დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის საგანგებო განცხადება
2013/03/18 22:34:19

მიმდინარე წლის 14 მარტს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე, TSpress.ge- რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ პრემიერმინისტრს კითხვები დაუსვა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას საქმიანობასთან დაკავშირებით

 ელისო ჯანაშიას კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ აპირებდა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა თვითმმართველობის გაჯანსაღებას, როცა დეპუტატი ბესელია უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობის პირები, თავად იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ „ფოთი მას აქვს ჩაბარებული“ და ა.შ.

 ამ განცხადებას მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უპასუხა. მან ელისო ჯანაშიას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გასაჯაროვა და აღნიშნულ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალა და ჟურნალისტის მიერ პრემიერისადმი დასმული შეკითხვა, დაუკავშირა ჟურნალისტის ოჯახის წევრისადმი ფოთის თვითმმართველობის მიერ სამკურნალოდ თანხის გამოყოფასა და ჟურნალისტის ძმის დასაქმებაზე უარს.

პირადი საიდუმლოება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

 ამასთან, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჟურნალსიტის ძმის სურვილს სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით, რაიმე კავშირი ქონდეს ჟურნალსიტის საქმინობასთან, რაც მის მიერ პერმანენტულად გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიებითაც დასტურდება.

 რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ამ განცხადებების შემდეგ, მაჟორიტარმა გააგრძელა ზეწოლისა და გაფრთხილების შემცველი განცხადებების გავრცელება სოციალური ქსელებით, ამის პარალელურად, დეპუტატის შტაბის წევრებმა და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაგმეს მის მიერ დასმული კითხვა და პრემიერს მიმართეს.

 მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის წლების განმავლობაში დიდი ბრძოლით მოპოვებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ზეწოლისა და საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობა და მოწოდება, რომ მომავალში ჟურნალისტმა მსგავსი კრიტიკული კითხვა არ დასვას. ეს ტენდენცია, ზოგადად, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას.

 „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ გმობს მედიის მიმართ რაიმე სახით განხორციელებულ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს თმენის ვალდებულებისაკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა პირადი საიდუმლოების ხელყოფა ან საქართველოს კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციის გამო, სხვა პირთა მიერ მსგავსი უფლებადარღვევა.

 საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია აერთიანებს საქართველოში მოქმედ 24 მედიასაშუალებას

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია