დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატარებისკენ სავალი გზა
2009/07/27 12:51:12

ქალბატონი ნელი დარსაველიძე. უკვე წლებია, ბავშვებისთვის სტრიქონებს რანდავს. თითო სიტყვას გულწრფელობით, სიყვარულით და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. იცის, პატარების გულისაკენ გზა მხოლოდ გულწრფელობაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 70 წლისაა, მის სტრიქონს არც ჭაღარა შეჰპარვია და არც გახუნებულა.

 

ქალბატონი ნელი ხონის რაიონში, სოფელ წითელ ვარსკვლავში დაიბადა პატიოსან და მშრომელ ოჯახში. მამა ჩუქურთმებიან ავეჯს აკეთებდა, დედა დიასახლისობდა. სკოლა დაასრულა და ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. საუკეთესო სტუდენტი იყო, მესამე კურსზე გათხოვდა და ცოლად გიორგი მიქაძეს გაჰყვა, ძალიან ნიჭიერ, განათლებულ და კეთილშობილ პიროვნებას. ორი ქალიშვილი შეეძინა და მუზაც ესტუმრა.

თუმცა, ლექსებს ადრეც წერდა - დიდებისთვის, საბავშვო ლექსების წერა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილები შეეძინა  და მათი ენა ყველაზე ახლობელი იყო მისთვის.

პირველი საბავშვო ლექსი გაზეთ „ქუთაისში“ დაიბეჭდა. ახსოვს, როგორ ელოდა პირველი საბავშვო სტრიქონების გამომზეურებას. მერე სხვა ჟურნალ-გაზეთებმაც აიტაცა მისი ლექსები: „დილა“, „საქართველოს ქალი“,      „ნორჩი ლენინელი“, „პიონერი“, „სოფლის ცხოვრება“ და ასე შემდეგ.

მის ლექსებს აფასებდნენ ცნობილი მწერლები.

ერთხელ ნოდარ დუმბაძეს „დილაში“ ნელი დარსაველიძის ლექსი „ჩამოთვალე თითებზე“ უნახავს, ძალიან მოსწონებია და იქვე მიუწერია, ამის ავტორს მხოლოდ ამ ლექსისთვის მივიღებ მწერალთა კავშირშიო.

ერთხელაც, მუხრან მაჭავარიანი იყო ჟურნალ „დილის“ რედაქტორი, ქალბატონ ნელის ლექსები მიუტანია დასაბეჭდად. მუხრანს უთქვამს, ქალბატონო ნელი, თქვენ ნუღარ შეწუხდებით, ფოსტით გამოგვიგზავნეთ ხოლმე ლექსები და ჩვენ ყოველთვის დაგიბეჭდავთო.

„ასეთმა კარგმა შეფასებებმა სურვილი გამიჩინა, რომ წიგნი გამომეცა, შევადგინე და მივიტანე გამომცემლობა „ნაკადულში“. ჩემი ლექსების რეცენზენტი გიორგი კაჭახიძე იყო და მანაც დადებითი რეცენზია გამიკეთა, თუმცა, წიგნის გამოცემას მიჭიანურებდნენ. უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ, შენ შვილები გყავს, ოჯახი გაქვს, წადი, იმათ მიხედე, წიგნი რად გინდაო... ერთ დღესაც თვალცრემლიანი წამოვედი გამომცემლობიდან და ხელი ჩავიქნიე... ჩემმა მეუღლემ არ მომასვენა და კიდევ გიორგი კაჭახიძის წერილიც მივიღე, რომელიც მწერდა, კარგი ლექსები გაქვს და ეს პატარებმა უნდა ნახონო. თავიდან დავიწყე. ოთხმა დიდმა მწერალმა მისწერა მოთხოვნის ბარათი გამომცემლობას და ჩემი წიგნიც გამოვიდა, რევაზ ჯაფარიძის რედაქტორობით,“ - იხსენებს ქალბატონი ნელი დარსაველიძე.

პირველ წიგნს „ჩიტო, ჩიტო“ ერქვა. წიგნი რომ გამოვიდა, ქალბატონი ნელი ბორჯომში ქალიშვილთან ერთად ისვენებდა, პარკში სკამზე იჯდა, რომ დაინახა - ვიღაცეებს წიგნი ეჭირათ ხელში. გამოართვა, ნახა და... მისი წიგნი იყო. სულ რამდენიმე წუთში მივიდა წიგნის მაღაზიაში და „ჩიტო, ჩიტო“ უკვე გაყიდული იყო...

თბილისში, „ნაკადულში“, ასი ეგზემპლარი აჩუქეს და ჰონორარიც მისცეს.

მეორე წიგნი მუხრან მაჭავარიანის რედაქტორობით უნდა გამოსულიყო, თუმცა, მერე ქვეყანა აირია...

დღეს ქალბატონი ნელი წიგნებს საკუთარი სახსრებით ბეჭდავს, ის მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის ოთხი - „ზრდილობის წიგნი“ აქვს გამოცემული.

„ზრდილობის წიგნში“ ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი, როგორ უნდა იქცეოდეს პატარა საბავშვო ბაღში, სკოლაში, ოჯახში. ამ წიგნზე ძალიან ბევრი ვიმუშავე, სხვადასხვა ბრძენი ადამიანის ნააზრევი შევკრიბე.“

მართალია, დღეს ქალბატონი ნელის შვილები გაიზარდნენ და თავად გახდნენ მშობლები, მანანა პროფესორია, ლალი - ცნობილი პედაგოგი, მაგრამ დედის ლექსების პირველი შემფასებლები კვლავ ისინი არიან.

„მანანა ისეთ შენიშვნებს მაძლევს, ძალიან მადგება. დღეს ჩემი ლექსების მუზა ყველა პატარაა, ჩემი შვილიშვილები - განსაკუთრებით.“

ლექსები დღესაც იწერება, პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც. მაგრამ დიდებისთვის დაწერილი სტრიქონები მხოლოდ ავტორთან რჩება.

ღია საბავშვო ლექსებზე კი სიმღერებიც იწერება და პატარების გულისკენ სავალ გზასაც ძალიან იოლად, ბეწვის ხიდის გარეშე გადის უბერებელი ქალბატონი...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია