

ახლა შოთა 12 ოქტომბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ძველი ქართული სიმღერების ტურში გამოსასვლელად ემზადება, სადაც კვერნაძის „ზეცას დაფარავს ღრუბლები“ - შეასრულებს. ცოტა ღელავს, რადგან იმერეთის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„ქუთაისი დიდი მუსიკალური ტრადიციების ქალაქია და ძალიან კრიტიკული მსმენელი ჰყავს. ზოგადად საქართველოში, მაგრამ აქ განსაკუთრებით ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. ამიტომ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო ღირსეული და გადავიდე ტურიდან ტურში.

ჩემს იმერეთს მინდა ვუთხრა, რომ ერთი ზარი, ერთი სმს-იც კი გადამწყვეტია, ამიტომაც თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია