დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილის ნათესაობა უკვე სასჯელი გახდა
2012/03/12 12:14:02

რატომ გაათავისუფლეს სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგები?

„ნანა მასწავლებელო, ძალიან მიყვარხარ. მე თქვენ მეორე დედად გთვლიდით! ძალიან დამწყდა გული, რომ გავიგე, ნანა მასწავლებელი სკოლიდან მიდისო. ყველას ძალიან დაგვწყდა გული! თქვენნაირი მასწავლებელი ჩვენ ჯერ არ გვყოლია.“

ეს ერთ-ერთია იმ წერილთაგან, რომელიც ნანა, მარინა, ვენერა და ლელა მასწავლებლებს მათმა, უკვე ყოფილმა მოსწავლეებმა დაუწერეს.

სწორედ მოსწავლეების აქტიურობით გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ. სამტრედიის №3 საჯარო სკოლიდან ოთხი მასწავლებელი: ნანა ივანიშვილი, ვენერა ოდილავაძე-ივანიშვილი, ლელა ხურცილავა და მარინა ნადირაძე გაათავისუფლეს. აქედან ორი მასწავლებელი ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ნათესავია.

აღსანიშნავია, რომ ამ სკოლაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე და ცნობილი ფეხბურთელი, აწ უკვე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე სწავლობდნენ. 2000 წლიდან სკოლა დამატებით ფინანსურ დახმარებას იღებდა   ივანიშვილის   ფონდიდან, „ქართუ ჯგუფიდან.“

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 6 თებერვალს, სრულიად მოულოდნელად, სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. როგორც ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, ყოფილ დირექტორს ხელისუფლებიდან სთხოვდნენ, რომ ივანიშვილები „მოეშორებინა“ სკოლიდან, რასაც იგი ვერ გააკეთებდა და სწორედ ეს სახელდება მისი გათავისუფლების მთავარ მიზეზად. ამის შემდეგ მოხდა მასწავლებლების გათავისუფლებაც.

„7 თებერვალს რესურსცენტრის უფროსმა ჩამაბარა გასაღები და ბეჭედი. რადგან მე ვიყავი იმ დროს სკოლის დირექტორის მოადგილე, კანონით მე მეკუთვნოდა მოვალეობის შესრულება. 8-ში გაგვაფრთხილეს, რომ ცუდი ამინდის გამო ბავშვები სახლში გაგვეშვა, ხოლო მასწავლებლებს არ დაეტოვებინათ სკოლა. მოვიდა მთელი რესურსცენტრი და მოგვიყვანეს ახალი დირექტორი - ქალბატონი ნანა ჩომახიძე. უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი: მე და ქალბატონ ნანას ორჯერ გვაქვს დირექტორის კურსები ერთად გავლილი და ორივეჯერ ქალბატონი გასაუბრებიდან ჩაჭრილი გამოვიდა, მე კი ორივეჯერ ჩამოვიტანე სერთიფიკატი. ამავე დროს მქონდა განცხადება შეტანილი მინისტრთან - თუკი გამოჩნდებოდა ვაკანსია დირექტორის თანამდებობაზე, განეხილათ ჩემი კანდიდატურა. ახალმა დირექტორმა 9 თებერვალს მოვალეობის შემსრულებლის შეწყვეტის განცხადება ჩამაბარა. რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს, იმიტომ, რომ ეს კანონით ასეა: როცა ახალი დირექტორი ინიშნება, მოვალეობის შემსრულებელი ავტომატურად იხსნება თანამდებობიდან,“- აცხადებს ჩვენთან საუბრისას ყოფილი სასწავლო ნაწილის გამგე ვენერა ოდილავაძე-ივანიშვილი.

ნანა ივანიშვილი, ვენერა ოდილავაძე-ივანიშვილი, ლელა ხურცილავა და მარინა ნადირაძე უკვე დიდი ხანია, რაც პედაგოგად მუშაობენ და მათთან, როგორც მასწავლებლებთან, პრეტენზია არასოდეს არავის გამოუთქვამს. ამას მათი მოსწავლეებიც ადასტურებენ:

„ხალხი, რომელიც გაუშვეს, უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონეა. მე საქართველოში შეიძლება ბევრი არ მეგულებოდეს ასეთი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები, იმიტომ რომ აქვთ უზომოდ დიდი გამოცდილება და იშვიათი არიან ასეთი მასწავლებლები,“ - გვითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ).

ნანა და ვენერა ივანიშვილები ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ნათესავები არიან, ხოლო მარინა ნადირაძეს და ლელა ხურცილავას არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ ცნობილ ოლიგარქთან, თუმცა, გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მათ ბრალს სდებენ, თითქოსდა ისინი ბავშვებს ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ და ბიძინა ივანიშვილის  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისათვის ხელმოწერებს აგროვებდნენ.

მოსწავლეების თქმით, მათ დირე-ქტორსაც მიმართეს.

„ხუთი ბავშვი შევედით დირექტორთან. მოვითხოვეთ მოსწავლეების უფლებების დოკუმენტი, დირექტორის მოვალეობის უფლებები და ვიკითხეთ, იურისტი თუ გვყავს სკოლაშიო. დირექტორმა გვიპასუხა, იურისტი რად გინდათო? იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უფლებები-მეთქი. თქვენ, ქალბატონო ნანა, ჩვენს, ანუ მოსწავლეების, უფლებებს არღვევთ-მეთქი. მე არ ვარღვევ თქვენს უფლებებსო. რომ ვიკითხე, რატომ გაათავისუფლეთ მასწავლებლები-მეთქი, მან მიპასუხა, ეს თქვენი საქმე არ არის, მე მაგათ ავუხსენი მიზეზიო. თუმცა მიზეზი არც მასწავლებლებმა იციან. მე რასაც დამავალებენ, იმას ვასრულებო, თქვა დირექტორმა.

მერე ვკითხე, მაშ, რატომ ხართ ამ ბინძურ თამაშში ჩართული-მეთქი? ბინძური არ არისო. სულ იმას გვეუბნებოდა, რომ თქვენს მოთხოვნას წერილობითი, ოფიციალური სახე მიეცითო და ოთახიდან გვაგდებდა.“ - ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე (სახელსა და გვარს არც ამ შემთხვევაში ვასახელებთ).

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით დირექტორის პოზიციით და სკოლაში მივაკითხეთ. გვითხრეს, სკოლაში არ იმყოფებაო. ერთ-ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ვინაობა გვკითხა. როდესაც შეიტყო, ჟურნალისტები ვიყავით, მან დაურეკა დირექტორს და ჰკითხა, როდის მოვიდოდა. პირველ ზარზე მოგვახსენეს, რომ დირექტორი თათბირზე იყო და შეგვეძლო დაგვეცადა. მაგრამ, სანამ ჩვენ კიბეებს ჩამოვუყვებოდით, ტელეფონზე კვლავ დარეკეს და იმავე ქალბატონმა გვითხრა, დირექტორი ახლა უკვე ვეღარ მოვა, რადგან ქუთაისში არის წასულიო. ჩვენ ვკითხეთ: ორი წუთის წინ თუ სამტრედიაში იყო, ასე მალე წავიდა ქუთაისშიო? მან გვიპასუხა, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება, რამე მოგვეთხოვა და დირექტორთან შეხვედრა  წინასწარ უნდა შეგვეთანხმებინა. კითხვაზე, თუ ვინ ბრძანდებოდა თავად, გვიპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, დამლაგებელი ვარო“ (სასაცილოა, რომ ზუსტად ამ დროს დამლაგებელი ეზოს ასუფთავებდა). როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს ქალბატონი ახლად დანიშნული სასწავლო ნაწილის გამგე იყო.

ვცადეთ ტელეფონით კომენტარის მიღება დირექტორისაგან, თუმცა ნანა ჩომახიძის პასუხი ასეთი იყო: „არაფერი მაქვს თქვენთან სალაპარაკო.“

ქალბატონი ნანა ჩომახიძე, ჯერჯერობით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

ყოფილი მასწავლებლებიდან ნანა ივანიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრია: „როგორც კანონში წერია, დირექტორს სამეურვეო საბჭო ნიშნავს და მან მე გამიშვა სამსახურიდან, მაშინ, როცა მე, წესით, მასზე მაღალ თანამდებობაზე ვარ. ირღვევა როგორც ჩვენი, ასევე სკოლის უფლებები.“

მარინა ნადირაძე: „ როდესაც გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მომაწოდა, ვკითხე, რატომ მათავისუფლებ, რას მიწუნებ,  ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას-მეთქი? არა, არაფერს გიწუნებო, საუკეთესო პედაგოგი ხარო, მაგრამ ასეა საჭიროო. ზემოდან მავალებენ და მე ასე გადავწყვიტეო.“

გაფრთხილებები, რომელიც მასწავლებლებს 2 მარტს გადაეცათ და, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, 7 მარტიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ითვალისწინებს, აბსოლუტურად ერთმანეთს იდენტურია და დაშვებულია როგორც ორთოგრაფიული, ასევე პუნქტუაციური შეცდომები.

როგორც ჩანს, ამ ფაქტის შემდეგ სიტუაცია მეტად დაძაბულია. სკოლაში გამგეობის ხალხიც კი შეამჩნიეს - ისინი გამუდმებით აკონტროლებენ სიტუაციას. მათ შორის არის საკრებულოს წევრი კახა ფურცელაძე, რომელიც ნანა ივანიშვილმა, მისი თქმით, სკოლაში ამოიცნო და როდესაც   ვინაობა  ჰკითხა  -   მან   უარყო.   ბავშვების   მონათხრობით,  თუკი სადმე ორზე მეტ მოსწავლეს ერთად შეამჩნევენ, მათზე მაშინვე ხორციელდება თვალთვალი. დამრიგებლებს დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ ბავშვებს პროტესტი არ გამოეხატათ. ასევე მოხდა მშობლების გაფრთხილება. ამაზე ჩვენთან სწორედ ის ბავშვები საუბრობდნენ, რომელთა მშობლებსაც დაურეკეს და გააფრთხილეს. თუმცა ბავშვები გაჩერებას მაინც არ აპირებენ.

მასწავლებლები პირდაპირ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა კანდელაკისკენ იშვერენ ხელს. მათი თქმით, სწორედ მას დაავალეს ბიძინა ივანიშვილის ნათესავების გათავისუფლება სკოლიდან. მასწავლებლები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ. ჩვენც ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ადგილზე არ დაგვხვდა, არც ტელეფონის ზარს პასუხობდა.

იმაზე, რომ შესაძლო თვალთვალი ხორციელდება ამ ადამიანებზე, ერთი ფაქტიც მეტყველებს: ვენერა ოდილავაძე-ივანიშვილის თქმით, მის სახლთან ახლოს შეამჩნიეს მანქანა, სამთავრობო ნომრებით „668“, რომელმაც რამდენჯერმე ჩაიარა, შემდეგ მოაბრუნა და წავიდა. ამას ადასტურებენ მისი მეზობლებიც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთა „კალა ფონდის“ ხელმძღვანელმა ოთარ ჩრდილელმა:

„ხელისუფლებიდან ხდება სკოლის ხელოვნურად პოლიტიზირება. ეს ადრე გადიოდა, როდესაც დასავლეთს არ ესმოდა კარგად, დღეს სულ სხვა მოვლენებია წინ წამოწეული. დასავლეთი ყველაფერს კარგად ხედავს, ეს აუცილებლად დამთავრდება, ლაშა მაქაცარიას და კობა კანდელაკს უნდათ, თუ არ უნდათ, ეს მაინც დამთავრდება. კუდ-ს უნდა თუ სოდ-ს უნდა (ასე ბევრი რამე უნდათ მაგათ), მაგრამ აღარ არის, უბრალოდ, ეს ყველაფერი  სირცხვილია.“

გათავისუფლებული მასწავლებელები, მას შემდეგ რაც ოფიციალური ბრძანება მოუვათ, აპირებენ, საქმე სასამართლოში გააგრძელონ. მათი თქმით, ამაში დაეხმარებათ გამოცდილი და პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც თბილისიდან ჩამოვლენ.

P.S. წერილი უკვე იბეჭდებოდა, როდესაც სამტრედიიდან შეგვატყობინეს, რომ მასწავლებლებმა უკვე ჩაიბარეს გათავისუფლების ოფიციალური ბრძანებები.


ნინო ჩიტიაშვილი, ნოდარ ჯოჯუა

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია