დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესპანეთმა ფეხბურთი გაალამაზა
2012/06/18 13:23:14

ევროპის ჩემპიონატის ციებ-ცხელება აქტიურ ფაზაში შედის. პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ტურნირი გულშემატკივართა ნაწილის მოლოდინს ამართლებს, ზოგიც უკეთეს თამაშებს ელოდა.

 

 

ამ ევრო-ტურნირზე ყველაზე მეტი იმედგაცრუება ჰოლანდიის გულშემატკივრებს ხვდათ წილად, - მათმა გუნდმა, შეიძლება ითქვას, ის თამაში ვერ აჩვენა, რომელსაც სპეციალისტები და გულშემატკივრები „ჰოლანდიის სკოლას“ ეძახიან. ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა დანიისა და გერმანიის წინააღმდეგ ვერაფერი გაახერხეს და ორივე თამაში მინიმალური სხვაობით წააგეს. თუმცა ჰოლანდიელებს ჯერ კიდევ რჩებათ შანსი იმისა, ჯგუფური ეტაპი გადალახონ, იმის მიუხედავად, რომ  მათ გრაფაში ორი წაგება და არც ერთი მოგება არ ფიქსირდება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ გერმანია დანიასთან არ წააგებს, ან ფრეს არ ითამაშებს, ხოლო ჰოლანდია პორტუგალიასთან მოიგებს, რაც შეიძლება, ბურთების მეტი სხვაობით. ეს ყოველივე უკვე იღბალს მინდობილი სფეროა, მაგრამ ჰოლანდიელებმა „საიღბლოდ“ თვითონ გაიხადეს თავი.
რაც შეეხება „ევრო-2012“-ის ფავორიტებს, ამ სიაში, თამამად შეიძლება ითქვას, ესპანეთსა და გერმანიას უფრო მეტი შანსი აქვთ ფინალში გავიდნენ. ეს ყოველივე იმ თამაშიდან გამომდინარე,რომელსაც ეს ორი ნაკრები აჩვენებს ამ ჩემპიონატზე.

გერმანია ჯგუფურ ეტაპზე „სიკვდილის ჯგუფად“ მონათლულ ჯგუფში მოხვდა, რომელშიც გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია და დანია შედიან, მაგრამ გერმანია ორი თამაშის შემდეგ ყველაზე ადვილად გავიდა ჯგუფური ეტაპიდან. რომელმაც ჯგუფში განვლილ ორ თამაშში თავის უშუალო კონკურენტებს პორტუგალიასა და ჰოლანდიას პრინციპული თამაშები მოუგო.

ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების სტატუსით თამაშობენ და, შესაბამისად, ერთ-ერთი ფავორიტები არიან ამ ჩემპიონატზე. ამასთანავე, მათი სათამაშო სტილი გულშემატკივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში ყველაზე მომხიბვლელად ითვლება.

ესპანეთი-ირლანდიის თამაშის წინ, რომელიც ესპანელებმა ჩინებულად ჩაატარეს და ანგარიშიც შესაბამისი დააფიქსირეს 4:0 ესპანელთა სასარგებლოდ, ირლანდიის მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ განაცხადა: „ესპანეთს მესი აკლია და, ფაქტობრივად, „ბარსელონაა“. ძნელია, არ დაეთანხმო ამ სპეციალისტს, რადგან ესპანეთი, ფაქტობრივად, იმ სათამაშო სტილით თამაშობს, როგორც „ბარსელონა“.

საფეხბურთო სპეციალისტების აზრით, როდესაც გერმანიასა და ესპანეთის შედარება ხდება, ზოგი მათგანი ესპანეთს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს, რადგან, მათი აზრით, ესპანეთს ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა თანაბრად დაკომპლექტებული ჰყავს.
 „სიტყვები არ მეყოფა იმ განცდის აღსაწერად, რასაც ესპანეთის ნაკრების ხილვა მანიჭებს. თუ ადრე ფეხბურთს ბრაზილიელები ალამაზებდნენ, დღეს ამ საქმეს ესპანელები აკეთებენ, თანაც, კიდევ უფრო დახვეწილად და ხარისხიანად - მათ თამაშში ინდივიდუალიზმი და კოლექტიური ფეხბურთი ერთმანეთში ჰარმონიულადაა შერწყმული. ესპანელებმა ფეხბურთის ხვალინდელი დღე გვიჩვენეს და ბედნიერები უნდა ვიყოთ, ასეთი დიდებული გუნდის ხილვის საშუალება რომ გვაქვს.“ - ასეთი შეფასება გააკეთა ქართველმა სპეციალისტმა რევაზ ძოძუაშვილმა sportall-ge-ისთან.

პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ტურნირს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. რუსმა გულშემატკივრებმა პოლონელებთან ხელჩართული ბრძოლა გამართეს, რასაც უეფა განცხადებით გამოეხმაურა - მან რუსეთი 120 ათასი ევროთი დააჯარიმა. უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ „სასჯელი 8 ივნისს, ვროცლავში გამართულ რუსეთი-ჩეხეთის მატჩზე რუსეთის გულშემატკივრების შეუსაბამო საქციელმა, მოედანზე ფეიერვერკების სროლამ, ასევე, დაუშვებელი შინაარსის მქონე ბანერების დემონსტრაციამ გამოიწვია.“
ამასთან, რუსეთის ნაკრებს, შესაძლოა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ექვსი ქულაც დააკლონ, თუკი მსგავსი ინციდენტები განმეორდება. გამოსაცდელი ვადა „ევრო-2016“-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე გაგრძელდება.

რუსები პოლონელებსაც აღიზიანებდნენ: 12 ივნისი რუსეთის სუვერენიტეტის დღედ ითვლება და ამის  გამო   რუსებმა  „მარშის“   დაწყება  გადაწყვიტეს,  რაც   პოლონელი გულშემატკივრებისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა და ამას „ბრძოლა წესების გარეშე“ მოჰყვა. ამ „ბრძოლის“ შედეგად კი 130 ადამიანი დააკავეს, ხოლო რამდენიმე ასეულმა სხეულის დაზიანება მიიღო.
 რუსი გულშემატკივარი ამ ტურნირზე ყველაზე ცუდ გულშემატკივრად შეიძლება ჩაითვალოს.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია