დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთათურებმა ფრეს მიაღწიეს
2012/07/09 13:45:37

ქართული კლუბები 5 ივლისიდან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაებნენ. პირველი თამაში გამართეს ქუთაისის „ტორპედომ“ და რუსთავის „მეტალურგმა.“ ქუთაისელებს წინ რთული თამაში ელით, ხოლო რუსთაველებს საქმე თითქმის მოთავებული აქვთ, რადგან „ტუეტას“ 3:0 მოუგეს.

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ევროპის საფეხბურთო სამყაროს „ტორპედოც“ დაუბრუნდა, რომელიც ყაზახურ „აქტობეს“ დაუზავდა და 1:1 დაასრულა თამაში. უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ საფეხბურთო ქალაქში, როგორიც ქუთაისია და რომელმაც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოახერხა, ჩაბმულიყო უეფას მიერ გამართულ ტურნირში, სტადიონი ბოლომდე არ გავსებულა. ეს ქუთაისისთვის უჩვეულო მოვლენაა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მეტ-ნაკლები უპირატესობა ყაზახური გუნდის მხარეს იყო. პირველი ტაიმის 37-ე წუთზე პირისპირ შეყრილმა ბიკმაევმა, იმის ნაცვლად, რომ კარში დაერტყა, თანაგუნდელ ხაირულინს გადასცა ბურთი, რომელსაც ქუთაისელმა ფეხბურთელმა აჯობა და ფეხიდან „აცანცლა“.

ტაიმის მიწურულს „ტორპედოს“ ფეხბურთელები    უკეთ    რომ     გარჯილიყვნენ,  მოგებით  დაასრულებდნენ.  მაგრამ კუხიანიძის პასით რევაზ გოცირიძემ ვერ იხეირა, კარებს ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში ქუთაისელთა დამრიგებელმა გადაადგილებებს მიმართა - მოედანზე ვალერი ბოლქვაძე შეუშვა, რომელმაც რევაზ გოცირიძე შეცვალა. ბოლქვაძის გამოსვლით „ტორპედომ“ მოედნის ცენტრში ბურთი დაიჭირა - იგი მის თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა. მასპინძელი ფეხბურთელების აქტიურობამ 62-ე წუთზე შედეგი გამოიღო. ნიკა საბანაძის მიერ საჯარიმოს წინიდან ძლიერად დარტყმულმა ბურთმა ქუთაისელი გულშემატკივარი გაახარა - 1:0 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.

ქუთაისელების მიერ გატანილმა ბურთმა სტუმრების რიგებში დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა ყაზახებმა მალევე მოახერხეს თამაშის დალაგება და მწვავედაც შეუტიეს. ჯერ ზემლიანუხის   დარტყმული  მოიგერია  ომარ მიგინეიშვილმა, შემდეგ - სმატ სმაკოვის საჯარიმო დარტყმა.

ქუთაისელები საბოლოოდ ვერ გადაურჩნენ საპასუხო გოლს. მაშინ, როდესაც ქუთაისელები შეტევაზე იმყოფებოდნენ,   ყაზახებმა  კონტრიერიში    წამოიწყეს და 82-ე წუთზე მარატ ბიკმაევმა ანგარიში გაათანაბრა 1:1. 

ყაზახებს ანგარიშის სასურველი შედეგით დასრულებაც შეეძლოთ, მაგრამ      „აქტობეს“ ფეხბურთელმა ქუთათურთა კარს თავური დარტყმის შედეგად ბურთი ააცილა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. გია გეგუჩაძე და ვლადიმერ მუხანოვი ჟურნალისტების წინაშე ერთად გამოცხადდნენ.

გია გეგუჩაძე: „რასაკვირველია, ძაან რთული თამაში იყო. მე მიმაჩნია, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ჩვენც ვეცადეთ მოგებას და მოწინააღმდეგეც, მაგრამ მოწინააღმდეგე, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უკეთეს მდგომარეობაში მიემგზავრება სახლში.“ -   განაცხადა  „P.S.“-თან საუბრისას „ტორპედოს“ დამრიგებელმა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდის გაძლიერება, ჯერჯერობით, არ იგეგმება.“

ვლადიმერ მუხანოვი: „ტორპედოს“ ძალიან სურდა, თავის მოედანზე გამარჯვებისთვის მიეღწია. გოლიც გაგვიტანეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არცთუ ისე ლოგიკური იყო. ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, არ გავტყდით და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დავასრულეთ. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის შედეგი ლოგიკური და სამართლიანია.“

ყაზახებმა, შეიძლება ითქვას, თავიანთი სასურველი ანგარიში დააფიქსირეს და შინ კომფორტულად ითამაშებენ, ქუთათურებმა კი ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისათვის, რომ მომდევნო რაუნდზე, გივი კილაძის სახელობის სტადიონზე, გულშემატკივარი კვლავ შეიკრიბოს. მაგრამ ამჯერად, ალბათ, გადავსებულ ტრიბუნებს ვიხილავთ. ნათქვამი ხომ არის: „ფეხბურთში გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშე არისო“.

შემდეგი თამაშები 12 ივლისს გაიმართება.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1849
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია