დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კაცი კვდება და სასწრაფოსთვის თბილისში ვრეკავთ?..
2012/06/25 13:06:08

მაშინ, როცა ხელისუფლება ერთ-ერთ წარმატებულ უწყებად ჯანდაცვის სამინისტროს ასახელებს და ქვეყანაში ყოველ მეორე ახლადრეაბილიტირებულ შენობას საავადმყოფოებისთვის ხსნის, ჯანმრთელობაშერყეული ადამიანების ნაწილი შესაბამის დაწესებულებაში უსახსრობის გამო ვერ მიდის, ნაწილს კი სასწრაფო დახმარების პრობლემა აწუხებს. საქმე ეხება ახალი სერვისის ამოქმედებას, რომელიც რამდენიმე სამსახურს ერთად კურირებს. ესენია: სამაშველო, საპატრულო და სახანძრო. აქედან გამომდინარე, ირეკება 111-ის ნომერზე და შემდეგ იქიდან ხდება რეგიონებში მონაცემთა გადაგზავნა.

 

სწორედ ახალი სერვისის ამოქმედებას უკავშირდება სასწრაფოს გამოძახებასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილება. ერთი ასეთი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი ქალბატონი ეზოში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს...

ანი ვაშაყმაძე: „შვილო, მე 70 წელს გადაშორებული ქალი ვარ. გულის არითმია მაქვს. იმ დღეს თავი კი მტკიოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. შვილმა ეზოში გულწასული მიპოვა. წნევა მქონია 240. გამოუძახიათ სასწრაფოსთვის და სწორედ აქ შექმნიათ პრობლემა. ქალი გაშხლართული ვარ ეზოში, ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება და... ნახევარი საათი მოუწიათ ჩემს შვილებს იმის გარკვევა, თუ რატომ არ მოვიდა სასწრაფო დროულად. თურმე ჩვენი ზარი ჯერ თბილისში შედის და მერე იქიდან ურეკავენ, აქ კი ამასობაში, კინაღამ გამძვრა სული. აგერ, ქუთაისში, კაცი კვდება და სად დავრეკო, თბილისში? სამი დღე ვიწექი ახლადგახსნილ კლინიკურში. პენსიონერი რადგან ხარ, 70 პროცენტს სახელმწიფო იხდისო, მაგრამ ასეა მხოლოდ სამი დღე, სამი დღის შემდეგ ღამეში ორასი ლარი უნდა გადამეხადა. არ შეიძლებოდა, მაგრამ რა მექნა - წამოვედი და სახლში დავწექი, ამდენი თანხა სად მაქვს, რომ გადავიხადო. ასეა, შვილო, დღეს ყველაფერი რთულადაა და კიდევ არ ვიცით, რა იქნება.“

ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით კლინიკა „ჩემი ოჯახის“ ქუთაისის სასწრაფოს მენეჯერს მაია რუხაძეს: „ეს არის ახალი სერვისი, რომელიც რამდენიმე სამსახურს აერთიანებს. მათ შორის არის სასწრაფო დახმარების მომსახურებაც. ალბათ, იცით, რომ აღნიშნული სამსახურის შენობა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილთან და გიგი უგულავასთან ერთად დაათვალიერა. ამ შენობაში ზის 70 ოპერატორი, რომელთაც სპეციალური ტრენინგ-კურსები აქვთ გავლილი. სწორედ მათ უკავშირდება მოსახლეობა, აწერინებს ავადმყოფის მონაცემებს, კონკრეტულ მისამართს და შემდეგ ეს ოპერატორები აწვდიან ფილიალებს ინფორმაციას. მაგალითად, ჩვენ ქუთაისში ორი ოპერატორი გვყავს, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური ფაქტია. კი ვიცი, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება და გაუგებრობა, მაგრამ, ვფიქრობ, თბილისიდან ჩვენთან დარეკვაში დრო არ უნდა დაიკარგოს.“

ქვეყანაში ახალი სერვისები ინერგება, მაგრამ რამდენად მორგებული და ადვილად გამოსაყენებელია მოსახლეობის ინტერესებისათვის, ეს უკვე საკითხავია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია