დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შორია პარლამენტის კარამდე?
2013/02/25 12:48:39

პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაწყებული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. საკითხი, რომელზეც მხარეები დახურულ კარს მიღმა ვერ შეთანხმდნენ, ორივე მხარეს სხვადასხვაგვარად ესმით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სრული იმუნიტეტი და ხელშეუხებლობა მოითხოვეს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ და ლიდერების ხელშეუხებლობაზე საუბარი არც ყოფილა.

 

11 თებერვალს დაწყებულმა მოლაპარაკებებმა ოპოზიციონერი პრეზიდენტი პარლამენტის კარამდე, ჯერჯერობით, მაინც ვერ მიიყვანა. საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა კვლავ ჯიუტად ითხოვს პრეზიდენტის პოზიციის დაფიქსირებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, რაც უფრო მალე გაცხადდება პრეზიდენტის მხრიდან მზაობა ერთ კონკრეტულ საკითხზე - დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს ის უფლება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ეკუთვნის მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მით უფრო მალე მოგვარდება ბევრი სხვა პრობლემაც.

„ჩვენ 8 თებერვლის თქვენი გამოსვლა გადავდეთ. არ გაგვიუქმებია...  თუ მზად ხართ, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე გადადგათ სწორი ნაბიჯი, ყველამ ერთად გამოვასწოროთ ის შეცდომა, რაც 2004 წელს იქნა დაშვებული და რაზეც მიგვითითებს მთელი მსოფლიო, მაშინ პარლამენტში დებატებიც შედგება. თუ ამაზე თქვენი დადებითი პასუხი არ იქნება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეძლებთ პარლამენტში მობრძანებას. მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ მოიქცევა და შეძლებს თუ არა, მოუსმინოს პრეზიდენტს, რომელიც არ აბრუნებს მიტაცებულ უფლებამოსილებას,“ - საჯაროდ მიმართა უსუფაშვილმა სააკაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სავარაუდოდ, პარლამენტი პრეზიდენტს მარტის ბოლოს მოუსმენს.

მიუხედავად უსუფაშვილის მტკიცებისა, რომ პარლამენტი უარს არ ამბობს სააკაშვილის მოსმენაზე, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ამას მაინც მოსმენასა და დიალოგზე უარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა იკვეთება ერთადერთი რამ - უარი დიალოგს.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს, თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები, მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია - თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუ პარლამენტს საუბარიც არ სურს - როგორ შედგება დიალოგი?

 პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკვეთება ერთადერთი რამ - უარი დიალოგს. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და, კონსტიტუციის შესაბამისად, საშუალებას მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებას,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

 

რატომ ვერ შეთანხმდნენ დახურულ კარს მიღმა...

„ბოლო 10 დღის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ერთი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და საზოგადოებას ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მიეწოდებოდა. ეს აუცილებელი იყო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმატებისთვის.

რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეული იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე - შეთანხმების ვერმიღწევის გამო,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა შეთანხმება ვერ შედგა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო. ძალიან ახლოს ვიყავით პროცესის დასასრულთან, მაგრამ მათ მოითხოვეს სააკაშვილიდან ბოლომდე ყველას ამნისტირება. ამის მანდატი ჩვენთვის ქართველ ხალხს არ მოუცია და ამის უფლებას საკუთარ თავს თავადაც ვერ მივცემდით,“ - განაცხადა დეპუტატმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, უმრავლესობა კანონპროექტს პარლამენტში ამ ორი კვირის განმავლობაში შეიტანს და „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, მისცემს ხმას თუ არა მას. „ჩვენ ვართ ხელისუფლება და მათ ვერ დაველოდებით, არ ვაპირებთ დროის ფუჭად ხარჯვას,“ - დასძინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ამნისტიას ის რიგითი ჩინოვნიკები უნდა დაექვემდებარონ, რომლებიც იძულებული იყვნენ, პოლიტიკური დავალებები შეესრულებინათ.

„ამ ხალხმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო. მოგწონთ ის, რასაც გეტყვით, თუ არ მოგწონთ, გესიამოვნებათ თუ არა, ეს ხალხი მადლობას იმსახურებს და არა ყოველდღიურ პოლიტიკურ დევნას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ უნდა შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათეულობით ათასი ადამიანის, რომელიც ამდენი წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების ბრალდების საპასუხოდ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელშეუხებლობას და საყოველთაო ამნისტიას ითხოვს.

„რაც შეეხება თემას, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა და უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაციას, ზეწოლების და პოლიტიკური დევნის შეჩერებას, ეს საკითხი არ გაჩენილა 15 თებერვალს. ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობდა დეკემბრის ბოლოდან და ეს არ არის ის თემა, რომელიც მოულოდნელად გაჩნდა მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, თავიდანვე იდგა საკითხი, რომ დაცული იყვნენ ადამიანები პოლიტიკური დევნისგან და თუ საუბარია კოჰაბიტაციაზე, ეს ყველაფერი ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც 15000 ადამიანია დაკითხული მხოლოდ ერთადერთი ნიშნით, რომ ისინი არიან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული                                       „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ლიდერების დონეზე, სახელმწიფო თანამდებობის პირების დონეზე თუ რაიმე სადმე პრობლემა, გადაცდენა ან დანაშაული იყო, არავინ ითხოვს იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის. დამნაშავეა დათო ბაქრაძე? - გამოიძიონ და დასაჯონ დათო ბაქრაძე. დამნაშავეა გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი? - კი ბატონო, არავინ ითხოვს იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის, მაგრამ თავი დაანებეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში დადის დაკითხვებზე. 6 000 ადამიანი დაკითხულია თბილისის მერიაში იმისათვის, რომ რამენაირად ბრალი დაუმტკიცდეს გიგი უგულავას. ჩვენ მზად ვართ, პასუხი ვაგოთ ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე.

ჩვენ ვსაუბრობთ არა პარტიულ ინტერესზე, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაქრეს, როგორც ოპოზიცია, არამედ იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა. თუ ამ სამოქალაქო თანხმობას სჭირდება ლიდერების დასჯა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ოღონდ ყველა დანარჩენს დაანებონ თავი,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 

„შეწყალებას ამ ხელისუფლების მხრიდან არავინ მოელის...  ჩვენ კარგად ვიცით, რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა. არ მახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ისეთი პერიოდი, როდესაც ხელისუფლება და პროკურატურა ადამიანის უფლებებს ასე უხეშად და აშკარად არღვევდეს,“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური.

რას სთავაზობს უმრავლესობა უმცირესობას...

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მიუხედავად, უმრავლესობა  2 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს უპირობო და სრულ ამნისტიას საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის (გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა) და ნაწილობრივ ამნისტიას მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, უსუფაშვილის თქმით, მისი გატანა სხდომაზე მოხდება საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.  

ასევე, უმრავლესობა თანახმაა, პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციური ცვლილებები კენჭისყრაზე არ გაიტანოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე და შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის, ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის მოდელების შესამუშავებლად.

„რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღწეულია - პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება,“ - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია