დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
34-ე საჯარო სკოლის პრიორიტეტი ფეხბურთი გახდება?
2013/04/09 12:35:20

გია დიდმანიძე: „ვინც მოწინააღმდეგეა, წავიდეს, კარგად ჭამოს და კარგად სვას...“

საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნებურად მოვკარი ყური მგზავრების საუბარს, ისინი ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლის მომავალზე საუბრობდნენ და მის სპეციალიზირებულ ზოგად საგანმანათლებლო სპორტულ სკოლად გადაკეთებას მწვავედ აპროტესტებდნენ. თემამ დამაინტერესა და ვითარებაში გასარკვევად ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მივედი. როგორც მოსახლეობისაგან შევიტყვე, სკოლისათვის პროფილის შეცვლაზე საუბარი, თურმე მრავალი წელია, მიმდინარეობს, მაგრამ მიზეზთა გამო იდეა იდეად რჩებოდა. ბოლო პერიოდში კი სპორტული სკოლის იდეის მესვეურები საგრძნობლად გააქტიურდნენ, რამაც ადგილობრივთა საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

დასახლების რამდენიმე ქუჩის მცხოვრებნი გამოვკითხე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩემს რესპონდენტს შემთხვევით შევხვდი ქუჩაში და წინასწარი შეთანხმებით არავინ ჩამიწერია.

ნაილი ვარდანიძე, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მცხოვრები:   „კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სპორტული სკოლისა და ჩემს აზრს აქ მცხოვრებნიც იზიარებენ. ყველანი იმ აზრზე ვართ, რომ უნდა დატოვონ საჯარო სკოლა ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამხელა დასახლება ბაღის გარეშე დავრჩით და  აღარ გვინდა სკოლის შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს. თუკი ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ასე მშვიდად არ ჩავატარებთ. არ დავთმობთ სკოლას და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველას არ გვაქვს საშუალება, ბავშვები ქალაქის სხვა სკოლაში ვატაროთ. ვინაიდან ჩვენი უბანი ცენტრს საკმაოდ მოშორებული და იზოლირებულია.“

ნანული ქორიძე, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მცხოვრები: „მინდა ჩვეულებრივი საჯარო სკოლა! ამბობენ, რომ პანსიონს გააკეთებენ და აქ რომ ამდენი სპორტსმენი ბიჭი იცხოვრებს, ხომ ბარდაგი იქნება? რატომ არ ზრუნავს არავინ იმ ბავშვებზე, ვისაც სპორტი არ აინტერესებს? სასაცილოა ის ფაქტი, რომ მიზეზად სკოლის წინ მდებარე ყანები მოჰყავთ და ამით სკოლის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებენ. აცხადებენ, რომ თვითონ მოახერხებენ ყანების გაუქმებას. თუკი ეს შეუძლიათ, რატომ ახლა არ უდგანან სკოლას გვერდით? ამბობენ, რომ დეპუტატების მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ მივალთ პარლამენტში და ყველას გავაგებინებთ, რაც ხდება ჩვენი სკოლის გარშემო. ასი კაცი რომ ვიყოთ სკოლისათვის პროფილის შეცვლის წინააღმდეგი, ჩვენი აზრიც ხომ უნდა გაითვალისწინოს ვინმემ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ აქ.  ჩვენმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ და არ გვინდა, მათ სპორტული სკოლის ატესტატი აიღონ.“

მანანა გორდაძე, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მცხოვრები: „არც ცალკე სპორტული სკოლა გვინდა და არც საჯარო სკოლისთვის დამატებული საფეხბურთო პროფილი! ჩვენ ამ უბანში ვცხოვრობთ და უკეთ ვიცით, როგორი სკოლა გვინდა და გვჭირდება. რაღა მაინცდამაინც 34-ე სკოლას გადაეკიდნენ, მსგავსი სკოლა იმ უბანში გახსნან, სადაც რამდენიმე სკოლაა და ბავშვებს შეეძლებათ, უპრობლემოდ გადაადგილდნენ, სასურველი არჩევანი გააკეთონ. ჩვენი დასახლება მოშორებულია ცენტრალური დასახლებიდან და პატარა ბავშვებს თავისუფლად ვერ გავუშვებთ, თუნდაც 32-ე სკოლაში. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რომ მოვიდა, კი არ გვიხსნიდა, ჩხუბობდა და იმუქრებოდა. „მე თავს არ მივეცი უფლება, თქვენს გარეშე გადამეწყვიტა, თორემ თქვენ იქნებით თუ არა თანახმა, ჩვენ მაინც გავაკეთებთ, თქვენ ვინ გეკითხებათ, ამ პროექტს მხარს დეპუტატები უჭერენო,“ - განაცხადა გია დიდმანიძემ. ესე იგი, არაფრად გვთვლიან. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ: რომც გარემონტდეს სკოლა და რაღაც კუთხით განვითარდეს, მე მაინც არ მინდა, ჩემს შვილს სპორტული სკოლა ჰქონდეს დამთავრებული და, მგონი, ამის უფლება მაქვს. ახლა, თუნდაც მხოლოდ საფეხბურთო პროფილი დაემატოს, სპორტი მაინც წინა პლანზე წამოვა და საჯარო სკოლა თავისთავად გაუქმდება, როგორ უნდა იარსებოს ერთად გაძლიერებულმა საფეხბურთო სკოლამ და საჯარო სკოლამ? გაუგებარია!“

 

***

სკოლისათვის პროფილის დამატებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თვით სკოლის პედაგოგებში. დირექტორი, რიგ მასწავლებლებთან ერთად, 34-ე სკოლისათვის პროფილის დამატებას არ ეთანხმება და სკოლის წინააღმდეგ განხორციელებულ შემოტევებზე საუბრობს.

ნინო ხვადაგიანი, 34-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „ქუთაისის 34-ე  საჯარო სკოლაში საფეხბურთო სკოლა-პანსიონის დაფუძნების შესახებ  წლების განმავლობაში, ჩემს დირექტორად მოსვლამდეც იყო საუბარი.  აღნიშნულ საკითხზე თანხმობა პროექტის  განხილვის გარეშე, ჩემი  მოსვლის შემდეგ, 2008 წელს ძველმა სამეურვეო საბჭომ გასცა. ამ  თანხმობის მიუხედავად საქმე წინ არ წასულა. ახალმა სამეურვეო  საბჭომ და დირექციამ, იმის გამო, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებს  დახურვა ემუქრებოდა, დაიწყო  გამოსავალის ძიება. გამოსავალი  კი  მართლმადიდებლური გიმნაზიის გახსნაზე თანხმობა გახდა. ამ საკითხში  ჩართული იყო ეპარქია და რესურს-ცენტრი, საქმე წარმატებით ვითარდებოდა, რომ  არა - სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა.  მართლმადიდებლური გიმნაზიის დაარსებაზე მუშაობის  პროცესში ბატონმა  გია დიდმანიძემ გაააქტიურა ისევ საფეხბურთო სკოლა-პანსიონის დაარსების საკითხი, რაც გახდა სამეურვეო საბჭოს განხილვის თემა. წარმოდგენილი პროექტი დაწუნებულ იქნა სამეურვეო საბჭოს მიერ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ეთქვა ბატონ გია დიდმანიძეს. ამის შემდეგ ბატონმა გიამ აღნიშნული საკითხი დასვა ქალაქის მერიის წინაშე, სადაც საკითხის განხილვაზე  ვიყავი მიწვეული  ქალაქის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. მე სკოლის პოზიცია დავაფიქსირე. პანსიონის დაფინანსებას ქალაქის მხრიდან უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ქალაქს ჰქონდა სპორტული ბაზა განვითარებული    ინფრასტრუქტურით         „საღორიის“ უბანში. 

ოქტომბრის არჩევნებამდე ეს თემა აღარ გააქტიურებულა. არჩევნების  შემდეგ სპორტული საფეხბურთო პროფილის დამატებაზე (და არა პანსიონის), სკოლის დამოკიდებულებით დაინტერესდა განათლების  სამინისტრო, მოგვმართეს წერილით (12.11.2012).  რომელზეც სკოლამ  კვლავ უარი განაცხადა. ამის საფუძველს გვაძლევდა ახალი  ხელისუფლების დამოკიდებულება მცირეკონტინგენტიანი სკოლების  მიმართ.  მიუხედავად ამ  პასუხისა, წერილი კვლავ შემოვიდა 24.12.2012  წელს. შევკრიბე სამეურვეო საბჭო და კვლავ უარი ეთქვა აღნიშნულ  შემოთავაზებას. აღსანიშნავია, რომ იგივე წერილი განმეორებით  იქნა  სკოლაში  შემოსული.

12.02. 2013 წელს აღნიშნული საკითხი კვლავ დააყენა სამინისტრომ  სკოლის  წინაშე. წერილით შემოვიდა ბატონი ალუდა გოგლიჩიძე.   დამიბარეს  სამინისტროში, სადაც მოხდა შეხვედრა ბატონ  გია  დიდმანიძესთან სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით. ამ  შეხვედრაზე მე დავაფიქსირე სკოლის  პოზიცია, რომ ის  მდებარეობს  ქალაქის ძირითადი ნაწილისაგან იზოლირებულ უბანში. იგი ემიჯნება  მას  სარკინიგზო მაგისტრალით, ბეტონის  ქარხნითა და დაუსახლებელი  ტერიტორიით და რომ სკოლას უბნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა  აქვს. საფეხბურთო სკოლის გახსნის შემთხვევაში ბევრ მშობელს არ აქვს  სურვილი, მსგავს სკოლაში ატაროს შვილი და იძულებული იქნება,  გაიყვანოს უბნიდან, რისი ეკონომიური და ზოგჯერ ფიზიკური  საშუალებაც მათ არა აქვთ. ბატონმა გია დიდმანიძემ განაცხადა, რომ   სკოლაში სწავლაზე ბავშვებს ხელი არ შეეშლებათ, მაგრამ შემდეგ  საუბარში დააფიქსირა, „ვისაც არ უნდა, 32-ე საჯაროში წავიდესო“.  ეს კი უბნის მცხოვრებთათვის მითითებას ჰგავდა (32-ე სკოლას არც ისე  მოსახერხებელი მდებარეობა უჭირავს უბანში მცხოვრები  ბავშვებისათვის). ამ შეხვედრაზე ბატონმა გიამ გააჟღერა, რომ წინა  ხელისუფლება მას არ უჭერდა მხარს, რადგან ოპოზიციონერი იყო და  ამჯერად მისი მხარდამჭერები იყვნენ „ქართული  ოცნების“ ცნობადი  სახეები, რაც  ჩემთვის  საეჭვოა.             

ბოლო შეხვედრის  დროს განათლების სამინისტროში შემომთავაზეს,  შემესწავლა თბილისის 35 სკოლის მდგომარეობა, რათა წარმოდგენა  შემქმნოდა, თუ რა ტიპის სასწავლებელს გვთავაზობდნენ ჩემს სკოლაში.      ვინაიდან სკოლას არ ჰყავდა სამეურვეო საბჭო, ერთპიროვნულად ვერ  მივიღებდი გადაწყვეტილებას. შევკრიბე მშობლები და მივაწოდე ყველა  ის  ინფორმაცია, რომელიც ხელთ მქონდა. მშობლებმა  სკოლისათვის  საფეხბურთო პროფილის დამატებაზე უარი განაცხადეს, გააკეთეს  ხელმოწერები, რომელიც წარადგინეს პარლამენტის განათლების  კომიტეტში და განათლების სამინისტროში. უახლოეს მომავალში,   ვფიქრობ, აღნიშნული საკითხის შესასწავლად შეიძლება შეიქმნას  კომისია.

მე, პირადად, მაქვს კითხვები, რომელზეც პასუხი არამარტო ბატონმა გია  დიდმანიძემ უნდა გასცეს, არამედ - იმ მხარემ, რომელიც აპირებს,  დააფინანსოს პროექტი. საფეხბურთო სპორტული მომზადება შეიძლება   მოსწავლემ  დაიწყოს 10-11 წლიდან. მაშინ პირველ კლასში, 5 წლის  ბავშვს, ქალაქის სხვადასხვა უბნიდან აღნიშნული ტიპის სკოლაში  მშობელი რატომ მოიყვანს? დაწყებითი კლასების ფუნქციონირების  გარანტი ვინ გახდება?

ხომ არ აჯობებს, მსგავსი სკოლა გაიხსნას ქალაქის იმ უბანში, სადაც  სკოლების არჩევანის საშუალებაა? ან იმ სკოლებში, რომლებიც  ისტორიულად იყვნენ სპორტული სკოლები და ინფრასტრუქტურა 34-ე  საჯარო სკოლასთან შედარებით კარგად აქვთ განვითარებული? და თუ ეს  საკითხი სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობისაა, მაშინ სკოლას და  მოსახლეობას არავინ შეეკითხება. ხოლო თუ სკოლას და უბანს  ეკითხებიან, მაშინ რამდენიმეჯერ უარის მიღების შემთხვევაში, რატომ  ხდება აპელირება კვლავ  34-ე საჯარო სკოლაზე და რატომ არ შესთავაზებენ ამ  წინადადებას იმ სკოლებს, რომელთაც გაცილებით კარგად  მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ?“

 

*** 

დირექტორის მოსაზრების მოწინააღმდეგეთა გუნდში მყოფნი კი აცხადებენ, რომ სკოლას გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი აქვს, ვინაიდან უბნიდან მოსწავლეების გადინების გამო იგი მცირეკონტიგენტიანი გახდა. თუ რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს სკოლას პროფილის დამატებამ, ამას მათემატიკის მასწავლებელი, სკოლის ყოფილი დირექტორი მამია ნუცუბიძე შემდეგნაირად განმარტავს:

„ამ სკოლას სხვა გამოსავალი არ აქვს. შვიდი წლის განმავლობაში გაზრდის ნაცვლად შემცირდა კონტიგენტი და ასე სკოლა ვერ იარსებებს. ამ უბნის მოსახლეობაც კი სხვაგან დადის სკოლაში. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, თითქოს მოსახლეობა თანახმა არ არის. 800 ადგილობრივის ხელმოწერა გვაქვს, ვინც სკოლისათვის პროფილის შეცვლას ეთანხმება. მოსწავლეები ივარჯიშებენ, გაკვეთილებიც ჩვეულებრივად ჩატარდება, სწავლის პროცესი გამოკეთდება, თორემ არ გაუარესდება. რაც მთავარია, კონტინგენტი გაიზრდება. პირველი კლასიდან მოვლენ ბავშვები. ეს პროექტი ათი წლის წინ გაჩნდა, საშუალება არ ჰქონდა ქალაქს, ამიტომ არ გვიფინანსებდნენ, ახლა კი მოვიპოვეთ დაფინანსება და, იმედია, მალე განვახორციელებთ. რას ხედავენ ამაში ცუდს? რამდენიმე ადამიანის ნათქვამს ნუ დაუჯერებთ, სკოლა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და, რაც მთავარია, უბნის მოსწავლეებისთვის.“

სკოლისათვის საფეხბურთო პროფილის დამატების აქტიური მხარდამჭერია  ვეტერან ფეხბურთელთა საინიციატივო ჯგუფის და ეროვნული ფორუმის წევრი (როგორც თავად წარმოგვიდგა რედაქციაში სტუმრობისას, - „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის მოადგილე) გია დიდმანიძე: „გადავწყვიტეთ, ქუთაისში გაგვეკეთებინა დავით ყიფიანის სახელობის სპეციალიზირებული ზოგად საგანმანათლებლო სპორტული სახელმწიფო სკოლა. დაწყებული სერგო კოტრიკაძიდან, დამთავრებული ნაკრების ყველა ფეხბურთელის ხელმოწერილი  წინადადებით მივმართეთ პრეზიდენტს. სააკაშვილმა ამ პროექტს მაშიგნვე დაადო რეზოლუცია.  დაავალა განათლების და სპორტის სამინისტროებს საკითხის გადაწყვეტა.  განათლების სამინისტრომ 2007 წელს გამოგვიყო სკოლა, თორემ ეს სკოლა ჩვენ კი არ აგვირჩევია.

34-ე სკოლაზე იმიტომ შეაჩერეს არჩევანი, რომ მცირე კონტიგენტიანია. პრობლემა იყო სპორტული სკოლის დაფინანსება, ის კეთდება განათლების კანონის 27-ე მუხლით, რომლის ფარგლებშიც,ზოგად განათლებასთან ერთად იქნება სპორტული სწავლება. ზოგად სწავლებას აფინანსებს განათლების სამინისტრო, სპორტულ სწავლებას კი - ადგილობრივი თვითმმართველობა ან დარგობრივი კომიტეტი, მაგრამ უნდა მოხდეს დარგობრივი საკითხების განხილვა. წინა წლებში დაფინანსება არ იყო და შეჩერდა. ახლა გადავწყვიტეთ, რომ განვახორციელოთ იდეა და სკოლას დავუმატოთ მხოლოდ საფეხბურთო პროფილი.

პარლამენტის ყველა დეპუტატი, განათლების კომიტეტი, ყველა ფრაქცია, სპორტის სამინისტრო თანახმა არიან. ქუთაისის მერმა ბესიკ ბრეგაძემ გამოთქვა მზადყოფნა დაფინანსების, პატრიარქის კურთხევა გვაქვს. აღმოჩნდა დასახლებაში 5-6 ადამიანი, რომელსაც არ აწყობს მაგ სკოლის გაკეთება და რა კეთდება ცუდი, ახსნას ვინმემ. ჩემი აზრით, ახალი საჯარო იურიდიული პირი რომ ფუძნდება ამ ბაზაზე და რეორგანიზაცია მოხდება სკოლაში. ალბათ, შეიცვლება დირექტორი, ეს ადამიანები კი დირექტორის მეგობრები არიან და მხარს უჭერენ მას.

- თუ კარგი რამ კეთდება, რატომ შესწირავენ მშობლები ბავშვების კეთილდღეობას დირექტორის ინტერესებს?

- მშობლები - არა, 5-6 ადამიანი, რომელთაგანაც  ერთ-ერთი იყო სამეურვეო საბჭოს წევრი და სკოლის დირექტორის მეგობრები. ამით ყველაფერი გასაგებია. სპორტული სკოლები ყოველთვის იყო და ბიჭები და გოგოები ერთად სწავლობდნენ, მაგრამ რა შავდებოდა ამით? დასახლების ბავშვები სხვაგან კი არ წავლენ, აქ ისწავლიან. სჯობია, დირექტორმა ინტრიგნობას თავი დაანებოს, 180 ბავშვია დოკუმენტებით და ნაკლები სწავლობს სინამდვილეში, ვინაიდან ამით უნდათ დამალონ, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია.

- ის, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, რამდენად საკმარისი მიზეზია მისთვის პროფილის შესაცვლელად? სოფლებსა და თემებში სკოლები მცირეკონტიგენტიანია და, გამოდის, ამ მიზეზით  უნდა დაიხუროს. ეს ხომ დასახლებაა და, თავისთავად, მცირე კონტინგენტი ეყოლება?

- ის სოფელია და სოფელში ბავშვი სხვაგან ვერ წავა, აქ კი ალტერნატივა აქვთ. რა კეთდება ცუდი, რა არ მოსწონთ? ჯერ იდეას გაეცნონ და მერე გამოთქვან აზრი. კარგად მოაზროვნე ადამიანი რომ შეხედავს ამ პროექტს, როგორ შეიძლება, არ მოეწონოს! ჩვენ 650 ადგილობრივი ხელმოწერა გვაქვს, ვინც მოწინააღმდეგეა, წავიდეს, კარგად ჭამოს და კარგად სვას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრიარქის კურთხევა  გვაქვს, ჰაერზე არაფერს არ ვაკეთებთ. ყველაფრის დოკუმენტი გაგვაჩნია.

- რა გარანტია გაქვთ, რომ საფეხბურთო პროფილის დამატებით სკოლის კონტინგენტი გაიზრდება?

- 300 ბავშვი დაემატება ამ სკოლას, მოვლენ ბავშვები მთელი ქალაქის მასშტაბით.

- რატომ მოიყვანს მშობელი სპორტულ სკოლაში სასწავლებლად, პირველი კლასის მოსწავლეს, რომელსაც ფეხბურთის თამაში არ შეეძლება?

- ბავშვი პირველი კლასის ასაკიდან იწყებს ფეხბურთის თამაშს, მას ფეხებში ეტყობა, გამოვა თუ არა მისგან ფეხბურთელი.  ფეხბურთის თამაშთან ერთად ბავშვი მიიღებს ზოგად განათლებას, ქუჩაში არ იქნება, ნარკოტიკებს არ გაეკარება და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდება. ვინც არ უნდა გაგიჟდეს, ეს სკოლა მაინც გაკეთდება. ვაპირებთ, გავაკეთოთ ფეხბურთის დიდი და მცირე მოედნები, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები, ტრენაჟორების დარბაზი, რეზო ძოძუაშვილი იქნება მთავარი მწვრთნელი. ძალიან დიდი პროექტია. უცხო ენების გაძლიერებული სწავლა იქნება.

- თუკი  სპორტის სხვა სახეობებზეც აკეთებთ აქცენტს, გამოდის, რომ მხოლოდ საფეხბურთო პროფილი არ დაემატება და მთლიანად სპორტული სკოლა კეთდება. ხომ არ აჯობებს, მსგავი ფართომასშტაბიანი სპორტული პროფილის სკოლა დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს?

- არა, ეს ერთი ორგანიზმია და დამოუკიდებლად რატომ უნდა გაიხსნას? სწავლასთან ერთად ხომ სპორტიც აუცილებელია. ფეხბურთთან ერთად სხვა სპორტსაც დაეუფლებიან, თორემ აქცენტს ფეხბურთზე გავაკეთებთ.

- ამ კუთხით, ხომ არსებობს სპორტის გაკვეთილები და, თუ მიგაჩნიათ, რომ გაძლიერებული სპორტი აუცილებელია, გამოდის, მსგავსი პროფილი ყველა სკოლას უნდა დაემატოს, რადგან ერთი სკოლა მთელი ქალაქის ბავშვების მომსახურებას მაინც ვერ შეძლებს. როგორ მოხდება შერჩევა, მოსულ ბავშვს უარს ხომ ვერ ეტყვით, ვინაიდან, როგორც პროექტით არის ნაგულისხმევი, ეს ჩვეულებრივი საჯარო სკოლაც იქნება?

- 600 გამორჩეული ფეხბურთელი არის ამ ქალაქში? ჩვენ 600 ბავშვს დავამატებთ სკოლას, მთელი ქალაქის მომსახურებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ყველა კარგი ფეხბურთელი ხომ არ იქნება. ვინც ფეხბურთელი არ გამოვა, გვექნება კლასი „მალადოვა არბიტრა“ და პროფესიონალ მწვრთნელებს მოვამზადებთ. თბილისშიც მსგავსი მხოლოდ ერთი სკოლაა.

- რადგან ეს დარჩება ჩვეულებრივ საჯარო სკოლად, ხომ შეიძლება, დასახლების ბავშვებმა გამოთქვან მხატვრული და სახელოვნებო წრეების  შექმნის სურვილი. გაითვალისწინებთ თუ არა მათ აზრს?

- თუკი იქნება მოთხოვნა, რომ გაიხსნას ცეკვის და სიმღერის წრეები, როგორც ეს არის ზოგადად სკოლებში, მაშინ წინააღმდეგი არავინ იქნება, მაგრამ ეს იქნება კერძო და სპორტის მსგავსად, ამას სახელმწიფო ვერ დააფინანსებს.

 

***

იმის გადასამოწმებლად, მართლა აუნთო თუ არა პროექტს მწვანე შუქი დეპუტატთა უმრავლესობამ, სამინისტროებმა, ქუთაისის მაჟორიტარმა და რამდენად არიან ინფორმირებულნი სკოლის მომავალ ბედთან დაკავშირებით,  საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრს, პროფესორ ომარ ნიშნიანიძეს დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:

„თბილისში თუ არის და კარგად ფუნქციონირებს სპორტული სკოლა, ქუთაისში რა პრობლემებს შექმნის, რა დაშავდება? პირადად მე მხარს ვუჭერ, თუ გაკეთდება სპეციალიზირებული ზოგადსაგანმანათლებლო სპორტული სკოლა, როგორც ეს პროექტითაა ნათქვამი, თუ ახალი და კარგი გაკეთდება, მივესალმები, მაგრამ არ დავუშვებ, რომ სკოლამ სრულად შეიცვალოს პროფილი და მხოლოდ სპორტული სკოლა გახდეს. რაც არის ჩანაფიქრში - მხოლოდ საფეხბურთო პროფილის დამატება - კარგია, ვინაიდან წაადგება ქართულ და ქუთაისურ სპორტს. ამას სხვა დეპუტატებიც უჭერენ მხარს. როგორც აღვნიშნე, იდეა ცუდი არ არის, მაგრამ დეტალურად შესწავლას მოითხოვს. შუამდგომლობით შევალ პარლამენტის განათლების კომიტეტში, რომ მოვაწყოთ სხდომა, მოვიწვიოთ დაინტერესებული მხარეები და გავარკვიოთ, რა იგეგმება, ვინ და რატომაა წინააღმდეგი. რამდენადაც ჩანს, სერიოზული არგუმენტები არცერთ მხარეს არ აქვს. ჩემთვისაც ცნობილია ის ფაქტი, რომ სკოლის დირექტორს ეშინია თანამდებობის დაკარგვის, რაც მისი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია,“ - აღნიშნავს ომარ ნიშნიანიძე.

როგორც გია დიდმანიძე აცხადებს პროექტის დაფინანსებაზე თანხმობა გამოთქვა ქუთაისის მერიამ, კერძოდ კი ამჟამინდელმა მერმა ბესიკ ბრეგაძემ, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინა, მაგრამ რა რაოდენობის თანხას გაიღებს ადგილობრივი მთავრობა სკოლის დაფინანსებისათვის, არ დაასახელა და ჟურნალისტის დაინტერესების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც თვითონ აღნიშნა - გამომძიებელი ხომ არ ვიყავი?

რა თვალსაზრისით დათანხმდა მერია სკოლის რეაბილიტაციის დაფინანსებას, რომელიც წლების განმავლობაში ზედმეტ ხარჯებად იწოდებოდა, ამის მერთან გადამოწმება ვცადეთ, მაგრამ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერი ყველაფერზე ვერ გააკეთებდა კომენტარს, თავად კი პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ეს საკითხი რესურს-ცენტრში ანდა სპორტულ სკოლათა გაერთიანებაში უნდა გაგვერკვია.

ვინაიდან ქუთაისის 34-ე სკოლა ჯერ კიდევ საჯარო სკოლაა და განათლების სამინისტროს  დაქვემდებარებაშია, ინფორმაციის მოპოვება ქუთაისის რესურს-ცენტრში შევეცადეთ. ქალბატონმა ნანა ლეჟავამ, რომელიც ხელმძღვანელ პირად გაგვეცნო, განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე ვერ დაგვეხმარებოდა და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.

იმის გადასამოწმებლად, ძველი ტრადიციის მსგავსად, კვლავ უკრძალავს თუ არა სამინისტრო თავის თანამშრომლებს კომენტარის გაკეთებას მათთან შეთანხმების გარეშე, სამინისტროს მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსს ანდრო აბაშიძეს დავუკავშირდით. მან „P.S.“-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა: კომენტარის გაკეთებას არავის უკრძალავენ, თუმცა გააჩნია, რა სახის ინფორმაცია გვაინტერესებს. 34-ე სკოლასთან დაკავშირებით კი, ჯერჯერობით, არაფერია დაგეგმილი, ვინაიდან პროექტი ამ ეტაპზე იდეის დონეზეა, მაგრამ იგეგმება სპეციალური კომისიის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ეყოლება წარმომადგენელი, განიხილება აღნიშნული საკითხი და, როგორც კომისია შეჯერდება, სკოლის ბედიც ისე გადაწყდება. კომისია, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის 15-დან 20 აპრილამდე შეიკრიბება. მისივე თქმით, 34-ე სკოლა მდებარეობის და საჭირო ტერიტორიის გამო შეირჩა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია