დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაუბრუნებელი წიგნი
2009/07/02 08:58:33

 

ვაკო ნაცვლიშვილი! თურმე ასე გამიცნია: პასტა ჭირდებოდა და მე მივაწოდე. მახსოვს, რო მერე ვაჩუქე ფორუყ ფარონზადი და რაღაც „ალუბლის ქუჩებზე“ თუ ამნაირზე  დავუწერე... მერე დაიწყო „დაქსეროქსებული“ ნაწერების გაცვლით დამეგობრება. ეს ხდებოდა ორი, ან სამი წლის წინ, როცა ხუთი ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფი მწერალთა სახლის ერთ ოთახში იკრიბებოდა. მაშინ „კანუდოსოელები“ ერქვათ. ასე დაიწყო გაცნობა. მეც შევდიოდი ხანდახან მათთან.

როცა ამ დღეებში წერის საზაფხულო, განსაკუთრებული ენთუზიაზმი მომეძალა და ადგილი ვერ ვნახე - გრილი, რომ სადმე თავი „მიმედრიკა“, - ვაკოს ერთი ოთახი გამახსენდა, სადაც ყოველთვის გრილა და ამ გრილმა ემოციებმა რუბრიკის სათაურიც კი მომაფიქრებინა.

დიდხანს არ მიფიქრია და მივწერე: „მე ხვალ შენთან უნდა მოვიდე სახლში“. მომწერა: „შენ ხვალ ჩემთან მოხვალ“. სტუმრობის მიზეზის გაურკვევლად დაიგეგმა ვაკოს გრილ ოთახში ჩემი სტუმრობა.

გაიცანით ფოლკნერის მიხედვით: „მამამ თქვა, ჯენტლმენი ძველად მისი წიგნებით იცნობოდა, დღეს კი მის ხასიათს გამცნობთ ის წიგნები, თქვენთვის რომ არ დაუბრუნებიაო.“ სასიამოვნო შეხვედრაა ახალი დროის ჯენტლმენთან, რომელსაც წიგნების დაბრუნება ავიწყდება...

გავაღე მწვანე ჭიშკარი და შემომახტა ერიხა (სახელი რემარკის საპატივცემულოდ ჰქვია)... სულ პატარა ლეკვია, მაგრამ ძალიან ვეცადე, როგორმე ჩამომეშორებინა. შევაღწიე სახლში. ვაკოს წვერი ჰქონდა გაუპარსავი; „პლატერო“ გინდაო, შო? - მკითხა და მეც ჩემი „პლატერო“ და კიდევ ერთი მისი წიგნი გამოვაყოლე ჩემს ჩანთას...

ჩავედით სარდაფში - გრილ სალათისფერ ოთახში.

გრილ ოთახში საშინლად სასიამოვნოა ცხელი ყავის დალევა. მახსოვს და მიყვარს ეს ოთახი, მთელი ღამეც გაგვითენებია ლაპარაკში, წვერს რატო არ იპარსავთქო - ვკითხე. წვერის გაპარსვა საშინლად მეზარება. ზაფხულში ყველაფერი მეზარება. რამდენი კოვზი, შო?

- ჯერ ერთი-თქო, ვუპასუხე.

- არ გინდა სიგარეტი?

- ძაან არ მინდა.

- შენ ერით ღერი რო მოწიო, მერე მოწევ და მოწევ?

- ყოველ დილით, ალბათ... ყავასთან.

- აი, გთხოვ, მითხარი, რა არი კარგი მაგ სიგარეტში?

- რა არი კაი და დაგეგმილი პროექტია... ფიქრში მეხმარება. იმას აქვს... უელბეკი ხომ გაქვს წაკითხული? გახსოვს, რომ ამბობს? .... სიგარეტის მოწევა არის ერთადერთი ქმედება, რომელშიც მთელი არსებით ვარ ჩაფლული.

ნახევარი კოვზი შაქარი კიდევ ჩავამატე ჩემს ყავის ჭიქას...

*** 

ვაკოს დაგეგმილი პროექტები უყვარს, ოღონდ მაინც თავისებურად დაგეგმილი. შარშან ამ დროს წერილი მომწერა, საიდანაც მინდა პირადული, მაგრამ მაინც ძაან გრილი შტრიხები ამოვკრიბო.

„შო, ახლა ბრეგოვიჩს ვუსმენ. ეს დღეები სულ მოცარტს ვუსმენდი. ახლა ბრეგოვიჩის განწყობა უფრო მაქვს. ვარ ჩვეულებრივად ყავით და სიგარეტით. მიყვარს ამ ჭიქაში ყავა. პროცედურაა ჩემთვის, ერთგვარი დაგეგმილი პოექტი - სიჩუმეა, თუ არ ეწევი. რაღაცნაირად მომწონს ეს სიტყვები. იმ დროს მახსენებს, თბილისში რო ჩავედი. მარტო ვიყავი. ეს დღეები ცუდად ვარ. ყველაფერი არეული და ქაოსურია. მგონი, წერას თავს დავანებებ. ამ დღეებში ამაზე ვფიქრობდი. გუშინ ვეცადე, რამე დამეწერა, არ გამომივიდა. ზედმეტად ჩემია ჩემი ნაწერები. სიმართლე ითქვას, ჩემთვის ვწერდი სულ. პოეზია, ისედაც, უცვლელია, აბსოლიტურია. მანამდე ვგრძნობ ლექსს, ვიდრე წავიკითხავდე, ვიდრე დავაგემოვნებდე. მიყვარს ოიდიპოსი. თავისუფლებით დაწყევლილიაო ადამიანი. ვიქნებოდი ბიჭუნა, სახურავის ბინადარი კარლსონის მეგობარი. არ ვიფიქრებდი თავის მოკვლაზე. ახლა მოვუკიდებ სიგარეტს. დავიღალე. აბსურდულია ცხოვრება და ეს მტკივა. არ ვარ აბსურდული, მე თვითონ საკმარისად არც იმის დაწერას ვაპირებ, რო გითხარი. თეკლა მოვიდა. წერას ვწყვეტ, შო. ბრეგოვიჩს მოვუსმენ ცოტა ხანი, მერე უფრო ბევრს მოვწევ და ასე. მერე სადღაც ჩავიკეტები, რომელიღაც ტომეულში.“

უხერხული სიჩუმეა, თუ არ ეწევი. ან ეწევიან... ომზე ვლაპარაკობთ. საშიში დრო რო არის, იმაზე. ფილმი არის „თუნუქის დოლი“ - იქედან მიყვება: „კაცი გარბის. დევნილია, ძაან ადრე მაქვს ნანახი, გვახარიამ გაუშვა „ფსიქოში.“ მსუქანი ქალი კარტოფილებს წვავს და ამ დროს ეს დევნილი კაცი დაინახავს და სთხოვს, კაბისქვეშ დამმალეო. დიდი და გრძელი კაბა აცვია ამ ქალს. ეს ქალი გადააფარებს კაბას. მოვლენ ისინი, ვინც ამ დამალულს ეძებენ, მარა ეს ქალი ზის და კარტოფილს აპიწკინებს. წავლენ ბოლოს... ქალი ადგება, და უკვე ორსულადაა. კაცი შარვალს იკრავს.“

ცუდია ომი. წაგებულ ომში ბრძოლა საინტერესოა. რო იცი შედეგი და მაინც იბრძვი. რაც უფრო კარგად დამარცხდები, მით უფრო კარგია. მარა ცუდია ომი.“

ისე გრილოდა, სალათისფერ ოთახში ფეხები გამეყინა. ყავაც დაიცალა ჭიქაში. კაი ხანს ვლაპარაკობდით. რას კითხულობ-თქო ვკითხე. „გადმოწერილი მაქვს რაღაცეები ინტერნეტიდან. ვკითხულობ ევროპელ ინტელექტუალებს. ახლა აღმოვაჩინე, ესპანელი ესეისტია, ლაპარაკობს ჩვენი დროის სიბრმავეზე... ჩვენი დროის სიბრმავე გამოიხატება იმაში, რომ უყურებ და ვერ ხედავ, ადრე კი სულაც არ უყურებდი, პირდაპირ ხედავდი...“

მე კი ვფიქრობ, რომ არა დროის, არამედ სიბრმავის ტრანსფორმაცია უფრო მოხდა... უნდა დავამთავრო...

ძაან გაიწელა... დაცხა ძაან ყველგან... 40 ღერამდე რომ მოწევს დღეში, ასეთ რეჟიმში ვტოვებ ვაკოს, კიდე ყავის რეჟიმში და უსიგარეტობის შეგრძნების გარეშე.

 იყიდა სიგარეტი...

სიჩუმეა, თუ არ ეწევი.

 

პირველი ოთახის მეპატრონე ვაკო ნაცვლიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია