დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პატარა ქალის“ ფიქრები
2009/07/27 04:34:20

ყველანი რაღაცით ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ მაინც განვსხვავდებით ერთმანეთისაგან...

 

მერე რა, რომ ზოგი ძალიან დაბალია, ზოგი კი - ძალიან მაღალი.

მთავარი ხომ სულიერი სიდიდეა და არა ფიზიკური...

ნათქვამია, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, მაგრამ მას, მისივე თქმით, დასამალი აღარაფერი აქვს. ეკა პეტროსიანი 28 წლისაა...

უკვე სამი წელია, თავს წყალწითელას პანსიონს, გონებრივად თუ ფიზიკურად შეზღუდულ სხვა ადამიანებთან ერთად აფარებს. ოთხი წლის იყო,  როცა  მშობლებმა  (მისივე   სიტყვებით)  „თავიდან მოიშორეს“  და  სენაკის ბავშვთა თავშესაფარში მიიყვანეს... მას შემდეგ დედ-მამა აღარ უნახავს, ბუნდოვნად ახსოვს „ბავშვობაც“, რომელიც თითქმის აღარც ჰქონია... მშობლების პოვნას დღემდე უშედეგოდ ცდილობს... ამბობს, რომ თუ დედა ან მამა მოაკითხავს, დაუფიქრებლად გაჰყვება. პანსიონის დირექტორს კი იქიდან დაურეკავს. „მე მანდ აწი არ დავბრუნდები-ო“ - ეტყვის. აი, ამ სიტყვების წარმოთქმაზე ოცნებობს ეკა. ფიქრობს, რომ სახით მამას ემგვანება... რომელიც არც ახსოვს... თუმცა მისი სახელი იცის, მამას უჩა ჰქვია, დედას კი ნათელა... არ იცის, ისინი ცოცხლები არიან თუ არა, მაგრამ ამის გაგონებაც არ უნდა.. მათ სიკვდილზე არც ფიქრობს... ძმაც ჰყავს, ოღონდ ძმის სახელი არ იცის, ესეც მარტივი მიზეზის გამო: ეკას შემდეგ დაბადებულა და... ძმა რომ ჰყავდა, სენაკში ყოფნის დროს გაიგო... დარწმუნებულია, რომ „თუ ჩემს ძმას ჩემს სურათს აჩვენებენ, აუცილებლად ამომიცნობს და სახლში წამიყვანს...“

ეკა ჩოხატაურში დაბადებულა - პირადობის მოწმობაში ასე უწერია... დედ-მამისა და ძმის ახლანდელი საცხოვრებელი ადგილი არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა თავშესაფარს მიაბარეს, მათზე ნაწყენი სულაც არაა, იმიტომ, რომ ბოღმამ შეიძლება ადამიანი დაახრჩოს.....

რაზე ფიქრობს? საფიქრალი, როგორც ყველას, მასაც ბევრი აქვს. იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ თავს ეუბნება: „კარგი, გეყოფა, დაისვენე ახლა!“ ხმამაღლა ფიქრიც უყვარს... თუმცა ახლა ეშმაკურად ეღიმება და არ გვიმხელს...

ბუნებით ცოტა რომანტიკოსიცაა, ღამით მთვარეს უყვება „ყველაფერს“, იცის, რომ ის არსად, არავის, არაფერს გაუმხელს და ბოლომდე მოთმინებით მოუსმენს... ოცნება? ეკა ბევრ რამეზე ოცნებობს... ოცნებობს, პირველ რიგში, შინ წასვლაზე, ოჯახურ სითბოზე, სადაც იგრძნობს, რომ არავინ დააბეზღებს და პატივისცემით მოეპყრობიან... ოცნებობს სიმღერის ჩაწერაზეც იმიტომ, რომ კარგად მღერის და არაერთი კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნებულა... ცეკვაც ეხერხება... მაგრამ სიმღერა ბევრად კარგად გამოსდის... „მე რომ მასტერ-კლასს მიტარებდნენ, ყველა გაიგებს, რაც შემიძლია.“ მუსიკის კარგი მასწავლებელი კი დღემდე არ ჰყავს... კიდევ რაზე ოცნებობს? წავიდეს ზღვაზე და ბევრი იბანაოს... თუმცა, იცის, რომ ამას ვერ შეძლებს იმიტომ, რომ ძალიან პაწაწინაა, სიმაღლით ერთი მეტრიც არა...

შარშანწინ იყო ქობულეთში, სადაც... „ბეწვზე გადავრჩი! სილაში რომ არ ჩავფლულიყავი, ტალღა წამიღებდა და ჩემი არარსებობა არც არავის შეაწუხებდა“.

ამას თვალცრემლიანი ჰყვება და საკმაოდ ღრმა ნაფაზს ურტყამს... მოწევა ერთი წლის წინ დაიწყო... მიზეზსაც ასე ხსნის: „აბა, აქ სხვაგვარად გავგიჟდებოდი, რამეზე ხომ უნდა გადამეტანა ყურადღება?! მაშინ სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი და სიგარეტმა მიშველა...“ თუმცა იცის, რომ ეკლესია კრძალავს სიგარეტის მოწევას, თან ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა...

ეკა ცოტა ჯიუტიცაა. ზაფხულობით მთელი დღე ტრიალ მინდორზე ზის და ირუჯება იმიტომ, რომ „ზაგარი“ უყვარს... ზღვა ხომ მისთვის შორეული ოცნება გამხდარა. ღამითაც, კარგ ამინდში გარეთ იძინებს, რადგან „შიგნით 4-5 ადამიანთან წოლა არ შემიძლია. სუფთა ჰაერს მაინც გადავყლაპავ...“ სიჯიუტის გამო არაერთხელ „ზომაზე“ მეტადაც დასჯილა. აქ ის უკვე „ვაჟკაცურად“ იგინება. დიახ, ხანდახან „ბილწსიტყვაობს“ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ იცის, არ შეიძლება, ერთი პირიდან გინება, წყევლა და ლოცვა ერთდროულად ამოდიოდეს (ესეც ახალ აღთქმაში ამოიკითხა)...

მაგრამ... „ძალა აღარ მაქვს. როცა ვინმე ძალიან გამაბრაზებს, რამე ხომ უნდა მოვიმოქმედო, ამიტომ ვიგინები“.

ესეც თავისებური ახსნაა... მან, თავშესაფარში მყოფებისგან განსხვავებით, წერა-კითხვა იცის. მართალია, მხატვრული ლიტერატურა არ წაუკითხავს, საღვთო წერილებს და სახარებას კი ყოველდღე კითხულობს... ამქვეყნად მხოლოდ ერთის სწამს და სჯერა - ეს იესო ქრისტეა, რომელიც ყველგან, ყოველთვის ავისგან დაიცავს და დაიფარავს. საფიცრად კი მხოლოდ ნათლია ჰყავს, რომელმაც სენაკის თავშესაფარში ყოფნის დროს მონათლა. იცის, რომ დაფიცებაც არ შეიძლება, ესეც ხომ სახარებაში წერია... ყველაფერს თავისებურად ხსნის და სამყაროსაც მისებურად აღიქვამს: „ალბათ, ბავშვები იმიტომ მიყვარს სიგიჟემდე, რომ ვიცი, დედა ვერასდროს გავხდები...“

აქ ბევრი მეგობარი ჰყავს, განსაკუთრებით კი რობერტთან მეგობრობს, მათ ხომ ბევრი რამ აქვთ საერთო - ეროვნებით ორივე სომეხია და ორივე ერთ თავშესაფარში ცხოვრობს... მაგრამ ორივე საქართველოშია დაბადებული და არც ერთმა იცის სომხური... რობერტს დედა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა, მას კი დღემდე არავინ უმხელს   „მე დედა მყავს, ჩემი დედიკო ხომ მოვა, როდის მოვა? მე ჩემს დედიკოს ვუყვარვარ. რომ წამიყვანს, დიდ ყვავილს გამოგიგზავნი,“ - მეუბნება რობერტი და კითხვებით სავსე თვალებით შემომცქერის... ყველას ამას ეკითხება... ყველა ამშვიდებს, რომ დედა მალე მოვა, მეც, მათ შორის, ვეუბნები:  „შენი დედიკო თვის ბოლოს მოვა!“ რობერტი კი დედას ვეღარასდროს ნახავს...

...ეკამ შარშან თოჯინების თეატრში, კონცერტზე იმღერა, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებთან ერთად (ეს სიტყვა არ უყვარს), როცა იგებს, რომ კონცერტზე მეც ვიყავი, სიხარულით თვალები უბრწყინავს. „გახსოვს, წითელი კაბა და მაისური მეცვა,“ - მეკითხება. „ნამდვილ დედოფალს ჰგავდი,“ - ვპასუხობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სახეზე ვწითლდები იმიტომ, რომ ვცრუობ... დღეს მეორედ ვიცრუე და ორივეჯერ... მე არ მახსოვს, ეკას რა ეცვა, რადგან ნიუსი „გავაკეთე“ და უკან მალევე გამოვბრუნდი.

ახლა იცის, რომ კონცერტი წელს, ზაფხულსაც ექნება. „ხომ მოხვალ?“- მეკითხება. „აუცილებლად!“ - ვპასუხობ, მაგრამ, ეტყობა არ მენდობა და ტელეფონის ნომერს იწერს... უცებ ახსენდება, რომ თვითონ მობილური ტელეფონი არ აქვს, რომელიც ძალიან უნდა, რომ ჰქონდეს. „მაგრამ არა უშავს, სხვისი ტელეფონიდან დაგიკავშირდები და მოდი, იცოდე“... უნდა, მაჩვენოს მისი ტალანტი - მისი შესრულებით ცნობილი ქართული თუ უცხოური სიმღერები. ამასობაში ჩემი ნომერიც ჩაიწერა და, მეც, დაპირებით, რომ აუცილებლად დავესწრები ეკას კონცერტს, ვემშვიდობები...

ნატა უჩავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია