დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი აფციაური: „ცხოვრებაში ბევრად მეტი და დიდი გეგმები მაქვს, ვიდრე კომედი ჯგუფზე საუბარია...“
2013/07/15 13:27:25

პაროდისტი და შოუმენი, კომედი შოუს ერთ-ერთი გამორჩეული სახე  გიორგი აფციაური,  მას შემდეგ, რაც ტელეეკრანებით განცხადება გააკეთა კომედი ჯგუფში არსებული უთანხმოების, არაჯანსაღი კონკურენციისა და პაროდისტების შევიწროების შესახებ, მაყურებელს ეკრანზე აღარ უხილავს. დღეს ის საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობს და ახალგაზრდების ინტერესებს იცავს. გიორგი მაყურებელს ჰპირდება, რომ  უახლოეს მომავალში კვლავ ეკრანზე იხილავენ,  თუმცა, რა სფეროში და ამპლუაში,– ამას ჯერ არ ამჟღავნებს. გიორგის მეუღლე, სალომე (სალიტა) ჩუბინიძე, რომელიც ასევე კომედი შოუს ერთ-ერთი წევრი გახლდათ, მეშვიდე თვეშია. წყვილი პატარა ბიჭუნას ელოდება, მისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ.

–        გიორგი, კომედი შოუს თემაზე თქვენი განცხადების შემდეგ,მაყურებელი  ეკრანზე   ვეღარ გხედავთ. ხელმძღვანელობთ პროფკავშირების ახალგაზრდულ ფრთას. რა გევალებათ, რას აკეთებთ, საერთოდ, რატომ და როგორ გადაწყვიტეთ,აქ მოგესინჯათ თავი?

–  ნამდვილად ასეა, ეკრანზე აღარ ვჩანვარ. ჩემი კოლეგების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს სხვა არხზე გადასვლა სკანდალით მინდოდა, მცდარი აღმოჩნდა; ისეთივე მცდარი, როგორიც დანარჩენი, ყველა მათი გაკეთებული სხვა განცხადებები,და ისეთივე უსაფუძვლოა, რაც ჩემს მიმართ შესაძლებელია მომავალში გაკეთდეს.

პროფესიული კავშირების ახალგაზრდულ “youth gtuc”-ს რაც შეეხება, ეს ძალიან ახლოს არის ჩემთან, რადგან ეს ორგანიზაცია ახალგაზრდების ინტერესებს იცავს. მე კიდევ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორ შეიძლება ახალგაზრდა იყო და უსამართლოდ მოგექცნენ; თუ როგორ შეიძლება ისწავლო, იშრომო,რაღაც შექმნა და მერე შენი ნაშრომი სხვამ მიითვისოს. სხვათაშორის, ჩემს მიერ გაკეთებულ პროექტებზე საავტორო უფლებები მაქვს დაცული და, ალბათ ,უახლოეს მომავალში მას საჩუქრად გავუგზავნი ჩვენს საერთო მეგობრებს. რადგან ასეთ პროექტებს დღეში ათს მოვიფიქრებ.

– როგორ და რატომ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, გაგეკეთებინათ განცხადება და „გემხილებინათ“ კომედი შოუს რამდენიმე ბიჭი?

– ეს განცხადება მაშინ გავაკეთე, როცა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია აღარ დუღდა და , შესაბამისად,  ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ვინმე პოლიტიკურ ელფერს შესძენდა ამ კონკრეტულ ფაქტს, რაც მე ძალიან არ მინდოდა.

რაც შეეხება თვითონ განცხადებას: მე ის ვთქვი, რაც იყო. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კითხვები, რასაც აუცილებლად, რაღაც დროის შემდეგ გაეცემა პასუხები და მე ეს პასუხები, ჩვენი საერთო მეგობრებისგან განსხვავებით,  მაქვს.

– იქ,  სადაც იუმორია,  შორიდან მაინც ვფიქრობთ, რომ მუშაობა სახალისო და სასიამოვნო უნდა იყოს. სინამდვილეში  რა ხდება?

– იქ, სადაც იუმორია, მუშაობა მართლა სახალისო და კარგია; იქ, სადაც იუმორია, კონკურენციაც არის; იქ, სადაც კონკურენციაა, პროდუქტიც და იუმორიც უფრო ხარისხიანია, ხოლო, იქ, სადაც არაჯანსაღი კონკურენციაა, ზემოჩამოთვლილ ყველაფერს აფუჭებს.

– კომედი შოუს თითქმის ყველა მსახიობი ახლო მეგობრები იყავით, როდის მოხდა თქვენს შორის განხეთქილება?

– მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობრობა ბოლომდე რჩება. არიან ადამიანები, ვისათანაც ვმეგობრობდი, ახლაც ვმეგობრობ და მომავალშიც ვიმეგობრებ. არიან ადამიანები, ვისთანაც საქმეში მომივიდა უთანხმოება და, ჩემი აზრით,  ეს უთანხმოება საქმეში უნდა დარჩეს და მომავალში ვიმეგობრებ. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც საქმეს გასცდა და ჰქონდათ მცდელობა ჩემი იმ გზით წაყვანისა, რაც ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მიზნებს ეწინააღმდეგება...  და ეს ყველაფერი ზემოთხსენებულმა ორივე კატეგორიის ადამიანებმა ზეპირად იციან.

– სალომეც (თქვენი მეუღლე) წამოვიდა "რუსთავი 2"–დან? ის რას საქმიანობს?

– სალო ამჟამად დედობისთვის ემზადება, მომავალში სიმღერას გააგრძელებს და მე ყველანაირად შევუწყობ ხელს, როგორც მეგობარი და როგორც მეუღლე. ვფიქრობ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ძალიან მაგარი მომღერალი, ოღონდ ამას მანამდეც ვამბობდი, სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა.

– მიუხედავად ბევრი სირთულისა, დაბრკოლებისა, გაურკვევლობების და კონფლიქტებისა, თქვენ მაყურებელმა ამ არხიდან და ამ გადაცემებიდან გაგიცნოთ. გენატრებათ ეს დრო?

– მაყურებელმა 9 წლის წინ გადაცემა „ენ შოუში“ (ნიკა ქავთარაძის შოუ), უცნაური ადამიანების ბლოკში გამიცნო. სანამ მანდ გამოვიდოდი, ტელევიზიის შესასვლელთან,  დაცვის ოთახში ვიცდიდი ოთხი საათი. სამწუხაროდ, არც „ენ შოუში“ და არც იმ დაცვის ოთახში არ მახსოვს ვანო ჯავახიშვილი.

არსებობდა ასეთი ადამიანი, აკუტაგავა, მე მაინც დავაზუსტებ, რომ აკუტაგავა მწერალი იყო, რომ  ვანო ჯავახიშვილს ფეხბურთელი არ ეგონოს. მას აქვს ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები - “უსიერ ტყეში”. იქ რაღაც ფაქტი მოხდება და ამ ფაქტს ყველა ადამიანი თავისებურად და სხვადასხვანაირად ყვება. მე ვიცოდი, რომ ჩემს ნათქვამს ყველა სხვადასხვანაირად მოყვებოდა, სანამ განცხადებას გავაკეთებდი, მაგრამ მე ეს განცხადება მაინც გავაკეთე. 

– თვლით ,რომ კომედი შოუს გიორგი აფციაური დააკლდა?

– ეს, ალბათ, მაყურებელს უნდა ჰკითხოთ, თუმცა, მე ვთვლი რომ ახალ პაროდისტსაც შესანიშნავად გამოსდის ის, რასაც აკეთებს და მე მას წარმატებებს და თავისუფლებას ვუსურვებ.

– ნიკა გრიგოლიასთან თუ მეგობრობთ?

– ნიკასთან, რა თქმა უნდა, ვმეგობრობ, რადგან მე ვთვლი, რომ მას სიმართლე უყვარს. რაც შეეხება მას, როგორც იუმორისტს, სხვებმა არ მიწყინონ, მაგრამ ნიკასნაირი იუმორისტი კომედი შოუში არც არის და, ალბათ, არც იქნება. ამას მარტო მე არ ვამბობ, ხალხიც ასე ფიქრობს.  

– ის დარჩა ამავე არხზე, აკეთებს სხვა საქმეს, არ აქვს კომედი შოუსთან შეხება, თქვენ ამაზე თუ გიფიქრიათ, რაიმე გადაცემა გაგეკეთებინათ?

–  ნიკამ რა საქმეც არ უნდა დაიწყოს,  დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება კომედი შოუს, მოდი, ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ, რადგან ცხოვრებაში ბევრად მეტი და დიდი გეგმები მაქვს, ვიდრე კომედი ჯგუფზე საუბარია.

– ხომ არ აპირებთ , კვლავ ამ პროფესიით (შოუ, გართობა, იუმორი) გააგრძელოთ კარიერა, თუ პროფილის შეცვლას გეგმავთ?

– ამჯერად დისერტაციაზე ვმუშაობ და ჩემი დისერტაციის თემა ორგანიზაციის მართვაა. ამ თემაში შედის მედიის მართვაც და კიდევ რამდენიმე კვლევის საგანი. ასე რომ,  მომავალში რა იქნება, არავინ იცის. ერთადერთი,  რაც ვიცი, ძალიან მიყვარს,  რა საქმესაც  ვაკეთებდი და ახლაც ვაკეთებ, რადგან მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ხელმძღვანელი ვარ. ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებ.

– დათო გოგიჩაიშვილთან თუ გაქვთ ურთიერთობა, თუ ეხმიანებით ერთმანეთს?

–  დათოს ახლოს ვიცნობ, რადგან ჯიპაში ჩემი ლექტორი იყო. მე ვთვლი, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია. რაც შეეხება კონტაქტს, დიდი ხანია არც საქმიანად და არც მეგობრულად არ გვისაუბრია.

– გიფიქრიათ , ფაქოს და ამიკოს გუნდს შეერთებოდით და GDS-ზე გადასულიყავით?

– ამიკოსაც და ფაქოსაც წარმატებებს ვუსურვებ იმაში, რასაც ისინი აკეთებენ, მაგრამ თანამშრომლობაზე საუბარი არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები არიან, მე გაცილებით სხვა მიზნები მაქვს და ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები.  

– ოჯახზე მოგვიყევით, როგორ ემზადებით მამობისთვის, სქესს თუ აქვს მნიშვნელობა, პირველი ვინ გეყოლებათ, რამდენი შვილი გინდათ ...

– ვემზადებით და ველოდებით ბიჭს, რომლისთვის სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სახელის დარქმევის სრული უფლება სალომეს მივეცი. იმას, პირველი გოგო დაიბადება თუ ბიჭი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე დიდი სიხარულია, მაგრამ, ამჯერად,  სქესი რომ ვიცი, მეც იმ სქესის მოლოდინში ვარ. არ ვიცი,რამდენი  შვილი მინდა,მაგრამ ერთი ის ვიცი, არ ვარ მომხრე, ჩემი შვილი დედისერთა იყოს.

–        რა ისწავლეთ ოჯახური თანაცხოვრებიდან, პასუხისმგებლობა, ყურადღება, წესრიგი – ეს ყველაფერი თუ გახდა ცხოვრების წესი?

– მე და სალო მანამდეც, სანამ ოჯახს შევქმნიდით , ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ასე რომ, განსხვავებული და ახალი არაფერი აღმოგვიჩენია ოჯახის შექმნის შემდეგ.

– ზაფხულის გატარებას სად გეგმავთ? 

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალო აგვისტოში მერვე თვეში იქნება, ალბათ,  იქ დავისვენებთ, სადაც  უფრო სიმშვიდე იქნება, თანაც ისეთ ადგილას, რომ თბილისი და სამშობიარო ძალიან შორს არ იყოს, თორემ ბიჭია, თანაც – აფციაური, და როდის გადაწყვეტს დაბადებას, არავინ იცის.

– კვლავ იხილავს თუ არა მაყურებელი ეკრანზე გიორგი აფციაურს?

– მაყურებელი აუცილებლად იხილავს გიორგი აფციაურს ეკრანზე, ოღონდ რა სფეროში და რა  ამპლუაში, ამას ჯერ ვერ გეტყვით.

 

ანა ნოდია 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია