დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის თასი თბილისში
2012/07/09 13:46:27

კიევში გამართული უეფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2015 წელს თბილისში უეფა-ს სუპერთასის ფინალი გაიმართება. მასში მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები მიიღებენ. აღმასკომის გადაწყვეტილებაზე, როგორც ცნობილია, გავლენა იქონია თბილისზე გადაღებულმა კლიპმა, რომლითაც თვით მიშელ პლატინი მოიხიბლა.

ცნობილია, რომ სუპერთასის ფინალი, ტრადიციულად, მონაკოში იმართებოდა, თუმცა უეფამ ამ თამაშის გამართვა 2013 წლიდან სხვადასხვა ქვეყნებში გამართვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. პირველი ქალაქი, რომელიც ამ ტურნირს უმასპინძლებს ჩეხეთის დედაქალაქია. 2013 წელს - პრაღაში, 2014 წელს - კარდიფში, 2015 წელს კი - ჩვენს დედაქალაქში.

საქართველოში ამ ტურნირის ჩატარების გადაწყვეტილება პირველი სერიოზული განაცხადია უეფასგან - დიდი საფეხბურთო ტურნირების ჩატარებისთვის. ცნობილია აგრეთვე, რომ 2014 წელს გაიმართება სხდომა, რომელიც გამოავლენს 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველებს.

 2015 წლის პირველი სპორტული ღონისძიება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალია.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უეფას გადაწყვეტილებაზე განაცხადა: „ჩვენი ფედერაცია უეფასთან, მისი აღმასკომის წევრებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას წელიწადზე მეტი აწარმოებდა. 

მიმაჩნია, რომ კიევში მიღებული გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა. 2015 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის ისედაც ძალიან დატვირთული იქნება, რადგან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, სუპერთასს კი - 12 აგვისტოს და სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა.“

ფინალური ეტაპი ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება და 2015 წლისთვის ევროპული სტანდარტების მქონე იქნება. თუ რატომ შესთავაზა უეფას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „მიხეილ მესხის“ სტადიონი და არა - „ეროვნული“ სტადიონი, რომელიც უფრო დიდი ტევადობისაა, ამის თაობაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ    განაცხადა:       „რამდენიმე  საკითხის  გამო  სუპერთასი  უეფას პროექტია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსა და ქალაქის მერიასთან ერთად ახორციელებს. უეფას ბილეთების 65 პროცენტი მიაქვს, ჩვენ 35 პროცენტი დაგვრჩება. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ესეც იყო - 18 ათასი ბილეთის გაყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე - 40 ათასის.
კარგია, უეფამ არჩევანი „მიხეილ მესხზე“ რომ შეაჩერა. სახელმწიფოს დახმარებით, მეორე მაღალი დონის სტადიონიც გვექნება, მოგვარდება ტრანსპორტირებისა და სასტუმროების პრობლემები.
სუპერთასი ბიზნესპროექტია და საქართველო და თბილისი მოგებული დარჩება: უეფასთან ვილაპარაკეთ, რომ მატჩამდე ერთი კვირით ადრე გვესტუმრებიან ევროპული ფეხბურთის ვეტერანები, ჩატარდება ერთკვირიანი საფეხბურთო ფესტივალი, თამაშები, მოეწყობა შეხვედრები გულშემატკივრებსა და დამწყებ ფეხბურთელებთან, მოეწყობა ფან-ზონა, გვეწვევა მრავალი ტურისტი... ისეთი მასპინძლობა უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს მატჩი ყველას დაამახსოვრდეს.

სხვათა შორის, ძალიან საგულისხმო იყო უეფას   ვიცე-პრეზიდენტის  სიტყვები, როდესაც ჰკითხეს, რატომ აირჩიეთ თბილისიო - იმიტომ, რომ უსაფრთხო ქალაქიაო.“

ზვიად სიჭინავას იმედი აქვს, რომ საქართველო მომავალში „დიდ ტურნირს“ უმასპინძლებს: „სწორედ სუპერთასის ორგანიზებაზეა დამოკიდებული, მომავალში უფრო მნიშვნელოვან თამაშებსა და ტურნირებს თუ გვანდობენ. თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს იქნება ერთგვარი „ივენთი“ რაღაც დიდის წინ.“

იმისათვის, რომ საქართველომ სუპერთასის ფინალს ორგანიზაციულად კარგად უმასპინძლოს, ოქტომბერში უეფას მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაციებს გაუწევენ.

იმედია, მსოფლიო გრანდების ჩამოსვლამდე საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ფეხბურთი მაღალ დონეს მიაღწევს.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია